კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილების თანხების მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

10 ოქტომბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა საომარი მოქმედებების დროს შიდა ქართლიდან დევნილების დახმარების მოტივით, კახეთში შეგროვებული დიდი ოდენობით თანხის არამიზნობრივად გახარჯვისა და მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრს" სანდო წყარომ აცნობა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს რამდენიმე ბიზნესმენი, რომლებმაც დევნილების დასახმარებლად ათასობით ლარი გაიღეს.

როგორც ცნობილია, დევნილთა დახმარების მოტივით, მუნიციპალიტეტების გამგებლების მოთხოვნით, თანხები შეგროვდა სახელმწიფო და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში, თუმცა მიღებული თანხების აღრიცხვა ოფიციალურად არ მომხდარა. ამასთან ერთად, რეგიონის გუბერნატორის ზეპირი განკარგულებით, რაიონებში სპეციალური შტაბებიც ჩამოყალიბდა, სადაც ადგილობრივი მეწარმეები და ფერმერები გაერთიანდნენ. თანხების შეგროვება მათაც დაევალათ, თუმცა უცნობია, რამდენი შეგროვდა და ეს თანხა ვინ და რაში გახარჯა.

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია `ადამიანის უფლებათა ცენტრმა~ განახორციელა დევნილების დახმარების პროგრამის მონიტორინგი. გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი გამგეობის სოციალური სამსახურის მიერ ბიზნესმენებისთვის და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში მომუშავე თანამშრომლებისთვის გამორთმეული ათიათასობით ლარი არამიზნობრივად არის გახარჯული, თანხის დიდი ნაწილის ხარჯვის შესახებ კი ინფორმაცია ამ დრომდე ხელმიუწვდომელია.

სანდო წყაროს ცნობით, რამდენიმე დღის წინ, შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შს გურჯაანის სამმართველოს შენობაში სწორედ ამ ფაქტზე დაკითხეს შპს `გურჯაანის ნაყინის~ გენერალური დირექტორი გურამ ბერიკაშვილი, რომელიც დევნილების დასახმარებლად შექმნილ საქველმოქმედო შტაბს ხელმძღვანელობდა გურჯაანში.

თავად გურამ ბერიკაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ მისი დაკითხვის ფაქტს უარყოფს.

ამ საკითხზე უკვე დაკითხეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განვითარების სამსახურის უფროსი დავით მაჭარაშვილიც. იგი ადასტურებს, რომ დევნილების თანხების მითვისების ფაქტზე ნამდვილად დაკითხეს.

დევნილების დასახმარებლად განკუთვნილი თანხების არამიზნობრივად გახარჯვისა და მითვისების ფაქტზე გამოძიების დაწყებას არ ადასტურებენ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში. "ვერ გეტყვით ვინ დაიწყო გამოძიება დევნილების თანხების მითვისების ფაქტზე. ამის თაობაზე არაფერი ვიცი", - აღნიშნავს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი.

ამ საკითხზე კომენტარისათვის შევეცადეთ დავკავშირებოდით შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსს შოთა ხიზანიშვილს. არაერთი მცდელობის მიუხედავად ხიზანიშვილმა ჩვენი სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვა, თუმცა როგორც მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, "ამ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა სისხლის სამართლის დანაშაულია და სამინისტრო მზად არის ფაქტობრივი მასალის მიღების შემთხვევაში სასწრაფო რეაგირება მოახდინოს".

არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ამ დღეებში დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე რამდენიმე თანამდებობის პირი დააკავონ, მათ შორის კახეთის რამდენიმე რაიონის გამგებელი და გამგეობის თანამშრომლები.

წერილი გამოსაქვეყნებლად მზად იყო, როცა ცნობილი გახდა, რომ ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გურჯაანში ნაყინის საწარმოს სალარო გაქურდეს. ოფიციალური ინფორმაციით, ქურდებმა სალაროდან 6 ათასი ლარი წაიღეს.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ქურდობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით). გამოძიებას შს გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს. პოლიციას ეჭვმიტანილები ამ დრომდე არ ჰყავს.

გავრცელებული ინფორმაციით, გურჯაანის ნაყინის საწარმოში ქურდობის ფაქტი დევნილების თანხების მითვისებაზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება. დაზუსტებული ცნობით, დევნილების დასახმარებლად თანხები ნაყინის საწარმოს სალაროში ინახებოდა.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის ნაყინის საწარმოს 24 საათის განმავლობაში დაცვის პოლიცია იცავს.

ახალი ამბები