კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაქცინაციის ირგვლივ სკანდალი „არასწორი ინფორმაციის გამო ატყდა“

3 ნოემბერი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

წითელასა და წითურას ვაქცინით 26-ე პოლიკლინიკაში პირველ დღეს 210 ადამიანი აიცრა, მეორე დღეს - 180, მესამე დღეს - 22, მეოთხე დღეს - 6... აცრილთა რაოდენობა დღითიდღე მცირდებოდა. ამის მიზეზი ის სატელევიზიო სიუჟეტები გახდა, რომლებიც ვაქცინაციის შემდეგ საავადმყოფოში მოთავსებული ბავშვების შესახებ გადაიღეს. ამან წითელასა და წითურას ვაქცინის მიმართ საზოგადოებაში შიში და უნდობლობა გამოიწვია.

საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, საქართველოში ჩატარებულ ვაქციანციაზე პრესაშიც იწერებოდა. საუბარი იყო იმაზე, რომ ვაქცინა უხარისხოა და საქართველოში უკანონოდ შემოვიდა. ვაქცინაციის კამპანია უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. მის შედეგებზე შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს უფროსს, თამარ მანჯავიძეს ვესაუბრეთ:

- მასობრივი ვაქცინაციის კამპანიები მაშინ ტარდება, როდესაც გარკვეულ რეგიონში ან მთელ მსოფლიოში რომელიმე ვირუსის მოსპობაა დაგეგმილი. ეს კამპანია უკავშირდება იმას, რომ ევროპამ გადაწყვიტა 2010 წლისთვის მოსპოს წითელას და წითურას ვირუსები. ამ ვაქცინით 34 მილიონი ადამიანი აიცრა.
აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, რუმინეთი, იტალია, თურქეთი, კვიპროსი-ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ამ კამპანიაში მონაწილეობდნენ. საქართველო ბოლო ქვეყნაა. საერთოდ, ვაქციანაციის ჩატარება ზაფხულში გვინდოდა, მაგრამ ომის გამო გადავდეთ.

-რატომ გახდა აუცილებელი ამ კამპანიაში ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა?

- რომელიმე საერთაშორისო გაერთიანების წევრობა გვავალდებულებს სხვადასხვა მიმართულებით მის მიერ დადგენილ წესებს დავექვემდებაროთ. თუ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის წევრები, მისი მოსაზრებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებშიც უნდა გავიზიაროთ. თუმცა, ვაქცინაციის ჩატარებას არავინ გვავალდებულებდა.

-საუბარი იყო ამ დაავადებების სამომავლო ეპიდემიაზე. რამდენად პროგნოზირებადია წითელასა და წითურას ეპიდემია?

- რასაკვირველია, პროგნოზირებადია. ამაზე მეცნიერები, კონტროლის ინსტიტუტები მუშაობენ. 2009 წლისთვის ჩვენ ველოდებით ეპიდემიას. თან საქართველოში ეპიდემიისთვის ფონი, მზაობა საკმაოდ მაღალია. ძალიან ბევრი კომპაქტურად ჩასახლებული პირი გვყავს. ეს არის ყველაზე დიდი რისკის ფაქტორი ნებისმიერი ეპიდემიის გავრცელებისთვის. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესწავლა ქვეყანაში ყოველწლიურად ხდება. გარკვეული ანგარიშები კეთდება და ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე იგეგმება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც საზოგადოებას ამ საფრთხეს ააცილებენ.

-ანუ ამ ეპიდემიის პროგნოზი ჩვენმა მეცნიერებმაც გააკეთეს?

- მეცნიერება საზღვრებში ჩაკეტილი არ არის. ჩვენ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ. საერთაშორისო ექსპერტები ჩვენი ქვეყნის მონაცემების გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.

-რატომ შევარჩიეთ მაინცდამაინც ინდოეთში წარმოებული ვაქცინა?

