კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ცხინვალი მინის ნამსხვრევებით იყო სავსე, ქუჩებში კი გვამები ეყარა“...

7 ოქტომბერი, 2008

ცხინვალიდან ხუთი დღის წინ წამოსული ოსი ქალბატონის მონათხრობი

ეკა ქევანიშვილი, თბილისი

„7 აგვისტოს ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობა თითქმის აღარ იყო დარჩენილი.  ყველამ წინასწარ იცოდა, რომ ომი იწყებოდა. ციხის მზარეული, ვალია ჯიოევა  ომის დაწყებამდე სამი დღით ადრე გარბოდა ცხინვალიდან, ქუჩაში შემხვდა, ვკითხე,  სად გარბიხარ მეთქი და  ჩვენო, ციხიდან გავუშვით ის ხალხი, რომელიც კარგად ისვრისო. ხელფასები წინასწარ მოგვცეს და თავს უშველეთ, გვითხრესო. ამ ამბის გაგების შემდეგ  შვილს დავურეკე სოფელ დისევში, რომელიც იქ სახლს იშენებდა. გავაფრთხილე, რომ ქალაქში  ევაკუაცია დაიწყო და ოჯახი გაეხიზნა.

აქ არაფერი ხდებაო, მშვიდად მიპასუხა, მან ჯერ კიდევ არაფერი იცოდა.  მესმოდა ჩემი შვილიშვილების ხმაური, ეზოში თამაშობდნენ, თითქოს არაფერი ხდებოდა..“ - იხსენებს ეროვნებით ოსი ზამირა თედეევა, რომელმაც ცხინვალი ხუთი დღის წინ ჯავის გავლით,  შემდეგ კი  საჩხერის გზით დატოვა. მაშინვე, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცა.

ზამირა თედეევა ქართველზე, გვარად ოქროპირიძეზეა გათხოვილი. მთელი ცხოვრება ცხინვალში ცხოვრობდა. იქაა დაბადებული და გაზრდილი. პროფესიით - დაწყებითი კლასების პედაგოგი, ბოლო ორი წელი კვაისაში ასწავლიდა. ომის დღეებში მისმა შვილმა თავისი ოჯახით თბილისში გამოასწრო. ცხინვალში დარჩენილი დედა კი მათ ტელეფონით ეკონტაქტებოდა.  მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამშვიდობოსაა, ზამირა თედეევა დღემდე შოკშია. თხრობის დროს მთელი ტანით კანკალებს და დამამშვიდებელ წამალს ითხოვს. თუმცა ამბობს, რომ ყველა წუთი დეტალურად ახსოვს:

უფასო ავტობუსები

თედეევა ყვება, რომ ცხინვალში პანიკა შვიდ აგვისტომდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. განურჩევლად ყველას წინასწარ აძლევდნენ ხელფასს და ქალაქის დატოვებას ურჩევდნენ. ორი  კვირით ადრე გაჰყავდათ ბავშვები. ქალაქის მთავარ მოედანზე უფასო  ავტობუსები იდგა. ტელევიზიით გამუდმებით აცხადებნენ, რომ ხალხს უფასო დასასვენებელ საგზურებს სთავაზობდნენ. ასე გაიყვანეს ცხინვალიდან ქალები და ბავშვები.

ცხინვალში ღიად ამბობდნენ, რომ ომი იწყებოდა.

„ოსები ტაშს უკრავდნენ ხოლმე, აი, რუსები შემოვლენ და ქართველებს სეირს აჩვენებენო“ - იხსენებს თედეევა, რომელიც თავს მეგობართან აფარებდა. მარტო ცარიელ სახლში გაჩერება შეუძლებელი იყო.

ხალხი გადაჰყავდათ ყაბარდოში, ვლადიკავკაზში. ავტობუსების გასვლის დრო და ადგილი ტელევიზიით ცხადდებოდა. ზამირა თედეევა ამბობს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი კოკოითი თავად გამოვიდა ტელევიზიით და მოსახლეობას გამოუცხადა, ახლა ზარის გზით მიდიხართ, შემოვლითი გზით, ( სამაჩაბაბლოს გზაზე ბოლო ერთი წლის მანძილზე ჩაკეტილი იყო) უკან  კი აუცილებლად სამაჩაბლოს გზით დაბრუნდებითო და ასეც მოხდა.

ორმოში

ზამირა ქაღალდზე ამ გზებს ხატავს და თან თხრობას აგრძელებს:

„აი, შეხედეთ, აქ ცხინვალია. შემდეგ თამარაშენი, 2-3 კილომეტრია დაშორება. მერე აჩაბეთი, ქურთა... ამ სოფლებზე გადის სამაჩაბლოს გზა. ცხინვალთან იდგნენ რუსები და ოსები, იქაური მილიცია. თამარაშენში - ქართული პოლიცია.
ქურთას შემდეგ სოფელი კეხვია,  მერე ჯავა. ბოლო ერთი წელია ეს გზა ჩაკეტილი იყო. პირველი, 1990-92 წლების ომიდან ამ ომამდე ცხინვალში სამი ქუჩაც არ  გაკეთებულა, ზარის გზა კი ისეთი დანგრეული იყო, ერთი მანქანა რომ გაივლიდა, ისეთი ბუღი დგებოდა, მეორეს კარგა ხანს უნდა ეცადა, რომ გავლა შესაძლებელი გამხდარიყო. ცხინვალში პენსია 200 რუბლია - ეს 10 ლარია. აი, ასე ცხოვრობდა იქ ხალხი“.

