კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კარვები წვიმაში

8 სექტემბერი, 2008

თეა თოფურია

რამდენიმე დღეში ისტორია რამდენიმეჯერ შეიცვალა.  გორი, რომელშიც 50 000 - მდე ადამიანი ცხოვრობდა მოსახლეობისგან ჯერ მთლიანად დაცარიელდა, მერე კი ლამის რაც იყო იყო ორი იმხელა გახდა. ცენტრთან ახლოს გაშლილ მინდორზე  ერთბაშად ათასობით ადამიანისთვის გაშალეს კარვები და შიგ ის ხალხი შეასახლეს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დევნილი გახდა. 

აქ უკვე თავისი გზები და უბნებია. არის კარვები, სადაც ცხოვრობენ და კარვები, რომლებშიც პუნქტებია გახსნილი.  რომელს რა დანიშნულება აქვს, ამის გაგება მარტივად შეიძლება, თუ კარავთან რიგი დგას, ესე იგი იქ რაღაცას არიგებენ, ან აღწერაა, ან რამე ამდაგვარი. არის კარვები მდიდრული და ისე რა. ისერაში ლეიბები ძირს ყრია, მდიდრულში - საწოლები აქვთ, ზოგან ტელევიზორიც. ეს იმისდა მიხედვით, ვის რითი დაეხმარნენ, ვინ უფულოდ გამოიქცა, ვინ - ცოტა წამოიღო. 

ბევრი კარავი ჯერ კიდევ ცარიელია, აქ ის დევნილები უნდა გადმოიყვანონ, რომლებიც  თბილისა და საქართველოს სხვა რაიონებში არიან შესახლებულები. სასწავლო პროცესი მალე უნდა დაიწყოს, სკოლებში კი  ისევ ხალხია. თბილისში უკვე  გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან მიდიან და ეუნებიან, დროზე წადით გორში, მერე მაინც წასასვლელი გაგიხდებათო. დევნილებს ნორმალურად არც საკვები აქვთ, ესეც საბოლოოდ იმას ემსახურება, რომ, ხალხი თანდათან გორის კარვებში გადაბარგდეს. არჩევანი მწირია: ან სკოლაში მერხებზე ძილი და ამერიკული, უცნაური პროდუქტების ჭამა, ან ხაკისფერი ბრეზენტი თავს ზემოთ - აქ საჭმელი აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ მიწაზე ძინავთ. ,,მწერები დადიან და ბავშვებს ეშინიათ“, - მითხრეს  ერთ კარავში - ,,წვიმას თუ ატარებს? არ ვიცით, ჯერ არ უწვიმია, მაგრამ ღამე ძალიან ცივა“. 

შეასვლელში რამდენიმე ქალი დგას, ,,ტანსაცმელი ხომ არ მოგიტანიათ?“. ჩვენ უარს ვეუბნებით, მხოლოდ პროდუქტები გვაქვს, ისიც ცოტა. ,,საჭმელი აგერ მოხუცებს მიეცით, დარიგებისას ვერ მოუსწრეს და არ შეხვდათ“. მოხუცებიც შემოსასვლელში სხედან სკამზე, ასაკი და ჯანმრთელობა ხელს არ უწყობთ, ტაციობაში რამეს გამორჩნენ, ამიტომ შეიძლება ზოგჯერ მშივრებიც დარჩნენ. ერთმა  ჰერკულესის შეკვრა წაიღო, ჩემი საჭმელი ეს არისო. ჰერკულესი ადვილი მოსამზადებელია, მარტო ადუღებული წყალი უნდა. მოხარშვის და შეწვის საშუალება აქ არავის აქვს. ისევ ჰუმანიტარული დახმარებით თუ ჩამოურიგებენ ერთჯერად ჭურჭელში მოთავსებულ ცხელ კერძს, ზოგს მაგის ჭამის თავიც არა აქვს, ნერვიულობისგან ვერაფერს ეკარება.

ომის საფრთხე ყოველთვის იყო, მაგრამ ხალხს, რომელიც ახლა კარვებში ცხოვრობს, დღემდე ვერ გაუანალიზებია, რომ ეს ყველაფერი თავდ გადახდათ თავს და არა მათ ბებია-ბაბუას ლენინგრადის  ბლოკადასთან.  როდესაც ეკითხები, თუ  რა ხდება ახლა  სოფლებში, პირველად იმას გეუბნებიან, რომ  დაბომბვებისგან  ხეებს ნაყოფი აღარ შერჩა და მოსავალი მთლიანად განადგურებულია. წლების განმავლობაში გორის რაიონის სოფლები ვაშლის გაყიდვით ირჩენდა თავს.  ვაშლის ბაღები იყო მათი სარჩო, მათი სიამაყე, ახლაც ვაშლს შეაფარეს თავი, ვინც  სოფელში დარჩა - საფრთხის შემთხვევაში ბაღებში იმალება.

