კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუს გენერლებთან კავშირი, პოლიტიკური დევნა თუ ჩვეულებრივი კრიმინალი?!

12 სექტემბერი, 2008

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ინფორმაცია, ზუგდიდში მოსალოდნელი დაპატიმრებების შესახებ, ჯერ კიდევ ქვეყანაში გამოცხადებული საომარი მდგომარეობის დროს გავრცელდა. 16 კაციანი დასაპატიმრებელთა სიის თაობაზე დღესაც აქტიურად საუბრობენ. სავარაუდოდ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც 8 აგვისტომდე, საომარი მოქმედებების დაწყებამდე და მის შემდეგაც, რაიმე სახის კონტაქტი ჰქონდათ რუს გენერლებთან, უბრალოდ ჯარისკაცებთან ან აფხაზ ძალოვანებთან.

ასეთ კავშირებზე შსს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუშიც ალაპარაკდა, სადაც სამეგრელოს რეგიონზე პირდაპირი მინიშნება გააკეთა. მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსების გაცილება-გამოცილებაზე საუბრობდა, თუმცა ასეთი `პრავადნიკები~ შესაბამისი ბრალდებით ჯარჯერობით არავის დაუკავებია. სამაგიეროდ, დღეს უკვე ძნელი გასარჩევია რა იმალება იმ დაპატიმრებული ადამიანების ბრალეულობის მიღმა, რომლებიც ნარკოტიკის მოხმარება-გასაღებისა და იარაღის შენახვის ბრალდებით დააკავეს.

27 აგვისტოს სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" სამეგრელოს ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე კახა კიტია დააკავეს. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, პოლიციამ ისეთი "ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია" ჩაატარა, რომ საცხოვრებელი სახლებიდან ხმაურზე გამოსულ ადამიანებს უკან, სახლებში მოღერებული ავტომატებით ერეკებოდნენ, მაგრამ ცნობისმოყვარე და გამბედავმა ადამიანებმა პოლიციის მისამართით სალანძღავი სიტყვები მაინც არ დაიშურესო.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ 30-მდე პოლიციელმა საპატრულო ეკიპაჟის CaTvliT "ჯიპის" მარკის ავტომანქანით მოძრავ კახა კიტიას გზა გამსახურდიასა და თავისუფლების ქუჩის გადაკვეთაზე ჩაუკეტა. "იგი ჯერ მანქანიდან გადმოათრიეს, შემდეგ მუშტები და წიხლები დააყარეს. განსაკუთრებით პოლიციელი კოხტა კოდუა აქტიურობდა. დაკავებულმა უცებ ყვირილი მორთო, რას აკეთებთ, მღუპავთ, ნარკოტიკს მიდებთო? ეტყობოდა, რომ რაღაც შეკვრა შენიშნა კიტიამ, რომელსაც მანქანაში აგდებდნენ და წამიერად გარეთ მოისროლა. ამის შემდეგ კი მას, ასფალტზე თავქვე დაგდებულს რამდენიმე პოლიციელი ერთდროულად ურტყამდა. კიტია შველას ითხოვდა, ხალხნო გამოდით, ვერ ხედავთ რას სჩადიან, ხმა ამოიღეთო, მაგრამ ვინ მიგვიშვა ახლოს?! იმასაც ვხედავდით, ორი კაცი რომ მოიყვანა პოლიციამ მანქანით და ქაღალდებზე ხელი რომ მოაწერინეს, ალბათ მოწმეები იყვნენ."

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ კახა კიტიას ავტომანქანის სალონში ნარკოტიკებთან ერთად ავტომატური იარაღიც აღმოაჩინა. აღმკვეთი ღონისძიების სახით ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კიტიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ადვოკატის განცხადებით, დაკავების დროს პოლიციის მხრიდან მიყენებული ცემის შედეგად კახა კიტიას სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე დაბეჟილობები აღენიშნებოდა, მას სავარაუდოდ ნეკნებიც ჰქონდა ჩამტვრეული და თავის ქალა დაუზიანდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის ინტერესების დამცველმა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, იგი არ დაკმაყოფილდა. ბრალდებული იმავე დღეს არა ზუგდიდის #4 საპყრობილეში, არამედ ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კიტიას დაკავების რეალურ მიზეზებზე დღეს არც მისი ადვოკატი და ოჯახის წევრები არ საუბრობენ. არაოფიციალური ინფორმაციით კი კახა კიტიას დაკავების მიზეზი რუს ჯარისკაცებთან და აფხაზ კრიმინალებთან კავშირი გახდა, რომელიც, შესაძლოა, სამშობლოს ღალატით გასამართლების საბაბიც გახდეს. იგი ბენზინგასამართი სადგურების ქსელის, "ულევის" ერთ-ერთი მფლობელი იყო, თუმცა მას ქალაქში რამდენიმე სავაჭრო ობიექტიც ჰქონდა და ჯართის ბიზნესშიც სარფიანად მოღვაწეობდა.

ერთ-ერთი ვერსიით, რუსული ოკუპაციის პირობებში "ულევში" საწვავის მარაგი დაილია და კიტიამ დეფიციტის შევსება რუსების გამოყენებით გადაწყვიტაო. მან თითქოს რუსული საჯარისო ნაწილებიდან  30 ტონა ბენზინი შეიძინა, რომლის რეალიზაციაც, ფასის მატების გარეშე, სამეგრელოში მოახდინაო. აფხაზ კრიმინალებთან თუ „ბოევიკებთან“ კიტიას კავშირი კი, შესაძლოა, ჯართის დამზადებას უკავშირდება, თუმცა აფხაზეთიდან ზუგდიდის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება სწორედ ქართველი სამართალდამცავების გვერდის ავლით ხდებოდა.

