კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პროცესს ასაიდუმლოებს

8 სექტემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 6 სექტემბრის მონაცემებით, თბილისში დევნილთა რაოდენობამ 39 596, რეგიონებში  - 21 776, სულ - 61 372 ადამიანი შეადგინა. თბილისში ფუნქციონირებს 400 დროებითი თავშესაფარი, რეგიონში - 118, სულ _ 518 ობიექტი. 22 აგვისტოსთვის, ცხინვალის რეგიონიდან და შიდა ქართლიდან დევნილი 121 167 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. აქედან, თბილისში, 670 დროებით თავშესაფარში 22 576 პირი ცხოვრობდა, რეგიონებში კი 89 თავშესაფარი ფუნქციონირებდა. დევნილების დიდი ნაწილი ახლობლების ოჯახებში იმყოფება. ჰუმანიტარული ტვირთის სიდიდის მიუხედავად, იძულებით ადგილნაცვალ პირთა ბევრი ოჯახი პურის და ჰიგიენური საშუალებების გარეშეა დარჩენილი. იმის დასადგენად რამდენად მიზნობრივად ნაწილდება დახმარება, დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას მონიტორინგის განხორციელების საშუალება არ ეძლევა.

ოფიციალური ინფორმაციით, დევნილებს საკვები პროდუქტებით, ტანსაცმლით და პირველადი მოხმარების საგნებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, სხვადასხვა რესპუბლიკა, საქართველოს მთავრობა და კერძო კომპანიებიც ამარაგებენ.

ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ევროკავშირმა საქართველოს ექვსი მილიონი ევრო გამოუყო. ევროკომისარის, ლეი ლიშელის განცხადებით, აღნიშნული თანხა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთათვის საკვები პროდუქტების შეძენას და დაზარალებულების სამედიცინო მომსახურებას უნდა მოხმარდეს.

დევნილებისთვის ერთ მილიონ დოლარამდე ღირებულების დახმარება გამოყო იაპონიის მთავრობამაც, ასევე პოლონეთის, ლიტვის, ირანის და სხვა რესპუბლიკებმა. ირანელმა ბიზნესმენებმა თანხები დევნილთა დასახმარებლად გახსნილ სპეციალურ საბანკო ანგარიშებზეც გადარიცხეს.

გაერო საქართველოს დასახმარებლად 57 მილიონი აშშ დოლარის მობილიზებას ცდილობს. ორგანიზაციის მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში რობერტ უოთკინსმა აღნიშნა, რომ დონორებიდან შემოსული თანხები საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უკვე მობილიზებულ ფინანსებს შეავსებს.

"ამ დროისთვის საქართველოს წინაშე არსებული მთავარი პრობლემებიდან ყველაზე აქტუალურია კონფლიქტის ზონაში დარჩენილი მოსახლეობის და ასევე მის გარეთ მყოფი დევნილების დახმარება, საკვებისა და ძირითადი სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობა. აღნიშნული დახმარება გათვალისწინებულია 128 700 ადამიანისათვის და ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება", - განაცხადა უოთკინსმა.

საქართველოს 11 მილიონი დოლარით დაეხმარება უკრაინაც. საქართველოსთვის ფულადი დახმარების გაწევის გადაწყვეტილება პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მოთხოვნით გამართულ უკრაინის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. ამასთან, გადაწყდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საელჩოს მიმართავს თხოვნით, დახმარებისათვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ხარჯვა მკაცრად გააკონტროლოს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ცნობით, მსოფლიო სასურსათო პროგრამით, თბილისის კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ თითოეულ დევნილს 10 დღის შემდეგი რაციონი მიეწოდება – 1,5 კგ მაკარონი, 500 გრ ლობიო, 300 გრამი შაქარი, 300 გრამი მცენარეული ზეთი, 50 გრ მარილი და 500 გრ ორცხობილა.

დევნილების სურსათით უზრუნველყოფისათვის თანხები მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდანაც გამოიყო.

რაიონების გამგებლების მოთხოვნით, დევნილთა დახმარების მოტივით, თანხები შეგროვდა სახელმწიფო და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში, თუმცა მიღებული თანხების აღრიცხვა ოფიციალურად არ მომხდარა. რეგიონის გუბერნატორების ზეპირი განკარგულებებით, რაიონებში სპეციალური შტაბებიც ჩამოყალიბდა, სადაც ადგილობრივი მეწარმეები და ფერმერები გაერთიანდნენ. ფულის შეგროვება მათაც დაევალათ.

