კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეპორტაჟი საარჩევნო უბნიდან

6 ნოემბერი, 2008

მაკა მალაყმაძე,აჭარა

დილის 6:48 წუთზე, უკვე ახალსოფლის #37 უბანზე ვარ. აქ მინიმუმ 15 საათის გატარება მომიწევს. ეს იმ უკეთეს შემთხვევაში, თუ  არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა. მაგრამ ეს  ნაკლებმოსალოდნელია, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ 21 მაისის არჩევნები ჩხუბით დასრულდა. თუმცა, მაშინ ამ უბნის მონაცემები ბათილად არ გამოუცხადებიათ.

უბნის კომისიის წევრები და პარტიების წარმომადგენლებიც, ყველანი ადგილობრივი, სოფელ ახალსოფლის მკვიდრნი არიან. საკმაოდ რთულია, ასეთ დროს მუშაობა, რადგან მეც იგივე სოფლის მკვიდრი ვარ და კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე ჩემი ყოფილი პედაგოგები არიან. თავიდანვე განვუცხადე, რომ მე ჩემს მოვალეობას სამართლიანად შევასრულებდი. მას შემდეგ დაიწყო ჩემს მიმართ უხეში დამოკიდებულება.

დილის 8 საათამდე დასრულდა ოფიციალური პროცედურები: გაიხსნა #37 უბნის ჩანაწერთა წიგნი, დამკვირვებლებმა და პარტიის წარმომადგენლებმა გავიარეთ რეგისტრაცია. გადანაწილდა კომისიის წევრებს შორის უფლებამოსილებებიც და 8:02 წუთზე პირველმა ამომრჩეველმა გააკეთა თავისი არჩევანიც. თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა, თუმცა...

ჩემს, როგორც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელსა და კომისიას შორის პირველად სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როცა უბანზე ნაციონალური მოძრაობის ორი წარმომადგენლის ყოფნასთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარეს შენიშვნა მივეცი.ჩემი მოთხოვნა ერთ-ერთს უბანი დაეტოვებინა, გონიოს თემის ყოფილმა  რწმუნებულმა, სიმონ ზაქარაძემ  ხმამაღლა გააპროტესტა. თუმცა, იძულებული იყო ,შენიშვნა  მიეღო.

მაშინ, როდესაც რამდენიმე ამომრჩეველი ერთობლივად შემოვიდოდა უბანზე, შესამჩნევი იყო, რომ უბნის ეზოში მდგარი ორი ან სამი ახალგაზრდა ბიჭი ნაკადს შემოჰყვებოდა. თითქმის შეუძლებელი იყო ყველა რეგისტრატორის ასეთ დროს გაკონტროლება მხოლოდ ერთი დამკვირვებლის მიერ. მართალია უბანზე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელიც იყო, ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციიდან, მაგრამ „დუმილი ხომ ოქროა“.

პირველი საჩივარი, კონვერტში რამდენიმე ბიულეტენის ჩადებას ეხებოდა. მიუხედავად იმსია, რომ მე, დამკვირვებელს, უფლება მაქვს, ვნახო თუ რამდენი ბიულეტენი მისცეს, ამორჩეველმა მაინც არ მაჩვენა. ფაქტთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარეს არაფერი უმოქმედია. ასე აღმოჩნდა მრავალბიულეტენიანი კონვერტი საარჩევნო ყუთში. მსგავსი მხოლოდ ორი შემთხვევა შევნიშნე. საბოლოოდ, ხმის დათვლისას, აღმოჩნდა რომ 16 მრავალბიულეტენიანი კონვერტი არსებობდა საარჩევნო ყუთში.

კომისიამ აღნიშნული საჩივარი ოლქიდან წარმომადგენლთან, ზაალ ზაალიშვილთან ერთად, ჩემს გარეშე განიხილა. ჩემი მოთხოვნის შემდეგ, კი კომისიის თავმჯდომარისგან ასეთი წერილობითი პასუხი მივიღე: „კომისია ფაქტს არ ადასტურებს. შეეცდება მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირდეს“.

