კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ალაზნისპირა სოფლებში გლეხებს ყურძენი ვენახებში ულპებათ

9 სექტემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საქართველოს ხელისუფლება მევენახეობის სექტორის სუბსიდირებას იწყებს.  ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თელავში გლეხებთან შეხვედრისას გააკეთა. მისივე თქმით, სუბსიდირების ფარგლებში ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი გამოიყოფა. დაგეგმილია შავ ყურძენზე 25 თეთრის, ხოლო თეთრ ყურძენზე 15 თეთრის გაცემა.
"სახელმწიფოს შეუძლია სწორი პოლიტიკა აწარმოოს იმისათვის, რომ მევენახეებმა ზარალი არ ნახონ", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა. პრეზიდენტის ამ განცხადებების მიუხედავად, კახეთში, ალაზნისპირა სოფლებში, სამთაწყაროში, ფიროსმანში, საბათლოსა და სხვაგან, სადაც მოსავალი აგვისტოს შუა რიცხვებისთვის მოდის, გლეხებს ყურძენი ვენახებში ულპებათ. რეგიონის არცერთი ღვინის ქარხანა ამ დრომდე ყურძენს არ იბარებს.

წელს კახეთში ისედაც მწირი მოსავალია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თუ გასულ წელს კახეთში 200 ათასი ტონა ყურძენი მოიწია, წელს მხოლოდ 130 ათას ტონა ყურძენს ელიან. ამ საკითხს თელავში მყოფი პრეზიდენტიც გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, მოსავლის ნაწილი ბუნებრივი პირობების, ხოლო ნაწილი იმის გამო განადგურდა, რომ ხალხს ვენახის შენახვის საშუალება არ ჰქონდა, რასაც კახელი გლეხები  არ ეთანხმებიან.

"ვაზი რვაჯერ შევწამლე. შხამქიმიკატები ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ რეკომენდებულ მაღაზიებში შევიძინე, რისთვისაც ბანკიდან სესხი მაქვს აღებული, მაგრამ როგორ გადავიხდი, არ ვიცი, რადგან მოსავლის 80% მაინც სულ განადგურდა, გახმა. რაც დარჩა, ისიც გვალვამ დააზიანა. 72 წლის კაცი ვარ და ყურძენი ასე დაზიანებულიყო, არ მახსოვს. ამ მდგომარეობაში ძალიან ბევრი მევენახეა", - ამბობს გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდრის მკვიდრი ვალიკო ჯოხაძე.

დაზარალებულები ფიქრობენ, რომ ფალსიფიცირებული შხამქიმიკატები რეგიონში სარეალიზაციოდ შეგნებულად შეიტანეს, რათა წელს უხვი მოსავალი არ ყოფილიყო და ხელისუფლებას პრობლემები თავიდან აეცილებინა.

"სხვა რა უნდა ვიფიქროთ? თუ შხამქიმიკატების ბრალი არ არის, რაღა მარტო გლეხების ვენახები დაზიანდა? ბუნებრივი პირობები ხომ ყველასთვის ერთი იყო, გლეხებისთვისაც და ფერმერებისთვისაც. ასე სპეციალურად გაგვიკეთეს, რომ უხვი მოსავალი არ მოსულიყო. რაც დარჩა, ისიც ვერ დაგვიბინავებია. მარტო ტელევიზორიდან გვეუბნებიან, ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ როდისღა. შეხედეთ, ყურძენი ვაზზე ხმება. ბოლო დღეებში იწვიმა კიდეც, რაც საღ მარცვალსაც აზიანებს. ჩემი ვენახის დაკრეფა 20 აგვისტოსთვის შეიძლებოდა, მაგრამ დღეს 8 სექტემბერია და ისევ დასაკრეფი მაქვს. არცერთი ღვინის ქარხანა ყურძენს არ იბარებს და რომ დავკრიფო, სად წავიღო?!

- "რთველი – 2008-ს" კოორდინაციისათვის გურჯაანში სპეციალური შტაბია შექმნილი. დახმარებისათვის არ მიგიმართავთ?

