კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქეების უფლებებს არღვევს

21 ნოემბერი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი  თანამშრომლები შრომითი უფლებების დაცვასა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას უკვე თვეებია უშედეგოდ ითხოვენ. მათი სახელფასო დავალიანება 10 244 ლარს შეადგენს.

საქმე 1998-2000 წლებში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას ეხება. 44268 ლარის გამო, თავის დროზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელიც აღიძრა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ცენტრის კოლექტივის საინიციატივო ჯგუფმა და ცენტრის დირექტორმა კოტე გვეტაძემ სამართლებრივი დახმარებისთვის სასამართლოს მიმართეს. აღნიშნული ორგანიზაციის თანამშრომლები 17 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვდნენ.

ჯანმრთელობის დაცვის იმერეთის სამხარეო ფონდი, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 თებერვლის №33-ე ბრძანებულების თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა. მოგვიანებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა  სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვა.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მიმდინარე წლის აპრილში იქნა ლიკვიდირებული. მე ვიყავი ამ სარჩელის ინიციატორი, მაგრამ დღეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას აღარ ვითხოვ“, - აცხადებს კოტე გვეტაძე.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2001 წლის 4 დეკემბერს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმართ 1998-2000 წლებში შესრულებული პროგრამებიდან მიუღებელი  44 537 ლარის გადახდა დაეკისრა. საქმე აღსასრულებლად იმერეთის სააღსრულებო ბიუროს გადეცა. თუმცა, გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

„საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის 2003 წლის 31 მარტის №33 განკარგულების პირველი მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ფონდმა 2003 წლის აპრილიდან მუშაობა შეწყვიტა. ხოლო ამავე განკარგულების 4.3 მუხლის თანახმად, სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელს უნდა მოეხდინა წარმოქმნილი დავალიანებების აღრიცხვა და შესაბამისად, ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინება და ეტაპობრივი დაფარვა“, - ახცადებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნანა ჩაფიძე.

პრეზიდენტის რწმუნებულის განკარგულება, რა თქმა უნდა, არ შესრულდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილ თანამშრომლებს წლების მანძილზე დაგროვილი დავალიანებები არ აკმარეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„2001 წლის 4 დეკემბრიდან, როცა სასამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ჩვენ ჩვენი კუთვნილი დავალიანება უნდა აგვეღო, უშედეგოდ დავდივართ. ჯერ მარტო სააღსრულებო ბიუროსა და კოტე გვეტაძეს შორის სიარულმა დაგვღალა. კოტე გვეტაძე, გვაჩერებდა, ზედმეტ ხმაურს ნუ ატეხავთ, საქმეს ნუ გაირთულებთო. ზედმეტი სირბილით შეიძლება სამსახურიც დაკარგოთო. სამსახური ისედაც დავკარგეთ და, როგორც ჩანს, ჩვენი კუთვნილი ხელფასის ასაღებადაც საკმაოდ  დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. როგორც ჩანს, კოტე გვეტაძეს, რომელიც თავის დროზე თვითონ იყო სარჩელის ავტორი, არ სურს დაგვეხმაროს. მას ურჩევნია სხვისი მხარე დაიკავოს“, - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი  თანამშრომშრომელი ცისანა კაკიტაძე.

სამართლებრივი თვალსაზრისით, აღნიშნული სამსახურის თანამშრომელთა სახელფასო დავალიანებები ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა დაეფარა. თუმცა, ასე არ მოხდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეკითხვაზე, რა სტადიაზეა საქმე, როდის მოხდება პრეზიდენტის რწმუნებულის განკარგულების აღსრულება და შესაბამისად, ამ ხალხის შრომითი უფლებების აღდგენა, ქუთაისის მერიას ზედაპირული და საკმაოდ უპასუხისმგებლო პასუხი აქვთ. ქალაქის მერის პირველი მოადგილის ზაზა ნუცუბიძის თქმით, „სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილ თანამშრომლებს დარღვეული აქვთ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.“

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უახლოეს დღეებში ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და იმერეთის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

ახალი ამბები