კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის მოსახლეობა კომპანია "ვისოლს" ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს

30 სექტემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

თელავის მოსახლეობა გაზის სადისტრიბუციო კომპანია "თელავგაზს", რომელიც "ვისოლ პეტროლიმ ჯორჯიას" საკუთრებაა, ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს. თელაველების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ლაბორატორიულად შემოწმებული მრიცხველები აქვთ დამონტაჟებული, კომპანია ახალი მრიცხველების დაყენებას აიძულებთ, რომლის ღირებულებაც 240 ლარია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მომხმარებლებს ბუნებრივი აირის გარეშე ტოვებს. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც "თელავგაზი" "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ" შეიძინა, საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის შეყვანის საფასური თითქმის გაოთხმაგდა და 700 ლარს აღწევს. 

როგორც ჩვენთან საუბარში თელავის მკვიდრმა ელენე ბერუჩაშვილმა აღნიშნა, "თელავგაზის" აბონენტი ის 2005 წელს გახდა. `ქალაქის ამ უბნის გაზიფიცირების დროს ყველა აბონენტის მრიცხველი, რაშიც 100 ლარზე მეტი გადავიხადეთ, ლაბორატორიულად შემოწმდა. 2008 წლის გაზაფხულამდე არავინ მოგვდავებია, რომ მრიცხველი შეგვეცვალა. არც მოხმარებული ბუნებრივი აირის თანხაზე მეტის გადახდა მოუთხოვიათ. პრობლემები მას შემდეგ გვაქვს რაც "თელავგაზი" კომპანია "ვისოლმა" შეიძინა.

- გაზის სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს  მრიცხველის შეცვლის მოთხოვნის საფუძველი არ განუმარტავთ?

- გვითხრეს, რომ ბევრ აბონენტს, ვინც საცხოვრებელ სახლებში გაზი 2008 წლის მარტამდე შევიყვანეთ, მრიცხველი დაზიანებული გვაქვს. მოვითხოვეთ შემოწმება, მაგრამ შესაბამისი სერტიფიცირებული ორგანო თელავში თურმე არ ფუნქციონირებს. როცა მრიცხველების გამართულად მუშაობაში ეჭვი ასე მასობრივად შეაქვთ, საფუძველიც უნდა ჰქონდეთ. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი განუმარტავთ, გამოგვიცხადეს, თუ მრიცხველებს არ შევცვლით, ბუნებრივი აირის მოწოდებას შეგვიწყვეტენ.

- არ უთქვამთ კომპანიისთვის მოსაწონი მრიცხველების შეძენა სად შეგიძლიათ?

- თვითონ აქვთ. ერთი მრიცხველის ღირებულება 240 ლარია და საჭირო თანხის არ ქონის შემთხვევაში, ადგილობრივ ბანკებში სესხით სარგებლობას გვთავაზობენ. ვისაც საშუალება არ გაქვთ, ახალი მრიცხველის დაყენება განვადებით შეგიძლიათ და ყოველთვიურად მხოლოდ 10 ლარის გადახდა მოგიწევთო. თელაველების უმრავლესობა გაზის სადისტრიბუციო კომპანიის ამ წინადადებას დასთანხმდა, მაგრამ ვინც არსად მუშაობს და არც პენსიონერია, ბანკები ასეთ ადამიანებს სესხით სარგებლობის საშუალებას არ გვაძლევენ", - აღნიშნავს რესპონდენტი.

იმ შემთხვევაში თუ გაზის სადისტრიბუციო კომპანია მოსახლეობისგან ფულის გამოძალვას არ შეწყვეტს, თელაველები "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.

"თელავში ბუნებრივი აირის სახლში შეყვანის საფასური ინდივიდუალურად დგინდება. მრიცხველებს კი იმ შემთხვევაში ცვლიან, თუ შესაბამისი სამსახური დაადგენს, რომ მრიცხველი დაზიანებულია. კომპანია აბონენტებს გერმანული წარმოების მრიცხველებს სთავაზობს 10 წლის გარანტიით. მოსახლეობისთვის მოსახერხებელი რომ იყოს თანხის გადახდა ბანკების რაიონული ფილიალები მათ სესხებს სთავაზობენ, რომლის საშუალებითაც მსესხებლს თვეში 10 ლარის გადახდა უწევს. თელავის მოსახლეობის დიდი ნაწილი საფასურს ბანკის მეშვეობით იხდის", - განაცხადეს კომპანია "ვისოლ პტეროლიუმ ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ბოლო დროს გაზგამანაწილებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს დაშინებასა და მრიცხველების დაძალებით გამოცვლაში მარნეულის მოსახლეობაც ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ "მარნეულგაზის" მესაკუთრეც კომპანია "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა".


ახალი ამბები