კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეზერვისტის მონათხრობი:

12 სექტემბერი, 2008

„რასაც მეთაურები რეზერვის დროს გვეუბნებოდნენ, ბრძოლის ველზე იმის მესამედიც რომ გაეკეთებინათ, ასეთ რაღაცებს აღარ მოგიყვებოდი“...      

ნონა სუვარიანი, თბილისი

8 აგვისტო. ღამე. ომი სულ ახალი დაწყებული იყო. გორის ქუჩები ჩაბნელებული. და რეზერვისტები გორის ქუჩებში,  ტროტუარებზე  ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩუმად ისხდნენ. დღემდე ყვებიან, თუ როგორ დატოვეს ისინი ომის დროს უპატრონოდ, მეთაურების გარეშე, როგორ დაურიგეს უვარგისი იარაღი, როგორ აშიმშილებდნენ. გთავაზობთ ერთ-ერთი რეზერვისტის, 23 წლის გურამის მონათხრობს.

გურამი რეზერვში ორჯერ იყო,  2007-ში ზაფხულში და 2008-ში გაზაფხულზე. როგორც თავად ამბობს, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ომში მონაწილეობა მიიღო. „იქ ნახევარ საათში მეტი გამოცდილება მივიღე, ვიდრე რეზერვში ყოფნისას. თავად სიტუაცია გასწავლის ყველაფერს. შენით იწყებს მოქმედებას. საერთოდ არ გამხსენებია, იქ რა მასწავლეს“. 

ლოკომოტივის სტადიონზე საკუთარი ნებით მივიდა. კომისარიატიდან არავის დაურეკავს, თავისით წავიდა.
 
„გამთენიისას. 6-ის ნახევრაზე ან 6-ზე მივედით ლოკომოტივზე. იქიდან ვაზიანის ბაზაზე წაგვიყვანეს. მეგობარმა დამირეკა, წავიდეთო. რეზერვისტების გაწვევა ძალიან არაორგანიზებული იყო. ჩვენი ბატალიონიდან, სადაც 300 კაცი ვართ, მხოლოდ 6-ნი ვიყავით. ლოკომოტივის სტადიონზე ავტობუსები გველოდებოდნენ. ფორმიანი ვერავინ ვნახე. კომისარიატიდან იყვნენ. რეგისტრაციაც არაორგანიზებულად მიმდინარეობდა. არც პირადობის მოწმობა მოუთხოვიათ, არც რამე საბუთი. თავად ვუთხარი, რომ ამ ბატალიონის, ამ ასეულის, ამა და ამ ოცეულის ჯარისკაცი ვარ. სხვა მონაცემებიც რომ მეთქვა, მათთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვიღაც „ტიპი“ იდგა და სკოლის რვეულში იწერდა გვარებს, ტელეფონის ნომრებს და მისამართებს. წაგვიყვანეს ვაზიანში, სადაც ფორმა მოგვცეს, იარაღი დაგვირიგეს. მერე ავტობუსებით პირდაპირ სოფელ არცევში წაგვიყვანეს. გორში არ გავჩერებულვართ. როგორც მივხვდი, ეს სოფელი ცხინვალიდან აღმოსავლეთით 7-8 კილომეტრით იყო დაშორებული. სოფელში 150 კაცამდე ვიყავით. სადღაც შუადღის 2 საათამდე ჩავედით და მეორე დღის 3-4 საათზე გამოვედით.

თავიდან შტაბში შეგვკრიბეს, რომელიც სოფლის პოლიციის შენობაში იყო განთავსებული. იქიდან აგვიყვანეს და სოფლის ზემოთ ტყეში ექვს-ექვსად გაგვანაწილეს. როგორც აგვიხსნეს, სიტუაცია ასეთი იყო: ამ სოფელში ქართული ჯარი შევიდა, ოსურმა მოსახლეობამ ჯარის დანახვისას ეს სოფელი უბრძოლველად დატოვა. როგორც მეთაურმა გვითხრა, ელოდნენ, რომ შეიარაღებული მოსახლეობა დაბრუნდებოდა. იმ ღამეს შეტაკება არ მომხდარა, თუმცა ყოველ წუთს რაღაცას ველოდით. მეთაური კი გვყავდა, მაგრამ, ფაქტობრივად, არ გვინახავს. საკვები არაფერი დაგვიტოვეს. იმით ვიკვებებოდით, რაც სახლიდან გვქონდა წამოღებული. ტყეში ქლიავი დავკრიფეთ. ის ღამე ასე გადავაგორეთ. დილით მშრალი საკვები დაგვირიგეს.