- შარშან რომ მივმართე, რა ხეირი ვნახე? იმ შტაბში მე და ჩემი მეზობლები გასულ წელს თვითონ ჩავედით, მაგრამ ფხიზელი არავინ დაგვხვდა. არავინ არაფრით დაგვხმარებია. უფრო მეტიც, თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან ჩამოსულ მყიდველებს აფრთხილებდნენ, მათი ნებართვის გარეშე მევენახეებთან არ მისულიყვნენ და იმაზე მეტი არ გადაეხადათ, ვიდრე ქარხნები იძლეოდნენ.

- პრეზიდენტი დაგპირდათ, რომ წელს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ გექნებათ. თანაც, 1 კილოგრამ თეთრ  ყურძენზე ღვინის ქარხნის მიერ გადახდილ საფასურზე დამატებით 15 თეთრს მიიღებთ.

- დაგვპირდა, მაგრამ ყურძენი ვენახში მილპება და მიხმება და ამაში არავინ არაფერს იხდის. განადგურებულ მოსავალს ვკრეფ და ღორებს ვაჭმევ. ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს გლეხების მიმართ. ტელევიზიით გაკეთებული განცხადებები არაფერს გვარგებს~, - აღნიშნავს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს მკვიდრი გოგია საკანელაშვილი.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღვინის ქარხნები ყურძნის მიღებას ორ დღეში დაიწყებენ, რასაც თავად ღვინის ქარხნების დირექტორები უარყოფენ.

კობა კობახიძე, გურჯაანის ღვინის ქარხნის დირექტორი: ,,ქარხანას აქვს სურვილი, ყურძენი მიიღოს, მაგრამ ორგანიზაციას, რომელსაც ჩვენთან ყურძნის მიღებაზე ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა, კონტრაქტი ამ დრომდე არ გაუფორმებია. შესაბამისად, ყურძენს ჯერჯერობით ვერ მივიღებთ“.

ეკა ქოროღლიშვილი, ს/ს "კოტეხის ღვინის ქარხნის" სამეთვალყურეო საბჭოსთავმჯდომარე: ,,ამ დროისთვის სპონსორთან გვაქვს მოლაპარაკება, რომელიც არ ვიცი, როგორ დამთავრდება. მოლაპარაკების ფარგლებში საუბარია მხოლოდ თეთრი ყურძნის მიღებაზე (1 კილოგრამი 20 თეთრად), რასაც დაემატება სახელმწიფო სუბსიდიით გათვალისწინებული თანხა, 15 თეთრი. საფერავის მიღებას საერთოდ არ ვგეგმავთ, თუ არ დაგვავალეს“.

გოდერძი გონაშვილი, დედოფლისწყაროს ღვინის მარნის დირექტორი: "ამ დღეებში ვაპირებდით ყურძნის მიღებას, მაგრამ ვერ ვახერხებთ, რადგან არ გვაძლევენ ვაუჩერებს, რომლითაც გლეხი დამატებით მიიღებს სუბსიდიით გათვალისწინებულ თანხას. ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ღვინის ქარხნის სასწორი წელს შემოწმებული არ არის. ამას კი დრო სჭირდება, მინიმუმ 15 დღე მაინც. 1 კილოგრამი საფერავის ჩაბარებას 35 – 40 თეთრად ვგეგმავდით“.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, რთველი – 2008 ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.

- ბატონო ბაკურ, ბევრი ღვინის ქარხნის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სპონსორებთან მოლაპარაკებები არ დაუსრულებიათ და ამ ეტაპზე ყურძეს ვერ მიიღებენ. ამასობაში კი ალაზნისპირა სოფლებში გლეხებს ყურძენი ვენახებში ულპებათ. როგორ შეგიძლიათ მევენახეებს დაეხმაროთ?

- თქვენ მაგაზე არ ინერვიულოთ. ნუ გეშინიათ, არაფერიც არ ლპება.

ახალი ამბები