სროლა კონფლიქტის ზონაში შვიდ აგვისტომდეც ხშირად ისმოდა. მაგრამ ღამით რომ დაიწყო, აღარ შეჩერებულა.
„ვერც ვიგებდით საიდან ისროდნენ. ქალაქში სინათლე ჯერ კიდევ იყო.  მე ვკითხულობდი „ტარას ბულბას“, სიცხე მქონდა და ამხანაგს ვეკითხებოდი, რომელი იყო „ტარას ბულბაში“ მოღალატე შვილი, ანდრეი თუ ოსტაპი... მაგრამ სროლა დაიწყო თუ არა, ყველაფერი  დამავიწყდა. წიგნი გადაშლილი დარჩა. ჩვენ ორმოში ჩავძვერით“.

ორმოში მხოლოდ გაუთავებელი სროლის ხმა ესმოდათ. მხოლოდ მოგვიანებით, როცა დაბომბვა დროებით შეჩერდა, ზამირა და მისი ახლობლები ორმოდან ამოძვრნენ და სახლში შესვლა გაბედეს. დილის ხუთზე სახლს რაღაც მოხვდა და ცეცხლი წაეკიდა. იქ დარჩენა შეუძლებელი იყო.

„საათს ხელი დავტაცეთ და ისევ მიწაში ჩავძვერით. როგორ იწელებოდა დრო. ვნატრობდით, მალე გათენებულიყო.  სახლი უკვე იწვოდა. ერთი ნაწილი მთლიანად დაიწვა. ვცდილობდით ჩაგვექრო, მაგრამ ამაოდ. ამ დროს კოკოითის დედ-მამა, რომლებიც ჩვენს პირდაპირ სახლში ცხოვრობდნენ, გარეთ იდგნენ და  გვიცქეროდნენ. უთენია დავინახეთ, როგორ ჩასვეს ისინი  თეთრ „ნივაში“  და წაიყვანეს.

შემდეგ მეზობლის სარდაფში დავიმალეთ. იქვე ახლოს იყო დამალული ვიღაც, ვინც სროლას იწყებდა, რასაც  საპასუხო სროლა მოჰყვებოდა და პირდაპირვ ჩვენს თავზე ფეთქდებოდა ყველაფერი. იმასაც კი ვამბობდით, როგორმე ეს ტანკისტია თუ ვიღაც, არც ვიცოდით ვინ,  აქედან გავაგდოთ,  ან ვცემოთ, რომ აღარ ისროლოს აქედან-თქო.  დროის შეგრძნება აღარ გვქონდა. რვა აგვისტოს, ლენინის ქუჩაზე, ოთხი სახლი ზედიზედ დაიწვა.

ქალაქში არავინ დადიოდა. ყველა ამბობდა, რომ მოზდოკიდან შემოფრინდებოდა თვითმფრინავი და ბომბავდაო. თვითონ რუსები ბომბავდნენ. ვრეკავდით სახანძროში, არავინ პასუხობდა, ვრეკავდით სასწრაფოში,  - არც იქ იყო ვინმე. ვისხედით უსუსურები, არ ვიცოდით, სად დაგვერეკა, შველა ვისთვის გვეთხოვა.
ჩვენთან ერთად ერთი ქართველიც იყო, დათაშვილი, სამაჩაბლოდან გამოთხოვილი. განსაკუთრებით მას ვუფრთხილდებოდით. ახლაც იცავენ იქ დარჩენილ ქართველებს ოსები. მოსკოვიდან კი ახლობლები გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ რუსის ჯარი მოდის და  დაგეხმარებიანო“.

ამ დროს სარდაფში უკვე სანთლები ენთო. ქალაქში ელექტროენერგია გათიშული იყო.  38 ადამიანი, განურჩევლად სქესისა, გაუხდელად ათენებდა სარდაფში გაშლილ ყუთებზე. ზამირა იხსენებს, რომ ვიღაცამ ორცხობილაც მიიტანა. ცოტა არაყიც ჰქონდათ და სვამდნენ, რომ ავად არ გამხდარიყო ვინმე. საპირფარეშოც არსად იყო.

ნამსხვრევებით სავსე ცხინვალი

როცა ზამირა თედეევა სარდაფიდან ამოვიდა,  ქალაქის ქუჩები შუშის ნამსხვრევებით დახვდა სავსე.  სახლები გაძარცვული იყო. დამწვარი. მიტოვებული ქათმები, საქონელი.  ქუჩებში გვამები ეყარა. უპატრონოდ გაშვებული ღორები და ქათმები გახრწნის პირას მისულ მიცვალებულებს კენკავდნენ. თედეევა ამბობს, რომ ცხინვალში ქათამს და ღორს პირს აღარავინ აკარებდაო.

