კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რატომ მოვიდნენ, უნდა გაგვასახლონ?“

17 ოქტომბერი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საქართველოში გასახლების პროცესი დღეს არავის უკვირს. თვალი (და ყურიც) დიდი ხანია შეეჩვია იმას, რომ ადამიანებს საკუთარი ბინიდან ნახირივით ერეკებიან და მერე მათი ბედი აღარავის აღელვებს. მაგალითები ბევრია. ამბები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. „საქმეს ასე ჭირდება და უნდა წახვიდეთ. სად? თქვენი გადასაწყვეტია“, - ასეთია საკითხის მიმართ ქვეყნის მთავრობის მიდგომა.

 დაახლოებით მსგავსი შინაარსის ბრძანება გასცა  ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქუთაისის ყოფილი სამხედრო ლიცეუმის შენობაში მცხოვრები 26 ოჯახის მიმართ. სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლებიც, როგორც ირკვევა, თავის დროზე აღნიშნულ შენობაში სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის საფუძველზე შესახლდნენ, დღეს უსახლკაროდ დარჩენის ზღვარზე დგანან. თუმცა, ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან მიტოვებულ და ათასჯერ გაძარცვულ ფართს, რომელიც შიმშილის ფასად, საკუთარი სახსრებით შეარემონტეს, არ დათმობენ.

„ჩემი ქმარი აქ, სამხედრო ლიცეუმში მუშაობდა. სასწავლებელი რომ გაუქმდა და სანახევროდ გაიძარცვა, უთხრეს არსად წახვიდე, აქ იყავი, ოჯახთან ერთად იცხოვრე და აქაურობას უდარაჯეო.  ასე შემოვრჩით აქაურობას წლების მანძილზე და გაძარცვასაც ბევრჯერ გადავარჩინეთ. დღეს კი გვეუბნებიან, ჩქარა წადით, აქ აღარაფერი გესაქმებათო. ოთახნახევარში 12 სული ვცხოვრობთ. პატიმარი შვილი და ექვსი შვილიშვილი მყავს. სად წავიდე? რომ არ მიჭირდეს და წასასვლელი მქონდეს, აქ ვიცხოვრებდი?“, - ამბობს ლია კობახიძე.

მისი მრავალრიცხოვანი ოჯახის გარდა ყოფილი სამხედრო ლიცეუმის შენობაში 25 ოჯახი ცხოვრობს. ყველა მათგანი უკიდურესად გაჭირვებულია და წასასვლელი არსად აქვს. თუმცა, ეს არაფერს ცვლის. ადგილობრივმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შენობაში დევნილები შეასახლოს.

„ეს ფართი ზემო აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან დევნილი მოსახლეობისთვის გარემონტდება და იქნება მათი საცხოვრებელი მანამ, სანამ ისინი საკუთარ სახლ-კარს არ დაუბრუნდებიან. იმ ხალხმა კი, ვინც ამ დრომდე იქ ცხოვრობს, შენობა უნდა დატოვოს“, - აცხადებს ქუთაისის საბინაო ფონდის აღრიცხვისა და მართვის სამსახურის უფროსი კახა ქორიძე.

მისივე თქმით, ამ ადამიანებისთვის აღნიშნულ შენობაში ცხოვრების ნებართვა არც მას და არც სხვა ვინმეს არ მიუცია. თუმცა, თვეების მანძილზე ადგილობრივ ხელისუფლებაში არავის  გახსენებია, რომ ეს ადამიანები იქ უკანონოდ ცხოვრობდნენ. არც მაშინ, როცა მიტოვებულ და გაძარცვულ შენობას არემონტებდნენ და იქ საცხოვრებელს იწყობდნენ.

„სხვათაშორის, ომის დღეებში სწორედ კახა ქორიძე მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, აქაურობა არ მიატოვოთ, ქუთაისში დევნილები ჩამოჰყავთ, შესაძლოა აქ მოიყვანონ და საცხოვრებელი არ დაკარგოთო. მაშინ ირგვლივ ყველა გარბოდა და თავშესაფარს ეძებდა. ჩვენ შიშით ბოლომდე აქ დავრჩით. დღეს კი ზუსტად ის კახა ქორიძე გვეუბნება, თქვენი საკითხი გადაწყვეტილია: სიმაღლისდა მიხედვით დაეწყობით და ისე წახვალთ აქედანო. მესმის, რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, რომ ბევრი დევნილია ქუთაისში და უნდა დააბინაონ, მაგრამ ერთი გაჭირვებული გააგდო და მეორე შეიფარო, ესაა ადამიანობა? ჩვენი პრეზიდენტი რომ იძახის, ყველა პირობა უნდა შევქმნათ, რომ ქვეყანაში გაჭირვებული ადამიანები აღარ იყვნენო, რატომ ავიწყდება, რომ ამაზე მეტი გაჭირვება არ არსებობს. ზამთარი მოდის და ქუჩაში გვყრიან. ჩვენ წასასვლელი არსად გვაქვს. ესაა გაჭირვებასთან ბრძოლა და სამართალი?“, - კითხულობენ ყოფილი ლიცეუმის შენობაში მცხოვრებნი.

მათ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ინსტანციაში არაერთი წერილი გააგზავნეს. საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება საქართველოს პრეზიდენტსაც სთხოვეს. პასუხად  პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში მიმართვა მივიდა, რომელშიც ვკითხულობთ: „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე- 80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გიგზავნით დ. მუშკუდიანის, ჯ. ჩიკვაიძის და სხვათა კოლექტიურ განცხადებას შემდეგი რეაგირებისთვის. გთხოვთ, განხილვის შედეგი აცნობოთ განმცხადებლებს და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.“

განცხადების განხილვის შედეგი არც განმცხადებლებისთვის და სავარაუდოდ, არც პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის არავის უცნობებია. „რეაგირების“ შედეგი კი ისაა, რომ  სოციალურად დაუცველი ადამიანები შესაძლოა ხვალ ქუჩაში აღმოჩნდნენ.

„ჩვენ თავს აღარ დავეძებთ, ბავშვები დაიძაბნენ და დაავადმყოფდნენ. ეზოში   გამოჩენილი ყოველი უცხო პირის დანახვისას შიშით კითხულობენ - რატომ მოვიდნენ, უნდა გაგვასახლონ? გაგვყრიან აქედან? მერე სად უნდა ვიცხოვროთ? მოსმენითაც არ გვისმენენ, რომ რამე ერთად მოვიფიქროთ, რამეზე შევთანხმდეთ. მოიყვანონ, ბატონო, დევნილები და ჩვენთან ერთად აცხოვრონ. თუ ოთახნახევარი ან ორი ოთახი გვიჭირავს, შევვიწროვდებით და ერთ ოთახში დავბინავდებით. ოღონდ, ნუ მოვლენ და წიხლებით ნუ დაგვინგრევენ ყველაფერს, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა“, - ამბობს ეკა ღონღაძე.

ტერიტორიაზე, სადაც ყოფილი სამხედრო ლიცეუმია განთავსებული, კიდევ ერთი მიტოვებული შენობა დგას, თითქმის იგივე ფართის, თითქმის იგივე მდგომარეობაში. მაგრამ, როგორც ჩანს, ქუთაისში ჩამოსულმა ერთ-ერთმა გერმანულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დევნილთა დასაბინავებლად თვალი მაინცდამაინც ამ უკანასკნელს დაადგა. ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, კოდორის ხეობიდან დევნილი მოსახლეობა სწორედ ყოფილი სამხედრო ლიცეუმის შენობაში დაბინავდება.

ახალი ამბები