კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კიდევ ერთი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ

15 სექტემბერი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

   საქართველო-რუსეთის ომის დროს, უამრავი ადამიანი, როგორც სამხედრო, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა რუსების ტყვეობაში აღმოჩნდა. თავისთავად ტყვეობა ომის კანონების დარღვევად არ მიიჩნევა, თუმცა ტყვეების ექსპლუატაცია და წამება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ტყვეობაში ნამყოფი მოსახლეობა ყვება, თუ რა პირობებში უწევდა მას ცხინვალის საპყრობილეში არსებობა.

ავთანდილ გიუნაშვილს პირველად 15 აგვისტოს შევხვდით. მაშინ ავთანდილის მამა, დავით გიუნაშვილი ტყვეობაში იმყოფებოდა. მამასთან კავშირი დამყარებას ავთანდილ გიუნაშვილი ამაოდ ცდილობდა.

„11-ში მამასთან კავშირი საერთოდ შეწყდა. ბოლო  საუბრის  დროს გვითხრა, რომ ერთი მთა გვაქვს გასავლელი და ჩვენებთან ვიქნებითო (ჯავიდან მოდიოდა). როცა ვურეკავდით, ყურმილს ვიღაც ქალი იღებდა და გვითიშავდა. მოგვიანებით დაგვიკავშირდნენ, 4 ტყვეში 10 ოს ტყვეს ითხოვდნენ. ჩვენ ვუთხარით, რომ ვერ ვიშოვიდით ამდენ ოსს. დავუკავშირდით ელენე თევდორაძეს და მან გვითხრა, რომ სახელმწიფო უძლურია ამ შემთხვევაში. შემდეგ დავრეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე. სოზარ სუბარის მოადგილესაც დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ ამბავს უცხოელებს გადასცემდა. რეინტეგრაციის სამსახურის ცხელ ხაზზე დავრეკე. გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ინფორმაციას აგროვებენ. არ ვიცით მერე რა იქნებაო. გარანტია, რომ ცოცხლები იქნებოდნენ, არ გვქონდა“.

მაშინ საუბარი ასეთი სიტყვებით დავასრულეთ, „იმედი მაქვს, რომ საკუთარ მოქალაქეებს არ დატოვებენ, არ გაწირავენ და გაცვლიან ოს ტყვეებში. გვითხრეს რომ არსებობს კომისია, რომელიც ამაზე მუშაობს“.

დავით გიუნაშვილი 27 აგვისტოს დანარჩენ 84 ტყვესთან ერთად 13 ოს სამხედრო ტყვესა და 2 ცხედარზე გადაცვალეს.

47 წლის დავით გიუნაშვილი ჯავაში თავის 3 მეგობართან ერთად 23 ივლისს წავიდა. მშენებლობაზე მუშაობდნენ. გზის პირას ბენზინგასამართ სადგურს აშენებდნენ. როგორც იხსენებს, ჯავაში მათ მიმართ მოსახლეობას თბილი დამოკიდებულება ჰქონდა. სამუშაო ხელსაწყოებს უპრობლემოდ ათხოვებდნენ ხოლმე, წყალიც ყოველთვის მიჰქონდათ.

„როდესაც ვიგრძენით, რომ მდგომერობა ირეოდა, გამოსვლა დავაპირეთ. ჯავა იყო ბლოკირებული. ვერ გამოვაღწიეთ. ასეთი რაღაცები ადრეც მომხდარა. და მერე ისევ გაუხსნიათ გზა. არავინ ფიქრობდა,  რომ ეს მოხდებოდა. მეზობელს ჰქონდა სახურავი გასაკეთებელი, გვითხრა, მაინც არაფერს აკეთებთ და სახურავი დაახურეთ ჩემს სახლსო. მერე სროლა ატყდა...
 
