კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სად-ის ადმინისტრაციის უყურადღებობას ასეულობით პატიმარი ეწირება

4 სექტემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის პირველი იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, ციხეებსა და სამკურნალო დაწესებულებებში 53 პატიმარი გარდაიცვალა. პატიმართა ბუნებრივი გარდაცვალების მიზეზად ძირითადად ტუბერკულოზი, გულ - სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, შიდსი და სხვა ინფექციური დაავადებები სახელდება. უფლებადამცველების განცხადებით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციის მხრიდან ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემის იგნორირებით არის გამოწვეული.

ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმარმა 38 წლის თამაზ ნადირაშვილმა უკვე მეოთხე თვეა, რაც საპყრობილის ადმინისტრაციას მიმართა და სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა ითხოვა, მაგრამ უშედეგოდ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის დასკვნით, ნადირაშვილი მძიმედ ავად არის და მის მდგომარეობას საპყრობილის პირობები კიდევ უფრო ამძიმებს. თამაზ ნადირაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სასამართლომ ის ჯართის ქურდობაში სცნო დამნაშავედ. სინამდვილეში, როგორც მსჯავრდებული ამბობს, ჯართი მან ნაგავსაყრელზე იპოვა.

რამდენიმე კვირაა ციხეში ინჰალატორის და ხის ჯოხის შეტანას ითხოვს თბილისის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმარი ილია თარაშვილი, თუმცა ამის უფლებას მას საპყრობილის ადმინისტრაცია არ აძლევს. ამ მოთხოვნით სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილეს თარაშვილის ადვოკატმა, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა ნინო ანდრიაშვილმაც მიმართა, თუმცა პატიმარი ხის ჯოხის არ ქონის გამო გადაადგილებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. მას მარჯვენა დიდი წვივის ირიბი, შეუხორცებელი მოტეხილობა აქვს. თარაშვილი ასევე ფილტვების ფიბროზულ - კავერნოზული ტუბერკულოზით არის დაავადებული. ფილტვებიდან სისხლი სდის და უკიდურესად უჭირს სუნთქვა. პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

როგორ ხორციელდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების სამედიცინო მომსახურება? არის თუ არა კრიტიკული მდგომარეობა და რამდენად შესაძლებელია სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის შემცირება? ამ კითხვებით მივმართეთ სახალხო დამცველის წარმომადგენელს, ექიმ - ექსპერტს ლევან ლაბაურს.

,,საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში უკვე მომზადებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2007 წლის 26 ოქტომბერს დადებული №523 ხელშეკრულების დეტალური ანალიზი. აღნიშნულ კითხვებზე პასუხი შესაძლებელია სწორედ ამ მასალის მიხედვით გაიცეს, თუმცა ანალიზი განკუთვნილია სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის საპარლამენტო მოხსენებისათვის და იგი ჯერ არ გამოქვეყნებულა. ზოგადად შესაძლებელია ითქვას, რომ ხელშეკრულების მრავალი პუნქტი აშკარად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს. არის პუნქტები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონთან „პაციენტის უფლებების შესახებ“, საქართველოს კანონთან „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და საქართველოს კანონთან „საექიმო საქმიანობის შესახებ“. ამდენად, პაციენტთა უფლებების დაცვაზე სასჯელაღსრულების სისტემაში ლაპარაკი ნამდვილად ძნელია. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, იგი ხორციელდება სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების (ალდაგსა და დეპარტამენტს შორის) ფარგლებში.

- ბატონო ლევან, ე.ი. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების მიმართულებით კრიტიკული მდგომარეობაა?

- შექმნილი მდგომარეობისა და სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის სამედიცინო სამსახურებში სახეზეა ღრმა სისტემური კრიზისი, რომელსაც ყოველწლიურად ასეულობით პატიმრის სიცოცხლე ეწირება. აღნიშნული კრიზისი ასევე წარუშლელ დაღს ასვამს ათასობით პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამის მიზეზები შეიძლება ზოგადად ჩამოვაყალიბოთ სამ მიმართულებად: 1. უხეში საკანონმდებლო ხარვეზები, რომელიც გვხვდება კანონების და განსაკუთრებით კანონქვემდებარე აქტების დონეზე; 2. სისტემის დაგეგმვის, მართვისა და საქმიანობის წარმართვა არაკომპეტენტური პირების მიერ; 3. სახელმწიფოს მხრიდან ნაკლებად დაინტერესება, შეიცვალოს სისტემა.

- რამდენად შესაძლებელია სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება?

- სამედიცინო - სოციალური თვალსაზრისით დადგენილია, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელზე მოქმედებენ ფაქტორები, რომლებიც მასზე პირდაპირ გავლენას ახდენენ. აღნიშნული ფაქტორები მოიცავს: ინდივიდთა ასაკობრივ ფაქტორს; ნაკვებობის დონეს; კვების თავისებურებებს და საცხოვრებელ პირობებს; უსაფრთხო სასმელი წყლისადმი ხელმისაწვდომობას; სანიტარულ - ჰიგიენურ პირობებს; ინფექციური დაავადებების დონეს; ძალადობრივი დანაშაულის დონეს; კონფლიქტებს; ექიმთა რაოდენობასა და სამედიცინო მომსახურების დონეს. ამ კომპონენტებიდან თითოეულის სრულყოფა და გაუმჯობესება შეამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს. იმისათვის რომ რეალურად შეფასდეს არსებული კრიზისული სიტუაცია და გამოინახოს გამოსავალი, საჭიროა, გაერთიანდეს ყველა შესაბამისი უწყების ძალისხმევა და ჩატარდეს რამდენიმე მულტიცენტრული კვლევა. სიკვდილობის დონისა და მისი მიზეზების შესაფასებლად პენიტენციურ სისტემაში აუცილებლად მიგვაჩნია, მოხდეს დასაბუთებული სამეცნიერო მიდგომით მოპოვებული ინფორმაციის შედარება ქვეყნის ზოგად მაჩვენებლებთან. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს ერთადერთ გზას რეალური სურათის და გაუმჯობესების გზების დასასახად.

ახალი ამბები