კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელოვნებო სკოლების დირექტორი უხელფასოდ დარჩენილ პედაგოგებს სამსახურიდან გაყრით ემუქრება

9 ოქტომბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანის სამუსიკო სკოლის პედაგოგებს მეოთხე თვეა ხელფასი არ მიუღიათ. ამის მიზეზად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და სპორტსკოლის დირექტორი თამილა ძმანაშვილი, რომელიც რაიონის სამუსიკო სკოლებს ხელმძღვანელობს, საკმარისი თანხების არარსებობას ასახელებს. ტიბაანის სკოლა სიღნაღის სხვა სამუსიკო სკოლებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ მრავალშვილიანი ოჯახების და ობოლ ბავშვებს, ოფიციალური დოკუმენტით დადგენილი მოთხოვნის მიუხედავად, სკოლაში უფასოდ სწავლების საშუალებას არ აძლევენ. სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელი თამილა ძმანაშვილი, პედაგოგებს, შესაბამის ორგანოებში საჩივრის შეტანის შემთხვევაში, სკოლიდან გაყრით ემუქრება.

ტიბაანის სამუსიკო სკოლაში მოსწავლეები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფლიდან სწავლობენ. სკოლის შენობის არასახარბიელო მდგომარეობისა და 2008 წლის იანვრიდან სწავლების გაზრდილი საფასურის მიუხედავად, ადგილობრივები სკოლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მათი თქმით, სამუსიკო სკოლის გარდა ქალაქიდან დიდი მანძილით დაშორებულ სოფლებში სხვა დაწესებულება არ ფუნქციონირებს, სადაც ბავშვები დამატებით განათლებას მიიღებდნენ.

სოფლის მცხოვრებთა ცნობით, ტიბაანში არსებული პრობლემებით `ნაციონალური მოძრაობის~ რაიონული ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განსაკუთრებით 2008 წლის მაისში დაინტერესდნენ. 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, `რესპუბლიკური პარტიიდან~ კენჭს იურისტი ზაზა ხატიაშვილი იყრიდა, რომელიც სოფელ ტიბაანშია დაბადებული. ადგილობრივების თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ზაზა ხატიაშვილს უჭერდა მხარს. იმის გამო, რომ ხატიაშვილის მხარდამჭერები გადაებირებინათ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ტიბაანელებს არაერთი პრობლემის მოგვარებას, მათ შორის სამუსიკო სკოლის მასწავლებლებს ხელფასების 115 ლარამდე გაზრდას და სასწავლებლად სხვა აუცილებელი პირობების შექმნას დაპირდნენ.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ტიბაანის სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და სასპორტოს სკოლის დირექტორის, თამილა ძმანაშვილის 1 მაისით დათარიღებული ბრძანება მიიღეს. დოკუმენტი მოსწავლეთა გადასახადებზე შეღავათების დაწესებას ეხება. `ვბრძანებ, მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი) და ობოლი ბავშვები გათავისუფლდნენ გადასახადების გადახდისაგან~, - აღნიშნულია ბრძანებაში, რომლის ქსეროასლიც, გასაცნობად, წინასაარჩევნოდ სოფლის თითქმის ყველა მცხოვრებს გადასცეს.

ამ ბრძანების საფუძველზე, რომელიც ოფიციალურად ისევ ძალაშია და არ შეცვლილა, არც რაიმე შესწორებაა შესული, სოფელ ტიბაანში მცხოვრები ხუთი შვილის დედა ეთერ გურაშვილი უკვე მეორე თვეა უფროსი ბავშვების მუსიკალურ სკოლაში ჩარიცხვას ითხოვს, მაგრამ უშედეგოდ.

"როგორც მუსიკალური სკოლის დირექტორს, ასევე მის ხელმძღვანელს თამილა ძმანაშვილს არაერთხელ მივმართე თხოვნით, რომ ჩემი შვილებისთვის სამუსიკო სკოლაში უფასო სწავლების უფლება მიეცათ, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს. მითხრეს, რომ ბიუჯეტში თანხები არ აქვთ, საიდანაც მრავალშვილიანი ოჯახების და ობოლი ბავშვების სწავლებას დააფინანსებენ", - ამბობს ეთერ გურაშვილი.