ხალხი თითქმის არ აქტიურობდა. იშვიათად მოსულებს, უბანზე მყოფი პარტიის წარმომადგენლები თითქოს მოსაკითხ კითხვებს უსვამდნენ: შენი მეუღლე როგორაა? ხომ მოდის არჩევნებზე? ნაციონალური პარტიის წარმომადგენელის მოკითხვას საფუძვლად საკუთარი თანასოფლელების დიდი ხნის უნახაობა ედო.

დაახლოებით შუადღისთვის, უბნის ეზოში,  ჩემსა და  უცნობ ახალგაზრდას (როგორც შემდეგ აღმოჩნდა, 1970 წელს დაბადებულ ანზორ მალაყმაძეს ) შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

_ გთხოვ, ხელი არ შეუშალო. სამაგიეროდ, კარგი სამსახური გექნება და რა ოდენობასაც დაასახელებ თანხისას, დღის განმავლობაში მიიღებ.

_ ვინმეს ხელს ვუშლი? რაში ვუშლი?

_ კომისიამ იმუშაოს. შენ კი რასაც მოითხოვ მიიღებ.

_ სამსახურს რომ მთავაზობ, თვითონ სად მუშოაბ, რას მოღვაწეობ?

_ ყაზახების ბიზნესს ვკურირებ აჭარაში და კარგი სამსახური პრობლემა არაა. არ მინდა ჩვენს გვარზე ცუდი წარმოდგენა დარჩეთ. გთხოვ, მიიღე წინადადება.

მალაყმაძეს იმედები გავუცრუე.

ინფორმაცია, რაც ანზორ მალაყმაძეზე თვითონ, მისგან მოვიპოვე, ოლქის კოორდინატორს მივაწოდე.  რაც რამდენიმე წუთში გაიგეს უბანზე ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ. კომისიის თავმჯდომარე და ხელვაჩაურის ოლქის კომისიის წარმომადგენელი მურად ნარაკიძე (ის რამდენიმე თვის წინ, გონიოს თემის რწმუნებული იყო) ჩემთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ. თუმცა, ანზორ მალაყმაძის ვინაობა, აშკარა იყო, რომ მათთვის უცნობი არ უნდა ყოფილიყო.

სადილობის დროა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა და თემის ყოფილმა თუ ამჟამინდელმა „ელიტამ“ სუფრა გაშალეს. ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლს გულუხვად მეპატიჟებოდნენ, თუმცა ამაოდ.

ამომრჩეველზე მეტად უბნის გარეთ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები აქტიურობდნენ. აქ იყო გონიოს პოლიციის განყოფილების უფროსი ოლეგ ფუტკარაძეცა და შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლები. უბანზე ხშირად მოდიოდნენ გონიოს თემის ადმინისტრაციიდან სხვადასხვა პირები. სჯა-ბაასი კომისიის თავმჯდომარესთან ძირითადად უბნის ეზოში იმართება.

დაახლოებით 7 საათისთვის, მას შემდეგ, რაც გადასატანი ყუთის თანხმლები კომიიის ორი წევრი და ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის დამკვირვებელი დაბრუნდნენ, კომისიამ მუშაობა „წარმატებულად“ გააგრძელა. კომისიის რამდენიმე წევრი საარჩევნო ყუთთან ხშირად ტრიალებდა. ჩემი ყურადღებაც მათთკენ განსაკუთრებით იყო მიმართული. უცებ, იმ დროისთვის ყუთის ზედამხედველი კომისიის წევრის, მერაბ ფარტენაძის ხელის მოძრაობა შევნიშნე და ყუთიც რამდენიმე ბიულეტენით გაივსო. დაიწერა საჩივარი, რომელზედაც რა თქმა უნდა, არც ერთი მოწმე არ მყავდა. უფრო მეტიც, კომისიას საჩივრის რეგისრატიაში გატარება-არ გატარების გადაწყვეტილების მიღებისთვის ნახევარ საათზე მეტი დასჭირდა. ამ პერიოდში, კი თხოვნა, საჩივარი გამეუქმებინა, აქტიურად მიმდინარეობდა. თვით ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელის მხრიდანაც კი.