პოლიციამ ცოტა ხნის წინ ბიზნესისგან შორს, მაგრამ პოლიტიკასთან ძალიან ახლოს მყოფი კიდევ ერთი ადამიანი დააკავა. კონსერვატიული პარტიის წევრი, დემურ ანთია იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით საკუთარ სახლში დააკავეს.

დარეჯან ქობალია, მეუღლე: "დილის 5 საათისთვის შემოვარდნენ. ოჯახის შვიდივე წევრი ეზოში ჩამოგვყარეს. 20-მდე პოლიციელი ექვსი მანქანით მოვარდა. გამომძიებელმა, ლაშა ყოლბაიამ გვითხრა, ინფორმაცია გვაქვს, თქვენს სახლში იარაღი ინახება და ჩხრეკა უნდა ჩავატაროთო. მან წარმოგვიდგინა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით შედგენილი დადგენილება ჩხრეკის ჩატარების შესახებ. იმდენად წარმოუდგენელი იყო ეს ყველაფერი ჩვენი ოჯახისთვის, რომ ნახევარი საათი პოლიციასთან გაწევ-გამოწევა გვქონდა. განსაკუთრებით ორი პოლიციელი, ირაკლი ჯობავა და გიორგი სამუშია უხეშობდნენ. შემდეგ ჩხრეკაზე დასასწრებად მეზობლები მოიწვიეს. მთელი სახლი აატრიალეს..."

ჩხრეკის დასასრულს დემურ ანთიამ თავად მიუთითა იმ ოთახისკენ, რომელიც მათ გამორჩათ. ბავშვების გარდერობში პოლიციელებმა აკს-ის სისტემის, ნომერ გადაშლილი ავტომატური იარაღი და 30 ვაზნა აღმოაჩინეს.

დარეჯან ქობალია: "როგორც კი გარდერობის კარი გამოაღეს, ზედა თაროდან ავტომატი გადმოვარდა. გაოგნებულები დავრჩით, ბავშვები შოკში ჩავარდნენ. ერთადერთი დემური ყვიროდა, როგორ გაბედეთ შვილების გარდერობში იარაღის ჩადებაო. ერთი პოლიციელობით კი არა იმით გვაშინებდა, რომ ძველი მხედრიონელი იყო."

თემურ ქარდავა, ადვოკატი: "ჩხრეკა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით ჩატარდა. პოლიციელებს ოჯახის წევრები ერთ ოთახში ჰყავდათ დამწყვდეული, თვითონ კი სხვა ოთახებში ნახევარი საათის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ. ეს კი სერიოზული ეჭვის საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ პოლიციამ იარაღი წინასწარ დადო. ანთიას შვიდსულიანი ოჯახიდან კი იარაღი და საბრძოლო მასალა მაინც და მაინც დემურს მიაკუთვნეს. არც დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა არსებობს. აღმაშფოთებელია ანთიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე უარის თქმის მოტივი. სასამართლოს თავმჯდომარე ნატო აკობია ბრძანებაში აღნიშნავს, რომ "მართალია ანთიას ბრალად ერაცხება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა, მაგრამ ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან" და ამიტომაც შუამდგომლობა ვერ დაკმაყოფილდებაო... ეს არის კრიმინალური ქმედებით შენიღბული პოლიტიკური დევნა!"

დემურ ანთიას დაპატიმრებას ოჯახის წევრებიც მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებენ. ხოლო გავრცელებულ ინფორმაციას ანთიას რუს გენერლებთან კავშირის შესახებ აბსურდულად მიიჩნევენ. დემურ ანთიას უფროსი ვაჟი, კონსტანტინე აცხადებს, რომ მამამისს შეხვედრა არა რუს გენერალთან, არამედ გაეროს მისიის ხელმძღვანელთან ჰქონდა.

კონსტანტინე ანთია: "60 წლის კაცს იარაღი კი არა მთელი ცხოვრება ხელში ფსალმუნები ეჭირა... აფხაზეთიდან დევნილ მეზობლებს მოსკოვში აფხაზი რძალი ჰყავთ, რომელმაც ახლობლებს ზუგდიდში რუსულ-აფხაზური სამხედრო ძალების შეჭრისა და მოსალოდნელი მოროდიორობის შესახებ აცნობა. შემდეგ დევნილმა ოჯახმა მეზობლები გააფრთხილა, თავს გაქცევით უშველეთო. შეშფოთებული მამაჩემი ადგილობრივ ხელისუფლებაში გავარდა, შევატყობინო და იქნებ მოსახლეობა გადავარჩინოთო.

გუბერნიასა და გამგეობაში მას არავინ უნახავს, პოლიცია იარაღაყრილი და გაქცეული იყო. ამის მერე გადაწყვიტა გაეროს ზუგდიდის ოფისში მისვლა. იქ მის უფროსს, კლაივ ტროტს შეხვდა და საფრთხის თავიდან აცილება, მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიები უთხოვია. ტროტი, თურმე, მამაჩემის თანდასწრებით რუს გენერალს, სერგეი ჩაბანს დაკავშირებია ტელეფონით, რომელსაც უთქვამს, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელი არ იყო და სიმშვიდისკენ მოუწოდებია..."

ახალი ამბები