,,ჩემი ბიჭია ასული სოფელში,  ამდენი გრუხუნისგან სულ ძირს არის  ხილი დაფენილიო. 100 ყუთსაც ვერ მოვაგროვებთო, ადრე 800-ს ვკრეფდით“ , - ამბობს ტყვიაველი მარინა გიგუაშვილი.

ეს უბრალოდ ინერციაა, დარდობდე მოსავალზე. ადამიანი ჩვეულ ცხოვრებისეულ რიტმზე ერთბაშად ვერ ამბობს უარს. 15 წლის წინ აფხაზეთიდან დევნილებსაც ასე დაემართათ: ,,წარმოუდგენლად ცუდ პირობებში ვიყავით, ყავაც კი არ გვქონდა“, - უთხრა მაშინ ჟურნალისტს ერთ-ერთმა დევნილმა, რომელმაც აფხაზეთი სვანეთის გავლით დატოვა. მაშინ დევნილებს რამდენიმე დღე კლდე-ღრეში სიარული მოუწიათ, ღამე ყინავდა,  პურს  კი ვერტმფრენებიდან უყრიდნენ. ახლა ქართლელებისთვის კარვების გამართვა სწორედ იმიტომ გახდა საჭირო, რომ თუ მანამდე რამე თავისუფალი შენობა იყო, ყველა აფხაზეთიდან წამოსულმა 300 000-მდე ადამიანმა დაიკავა.

ომი, რომ მართლა ომი იყო, სოფლებში გვიან მიხვდნენ და ერთი ხელი ტანსაცმლით გამოიქცნენ.  დალი კასრაძე ერგნეთიდანაა. ეს სოფელი ზედ სამხრეთ ოსეთის საზღვარზეა და ამის გამო წლების განმავლობაში ეს ტერიტორია ბაზრობად იყო ქცეული. იქ  ქართველებიც ვაჭრობდნენ, ოსებიც, რუსებიც... პროდუქტის ყიდვა ყველანაირ ვალუტაზე შეიძლებოდა.

დალი კასრაძე: ,,სროლები ყოველთვის იყო, მაგრამ არ მახსოვს, სარდაფში ჩავსულიყავი. 3 აგვისტოს კი  ჩავედი.  3-ში ოსების მხრიდან 9:15 საათზე რომ დაიწყო სროლა, დილის 7 საათამდე არ გაჩერებულან.  მერე ჩვენებმაც უპასუხეს, მაგრამ  ჩვენგან მაინც კანტიკუნტად ისროდნენ. მეორე დღეს სიჩუმე ჩამოვარდა. მერე კი ძალიან სწრაფად განვითრარდა მოვლენები. მოსახლეობა გაფრთხილებული რომ ვყოფილიყავით, ასე არ მოგვივიდოდა.

ჩემი ქმარი 10 აგვისტოს გამოვიდა, მანქანით. გადაუდგნენ წინ და  სროლა დაუწყეს. ასე ამბობდა, ვიფიქრე, ცოცხალი ვეღარ გადავრჩებიო. მერე უკან დასწია მანქანა, გადმოხტა და ტირძნისამდე ასე სირბილით იარა, იქიდან ჩვენებმა გამოიყვანეს. 

ერგნეთში ყველაფერი გაძარცვულია, სახლები - დამწვარი, 30 სახლი ან დგას ან - არა.  თამარაშენს საერთოდ ბულდოზერებით ანგრევენო“.

ბომბები და  რუსები

მარინა გიგუაშვილი, ტყვიავი: ,,მეზობელი ამბობს, ისეთი რაღაცაა ჩემს ეზოში ჩამოვარდნილი, სამი ,,კამაზი“ მიწა უნდა, ორმო რომ ამოავსოო.  ჩემი მეზობლის სახლს მოხვდა ბომბი და შუაზე გაგლიჯა. სახლები დამწვარია, ზოგს ოსებმა წაუკიდეს, ზოგს ისე გადაედო ცეცხლი. ჩემი ერთი მეზობელი სარდაფში შეამწყვდიეს და სახლიანად დაწვეს. მარტო მკლავიღა იპოვეს მისი, ფერფლი იყო დარჩენილი, ისიც ძლივს მოაგროვეს ნიჩბით.