საღამოს 8 საათზე უბანი იხურება. ხმის დათვლის პროცესს, საერთაშორისო ორგანიზაციის ევროკავშირის წარმომადგენლები და ოლქის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

დამოკიდებულება კომისიის წევრებისა ჩემს მიმართ, უარესად იძაბება. რადგან ფიქრობენ, რომ დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოსულ უცხოელ დამკვირვებლებს ხმის დათვლის პროცესებზე დაკვირვება მე ვთხოვე. „ვნახავთ, ერთი თარხნიშვილი რა თანამდებობას მოგცემს... როგორ არ გრცხვენია... ყოჩაღ, მაგარი ხარ...“

ხმის დათვლის პროცესზე დაკვირვება ნაციონალური პარტიის წარმომადგენელმა სიმონ ზაქარაძემაც მოინდომა, რის უფლებასაც მას კანონი არ აძლევდა.

გადასატან ყუთში, რომელშიც დანართი სიის 63 ამომრჩევლის ხელმოწერის შესაბამისად, 63 კონვერტი უნდა ყოფილიყო, 127 აღმოჩნდა. ოლქის წარმომადგენელმა ყუთის მონაცემები, ბათილად გამოაცხადა. კომისიის თავმჯდომარეს და სხვა წევრებსაც სახეზე ფერი არა აქვთ. ცდილობენ ჩემს მიმართ რეპლიკებისგან თავის შეკავებას, მაგრამ  არც ეს გამოსდით. მათ არც ნაციონალური პარტიის წარმომადგენლები: ხელვაჩაურის კომისიიდან უბნებზე_ მურად ნარაკიძე და სიმონ ზაქარაძე ჩამორჩებათ.
უბნის გარეთ კი სოფლის პოლიციის უფროსი, ოლეგ ფუტკარაძე უწმაწურ სიტყვებს „ერთი ლაწირაკის“ მიმართ გაიძახის, რომელმაც ეს ყველაფერი ჩაიდინა.

ამ დროს, მურად ნარაკიძეს ერთ გასახარებელ ინფორმაციას აწვდიან მობილურით: სარფის უბანზე 900 ხმიდან, ნაციონალურმა მოძრაობამ 780 აიღო: „თქვენი ჭირიმე ლაზებო, გენაცვალეთ, ჯიგრები ხართ. სხვებს კი არ გავხართ“, აღფრთოვანებას ვერ მალავს ნარაკიძე. 

სააეჩევნო დიდი ყუთიც გაიხსნა და მაგიდაზე დაიყარა. სულმოუთქმელად ველოდები იმ კონვერტის ნახვას, სადაც დარწმუნებული ვარ ორზე მეტი ბიულეტენი დევს. არც ისე ბევრი ლოდინი დამჭირდა. მალე ერთი გახსნეს. დამთვლელი ცდილობდა ბიულეტენები გვერდითი მთვლელებისათვის სასწრაფოდ მიეწოდებიან, მაგრამ მაინც შევნიშნე. კონვერტი ბათილად გამოცხადდა. ერთს მეორე მოჰყვად, მეორეს მესამე და საერთო ჯამში მსგავსი მრავალბიულეტიანი კონვერტი 16 აღმოჩნდა. ხოლო ბიულეტენთა ოდენობა ხან 4, 6, 8, 10 და 14 იყო.

ეს არ არის ბოლო დარღვევა, რომელითაც ახალსოფლის #37 უბანი ამოიწურა. საერთო სიის 655 ამომრჩევლის ხელმოწერის შესაბამისად, ყუთში ამდენივე კონვერტი უნდა ყოფილიყო, თუმცა მხოლოდ 433 დაითვალეს.
ოლქმა უბანი ბათილად გამოაცხადა...

კიდევ ერთმა არჩევნებმა ჩაიარა. ჩაიარა სამართლიანადო, ამბობენ. ეს ერთი უბნის ფაქტებია. არ ვიცით, რა მოხდა სხვა უბნებზე. ან იქნებ „არაფერიც“ მომხდარა, რადგან „არაფერი“ შეუნიშნავთ...“
 
    


ახალი ამბები