- ეს არ გახლავთ მედიცინა, ეს არის ბიზნესი. ნებისმიერი წარმატებული ბიზნესი ცდილობს ისეთ ქვეყნებში გახსნას კარგი საწარმო, სადაც წარმოება უფრო იაფია: იაფ ტექნიკას და მუშახელს ვგულისხმობ. თავად ტერმინი „ინდური ვაქცინა“ არ არის სწორი. ეს არის ინდოეთის ტერიტორიაზე არსებული საერთაშორისო სტანდარტების მქონე საერთაშორისო მწარმოებლის მიერ დამზადებული პრეპარატი. თან წითელასა და წითურას კომბინირებულ ვაქცინას მხოლოდ ეს ინსტიტუტი აწარმოებს. გარდა ამისა, ეს პრეპარატები გადიან პრეკვალიფიკაციას. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. მას დამოუკიდებელი ევროპული ლაბორატორიები აქვს. ეს ორგანიზაცია მხოლოდ მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი ხარისხის დოკუმენტაციას არ ეყრდნობა და მედიკამენტებს დამოუკიდებელ ევროპულ ლაბორატორიებში შემოწმებაზე უშვებს. თან ეს არ ხდება ერთჯერადად, ამას აქვს მუდმივი ხასიათი. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად გვაქვს ფაქტობრივი მასალა, რომლის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ეს მედიკამენტები უხარისხოა. ხომ შეიძლება არსებობდეს საბუთები, თითქოს პროდუქცია ხარისხიანია, მაგრამ უხარისხო აღმოჩნდეს. ისეთი შედეგი, რომელიც ამ პროდუქციის დაბალ ხარისხზე მიანიშნებს, საქართველოში არ არსებობს.

-თუმცა საავადმყოფოში მოთავსებული უამრავი ბავშვი გვყავს...

- საუბარი იყო იმაზე, რომ ბავშვებს ვაქცინის შემდგომი გვერდითი მოვლენები აღენიშნათ. ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ვაქცინის უხარისხობაზე ვისაუბროთ. ყველა წამალს ინსტრუქცია მოყვება, სადაც წერია რომ მას გვერდითი მოვლენები აქვს. მაგრამ ამის გამო არავის უთქვამს რომ ის უხარისხოა. ვაქცინაც  არის მედიკამენტი და მასაც აქვს გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი. აქვს თავისი პროცენტი, ვაქცინირებულთა 5-15 პროცენტში შესაძლებელია გვერდითი მოვლენები გამოვლინდეს. ბავშვები 2 თვის ასაკიდან იცრებიან. არასდროს ასეთი  დამოკიდებულება ვაქცინის ან გვერდითი მოვლენების მიმართ არ ყოფილა. ჩვენთვის ექიმებისთვის გვერდითი მოვლენები უცხო არ არის, უცხო არც მათთვის არის, ვინც ვაქცინა გაიკეთა და ვისაც ეს გამოუვლია. საშიშია იმ შემთხვევაში, თუ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ  საათობრივი მონაცემები მთელ ქვეყანაში გვქონდა: რამდენი ადამიანი იცრებოდა, იმის მონაცემებიც გვქონდა, რამდენ ადამიანს გამოუვლინდა გვერდითი მოვლენები - ეს არის 0.14 პროცენტი. მაშინ, როდესაც დასაშვები ნორმა 5-დან 15 პროცენტამდეა. 5 სამუშაო დღის მონაცემებით 330 ათასი ადამიანი აიცრა. წელიწადში 35 ათასი ადამიანი იცრება. გამოდის რომ, ერთ კვირაში იმდენი აიცრა, რამდენიც ჩვეულებრივ 9 წელიწადში აიცრებოდა. ანუ გვერდით მოვლენებზე, რომლებიც ჩვეულებრივ ვლინდება, ტელევიიზით არ საუბრობენ.

გვერდითი მოვლენები 330 ათას ადამიანში მხოლოდ 380-ს გამოუვლინდა. საავადმყოფოში პაციენტები შემდეგი სიმპტომებით მოათავსეს: გულის რევა, თავბრუს ხვევა, თავის და მუცლის ტკივილი, სიცხე. ვაქცინირებულთა მხოლოდ 6 პროცენტს ალერგიული გამონაყარი ჰქონდა. 2 პროცენტს ინექციის ადგილი შეუმაგრდა და სტკიოდა. ვიღაცას ოდნავ გული აერია და ყველა საავადმყოფოში მივიდა. დაკვირვებისათვის საავადმყოფოში მხოლოდ 55 ადამიანი მოათავსეს.