„ბოლო დღეს, როცა სროლა შეწყდა, ვაგზალზე ავედით.  გვითხრეს, იქაც არის მანქანები და ქალაქიდან წასვლას შეძლებთო. იქ  სამი ოსი გამოჩნდა, მათ შორის, ქალაქის მერი და სხვები, ხელში ავტომატები ეჭირთ. მაღლა ისროდნენ, ჰაერში. სროლაზე ჩვენ შეშინებულები გავრბოდით აქეთ-იქით და კორესპონდენტები კი ამას იღებდნენ, ვითომ ქართველები ისროდნენ და ჩვენ კი შეშინებულები როგორ გავრბოდით. ეს სპექტაკლი იყო.

ჯავაში გაგვიყვანეს.

არასოდეს დამავიწყდება ეს გზა - გატენილი რუსული ტანკებით. ან  რა მიწა იჭერდა ამხელა სიმძიმეს. მე ორჯონიკიძეში წავედი ერთი დღით და უკან სამაჩაბლოს გზიდან დავბრუნდი...“

სწორედ იმ გზით, რომელსაც კოკოითი ომამდე ადგილობრივ მოსახლეობას პირდებოდა. ქართულ სოფლების გავლით. თედეევა ამბობს, რომ ის, რასაც რუსი ჯარისკაცები აკეთებდნენ, არაფრით განსხვავდებოდა ფაშისტური ქმედებისგან. სახლებიდან გამოჰქონდათ ყველაფერი, ძარცვავდნენ, წვავდნენ, კომპოტებს და ზამთრისთვის დამზადებულ კონსერვებს შუა გზაზე ლეწავდნენ, იქვე ხსნიდნენ და სვამდნენ. სოფელ კეხვში მცხოვრებმა  ქართველებმა ქართული დროშები დაუშვეს. ისინი ბოლო დღეებამდე არ გასულან სოფლიდან. ახლა უკვე იქ არათუ ქართველების, ოსების სახლებიც მიწასთანაა გასწორებული.

სამაჩაბლოს გზა

„ერთი რუსი ტანკისტი მეკითხება გზაში, სად ვართო. არც კი იცოდნენ სად იყვნენ. სად მიდიოდნენ. 12-ის მერე ცხინვალი და მიმდებარე სოფლები  კორესპონდენტებით და ექიმებით იყო სავსე.

ზამირა თედეევა მოგვითხრობს, რომ ხალხს მოუწოდებდნენ, ქართველების სახლებიდან რაც სურდათ ის წამოეღოთ.  ქართულ სოფლებზე გამავალი გზა სულ გადატვირთული იყო ნაძარცვით დატვირთული მანქანებით. ვითომ ამავე მიზნით, ერთი ქათამი მეც დავიჭირეო, ყვება თედეევა: „ჩემი შვილის სახლი მინდოდა მენახა და ეზოში შევედი, კარტოფილი ამოვთხარე, ვითომ მეც იმავე მიზნით ვიყავი მისული...“.

ხუთიოდე დღის წინ ცხინვალიდან გამოსული ქალბატონი ამბობს, რომ ქალაქში არის ქუჩები, სადაც საერთოდ არაფერია დაბომბილი და დანგრეული.
„მაგალითად ინსტიტუტს მოხვდა ბომბი, მაგრამ მის გვერდით ახლადაშენებულ სახლს არავინ შეხებია. ოსებმაც იციან, რომ ქალაქს რუსები ბომბავდნენ და მათ კი მშვენივრად იცოდნენ, რა უნდა ამოეღოთ მიზანში და რა არა.

ცხინვალში არის  ებრაელების კვარტალი, რომელიც  წლების წინ დატოვეს იქ მცხოვრებლებმა. სულ დანგრეულია. სწორედ  იქ ააფეთქეს ყუმბარები, მერე კი  კორესპონდენტები შეიყვანეს და ამას იღებდნენ, ვითომ რა დღეში ჩააგდეს ცხინვალი ქართველებმა.  ეს ხომ ტყუილია??? ეს იყო თეატრი. შეშინებული ხალხი აქეთ-იქით დარბოდა. მათთვის კი მხოლოდ მასალა ვიყავით და ისიც ტელევიზიით დამახინჯებულად გადაცემული“.

გზა ცხინვალიდან ჯავისკენ და შემდეგ საჩხერედან თბილისში გრძელი და მძიმე იყო. ზამირა თედეევა ამბობს, რომ ერწოს მიდამოებში დღესაც  რუსული ტანკებია მიწაში დამალული.

„მე ეს იმდენგან ვნახე, მგონია, რომ თქვენც იცით და გინახავთ. მგონია, გინახავთ ჩემი და ჩემი შვილის ორივე გადაწვარი სახლი. ახლა იქაურობას ალბათ სულ გადააწორებენ და ახალ ქალაქს გააშენებენ. ჩვენ კი, არავინ იცის, იქ როდის დავბრუნდებით“.

ახალი ამბები