კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იძაბება თუ არა ვითარება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში?!

25 სექტემბერი, 2008

ნანა ფაჟავა,ზუგდიდი

უკანასკნელ დღეებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვა პირველ რიგში ადამიანების მკვლელობებსა და გატაცებას უკავშირდება. ზუგდიდის ტერიტორიაზე მოკლულია ორი ქართველი პოლიციელი, გალის რაიონიდან კი გატაცებულია 15 წლის მოზარდი. აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობა სიმშვიდეს ინარჩუნებს, თუმცა თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. საფრთხის მოლოდინშია ის მოსახლეობაც, რომელიც ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფლებში ცხოვრობს. დსთ-ს სამშვიდობო მისია კი მანდატით გათვალისწინებულ მოვალეობას „პირნათლად“ ასრულებს.

საქართველოს შსს სამინისტროს თანამშრომლების მკვლელობა განმუხურისა და ხურჩის ბლოკ-პოსტებზე ერთკვირიანი ინტერვალით მოხდა. მარტვილის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი ბესო გულორდავა განმუხურის საგუშაგოზე, ხოლო ხობის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი, რამაზ კიტია ხურჩაში განლაგებულ ბლოკ-პოსტზე მოკლეს. ორივე პოლიციელი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. 21 სექტემბერს კიტიასთან ერთად სამი პოლიციელიც დაიჭრა, რომლებიც ამ დრომდე ზუგდიდის საავადმყოფოში იმყოფებიან. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა ჭრილობების სიმძიმის გამო კვლავ რთულია და იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

22 სექტემბერს ხურჩის ხიდთან განლაგებულ ქართულ საგუშაგოზე კიდევ ორი პოლიციელი დაშავდა. ზუგდიდის პოლიციის ორი თანამშრომელი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქების შედეგად მაშინ დაიჭრა, როცა პოლიციელები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. დაჭრილები მკურნალობას ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიან.

ბოლო დროს საქართველოში განხორციელებული რუსული აგრესიის შედეგად, ყველაზე მძიმედ პოლიციის ლეიტენანტის, 33 წლის რამაზ კიტიას ოჯახი დაზარალდა. თვენახევრის წინ ოსმა სეპარატისტებმა კიტიას ოჯახის ოთხი წევრი, მამა, მეუღლის მშობლები და ბიძაშვილი გორში, თბილისიდან ზუგდიდში მიმავალ მიკროავტობუსში ჩაცხრილეს. რამაზ კიტიას მკვლელობით გამოწვეული ტრავმის შედეგად მისი მეუღლე ქუთაისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. მას 11 თვის ორი ტყუპი ვაჟი დარჩა.

მკვლელობის ფაქტებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის გალის წარმომადგენლობაში ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობას უკავშირებენ. გალის მიმართულების კოორდინატორის, თორნიკე კილანავას განცხადებით რუსი და აფხაზი სნაიპერები ქართული პოლიციის საგუშაგოებს თავს მიზანმიმართულად ესხმიან.

თორნიკე კილანავა: „ჩვენი ინფორმაციით სნაიპერები გალის რაინის სოფლების ნაბაკევისა და ფიჩორის ტერიტორიიდან გადმოდიან. ისინი თავს ახლომდებარე ტყეებს აფარებენ, მათთვის ხელსაყრელ დროს არჩევენ და ქართულ პოლიციელებს უმიზნებენ. ყველა შემთხვევაში მათ ზურგს ე.წ. დსთ-ს სამშვიდობოები უმაგრებენ. თუ რა თქმა უნდა თავადაც არ მონაწილეობენ. არ არის გამორიცხული, რომ ამგვარი „სამშვიდობო მისია“ კიდევ უფრო გააქტიურდეს“.

კრიმინალების გააქტიურება ბოლო დროს გალის რაიონშიც შეიმჩნევა. 21 სექტემბერს, სავარაუდოდ ქართულ-აფხაზურმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ ზემო ბარღებიდან 15 წლის ნიკა ჯალაღონია გაიტაცა. სამდღიანი ტყვეობის შემდეგ მოზარდი შენ დილის 4 საათზე დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ გამტაცებლები ჯალაღონიას თავისუფლების სანაცვლოდ 50 000 ლარს მოითხოვდნენ, გატაცებულის მშობლებს გამოსასყიდი თანხა არ გადაუხდიათ.

გალის წარმომადგენლობაში ქართულ მოსახლეობაზე თავდასხმის, ყაჩაღობის ან მკვლელობის სხვა ფაქტებს არ ადასტურებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რუსულ-აფხაზური დაჯგუფებები მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე „ნადირობენ“ და ნადავლსაც თანაბრად იყოფენ.  დასტურდება ასევე ინფორმაცია თხილის გამოძალვის ფაქტებთან დაკავშირებით. როგორც თორნიკე კილანავა განმარტავს, გალის რაიონში მცხოვრები მისახლეობა იძულებულია თხილის მოსავალი ნებაყოფლობით გასცეს. რუსულ-აფხაზური შეიარაღებული ფორმირებები თითო ოჯახიდან ხარკის სახით 20კგ. თხილს ითხოვენ, ხან კი თხილის თითო ძირიდან კილოგრამის ჩაბარებას აიძულებენ.

დაახლოებით იგივე სურათია ქართული მხარის მიერ კონტროლირებად იმ ტერიტორიებზე, სადაც ამჟამად რუსი სამხედროები არიან დისლოცირებული. რუსი ჯარისკაცების მხრიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოძალვას წალენჯიხის რაიონის სოფელ კანთშიც უჩივიან. რუსული ბლოკ-პოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყანებიდან რუსი სამხედროები სიმინდს ყოველდღიერად ეზიდებიან. ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია „დაუპატიჟებელ სტუმრებს“ სხვა პროდუქტებითაც გაუმასპინძლდეს.

ახალი ამბები