4 აგვისტოს, როდესაც წამოსვლა დავაპირეთ, გზები უკვე გადაკეტილი იყო. ჩვენ ადგილობრივ მოსახლესთან ვიმყოფებოდით. გვერდით ბინა აფეთქდა და 9 წლის ბავშვი დაიჭრა. მე ფეხში დავიჭერი. ის ოსი, რომელთანაც ვრჩებოდით, მოვიდა და მითხრა, იმ ბავშვს რამე რომ მოუვიდეს, არც მე მაცოცხლებენ და არც თქვენო. სჯობს, რომ წახვიდეთო. ცოლი გააგზავნა დასაზვერად, რომ გაერკვია, საქართველოსკენ ხალხი როგორ გადადიოდა და ოსი ბოევიკები სად იყვნენ. გვითხრა, აღარავინ არისო. იმ ოსმა ორი მთა თავად გადაგვატარა. დღის 4-5 საათი იყო. გვითხრა, საღამომდე აქ იყავითო. რომ დაბნელდება მერე წადითო. მდინარეზე გადახვალთ, შემდეგ მთას დასცდებით და საჩხერეს სოფლებში შეხვალთო. ერთი მთა გავიარეთ, მეორე, მესამე. მეორე საღამო რომ მოვიდა, დასასვენებლად გავჩერდით. დილით „რადების“ ხმამ გაგვაღვიძა. ოსები აქეთ უშენდნენ. ქვემოთ ჩავედით, იქ გზა აგვერია. კაციშვილი არ შეგვხვედრია. თავი ფრონეს ხეობაში ამოვყავით. ერთ-ერთმა თქვა, მდინარეს გავყვეთ და რომელიმე სოფლამდე აუცილებლად მიგვიყვანს. გავყევით და ოსურ სოფელში აღმოვჩნდით. საჭმელიც აღარც გვქონდა. იქ ერთმა ოსმა დაგვინახა, 15 წუთში პური მოგვიტანა. სამი დღე და ღამე ვიარეთ. ძალა აღარ გვქონდა, ვეღარ დავდიოდით. ვთქვი, ტყეში შესვლას აზრი აღარ აქვს. თუ შეგვხვდება ვინმე, უნდა ჩავბარდეთ-მეთქი. თვალები აგვიკრეს და მთის წვერზე აგვიყვანეს. ორმოში ვიყავით, სანგარივით იყო გაკეთებული. ცუდად არ გვექცეოდნენ. თავიდან კი იწევდნენ, მერე ერთი ხანში შესული კაცი მოვიდა და ოსურ-რუსულ-ქართულად აუხსნა, რომ ჩვენ ტყვეები ვართ და ჩვენი ხელის ხლება არ შეიძლება. ახალგაზრდები უფრო აგრესიულები იყვნენ, უფროსი ხალხი - ნაკლებად. რასაც თავად ჭამდნენ, იმას ჩვენც გვაძლევდნენ. სიგარეტსაც გვაწევინებდნენ. მოკლედ, ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. იქიდან ცხინვალში, მესამე ბრიგადაში ჩაგვიყვანეს. იქაც ახალგაზრდები აგრესიულები იყვნენ. ბრიგადის უფროსმა დამცველად რუსი დაგვიყენა და გვითხრა, თუ ჩვენსკენ ვინმე გამოიწევდა, ესროლა. სამი დღე იქ ვიყავით. დანარჩენი 14 დღე ცხინვალის „კაპეზეზე“გავატარეთ. იქ რუსებმა დაგვკითხეს.

„კაპეზეში“ ბევრნი ვიყავით, დაახლოებით 160 ადამიანი. თავიდან ქალები და ძალიან მოხუცები გამოუშვეს. ეს, ძირითადად, ხეობის ხალხი იყო. ჩვენ 82-ნი ბოლოს გამოგვიშვეს. 30-ნი ვიყავით, ვინც ცხინვალში ვმუშაობდით. 60% ხეობის ხალხი იყო, ვინც წამოსვლა ვერ მოახერხა და მანდ ჩარჩა. 60-70 წელზე მეტი ხნის იყვნენ. ეს ხალხი იმისთვის შეაგროვეს, რომ თავისიანებში გაეცვალათ.  საკანში ერთი ბავშვი გვყავდა. საერთოდ, ბავშვებს ძალიან დიდ პატივს სცემდნენ. ტკბილეულს აძლევდნენ.

საკვები ცუდი იყო: ერთი ნაჭერი პური, წყალში მოხარშული გრეჩიხა, მარილის და ცხიმის გარეშე, უშაქრო ჩაი. ეს იყო მთელი დღის საკვები. ყველაფერი რუსული ჯარის სამზარეულოდან მოჰქონდათ.

ქართველ ტყვეებს ქალაქს ასუფთავებინებდნენ, მკვდრებს ამარხვინებდნენ. ხან ორი საათით გაყავდათ, ხან მთელი დღით. ბიჭებს უხაროდათ კიდეც, რადგან გრეჩიხასა და ჩაის გარდა იქ სხვა რაღაცებსაც აჭმევდნენ. უკეთეს პირობებში იყვნენ, სუნთქავდნენ მაინც. საკნებში საშინელი სუნი იყო“ (სტილი დაცულია).

ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის "ძლიერი საქართველო-ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯოდმარე გია თორთლაძე  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო და ტყვეთა გაცვლის პროცესში მონაწილეობდა. ამის გამოცდილება ჯერ კიდევ 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის დროს მიიღო. მისი შეფასებით, ტყვეთა გაცვლის პროცესი ბოლო ომის დროს გაცილებით ეფექტურად მიმდინარეობდა.

„ფაქტობრივად, ჩვენ გვჭირდებოდა მხოლოდ ინფორმაცია ტყვეების შესახებ. ძალიან სწრაფად ვაღწევდით შეთანხმებას. 92-93 წელში გაცვლის პროცესი ბვერად უფრო მძიმედ მიმდინარეობდა. ერთბაშად 85 ადამიანის გაცვლა, როგორც ახლა ხერხდებოდა, მაშინ შეუძლებელი იყო“.

გია თორთლაძე: „ახალგაზრდებს, თუ არ  მუშაობდნენ, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ძირითადად, ცხინვალში ამუშავებდნენ. ქალაქს ასუფთავებინებდნენ“.

ყველა ის ადამიანი, რომელმაც ტყვეობას თავი დააღწია, პროკურატურაში იყო მისული. საქართველომ მიმართა გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ქართველი ეროვნების ადამიანთა გამიზნულ დევნასა და ეთნიკურ წმენდასთან არის დაკავშირებული.

ომის შედეგად დაზარალებული პირების ინტერესების დაცვას „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“ აპირებს. კერძოდ, გარდაცვლილი სამოქალაქო პირების ოჯახის წევრების, იმ ადამიანების დაცვას, რომლებიც აწამეს, ასევე მათი, ვინც არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას დაექვემდებარნენ, ვისი ქონებაც საომარი მოქმედებების შედეგად განადგურდა. ცენტრი ადამიანის უფლებთა ევროპული სასამართლოსთვის ინდივიდუალურ სარჩლებს ამზადებს. ამ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ სტრასბურგის სასამართლოს მეშვეობით მოითხოვონ როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

ცენტრის იურისტის, სოსო პაპუაშვილის თქმით, ამ ხანმოკლე შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსეთმა ომის სამართალის ნორმები დაარღვია. ეს, პირველ რიგში, სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას შეეხება, რომლებსაც არანაირი სამხედრო დანიშნულება არ ჰქონდა, ასევე მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში, რომელიც ამ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას მოყვა.

„იმ მომენტიდან, როდესაც რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, ამოქმედდა ომის სამართალი, რომელიც გარკვეულ ჩარჩოებს აწესებს, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ მხარეები კონფლიქტის დროს. ეს ჩარჩოები ეხება, როგორც უშუალოდ სამხედრო მოქმედებებში მონაწილე პირებს, ასევე სამოქალაქო პირების დაცვას, რომლებიც სამხედრო ოპერაციებში არ მონაწილეობენ. 

ომის სამართლის მნიშვნელოვან დარღვევას წამება წარმოადგენს. წამების აკრძალვა -ეს არის უნივერსალური ხასიათის სამართლებრივი შინაარსის ნორმა, რომელიც ომის დროსაც გამოიყენება და ჟენევის კოვენციებით არის აკრძალული. იკრძალება როგორც სამხედრო ოპერაციებში მონაწილე პირების წამება, ასევე სამოქალაქო სუბიექტების წამება. 

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსები ქართველ ტყვეებს აწამებდნენ. იმ დღეებში, როდესაც ომი მიმდინარეობდა, რუსულ ტელეარხებს მე პირადად ვადევნებდი თვალს. იქ ერთ-ერთ არხზე რუსი სამხედროების მიერ ტყვეობაში აყვანილი რამდენიმე  ათეული ქართველი რეზერვისტი აჩვენეს. მაშინ რეზერვისტებს არავითარი დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. როდესაც ტყვეების გაცვლის კადრები ვნახე და იმ კადრებში ის რეზერვისტები ვიცანი, მათ სხვადასხვა სიმძიმის სხეულებრივი დაზიანებები ემჩნეოოდათ. ანუ მათზე შეიმჩნეოდა წამების კვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლება ომის სამართლის ნორმები დაარღვია“.

 

ახალი ამბები