კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“რუსი მოროდიორების არაფერი გამკვირვებია, რადგან ჩვენ ქართველმა ჩინოვნიკებმა გაგვძარცვეს და დაგვაყაჩაღეს”

4 ნოემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

შანტაჟით, ძალადობითა და თავისუფლების აღკვეთის მუქარით საკუთრების წართმევის ფაქტებზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება 2007 წლის ოქტომბერში დაიწყო. დაზარალებულებმა მანანა მაჭარაშვილმა და თამარ თარაშვილმა, ქალაქ სიღნაღის ცენტრში მდებარე კომერციული ფართების იძულებით გასხვისებისა და წართმევის შესახებ გამოძიებას დეტალური ჩვენებები მისცეს და დანაშაულის დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარადგინეს, მაგრამ ამ დრომდე უშედეგოდ.

მანანა მაჭარაშვილის განცხადებით, 2007 წლის 10 იანვარს მას ქალაქ სიღნაღის გამგებელი გია ინანიშვილი შეხვდა და განუმარტა, რომ მისი მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსთვის უნდა გადაეცა საზოგადოებრივი საჭიროებისა და  ქალაქში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო;  შესთავაზა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, რაზეც მესაკუთრემ უარი განაცხადა.

რამდენიმე დღეში ინანიშვილი კვლავ შეეცადა მაჭარაშვილთან მოლაპარაკებას; აუხსნა, რომ არსებობდა ინვესტორი, რომელსაც შეეძლო ერთ კვადრატულ მეტრში 300 დოლარის გადახდა. ურჩია დათანხმებულიყო მათ წინადადებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი სამეწარმეო საქმიანობით ფინანსური პოლიცია დაინტერესდებოდა და მაღაზიასაც დაუნგრევდნენ ქალაქის იერსახესთან შეუსაბამობის მოტივით, თუმცა ისევ უარი მიიღო.

21 აგვისტოს, მაჭარაშვილის მაღაზიაში ფინანსური პოლიცია შევიდა. „უშუალოდ ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებმა მირჩიეს სავაჭრო ობიექტის გაყიდვა, თან დამემუქრნენ, რომ თუ არ დავთანხმდებოდი ჩემი მეუღლე, რომელიც აღნიშნული ფართის კანონიერი მესაკუთრეა, ციხეში აღმოჩნდებოდა“,-  განაცხადა დაზარალებულმა.

ქალაქ სიღნაღის გამგებელმა გია ინანაშვილმა თამარ თარაშვილსაც მოსთხოვა მაღაზიის გაყიდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი საქმიანობითაც ფინანსური პოლიცია დაინტერესდებოდა და მაღაზიას დაუნგრევდნენ ქალაქის იერსახის შეუსაბამობის მოტივით. მიუხედავად იმისა, რომ თარაშვილმა შესთავაზა მაღაზიის საკუთარი ხარჯებით გარემონტება, ქალაქის მერისაგან მაინც უარი მიიღო.

შედეგად, თამარ თარაშვილის მაღაზიაც ფინანსურმა პოლიციამ შეამოწმა. „ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებს არ წარმოუდგენიათ უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობები. შემომთავაზეს მაღაზიის გაყიდვა და მითხრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ოდენობით ჯარიმას დამაკისრებდნენ“,- განაცხადა თარაშვილმა.

2007 წლის  31 აგვისტოს, ღამის 12 საათზე, თამარ თარაშვილი, მანანა მაჭარაშვილი და მისი მეუღლე თამაზ გორელიშვილი პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით და დაპატიმრების მუქარით სიღნაღის სანოტარო ბიუროში მიიყვანეს და ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელი ძალით მოაწერინეს.  მანანა მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ფინანსური პოლიციის, შსს-ს და პროკურატურის თანამშრომლები.

აღსანიშნავია, რომ თამაზ გორელიშვილის სახელზე რეგისტრირებული ობიექტი, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს, თელავის საგადასახადო ინსპექციის მიერ  დაყადაღებული იყო. ეს ფაქტი აღნიშნული იყო საჯარო რეესტრის ამონაწერშიც.

იურისტების შეფასებით, სამოქალაქო სამართლის შესაბამისად უძრავი ნივთის დაყადაღების შემთხვევაში, მესაკუთრეს არ აქვს მისი გაყიდვის უფლება. „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ნივთზე ყადაღის არსებობა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ნივთზე უფლების ხელახალი რეგისტრაცია მაინც მოახერხა.

მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ, დაზარალებულებმა საჩივრით საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართეს. განცხადების საფუძველზე, გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლით დაიწყო. მაჭარაშვილმა და თარაშვილმა დანაშაულის შესახებ გამოძიებას დეტალური ჩვენებები მისცეს, მტკიცებულებებიც წარადგინეს, მაგრამ უშედეგოდ. გამოძიება უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაში განსაკუთრებული აქცენტი გადატანილი იყო საკუთრების დაცვის პრიორიტეტებზე. მაჭარაშვილმა და თარაშვილმა წინასაარჩევნოდ კახეთში მყოფ პრეზიდენტს პირადად აცნობეს მათი ქონების იძულებით ჩამორთმევის შესახებ. სააკაშვილი მათ დახმარებას დაპირდა, თუმცა არჩევნების შემდეგ ამ საკითხით სახელმწიფო ორგანოებიდან არავინ დაინტერესებულა.

„რუსი მოროდიორების არაფერი გამკვირვებია, რადგან ჩვენ ქართველმა ჩინოვნიკებმა გაგვძარცვეს და დაგვაყაჩაღეს“,- აცხადებს მანანა მაჭარაშვილი.

ახალი ამბები