იმ დროს, როდესაც ოფიციალური ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა სამუსიკო სკოლის პედაგოგებს სექტემბრის ჩათვლით ხელფასები მიღებული აქვთ, ტიბაანის სამუსიკო სკოლის მასწავლებლებს მეოთხე თვეა ხელფასი არ მიუღიათ.

"ბავშვების მიერ გადახდილ გადასახადებს დირექცია სახელოვნებო და სასპორტო სკოლის საბანკო ანგარიშზე რიცხავს. დავალიანება არ გვაქვს, მაგრამ მეოთხე თვეა ხელფასი არავის მოუცია, არადა ისედაც მიზერული ანაზღაურება გვაქვს, 25 ლარიდან 80 ლარამდე მერყეობს", - აღნიშნავს ტიბაანის სამუსიკო სკოლის პედაგოგი ეთერ მოსაშვილი.

პედაგოგების უმრავლესობა ამას თამილა ძმანაშვილის მხრიდან ანგარიშსწორებად მიიჩნევს. "რადგან ზაზა ხატიაშვილი ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო, კარგად ვიცნობთ და გავრცელდა ინფორმაცია როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე არჩევნების შემდეგ, რომ მხარი მას დავუჭირეთ, ამიტომ პოლიტიკურად არასაიმედო მასწავლებლებად მიგვიჩნიეს და გვსჯიან", - აცხადებენ მასწავლებლები.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და სასპორტო სკოლის დირექტორი თამილა ძმანაშვილი კი ირწმუნება, რომ პოლიტიკური ნიშნით არავის დევნის. "იმდენად ბევრი საქმე გვაქვს, რომ ტიბაანის სამუსიკო სკოლის პედაგოგებისთვის ხელფასების გაცემა ვეღარ მოვასწარით. თან თანხების პრობლემაც გვქონდა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ისინი შრომით ანაზღაურებას უახლოეს დღეებში მიიღებენ", - განაცხადა ძმანაშვილმა და იქვე აშკარა უკმაყოფილება გამოთქვა ჩვენი ამ ფაქტებით დაინტერესების და იმის გამო, რომ პედაგოგები პრობლემების შესახებ გვესაუბრნენ. საუბრის დამთავრების შემდეგ კი, რაც სიღნაღი დავტოვეთ, თამილა ძმანაშვილი ტიბაანის სამუსიკო სკოლის მასწავლებლებს შეხვდა და დაემუქრა, რომ თუ ისინი მიუღებელი ხელფასების და სკოლაში მრავალშვლიანი ოჯახების და ობოლი ბავშვების ჩარიცხვასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ პრეტენზიების გამოთქმას არ შეწყვეტენ, მომჩივან პედაგოგებს სამსახურიდან გაათავისუფლებს.

"მოვარდა და გვიყვირა, პრობლემების თაობაზე ინფორმაციებს რატომ ავრცელებთო. სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა ჩვენც და იმ ბავშვების მშობლებსაც, რომლებიც სამუსიკო სკოლაში შვილების უფასოდ სწავლას ითხოვენ. ბოლოს დაგვემუქრა, როცა საჭიროდ ჩავთვლი ხელფასებს მაშინ მოგცემთ და მანამდე თუ ხმაურს არ შეწყვეტთ, სამსახურიდან გაგათავისუფლებთო", - გვითხრეს პედაგოგებმა.

ჩვენთან სატელეფონო საუბარში ძმანაშვილმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მომხდარით არც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ზედელაშვილი დაინტერესდა. როგორც გვითხრეს, თამილა ძმანაშვილს პარლამენტის წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნუგზარ აბულაშვილი მფარველობს. აღსანიშნავია, რომ ძმანაშვილს სამუშაო ოთახის კედელზე აბულაშვილის არაერთი გადიდებული სურათი აქვს გაკრული, სხვადასხვა პროფილით.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და სასპორტო სკოლის ხელმძღვანელობას ტიბაანის სამუსიკო სკოლის არცერთ პედაგოგთან შრომითი ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული.

ახალი ამბები