კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველები გასაჭირში - სოფელი დისევი, სამხრეთ ოსეთი

1 ოქტომბერი, 2008

 

 ერთ-ერთი 300 სახლიდან

ჯეფრი ქეი სილვერმანი

2008 წლის 28 სექტემბერი: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მთლიანად დაკარგა კონტროლი  ცხინვალის რეგიონზე, ეგრეთწოდებულ სამხრეთ ოსეთზე. ეს ტერიტორია, ფაქტობრივად, საქართველოს  იურისდიქციიდანაა გამოსული. 27 და 28 სექტემბერს მე, ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი, „ადამიანის უფლებთა ცენტრის“ თანამშრომელი, გორის რაიონისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მდებარე სოფლებს ვესტუმრე.  ვიმოგზაურე ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე გაძარცვულ და გადამწვარ ქართულ სოფელ დისევში. დისევში გადამწვარი სახლების სურათები გადავიღე და გავესაუბრე რამდენიმე ადგილობრივ მაცხოვრებელს. დავუსვი რამდენიმე შეკითხვა. კერძოდ კი, როდის დაიწყო სოფლის დაბომბვა და რა მოვლენები უძღოდა მას წინ.

კონფლიქტის ზონაში მოხვედრამდე მქონდა ინფორმაცია, რომ სოფელ დისევში სახლების უმეტესობა გადამწვარი, რამდენიმე მშვიდობიანი მოსახლე კი მოკლული იყო. ჩემი დისევში წასვლის მთავარი მიზეზი გახლათ, იმის დადგენა, თუ რა მასშტაბით მოხდა ქართულ- ოსური ომის პირველ დღეებში რუსებისა და ოსი ბოევიკების მიერ სოფლის გადაწვა და გაძარცვა.  დისევზე თავდასხმის დროს ქართველი სამხედროები სოფელში არ იმყოფებოდნენ. სოფლის მოსახლეობაც უაიარაღოდ იყო დარჩენილი.

შემდგომი გამოძიების შედეგად დავადგინე, რომ შესაძლოა ქართულმა მხარემ ნებსით თუ უნებლიედ თავისი საქციელით ამ სოფლის გადაწვა გამოიწვია. ვარაუდის საფუძველს მოვლენათა ის თანმიმდევრობა მაძლევს, რომელიც გადაწვას უძღოდა წინ. ეს მოვლენები ქართველების მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებადაც შეიძლება ჩაითვალოს.
ქართული მხარის მოქმედებების შედეგად სოფელი დაუცველი დარჩა იმ დროს, როცა შეიარაღებული კონფლიქტი ოს ბოევიკებსა და ქართულ არმიას შორის ცხინვალში დაიწყო.

დისევის ერთ-ერთი მაცხოვრებლისგან, რომელიც ახლა დევნილის სტატუსით თბილისში იმყოფება,  შევიტყვე, რომ ქართული პოლიცია მის სოფელში 1 აგვისტოს შევიდა და ადგილობრივებს იარაღი ჩამოართვა.  სოფელი დაუცველი აღმოჩნდა, რის შედეგადაც მოგვიანებით სოფლის 2 მაცხოვრებელი დაიღუპა, ხოლო სოფელი გადაიწვა და გაიძარცვა.

დევნილი ცხინვალის რეგიონიდან ასევე იხსენებს, რომ ქართული პოლიცია დისევში ხელმეორედ  8 აგვისტოს შევიდა და ადგილობრივებს განუცხადა, რომ მათი სოფლის გვერდით მდებარე ოსურ სოფელ ხელჩუაში მიდიოდა მის გასაწმენდათ. უცნობია რა მოხდა ოსურ სოფელში და რა დავალებას ასრულებდნენ ქართველი პოლიციელები, მაგრამ როგორც რესპოდენტი აცხადებს, ქართული პოლიციის წასვლის შემდეგ ოსებმა იმავე ღამეს„მათ სოფელს დაარტყეს“, ანუ ეს იყო ოსების რეაქცია ქართული პოლიციის მიერ მათი სოფლის „გაწმენდაზე“ და არა ეთნიკური ნიშნით ჩადენილი შურისძიება.

დისევში სამარშრუტო ტაქსით გორის, მერეთის და ბოლოს ტყვიავის გავლით მოვხვდი. გორის ტრასაზე უპრობლემოდ გავიარეთ რუსული ბლოკ-პოსტი. კარგად შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა თავისუფლად გაგვატარეს ისე, რომ სამარშრუტო ტაქსი რიგიანად არც შეუმოწმებიათ. თუმცა, შესაძლოა უბრალოდ გაგვიმართლა.

სამხრეთ ოსეთში გადასვლა არ გამჭირვებია.  წვიმის გამო გორის რაიონისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სოფლის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე საგუშაგოზე, რუსული და ოსური სამხედრო ძალები არ იმყოფებოდნენ. არც მათი პატრული შემინიშნავს სადმე. ამის გამო სოფელ დისევში რუსებს და არც ოსებს არც  დავუნახივარ.

