კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში სამოქალაქო თავდაცვა არ არსებობს

22 ოქტომბერი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირები ყვებოდნენ, როგორ უწევდათ მათ საკუთარი სახლების დატოვება და შემოვლითი გზებით, ფარულად ოკუპანტებისგან თავის დაღწევა. აფეთქებებს პანიკა თბილისშიც მოყვა, რამაც თავის  პიკს 11 აგვისტოს მიაღწია, როდესაც კახეთისკენ მიმავალი საავტომობილო ტრასა იმდენად გადაიტვირთა, რომ გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.  ომმა გვიჩვენა, რომ საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის სექტორი პრაქტიკულად არ არსებობს. რას ითვალისწინებს სამოქალაქო თავდაცვა? ვის ევალება ამის განხორციელება და რა საფრთხეს მოიცავს ამ სექტორის არარსებობა სამოქალაქო მოსახლეობისთავის?
                        
მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ექპერტის, ირაკლი სესიაშვილის შესაფასებით, სამოქალაქო თავდაცვამ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დროს პრაქტიკულად არ იმუშავა. ის საუბრობს ყველა იმ კომპონენტზე, რომელსაც სამოქალაქო თავდაცვა მოიცავს. პირველ რიგში, ეს საომარი ან საგანგებო მდგომარეობისთვის სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების ინფრასტრუქტურის არსებობაა. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ევალება შექმნას სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები ან გარკვეულ ობიექტებს მიანიჭოს თავდაცვის ობიექტების სტატუსი, მაგალითად, მეტროებს, მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემებს.

მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების მომზადება სამოქალაქო თავდაცვისათვის, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს კონკრეტულ კრიზისულ სიტუაციაში როგორ უნდა იმოქმედოს. სად წავიდეს, რა ჰქონდეს თან და გარკვეული საფრთხეებისგან როგორ დაიცვას თავი. სახელმწიფო ვალდებულია სკოლებში ან სახელმწიფო დაწესებულებებში ჩაატაროს  მოსამზადებელი კურსი, როგორ  უნდა იქცეოდეს მოქალაქე სახმელეთო ან საჰაერო თავდასხმის დროს. ასევე საჭიროა სტრუქტურა, რომელიც სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზებას განახორციელებს. ეს თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დეპარტამენტის ფუნქციებში შედის. სამოქალაქო თავდაცვის სისტემის მოქმედებაზე და განვითარებაზე გვარდიის დეპარტამენტშია პასუხისმგებელი.
 
გარდა ამისა, სახელმწიფოს სურსათის და მედიკამენტების მარაგები მუდმივად უნდა ჰქონდეს. ასევე უნდა დაიგეგმოს ევაკუაციის შემდეგ, სად მოხდეს ადამიანების განთავსება, ამის გეგმა წინასწარ უნდა არსებობდეს, უნდა იყონ კონკრეტული უწყებები და პირები, რომლებიც ახორციელებენ ყველაფრის უზრუნველყოფას, მომარაგებას და აღრიცხვას.

გამოცდილებამ გვიჩვენა, თვადაცვის სამინისტროს სამოქალაქო თავდაცვის ყველა ეს აუცილებელი პირობა დაგეგმილი არ ჰქონდა. სწორედ საზოგადოების გაუთვიცნობიერებლობამ გამოიწვია საყოველთაო პანიკა მაშინ, როდესაც ჩვენივე ჯარი პოზიციების დასაკავებლად თბილისისკენ მოდიოდა.

კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას სამხედრო ჟურნალის „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი რჩევებს ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე აძლევდა.

„ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე „კვირის პალიტრაში“ ხშირად ვწერდი, რომ თავი უნდა დაეცვათ. სარდაფები დაესუფთავებინათ, რომელი მხრიდანაც უფრო მოსალოდნელი იყო სროლები, იმ მიმართულებაზე კედელი აეგოთ, რომელიც ტყვიისგან დაიცავდა. ამის გარდა ფანჯრებზე ჯვარედინი ზოლი გაეკეთებინათ, რადგან ხშირად ხალხი შუშის ნამსხვრევებისგან ზარალდება. ლოგინი ყველაზე უსაფრთხო ადგილას დაედგათ, ფანჯრებისგან შორს. ცეცხლის ჩასაქრობად წყალი, ქვიშა ყოველთვის ჰქონოდათ მომზადებული, მოემარაგებინათ სანთლები, საჭმელი, წყალი და ა.შ. და ევაკუაციისთვის ყოველთვის მზად ყოფილიყვნენ.

ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს, რომ ომის დროს ბრძოლის ყველა კომპონენტის გამოყენებაა მოსალოდნელი.
„საბრძოლო მოქმედებების თეატრში, ანუ უშუალოდ ცხინვალის რეგიონში, სადაც აქტიურად მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები, მოსახლეობას გარდა ზღვის, თავდასხმის ყველა დანარჩენი საფრთხე ემუქრებოდა: ტანკი, არტილერია, ნაღმსატყორცნი, ცეცხლსასროლი იარაღი, საჰაერო დაბომბვები. მაგრამ დანარჩენ საქართველოს, იგივე თბილისს, ფოთს, ქუთაისს და ა.შ., ძირითადად, საჰაერო თავდასხმები ემუქრებოდა“.

როგორც ალადაშვილი აღნიშნავს, ჩვენმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მოსალოდნელი საფრთხე და მოსახლეობის დროული ევაკუაცია არ მოახდინა.

„საბრძოლო მოქმედებების რაიონში  მოსახლეობის დაცვა საკმაოდ რთულია. მათი დაცვის ორი ვარიანტი არსებობს. ყველაფერს ევაკუაცია სჯობს, რაც ოსურმა მხარემ გააკეთა, 2500-მდე ადამიანი გაიყვანა. ჩვენმა მხარემ ეს ორგანიზებულად არ გააკეთა. თუ არ გამოგყავს ხალხი, მათი დაცვა საკმაოდ ძნელია, რადგან თანამედროვე ომებში, გვინდა თუ არა, მოსახლეობა სერიოზულად ზარალდება, რადგან იარაღს დიდი დამანგრეველი ძალა აქვს. ის მეტი სიზუსტით გამოირჩევა, მაგრამ, საერთო ჯამში, მისი სიზუსტეც პირობითია. როდესაც იხსნება საარტილერიო ცეცხლი, იქ 10-20 მეტრით აცილება მორტყმად ითვლება. მაგრამ მოსახლისთვის, როდესაც მის სახლზე 152 მილიმეტრიანი ჭურვი ეცემა, ბევრს ნიშნავს“. 

სწორედ ევაკუაციას მიიჩნევს ირაკლი სესიაშვილი ერთ-ერთ შეცდომად, რომელმაც  მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია.

„მაშინ, როდესაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, როგორც მინიმუმ, პრევენციის მიზნით, სახელმწიფო ვალდებულია სახიფათო ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინოს. სინამდვილეში კი მოსახლეობის ევეკუაცია არ მომხდარა, მეტიც, ზოგ შემთხვევაში ჯარმა მოსახლეობას გამოასწრო“.

„არსენალის“ რედაქტორი ყურადღებას ამახვილებას საქართველოს გეოგრაფიაზე და აღნიშნავს, რომ ეს ჩვენი მინუსია.

„ყველაზე ვიწრო ადგილას საქართველო სიგანეში 150 კილომეტრს შეადგენს. თანამედროვე რეაქტიული თვითმფრინავისთვის, რომელიც საათში 700 კილომეტრს მიფრინავს, ეს წუთების ამბავია. მაგალითად, ჩრდილო კავკასიიდან თბილისამდე გადმოფრენა 10 წუთის ამბავია. ამ შემთხვევაში  შეტყობინებების სისტემა უნდა არსებობდეს. ძალიან ძნელია კორპუსში მცხოვრებმა ადამიანმა ჩამოვიდეს და თავი სადმე შეაფაროს. დღეს თავშესაფრის სისტემა, ძველიც კი, სრულიად მოშლილია. რაც არსებობდა, დისკოთეკებად, საწყობებად გადაკეთდა ან მოიშალა. გამოცდილებამ ასევე გვიჩვენა, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტთან ახლოს მცხოვრები ადამიანები უფრო მეტი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. მარნეული, კოპიტნარი, ფოთის პორტი დაიბომბა. თბილისის საავიაციო ქარხანა ორჯერ დაიბომბა. ამიტომაც შემდეგ, როდესაც ჩვენი სამხედრო კოლონები გამოდიოდნენ და ჩვენსკენ მოდიოდნენ, მოსახლეობა უფრთხოდა მათ, რომ ეს კოლონები მათ სახლთან ახლოს არ დაბინავებულიყვენ. ამ შემთხვევაში მოსახლეობაც ავტომატურად სამიზნეში ხვდებოდა“.

