კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რთველს კახეთში შს მინისტრი ხელმძღვანელობს

12 სექტემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

გასული წლის მსგავსად წლევანდელ რთველსაც კახეთში შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს. განსხვავება ის არის, რომ შარშან მერაბიშვილს რთველის ჩატარება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად დაავალა, შს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმიც 24 საათის განმავლობაში საჯაროდ პატრულირებდა, გამწარებულ გლეხებს საპროტესტო აქციები რომ არ გაემართათ. კახეთის სოფლებში სპეცრაზმი და პოლიცია „რთველი - 2008“-ისთვისაც მობილიზებულია, ოღონდ ნიღბების გარეშე. გლეხებს პროტესტის გამოხატვა ამჯერადაც აუკრძალეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ, რომ მათ მოსავალს ქარხანა დაიწუნებს და შემოსავლის გარეშე დარჩებიან.

შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი გურჯაანს იმ დღეს სტუმრობდა, როცა „რთველი - 2008“ ოფიციალურად გაიხსნა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მერაბიშვილი შს კახეთის სამხარეო, ასევე რაიონული სამმართველოების უფროსებს, გურჯაანში გახსნილ „რთველი - 2008“-ის საკოორდინაციო შტაბის წევრებს და კახეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებს რთველთან დაკავშირებულ საკითხებზე ეთათბირა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის ცნობით, მერაბიშვილმა საგანგებო დავალება გასცა, რომ რთველთან დაკავშირებით კახეთში არცერთი საპროტესტო აქცია არ უნდა გაიმართოს და რთველი ორგანიზებულად უნდა ჩატარდეს. შს მინისტრისგან სპეციალური დავალებები მიიღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა და სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა.

მინისტრის ვიზიტიდან მეორე დღეს კახეთის სოფლებში შს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გამოჩნდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, სამართალდამცავები მათ არაფერს ერჩიან, თუმცა ქუჩებში, სადაც ხალხმრავლობაა, ჩერდებიან და ადამიანების თავშეყრის მიზეზს კითხულობენ.

„ნიღბები არ აქვთ. სამხედრო ფორმებში არიან და არაფერს გვიშავებენ. მხოლოდ აკონტროლებენ სიტუაციას. სადაც ათ ადამიანს მაინც დაინახავენ, ჩერდებიან და კითხულობენ რას ვაკეთებთ, ერთად რატომ ვართ, პრობლემა ხომ არ გვაქვს და ა.შ. გასულ წელს პირდაპირ თავში გვირტყეს იარაღის კონდახები და სასტიკად გვცემეს“, - გვითხრა გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მკვიდრმა ელდარ მიტიჩაშვილმა. მისივე თქმით, გლეხებს რაიონის გამგეობიდან შეუთვალეს, პრობლემის შემთხვევაში გამგებელს, რთველის საკოორდინაციო შტაბს ან პოლიციის ინსპექტორს მიმართონ და ყურადღების მიქცევის მიზნით აქციის გამართვა არ სცადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოსავალს ქარხანა დაიწუნებს და შემოსავლის გარეშე დარჩებიან.

„ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია და თუ უკმაყოფილებას მაინც ხმამაღლა გამოთქვამთ, დასჯის ნიშნად, არცერთი ღვინის ქარხანა თქვენს ყურძენს არ მიიღებსო, - შემოგვითვალეს გამგეობიდან. ისედაც არ იბარებენ ჯერ-ჯერობით ამ ყურძენს და როცა ჩაიბარებენ, მაშინაც რომ არ მიიღონ ჩვენი მოსავალი, პურის გარეშე დავრჩებით“, - ამბობს სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირის მკვიდრი ბერდია ნანობაშვილი.

კახეთის მხარეში ახლადდანიშნული გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი სართვლოდ რეგიონის სოფლებში სამართალდამცავების მკვეთრად გააქტიურებას არ უარყოფს. „სახელმწიფომ ბიუჯეტიდან გამოყო სუბსიდია, რომლის ფარგლებშიც მევენახეები შავ ყურძენზე 25 თეთრს, ხოლო თეთრ ყურძენზე დამატებით 15 თეთრს მიიღებენ. ამ ვაუჩერებით ღვინის ქარხნის მეპატრონეებმა რომ არ ისარგებლონ ბოროტად და საკუთარ ვენახებში დაკრეფილ ყურძენზე არ გასცენ სუბსიდიით გათვალისწინებული თანხა, ამ ფაქტების თავიდან ასაცილებლად პოლიცია გაძლიერებული რეჟიმით მუშაობს“, - აღნიშნავს გიორგი ღვინიაშვილი.

ახალი ამბები