რომ არა ზემოაღნიშნული ხელსაყრელი პირობები, საეჭვოა, კონფლიქტის ზონაში შემეღწია. სავარაუდოდ, რუსი ჯარისკაცები და ოსი ბოევიკები ამერიკის მოქალაქის იქ მოხვედრას არ დაუშვებდნენ, რომ გაეგოთ გადამწვარ და ქართველებისგან დაცლილ სოფელში სიტუაციის შესწავლას, უფრო მეტიც,  ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების აღრიცხვას და ქართველების გადამწვარი სახლების ფოტოზე დაფიქსირებას ვგეგმავდი. სავარაუდოდ, ოსმა ბოევიკებმა ორგანიზებულად გადაწვეს ქართველების სახლები სოფელ დისევში რუსი სამხედროების დახმარებით (შესაძლოა რუსებს ამ საქმეში მონაწილეობა არც მიუღიათ, მაგრამ ოსების ქმედების შესახებ ინფორმაცია მაინც ექნებოდათ, რაზეც რეაგირება არ მოუხდენიათ).

სოფლის მაცხოვრებლები იხსენებენ, რომ რუსებისა და ოსების გარდა სახლების გადაწვასა და მოროდიორიბაში კაზაკებიც იღებდნენ მონაწილოებას. მათი თქმით, ზოგიერთი ჯარისკაცი ბელორუსიიდანაც იყო.

შეიძლება დავასკვნათ, რომ დისევის განადგურებას სერიოზული მიზანი ჰქონდა. ამაზე მოვლენეთა თანმიმდევრობა მიუთითებს, რომელიც წინ უძღოდა სოფლის გადაწვას და აქ არც იმას აქვს მნიშვნელობა ვისი ხელით გადაიწვა სოფელი. ქართული სოფლების მასობრივი გადაწვა, შესაძლოა, დიდი გეგმის ნაწილი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველების გამოდევნას ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან (განსაკუთრებით კი, ოსებით მჭიდროდ დასახლებული რაიონებიდან).

დისეველებმა მითხრეს, რომ მათ სოფელში ომის დროს 2 ადამიანი დაიღუპა: 59 წლის ელგუჯა ოქროპირიძე, რომელიც ოსმა ბოევიკებმა საკუთარი სახლის შესასვლელთან მოკლეს. მას 3 ვაჟი და 1 ქალიშვილი დარჩა; 70 წლის ნატო ოქროპირიძე სოფელ დისევის ზემო უბანში გულის შეტევით მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სახლი თვალწინ დაუწვეს.

ამჟამად  „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ამ საქმეებს იძიებს და საქართველო-სამხრეთ ოსეთის (რუსეთის) ომის დროს მომხდარი მკველელობების შესახებ შექმნილ დოსიეში შეიტანს.ბუნებრივია, რომ არც ელგუჯა ოქროპირიძეს და არც ნატო ოქროპირიძეს არ სურდათ სიკვდილი და სახლების დაკარგვა.   საკამათო მხოლოდ ისაა,  საქართველოს მთავრობას დისევის მცხოვრებლებლებისთვის იარაღი რომ დაეტოვებინათ და ქართველ სამხედროებიც დახმარებოდნენ სოფლის დაცვაში, უკეთეს მდგომარეობაში თუ აღმოჩნდებოდნენ. შესაძლოა უფრო მეტი უდანაშაულო ადამიანი დაღუპულიყო. თუმცა, დისევიდან დევნილი რესპოდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქართვულმა მთავრობამ ჯერ კიდევ 1 აგვისტოს იცოდა, რომ დაპირისპირება მოსალოდნელი იყო და 8 აგვისტოს ოსური სოფლის „გაწმენდაც’ დიდი ხნის დაგეგმილი ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ როცა დისეველებს იარაღი ჩამოართვეს ქართული მხარე მათ დაცვას დაჰპირდა. თუმცა, ქართული ჯარი სოფელში არ იმყოფებოდა როცა ოსებმა ან რუსებმა (შესაძლოა ერთადაც) დაარტყეს ქართულ სოფელს. სახლები ჯერ გაიძარცვა და შემდეგ გადაიწვა. სასოფლო სამეურნეო იარაღებიც წაიღეს და საქონელის გარეკეს.

დისევში 300 სახლიდან მხოლოდ 20-25 დგას. დანარჩენი მიწასთანაა გასწორებული. სოფელში ამჟამად 30 ადამიანზე ნაკლებია. მათი ასაკი 50 წლიდან იწყება. მათი აბსოლუტური უმრავლესობა 70-80 წლისაა. ჩემმა რესპოდენტმა ასევე გამანდო, რომ სოფლის მახლობლად მთებში 14 ახალგაზრდა იმალებოდა გარკვეული ხნის განმავლობაში. სოფელში დარჩენილმა მოხუცებმა არ იციან რა ელით მომავალში. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ამ მოხუცების ოჯახის წევრები შეშფოთებულნი არიან მათი ფიზიკური მდგომარეობისა და საკვების მარაგის გამო.

30 სექტემბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოსი სეპარატისტები ქართული სოფლების მიწასთან გასწორებას გეგმავენ.  „ოსმა სეპარატისტებმა დიდი ლიახვის ხეობის დანგრეული ქართული სოფლების სპეციალური ტექნიკით გადასწორება დაიწყეს.

თამარაშენის, აჩაბეთის, ქურთისა და კეხვის გადამწვარი და გაჩანაგებული შენობების მიწასთან გასასწორებლად სპეციალური ტექნიკა მათ ვლადიკავკაზიდან შემოზიდეს.“ თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები პირადად არ ჩასულან ამ სოფლებში ინფორმაციის გადასამოწმებლად და ზოგადად ამ ბოლო დროს ქართული მედიის სანდოობის საკითხი საკამათო გახდას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ინფორმაცია მცდარია.


ახალი ამბები