რეანიმაციაში არც ერთი პაციენტი ყოფილა, როგორც ეს გაჟღერდა. საერთოდ, სამედიცინო ტერმინები ექიმებმა უნდა გამოიყენონ. „რეანიმაციული ღონისძიება“, რომელზეც ჟურნალისტები საუბრობდნენ, სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენას ნიშნავს. გული და სუნთქვა უნდა იყოს გაჩერებული. ასეთ მდგომარეობაში არც ერთი ბავშვი იყო, საკუთარ თავზე აკეთებდნენ კომენტარებს.

ეს სკანდალი გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო ატყდა. საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაცია უნდა მიგვეწოდებინა. ბავშვები საავადმყოფოში ვაქცინისაციის შემდგომი რეაქციის გამო მოათავსეს, რაც ნომრალურია. როდესაც მოვლენას არასწორი ტერმინით გადმოვცემთ, მით უმეტეს, იმის თქმა, რომ  ვაქციანაციის გამო ბავშვები რეანიმაციაში მოხვდნენ, ამას, ცხადია, ძალიან სერიოზული შედეგი მოჰყვება.

-თუმცა საზოგადოებას კიდევ ერთი კითხვა გაუჩნდა, რამდენად კანონიერად შემოიტანეს საქართველოში წითელასა და წითურას ვაქცინა? არსებობდა თუ არა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც ქვეყანაში მედიკამენტის შემოტანისას აუცილებელია?

- რაც შეეხება რეგისტრაციას, საერთოდ, არსებობს კანონი. ეს არის „საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“, რომელიც ასეთი ტიპის მედიკამენტების შემოტანას არეგულირებს. ამ კანონის მე-18 მუხლის მეშვიდე ნაწილი ითვალისწინებს განსაკუთრებულ პირობებს, როდესაც ქვეყანაში მედიკამენტები გამარტივებული წესით შემოაქვთ: „სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, ჰუმანიტარული მიზნით შემოტანა ან გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესების არსებობა“. ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა, რადგან სახელმწიფოს მიერ არის გადაწყვეტილი და ერთჯერად დახმარებას წარმოადგენს. ამიტომ მედიკმანეტების შემოტანა პროცედურულად გამარტივებულია და გათავისუფლებულია სახელმწიფო მოსაკრებლისგან.

კანონის საფუძველზე მინისტრის ბრძანებით, ჩამოყალიბდა კომისია, რომელიც განახცადის საფუძველზე, მედიკამენტების შემოტანას არეგულირებს. სწორედ ამ კომისიამ დაარეგისტრირა ეს ვაქცინა. აქ არის ჩამონათვალი იმ დოკუმენტებისა, რაც ვაქცინას უნდა ახლდეს: ინფორმაცია სამკურნალო საშუალებების გამოყენების შესახებ, სამკურნალო საშუალებების ხარისხის სერტიფიკატი, სამკურნალო საშუალებების საერთაშორისო სტანდარტის წარმოების დამადასტურებელი საბუთი. ამას გარდა, თუ კომისიას არ აკმაყოფილებს წარმოდგენილი დოკუმენტები, მას შეუძლია დამატებითი საბუთების მოთხოვნა. ვაქცინას ყველა ეს საბუთი ახლდა.

-გამოდის, რომ საქართველოში ამ ვაქცინას გამოკვლევა არ ჩაუტარდა?

- ისეთი ორგანიზაციის რეკომენდაცია, როგორიც მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციაა, უკვე საკმარისი გარანტიაა. რაც შეეხება რეგისტრაციას, ის სხვა წესით შემოტანილი მედიკამენტებისთვის არის აუცილებელი. ამ ვაქცინისთვის რეგისტრაციის წესი იმიტომ არის გამარტივებული, რომ ბაჟი არ იყოს გადასახდელი, რადგან მედიკამენტი ერთჯერადი მოხმარებისთვის შემოდის.

 

ახალი ამბები