კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

FIDH საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბრობს

11 ნოემბერი, 2008
ნონა სუვარიანი, თბილისი

დევნილი მოსახლეობის პრობლემები, თავისუფალი სასამართლოს არარსებობა, პოლიტპატიმრების საკითხი, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, აგვისტოს ომის დროს დაშვებული შეცდომები - ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომლებზეც 3 დღის განმავლობაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამართულ სემინარზე ისაუბრეს. სემინარი 8-10 ნოემბერს „ვერე პალასში“ მიმდინარეობდა. საბოლოოდ, სემინარში მონაწილე ორგანიზაციებმა ორი დეკლარაცია მიიღეს, რომელთაგანაც ერთი ადამიანის უფლებებს, ხოლო მეორე რუსეთ-საქართველოს ომს შეეხება.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციისთვის ეს პირველი რეგიონული შეხვედრაა. საქართველოში მას წევრი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მასპინძლობდა. როგორც ფედერაციის ხელმძღვანელმა, სუერ ბელასენმა აღნიშნა, სემინარის საქართველოში ჩატარებას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ამ გზით ფედერაციის წევრები ომის შემდეგ ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.

პრესკონფერენციაზე სუერ ბელასენმა თავის გამოსვლა იმით დაიწყო, რომ ფართოდ წარმოდგენილ ქართულ მედიას მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა: „დიდი მადლობა პრესის წარმომადგენლებს მობრძანებისთვის, რადგან მე ვიცი, რომ საქართველოში მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლება ზღუდავს თავისუფალ სიტყვას. ჩვენ გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქართველ ხალხს. სწორედ ამიტომ, ყველა ჩვენთაგანი 7 ნოემბერს აქციაზე იმყოფებოდა. ჩვენი ორგანიზცია შეშფოთებულია საქართველოში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევების გამო.“

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩაიარა, ჩვენ ძალიან გვიჭირდა დამკვირვებლებად ყოფნა“.

ბელასენმა ასევე ისაუბრა როგორც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აღმოჩენილ დარღვევებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა პოლიტპატიმრებზე. მაგალითისთვის კი ოთხ საქმეზე გააკეთა განსაკუთრებული აქცენტი - ემზარ კვიციანის დის, ნორა კვიციანის დაპატიმრებაზე; იგორ გიორგაძის მეუღლის დის, მაია თოფურიას დაპატიმრებაზე, რომელიც, სხვა პირებთან ერთად, სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს; ზაქარია ქუცნაშვილის მამის, ომარ ქუცნაშვილის, მისი ვაჟის საქმიანობის გამო დაპატიმრებაზე და სამხედრო პირის, როინ შავაძის მკვლელობაზე, რომელიც ნაწამები იყო. როგორც თავად აღნიშნავს, ამ ოთხ შემთხევებზე ყურადღება მხოლოდ იმიტომ გაამახვილა, რომ პოლიტპატიმრების და მსხვერპლის ოჯახის წევრებს ესაუბრა და საქმეების დეტალურად გაცნობა მოასწრო.

გელა ნიკოლეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წევრი აღნიშნავს, რომ ფედერაციის დირექტორი კონკრეტული ფაქტებით თავად დაინტერესდა:

„ეს ფაქტები იმიტომ ავირჩიეთ, რომ მათთან დაკავშირებით ნაკლები კითხვა ჩნდება. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სრულად მოვიცავით პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები. მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას. მთავარია, მისი მხრიდან არის დაინტერესება. უკვე დავუკავშირდით მაია თოფურიას ერთ-ერთ ადვოკატს და შეუძლია ფედერაციის ხელმძღვანელს კონკრეტულ საკითხებზე მიმართოს და მასალები გაუგზავნოს“.

ჟურნალისტ ზვიად ქორიძისთვის მიუღებელია, რომ ის ინფორმაცია, რომლისთვისაც სამართალდამცველები იბრძვიან საზოგადოებისთვის უცნობი რჩება. საზოგადოებამ ამის შესახებ მედიის მეშვეობით უნდა გაიგოს. დღევანდელი მედია კი ამ ინფორმაციას კლავს.

„დღეს კონფერენციაზე ბევრ ჟურნალისტს გაუკვირდა, როდესაც მაია თოფურია პოლიტპატიმრად მოიხსენიეს. რადგან დაპატიმრებული ჯგუფის თემა, რომელიც თავდაპირველად სამშობლოს ღალატის გამო აიყვანეს, ქართულ მედიაში მას შემდეგ აღარ გაშუქებულა. არავინ იცის, სად არიან ეს ადამიანები. საკმარისია, რომ ეს ქალბატონი იგორ გიორგაძის ცოლის და არის და ამიტომ ციხეში უნდა იჯდეს. ისევე, როგორც ნორა კვიციანი უნდა იჯდეს ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ კვიციანის დაა“.

სუერ ბელასენმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისში ყოფნისას ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოახერხებს, თუმცა ამ დროისთვის თანხმობა მხოლოდ სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გამოუცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ფედერაციას აქვს შესაბამისი მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ის საქართველოში მიღებულ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის და შეეცდება გავლენა მოახდინოს მიმდინარე მოვლენებზე, რათა მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით გაუმჯობესდეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი საუბრობს იმ დეკლარაციებზე რომელიც მესამე დღის შეჯამებისას ფედერაციის წევრებმა საქართველოს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღეს:

„ორი დეკლარაცია მივიღეთ. პირველი ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება. დეკლარაცია ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული ძირითადი დარღვევები დასახელდა.

მეორე დეკლარაცია უშუალოდ ომს და კონფლიქტის ზონაში ომის შემდგომ მდგომარეობას ეხება. ამ დეკლარაცია მონაწილე ორგანიზაციები გმობენ ამ ომს და ადამიანის უფლებების დარღვევას, რომელსაც ადგილი ომში მონაწილე ყველა მხრიდან ჰქონდა. როგორც რუსული და ოსური, ასევე ქართული მხარე არიან პასუხისმგებელნი ყველა იმ დარღვევაზე და იმ კონკრეტულ დანაშაულებზე, რომელიც ომის დროს და შემდგომ პერიოდში ხდებოდა. პასუხისმგებლობის ხარისხი, რა თქმა უნდა, განსხვავდება“.

უჩა ნანუაშვილი ამ შეხვედრისგან მნიშვნელოვან შედეგებს ელის.

„ამ დარბაზში ნათქვამი უფრო ფართო მასშტაბით, საერთაშორისო ორგანიზაციებში გავრცელდება და ჩვენ ამის პირობა მივიღეთ. ამისთვის ფედერაცია მაქსიმალურად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ მექანიზმებს და ამ ინფორმაციას, მაგალითად, ევროკავშირს მიაწვდის. ფედერაციას ბრიუსელში სპეციალური ოფისი აქვს, რომელიც სწორედ ლობირებაზე მუშაობს. იქ საუბარი ამ პრობლემატიკაზე იქნება“.

ზვიად ქორიძე ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების „ძალიან ცუდ ფორმაზე“ საუბრობს:

„იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ადამიანის უფლებადამცველებს შიგნით დაელაპარაკოს, მასთან ერთად იურთიერთობოს და პრობლემები გადაჭრას, ვიღებთ კომუნიკაციიის ასეთ მოდელს: ქართველი უფლებადამცველები ახმაურებენ პრობლემას საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებში, ისინი იკრიბებიან, მსჯელობენ, პეტიციებს აგზავნიან და შემდგომ უკვე საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციები ამ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლებას პეტიციის და რეკომენდაციის სახით უბრუნებენ, რომ ესა თუ ის საკითხი გადაჭრას“.

ახალი ამბები