კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ელექტროენერგიის ბოძები მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

5 ნოემბერი, 2008

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში დენის ბოძები მიწაგამოცლილი, ხოლო სადენები ძირსაა ჩამოწეული. სოფელ ფერსის მოსახლეობა საფრთხეზე საუბრობს.

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში გორისა და დუშეთის რაიონიდან 1944 წელს გადმოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს. ადგილობრივები პრობლემებზე საუბარს თავს არიდებენ, თუმცა... „მთავარ სატკივარზე თვალს ხომ ვერ დავხუჭავთ”, - ამბობს მარიამ გოგოლაური. „მთავარი სატკივარი“ კი დენის ძველი ბოძებია. მარიამ გოგოლაურის სახლის თავზე პატარა გორაა, სადაც დენის ბოძებს მიწა აქვს გამოცლილი და  ნახევრად წაქცეულია.   
 
„ბოძები მონგრეულია. შუქი სულ „ირთვის“, „ირთვის“ და „ირთვის“. ეს ძირგამოთხრილი ბოძი რომ ჩემს სახლს დაეცეს, მეც დამღუპავს და ამ დროს ვინმემ რომ გაიაროს, შეიძლება ისიც ემსხევერპლოს“, - ამბობს იგი.
 
გოგუცა ლომიძე მარტო ცხოვრობს. თანასოფლელის მსგავსად, ისიც  მოძველებულ დენის ბოძებზე ჩივის: „ჩემს ეზოში ორი ბოძი გადაბრუნებაზეა, ნახევრად არის უკვე გადაყუდებული. სადენი ჰა-ჰა ჩამოვარდება. ამას წინათ ხაზი ჩამოვარდა, მერე სუსტი ბიჭი ეძებეს, ანძას სიმძიმე რომ აეტანა და სადენი გაესწორებინა“.

მისი თქმით, ღამე ეზოში გამოსვლა საშიშია, შეიძლება სადენი ჩამოვარდნილი იყოს და სიბნელეში ვერ შეამჩნიოს.

„მოხუცი კი ვარ, მაგრამ - ხელს იქნევს გოგუცა ლომიძე და ამატებს - მაინც მეშინია სადენების გამო გარეთ გამოსვლა. ადრე დენი გზის ზემოდან იყო გამოყვანილი, მარა ყველა იოლ საქმეს ეძებს და დაბლა ამიტომაც ჩამოიტანეს”.

„ბოძები ხაზებს უკავია“, - ამბობენ სოფელში.
 
„სადენები ისე დაბლაა, ბავშვი აწვდება. დღეს თუ არა ხვალე, მიწა რომ დალბება, ბოძები ამობრუნდება, საშიშია“, -  გვითხრა თემურ მიგრიაულმა.
 
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილისთვის სოფელ ფერსის პრობლემა ნაცნობია, თუმცა . . .
 
„ეგ საქმე ჩვენ არ გვეკუთვნის, ენერგოკომპანიიის გასაკეთებელია და როგორც ვიცი, მათი განმარტებით, გეგმა უკვე ჩამოყალიბებული აქვთ“, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ბიძინა მაისურაძემ. 
 
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ახალციხის მომსახურების ცენტრის მენეჯერის ზურაბ მამუკაშვილის თქმით, არა თუ სოფელ ფერსაში, არამედ მთელ რაიონში მოძველებული ხაზებია: „გეგმიურად მივყვებით, ახლა აწყურის უბანზე კილომეტრნახევრიანი გზა გავაკეთეთ და 35 ანძა გამოვცვალეთ“.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ახალციხის მომსახურების ცენტრის მენეჯერი ამბობს, რომ ყველა მონაკვეთზე, სადაც კი კატასტროფული მდგომარეობაა, ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს: „ჩემთვის ცნობილი არ არის, რომ ფერსაში ასეთი სასწაული მდგომარეობაა. ეს ადგილზეა სანახავი, თორემ არის შემთხვევები, როცა მოსახლემ ხაზი თვითნებურად მიიყვანა და ეს ჩვენ არ გვეხება. არ შემიძლია, კონკრეტულად ამ სოფელზე რაიმე გითხრათ, მდგომარეობას შესწავლა უნდა“.

ზურაბ მამუკაშვილის განცხადებით, ზოგჯერ მოსახლეობა უსაფუძვლო პანიკას ავრცელებს: „გუშინ ერთ-ერთი სოფლიდან დარეკეს და ხაზია ჩამოწყვეტილიო, გვითხრეს. ავიდა ბრიგადა და აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი მოსახლის სახლში დენი არ შედიოდა. პირადი პრობლემა ჰქონდა, ამისთვის კი ბრიგადა გავუშვი“.

როდის დაიწყება სოფელ ფერსაში ქსელის რეაბილიტაცია, ზურაბ მამუკაშვილი ვერ აკონკრეტებს: „ზუსტად ვერ გეტყვით; შეიძლება, ხვალაც დავიწყოთ ფერსაში მუშაობა. სრული რეაბილიტაცია არ მოხდება. სადაც მძიმე მდგომარეობა, იქ შეიცვლება ბოძები“.

ახალი ამბები