ერთი მიცვალებული ხუთი დღის მერე ნახეს მეზობლებმა, არ იცოდნენ მკვდარი რომ იყო და ეგდო ასე უპატრონოდ. ეზოშივე მარხავდნენ ცხედრებს,  გარეთ ვერ გაჰქონდათ“.

ტყვიავში ახლა მხოლოდ რამდენიმე ადამიანია. იქ დევნილები დაბრუნებას ვერ ბედავენ, კარალეთში უფრო შედიან, თუმცა შიშით.

,,ამ დილას ვიყავი კარალეთში, მაგრამ რომ მოვდიოდი, 5 მანქანა ჯარი და ერთი ტანკი ჩააყენეს რუსებმა და უკან დაბრუნებას მოვახერხებ თუ არა, აღარ ვიცი“,  - ამბობს კარალეთელი  მაია ზაზარაშვილი.

მისივე თქმით, კარალეთში რუსები მყარად დგანან, მდინარეზე პატარა ჰესიც კი გაიკეთეს. მოსახლეობის სახლებში არ შესულან, ისინიც კარვებში ცხოვრობენ. სანგრებიც გათხარეს, მაგრამ წყლიანი ადგილის გამო  დაიტბორა და ამის გამო თურმე გიჟდებიან.

,,რაც გასაძარცვი იყო, ოსებმა ყველაფერი წაიღეს: ტელევიზორები, ვიდეო-აპარატურა, ტანსაცმელი... ერთგან ,,კამაზიც“ კი მოაყენეს და ავეჯი გაზიდეს.   ორი მაღაზია გადამწვარია, სახლებიც...

თვითონ რუსები არ გვერჩიან.  ოსებმა დამოუკიდებლობა რომ აღნიშნეს და ტანკებით მოდიოდნენ ქართულ სოფლებზე, რუსები ავიდნენ და ექვსი კაცი მოკლეს, ისევ ოსები. ჩვენს ერთ სოფლელს უკითხავს, როდის გახვალთო და თვითონაც არ იციან, ნეტავ დღესვე გაგვიშვებდნენო, უპასუხიათ“, - ამბობს ზაზარაშვილი. 

დევნილები აგრესორებს ასე ახასიათებენ :  ,,გააჩნია ვინ შეგხვდება“, ზოგი შედარებით ლმიბიერია, ზოგი კი:

,,გორის  ჰოსპიტალში წევს ახლა ის კაცი. ერგნეთში სახლი არ მიატოვა. ოკუპანტებს რომ არ მოეკლათ უმასპინძლდებოდა ხოლმე, ხან გოჭი შეუწვა, ხან რა... ერთხელაც, ოჯახის ალბომი დაგვათვალიერებინეო. მოუტანა და შინ ფორმიანი ბიჭის ფოტო რომ ნახეს, ჰკითხეს, ვინ არისო. ამანაც უპასუხა, შვილიო. კონდახებით სცემეს და მერე არხში გადააგდეს.

კიდევ 77 წლის მოხუცი კაცი იყო სოფელში. მოხრილი სიბერისგან. მიდიოდა თურმე ასე მოხრილი, პური და პომიდორი ეჭირა ხელში. დაუნახვთ ოკუპანტებს, უფიქრიათ, ეტყობა სადღაც მიიპარებაო და უსვრიათ. ასე მოკლეს, უბრალო კაცი“, - ამბობს დალი კასრაძე.

ოკუპირებული სოფლებიდან ამბები  კანტი-კუნტად აღწევს. იქ შუქი არა აქვთ და სოფლებში  დარჩენილები მობილურის დატენვას ყოველთვის ვერ ახერხებენ.  კარავში შემოხიზნულებმაც ხან იციან თავიანთი ახლობლების ამბავი, ხან - არა.  კარგად არც თავიანთი ამბავი იციან: რა ელით, სად წაიყვანენ, როდის...  ზამთარი ახლოვდება, კარავში კი უკვე ცივა. აქ დევნილებს არც იმის საშუალება აქვთ, პირზე წყალი შეისხან. გორელები აკითხავენ და საკუთარ ბინებში მიჰყავთ ხოლმე  დასაბანად. ეს პრობლემაა, მაგრმა მას  მეორე, უფრო დიდი პრობლემა ფარავს:

,,ახლა ტუალეტების და საშხაპეების მშენებლობა დაიწყეს. რომ ვუყურებ, გული მიწუხს, ესენი მგონი ჩვენს დაბრუნებას არ აპირებენ“, - ამბობს ტყვიაველი მარინა გიგუაშვილი.

 

 

ახალი ამბები