კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზმა ბოევიკებმა გაძარცვული განმუხური დატოვეს

15 სექტემბერი, 2008

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ერთთვიანი ოკუპაციის შემდეგ შავიზღვისპირა სოფელი ჩვეული ცხოვრების რიტმს უბრუნდება. აფხაზმა ბოევიკებმა განმუხური 9 სექტემბერს დატოვეს. სოფელში კი გაძარცვული და შეურაცხყოფილი მოსახლეობა დარჩა. განმუხურისა და დარჩელის დამაკავშირებელ ხიდთან რუსული ბლოკ-პოსტი კვლავ რჩება. 14 წლის განმავლობაში დსთ-ს სამშვიდობო მანდატით მოქმედი შენაერთი პატრულირებას დღემდე ახორციელებს.

ერთი თვის განმავლობაში აფხაზური სამხედრო და პოლიციური შენაერთები განმუხურის ტერიტორიაზე 5 ძირითად პოზიციას იკავებდნენ. სამი აფხაზური შტაბი ადგილობრივი მცხოვრების სახლში იყო განლაგებული, ერთი კი დსთ-ს სამშვიდობო ძალების საგუშაგოს შემადგენლობას შეუერთდა.

განმუხურის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სოფელი მას შემდეგ დატოვა, რაც ქართულმა საჯარისო ნაწილებმა ტერიტორიიდან გასვლის შესახებ ბრძანება მიიღეს... აფხაზებმა პირველი შტაბი იური ახალაიას სახლში გახსნეს.

ცირა ახალაია: „ორი მცირეწლოვანი შვილით საკუთარ სახლში ერთი თვის შემდეგ დავბრუნდით. აქ 30-მდე აფხაზი ბოევიკი ყოფილა დაბინავებული. ყველაფერი გაძარცვული და გაოხრებული დაგვხვდა. რისი წაღებაც შეძლეს, გაზიდეს, რაც არა, დაამტვრიეს. ავეჯი, საოჯახო ნივთები, ჭურჭელი და ტანსაცმელი გაუტანიათ.

ხვიჩა ყორშია: „მოხუცი და ავადმყოფი დედა ვერ დავტოვე მარტო. მოდიოდნენ ჩემს სახლში, საჭმელს და ალკოჰოლურ სასმელს ითხოვდნენ. წინასწარ შემოვიდოდნენ, შემიკვეთავდნენ ამა თუ იმ კერძს, ამა და ამ დროს... და აბა არ დაგეხვედრებინა. იმდენი შეურაცხყოფა და დამცირება გადავიტანე, სიცოცხლე აღარ მინდოდა. ზუგდიდის ბაზარში თხილს გასაყიდად რომ გავიტანდი, მაბარებდნენ აფხაზები ხან ლუდი მოგვიტანე, ხან არაყი, ხან სიგარეტიო. არ მოიტან და შავ დღეს დაგაყრითო. იმ თხილის გადატანის საფასურად კიდევ ერთ ტომარაში 5 ლარს მძალავდნენ“.

როლანდ გიგიბერია: „დარჩენილ მამაკაცებს და ქალებს დაგვიძახებდნენ და იძულებით გვამუშავებდნენ. აბა ოთახი დაასუფთავეთ, აბა ეზო მოწმინდეთ, აბა ნაგავი გაიტანეთო... „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა მქონდა დარჩელში გადამალული. 5 აფხაზი გზაში დამხვდა, დარჩელში გადავიდა და მანქანა იარაღის მუქარით გამომაყვანინა. ვიცი რომ ახლა ჩემი მანქანა გალის ქუჩებში დაჰყავთ“.

აფხაზური შენაერთის ერთმა ნაწილმა, რომელიც განმუხურის საჯარო სკოლას იკავებდა, სასკოლო ინვენტარი თითქმის სრულიად გაანადგურა. გაიტანა კომპიუტერული ტექნიკა და ავეჯი. სკოლის ფასადზე დახატული საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა კი წითელი ფერის საღებავით გადაშალეს.

რუსული საინფორმაციო გადაცემების სანახავად და სადილად აფხაზები თურმე ტარიელ თოდუას სტუმრობდნენ, რომელიც სკოლასთან ახლოს ცხოვრობს. იქვე, მეზობლად, გოგოხიების სახლში კი აფხაზი ბოევიკები აბაზანით სარგებლობდნენ.

ლორიტა ლაზარიას სახლის მეორე სართულს აფხაზები 20 დღის მანძილზე იკავებდნენ. 13 კაციანი ჯგუფი ერთმანეთს ერთი დღის შუალედით ენაცვლებოდნენ. ლაზარიას ბინიდან აფხაზმა ბოევიკებმა ხელს სხვადასხვა ნივთები და ოქროს სამკაულები გააყოლეს.

ყველაზე დიდი ნადავლი აფხაზებმა ნინუებიდან გაიტანეს. იზო ნინუას პირად ნივთებთან ერთად მათ პლაჟის ინვენტარი გაიტანეს, რომელიც იქ დროებით იყო მოთავსებული.

იზო ნინუა: „ჩვენი სახლი მდინარე ენგურსა და შავი ზღვის შესართავთან ახლოს მდებარეობს. გაქცევა სწორედ მდინარით მოვახერხეთ და ანაკლიაში გადავედით. ტივზე მე, ჩემი სამი ვაჟი, რძალი და ორი შვილიშვილი ვიჯექით. ანაკლიის დაბომბვა სწორედ მაშინ დაიწყო, როცა შუა მდინარეში მივცურავდით. დაბომბვას სასწაულებრივად გადავურჩით. მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრები სამშვიდობოს გავაცილეთ, მე და ჩემი ერთ-ერთი ვაჟი შინ დავბრუნდით. იქ უკვე აფხაზები სამი "უაზით" მოგვადგნენ. პლაჟის სახელმწიფო და კერძო საკუთრება, რაც კი ჩვენთან ინახებოდა სულ ერთიანად გაზიდეს. ტახტები, კონდიცოინერები, მაცივრები და ჩემი საოჯახო ნივთები მანქანაში ჩააწყვეს და აფხაზეთის გზას გაუყენეს“.

განმუხურელები დღემდე სიმწრით იხსენებენ იმ დღეებს, როცა აფხაზი მოროდიორები სოფელში დათარეშობდნენ. როგორც ისინი ყვებიან სიმშვიდემ შედარებით მაშინ დაისადგურა, როცა მოროდიორები სოხუმიდან ჩამოყვანილმა მილიციის ჯგუფებმა შეცვალეს. თუმცა საფრთხის მოლოდინში ისინი ახლაც არიან.

ახალი ამბები