გარდა იმისა, რომ თავდაცვის ობიექტები არ იყო წინასწარ განსაზღვრული, მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული კონკრეტულ კროზისულ ვითარებაში როგორ უნდა ემოქმედა, საევაკუაციო გეგმების შესახებ სახელმწიფო მოხელეებმაც არ იცოდენენ. მეტიც, საქართველოს მთავრობამ დაარღვია სამოქალაქო თავდაცვის ერთ-ერთი პრინციპი, როდესაც სამხედრო ობიექტები მშვიდობიანი მოსახლეობის ინფრასტრუქტურის სიახლოვეს ააშენა. ასევე არ შეიძლება ჰოსპიტალების მშენებლობა საომარი მოქმედებების მყოფ რეგიონებთან ახლოს, თუმცა გორში ჰოსპიტალი მაინც აშენდა.

ირაკლი სესიაშვილი იხსენებს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ავიაცია თავდაცვის სამინისრტროს დაბომბვას აპირებდა, სამინისტროდან „გიჟებივით გამოვარდნენ“ და მეტროსკენ გაიქცნენ. თანამშრომლებს სულ დაავიწყდათ, რომ ამ სამინისტროს გვერდით სამოქალაქო შენობებიც არის, სადაც ადამიანები ცხოვრობენ.

„მიუხედავად იმისა, რომ დაბომბვა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ რუსული ავიაცია უშუალოდ მათ სახლებს დაუშენდა, სად უნდა წასულიყვნენ. პრეზიდენტმა განაცხადა, თბილისზე თავდასხმა მზადდება, წყანარად სახლში იყავითო. თუმცა ის არ უთქვამს, თუკი სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერიო თავდასხმა განხორციელდება, სად უნდა გაქცეულიყვნენ“.
 
თავშესაფრების აგება მშვიადობიანობის დროს უნდა ხდებოდეს, რადგან ომის დროს, მით უმეტეს 5 დღიანი ომისას, ამის დრო არ არის. მართალია, თავდაცვის ობექტად მეტრო ითვლება. მაგრამ ისიც მხოლოდ იმ ადამიანებს შველის, რომლებიც ამ ობიექტთან ახლოს ცხოვრობენ. პერიფერია, სადაც მეტრო არ არის, ისევ დაუცველი რჩება, რადგან, როგორც აღინიშნა, გაფრთხილებისთვის ძალიან ცოტა დრო რჩება. 

ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეთნიკური ქართველების მოსახლეობით და მთელი რიგი თანმდევი საფრთხეებით ორი კონფლიქტური რეგიონი არსებობდა, ტერმინი „სამოქალაქო თავდაცვა“ მხოლოდ რამდენიმე სამართლებრივ დოკუმენტში გაბნეულად არის ნახსენები.

ირაკლი ალადაშვილის პროგნოზით, საუბარი უფრო სერიოზულ ომებზეც შეიძლება იყოს. არა საქართველოს, არამედ უფრო სერიოზულ დონეზე, რეგიონული მასშტაბით, სადაც მასობრივი განადგურების იარაღის გამოიყენებაც არ გამოირიცხება. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო თავდაცვის საკითხი ისევ აქტუალურია.
„თავშესაფრების შენახვა არ ღირს იაფი, მაგრამ ერთხელ, როდესაც კრიტიკულ სიტუაციაში დაგვჭირდება, ის ყველა დანახარჯს ამოიღებს“.

 

ახალი ამბები