დაბომბვა 7-8 საათისთვის დაიწყო. ოღონდ ჩვენს სოფელს არ ბომბავდნენ, ზემოდან გადავყურებდით მთელ ქართლს და ყველაფერი ხელის გულზე ჩანდა. თვითმფრინავი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ შემოდიოდა და ბომბებს ყრიდა. მერე, 2-3 საათისთვის ერთ-ერთი სერჟანტი ამოვიდა და გვითხრა, ჩანთები ჩაალაგეთ და მზად იყავით გასასვლელადო. ჩანთების ჩალაგება რომ დავიწყეთ, ტყეში უცებ სროლა ატყდა. ხალხი დაიქსაქსა, დაიბნა. მეთაურიც არ გვყავდა, რომელიც ხალხის გაყვანას გააკონტროლებდა. სრული ქაოსი იყო. ერთადერთი კარგი ის იყო, ბიჭებს შორის პანიკა არ ამტყდარა. ყველა თვითმოქმედებაზე გადავიდა. ვცდილობდით უსაფრთხოდ გამოვსულვიყავით. სროლა-სროლით გამოვდიოდით. მტერმა ტყის ცენტრამდე შემოაღწია. არადა ამ ტყეს 150 კაცამდე იცავდა. როგორც ჩანს, ადგილობრივები იყვნენ და ამ ტყეს კარგად იცნობდნენ. იმდენად კარგად, რომ დაცული ტერიტორიის ცენტრამდე მიაღწიეს. საბედნეიროდ, ჩვენგან არავინ დაღუპულა, მაგრამ გვერდით პოზიციაზე და ცხინვალის მხარეს რეზერვისტებს შორის მსხვერპლი იყო.

უკან დასაბრუნებელი გზა ვიცოდით, მაგრამ სროლის გამო ამ გზით ვერ მივდიოდით. საბოლოო ჯამში მაინც ტრასაზე გავედით. მერე ყველამ, ანუ  ამ 150-მა კაცმა თავი შტაბთან მოვიყარეთ. მეთაურობას ველოდებოდით. აბა, სხვა რა უნდა გვექნა... კი ვისროდი, მაგრამ ვისთვის მესროლა... დაახლოებით 5-10 წუთში სამხედრო „ჯიპით“ ჩვენი მეთაური და რამდენიმე სხვა ოფიცერი მოვიდა. შტაბიდან რაღაცები ამ ჯიპებზე დავალაგეთ. ერთი სოფელი ფეხით ჩავირბინეთ. შემდეგ სოფელთან ყვითელი ავტობუსები გველოდებოდნენ და გორისკენ წაგვიყვანეს.

9-ში საღამოს წამოვედით, თუმცა რეზერვისტების ნაწილი კიდევ რჩებოდა. რეზერვისტების ერთი ნაწილი ისევ ტყეში დააბრუნეს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მეთაურმა თან წაიყვანა. როგორც ამბობდნენ, მას მათი წაყვანის უფლება არ ჰქონდა.

საშინელი უწესრიგობა იყო. კიდევ კარგი, ბიჭებს ჰქონდათ თვითშეგნება, მივხვდით, რომ საკუთარი თავის პატრონები ვართ. რასაც მეთაურები რეზერვის დროს გვეუბნებოდნენ, ბრძოლის ველზე იმის მესამედიც რომ გაეკეთებინათ, ასეთ რაღაცებს აღარ მოგიყვებოდი“...      

ამ ომში რეზერვისტებს მონაწილეობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია. რატომ გადაწყვიტეს გამოუცდელი რეზერვისტების ბრძოლის ველზე გაყვენა, რატომ მოხდა ყველაფერი ასე არაორგანიზებულად, ვინ აგებს პასუხს ამაზე... თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრში დავრეკეთ და რეზერვისტების გაწვევასთან დაკავშირებით კომპეტენტურ პირთან დაკავშირება ვთხოვეთ. ოფიციალური წერილის გამოგზავნა გვთხოვეს. გავუგზავნეთ. მას შემდეგ პერიოდულად ვურეკავდით, გვეუბნებოდნენ, რომ ეს წერილი ერთ-ერთი თანამდებობის პირთან არის შეტანილი და პასუხს ელოდებიან. ბოლოს და ბოლოს გვითხრეს, რომ რეზერვისტებს კოორდინაციას გვარდიის დეპარტამენტის უფროსი, გენერალი დავით აფციაური უწევდა. ინტერვიუზე მაინც უარი გვითხრეს. შეიძლება მოგვიანებითო...

ახალი ამბები