ჰუმანიტარული ტვირთის სიდიდის მიუხედავად, დევნილთა ბევრი ოჯახი პურის და ჰიგიენური საშუალებების გარეშეა დარჩენილი. ამ მხრივ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისგან განსხვავებით, რთულ ვითარებაში იმყოფებიან რეგიონებში, ნათესავებთან და ნაცნობებთან, კერძო საცხოვრებელ სახლებში შესახლებული დევნილები. 25 აგვისტოსთვის მათი რიცხვი კახეთში 10 000-მდე აღწევდა, 6 სექტემბრის მონაცემებით კი 2 ათასს არ აღემატება.

"რუსეთის ავიაციამ გორის რაიონის დაბომბვა რომ დაიწყო, სოფელი მაშინ დავტოვეთ. ძალიან რთული გზა გამოავიარეთ. რუსი ჯარისკაცები და გაურკვეველი წარმომავლობის შეიარაღებული პირები ფეხდაფეხ მოგვდევდნენ. მცხეთამდე ტყე-ტყე სიარულით ჩამოსვლას თითქმის ორი დღე დასჭირდა. ამ ხნის განმავლობაში მცირეწლოვანი ბავშვებიც კი შიმშილობდნენ. თბილისიდან სიღნაღში, ჩემს ნაცნობთან ჩამოვედით და აქ დავბინავდით. ორ ოთახში 17 ადამიანი ვცხოვრობთ. მოზრდილებს და უფროსებს პირდაპირ იატაკზე გვძინავს, მაგრამ ამას აღარ ვჩივით. გამგეობაში რეგისტრაცია კი გაგვატარეს დიდი ჩხუბის შემდეგ, მაგრამ რამდენიმე კილოგრამი პურის ფქვილისა და ზეთის გარდა არავინ არაფრით დაგვხმარებია და მშივრები ვართ. რადიომ რომ გადმოსცა, დევნილებს დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებაც უწევსო, ჩემმა მეუღლემ და რძალმა გამგეობას მაშინვე მიაკითხეს, მაგრამ ნორმალური პასუხიც კი არ გვაღირსეს", - ამბობს გორის რაიონის სოფელ კარალეთის მკვიდრი თამაზ მურადაშვილი.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან 22 აგვისტოს ოფიციალურად გამოითხოვა ინფორმაცია, რა სახის დახმარება გაეწიათ დევნილებს; გამოიყო თუ არა ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები დევნილთა დასახმარებლად, როდის, რის საფუძველზე და რამდენი; ასევე, რაში, როდის და სად გაიხარჯა გამოყოფილი თანხები; რა ჰუმანიტარული დახმარება, როდის და ვისგან მიიღო თითოეულმა რაიონმა დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად; ვინ უზრუნველყოფს ჰუმანიტარული დახმარების მიზნობრივად განაწილებას და რის მიხედვით.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია საჯაროა და დაუყოვნებლივ გაცემას ექვემდებარება, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას და მუნიციპალიტეტების გამგეობებს ეს ინფორმაცია დღემდე არ გაუციათ.

"ჩვენ გვაქვს არაერთი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დევნილთა დასახმარებლად შეძენილი და მიღებული ტვირთი არასწორად ნაწილდება, რის გამოც ვცდილობთ, მონიტორინგის განხორციელებას, მაგრამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს ამის საშუალება არ გვეძლევა. ჩვენი წერილობითი და ზეპირი მოთხოვნების მიუხედავად, ამის შესახებ ინფორმაცია ვერც კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან, ვერც შტაბებიდან და ვერც გამგეობებიდან ვერ მივიღეთ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ზედელაშვილმა ისიც კი არ გვითხრა, რა ოდენობის თანხა გამოიყო სიღნაღის ბიუჯეტიდან რაიონში მყოფი დევნილების დასახმარებლად და რაში გაიხარჯა სახელმწიფოს ფული. არადა, სიღნაღის რაიონის სოფლებში, ნათესავებთან მყოფი შიდა ქართლიდან დევნილები ამბობენ, რომ მათ ყურადღებას არავინ აქცევს და მშივრები არიან", - აღნიშნავს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ლია ხუროშვილი.

ახალი ამბები