კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები მძიმე პირობებს გაურბიან

11 სექტემბერი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისში დევნილთა რიცხვი თანდათან იკლებს. თუმცა, წასვლა ამჯერად საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას არ გულისხმობს. იძულებით გადაადგილებულები მძიმე საცხოვრებელ პირობებს და გაურკვეველ მომავალს გაურბიან.
 
„რომელ პირობებზეა ლაპარაკი, ელემენტარულად, წყლის პრობლემა ვერ მოგვარებულა. მომსმენიც არავინაა, რომ ჩვენი გასაჭირი ვუთხრათ. აქამდე მაგიდაზე გვეძინა. მართალია, ახლა საწოლები მოგვიტანეს, მაგრამ საწოლი წყალს ხომ ვერ შეცვლის?! ხალხი დაავადმყოფდა. ვინც ჯანმრთელობას არ უჩიოდა, ამ პირობების გამო ნევროზი დაემართა. გარბიან. ზოგი თბილისში გარბის და ზოგიც ნათესავებთან. ამ შენობაში 300 ადამიანი ვიყავით, დღეს  60-მდე დავრჩით“,- ამბობს დევნილი შორენა გუჯეჯიანი.

კოდორიდან დევნილისგან განსხვავებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დევნილთა ნაკადის გადინება ქუთაისიდან ქვეყანაში ვითარების დარეგულირებას უკავშირდება და აქ ცუდი პირობები არაფერ შუაშია.

„თავიდან ქუთაისში 1700-მდე დევნილი გვყავდა. ვითარების დარეგულირების შემდეგ რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. ამ დროისთვის აქ 550-მდე ადამიანი რჩება. თუმცა, საღამომდე ეს ციფრი, შესაძლოა, ისევ შეიცვალოს. ამდენად, ზუსტი ციფრის დასახელება არ შემიძლია“,- აცხადებს ლტოლვილთა და განსახლების იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი დავით აფციაური.

ქუთაისში, სადაც დევნილთა 7 კოლექტიური ცენტრია გახსნილი, როგორც ირკვევა, იძულებით გადაადგილებურ პირთა საკვებით მომარაგება ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობის ხარჯზე ხდება. თუმცა, ოფიციალური მონაცენებით, დღემდე ხორციელდება „წითელი ჯვრისა“ და გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დევნილებს „საკმარისი“ საკვები მიეწოდებათ.

„მათ პროდუქტი ყოველდღიურად, საკმარისი რაოდენობით მიეწოდებათ. ამ მხრივ, შეიძლება, იდეალური პირობები არ არის, მაგრამ არც საგანგაშო ვითარებაა. ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ დევნილები ცუდად ცხოვრობენ. უბრალოდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა შენობა, რომელშიც ისინი არიან განთავსებული, სასწავლო დანიშნულებისაა და თავიდანვე არ იყო გათვალისწინებული მოსახლეობის საცხოვრებლად. ჩვენ მათ დავურიგეთ საძილე ლეიბები, სამზარეულო ჭურჭელი და სურსათიც. ამდენად, თუ ვინმეს პრეტენზიები აქვს, ჩვენ მოგვმართოს“, - ამბობს დავით აფციაური.

ქუთაისის ავტომექანიკური კოლეჯის შენობაში, სადაც ძირითადად კოდორიდან დევნილები არიან თავშეფარებული, აცხადებენ, რომ აფციაურთან  პრობლემებზე საერთოდ ვერ საუბრობენ.

„ეს ადამიანი პირდაპირ ყვირილზე და გინებაზე გადადის. ქალს და კაცს ერთნაირად აგინებს. ჩვენ, ისედაც გამწარებულ ხალხს კიდევ გინება და ცუდად მოქცევა გვინდა? იმას ხომ არ ვთხოვთ, შენს ოჯახს მოაკელი და ჩვენ მოგვიტანეო... რაღაცას სამადლოდ მოგვიგდებენ და იმასაც არ გვეუბნებიან, ვინ გამოაგზავნა“,- ამბობენ დევნილები.

2 ცალი პური, 1 შეკვრა მაკარონი, 1 შეკვრა წიწიბურა, 1 ქილა თევზის კონსერვი, 1 ქილა საქონლის ხორცის კონსერვი, 1 კგ. კარტოფილი, 1 კგ. ლობიო, 1 კგ. კიტრი, 1 კგ. პომიდორი, 0, 5 კგ. ქათმის ბარკალი, 0,5 ლ. ზეთი, 0,5 კგ. ხახვი, 450 გრ. კარაქი და ა. შ. - ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ მიერ რამდენიმე დღის წინ ერთ სულ დევნილზე გაიცა. ყოველ შემთხვევაში, დოკუმენტში, რომელსაც ხელს ასოციაციის თავმჯდომარე აწერს, ასეა აღნიშნული. იმავე დოკუმენტის შენიშვნის გრაფაში ისიცაა მითითებული, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დევნილთა ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში დამატებით იმერული ყველი, მაწონი, სიმინდის ბურბუშელა, ყავა, ჩაი, შოკოლადი და  შეიტანეს.

ქაღალდზე მითითებული ძღვენის ჩამონათვალი რეალურ სურათს, სამწუხაროდ, არ ემთხვევა. ყოველ შემთხვევაში, დევნილები აბსოლუტურად სხვა ვითარებაზე ყვებიან. „ჩვენ ვიცით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გულუხვად გვიგზავნიან პროდუქტებს, მაგრამ ფაქტია, სურსათი ჩვენამდე არ მოდის. მადლობელი ვართ იმ ადამიანების, ვისაც ჩვენი გასაჭირი გულთან მიაქვს. მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლების თუ მიიტანენ გულთან ჩვენს გასაჭირს, ცუდი არ იქნება“, - ამბობენ დევნილები.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დევნილთა „ბედი“ მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებაზე არაა დამოკიდებული, რომ ამ კუთხით ქუთაისში და ზოგადად, იმერეთში დიდი ტვირთი შემოვიდა და შესაბამისად, ხალხიც უკმაყოფილო არ უნდა იყოს.

„ჩვენ 40 ტონა ტვირთი მივიღეთ დაძმობილებული უკრაინიდან, კერძოდ, სუმის ოლქიდან. აქედან ნახევარი ტონა მედიკამენტები იყო. ასევე, დაგვეხმარა აჭარის ხელმძღვანელობა საომარი მოქმედებების დროს. ამ დახმარებით შევძელით მაშინ გამოგვეკვება არა მხოლოდ იმერეთში მცხოვრები დევნილები, არამედ, დავხმარებოდით რაჭას, ქვემო სვანეთს და მესტიას. გარდა ამისა, 250 ათასი ლარის ღირებულების საქონელი უშუალოდ მოსახლეობამ და ბიზნესმენებმა შეკრიბეს. ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც გამოიყო თანხები, თუმცა, მისი დახარჯვა საჭირო არ გახდა. მხოლოდ ჭიათურის ბიუჯეტიდან დავხარჯეთ გარკვეული ოდენობა ბაღდათსა და ზესტაფონში“, - აცხადებს იმერეთის გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე.

ახალი ამბები