კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფლები წყლის გარეშე რჩება

5 დეკემბერი, 2008

პროექტი არავის უნახავს, სამინისტროებში არაფერი იციან

საბა წიწიკაშვილი, გორი

 

 

 მდინარე თეძამი

კასპის რაიონში მდინარე თეძამის კალაპოტის შეცვლა დაიწყო. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, თუმცა რის გაკეთებას გეგმავს ხელისუფლება, ამასთან დაკავშირებით პროექტი არც ერთ უწყებაში არ მოიძებნება. ხელისუფლების წარმომადგენელთა ზეპირი განცხადებებით, იგეგმება ახალი არხის მშენებლობა, რომელშიც მდინარეს გადაისვრიან, დამშრალ კალაპოტში კი სანიტარული წყლების ნაკადი გავა. გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, ამგვარ ვითარებას აბსურდულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მდინარის დაშრობას შესაძლოა კატასტროფული შედეგი მოჰყვეს.

ყველაფერი ზაფხულში დაიწყო.ივლისში მდინარის თეძამის სანაპიროზე სამშენებლო ტექნიკა ამოქმედდა. მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგეგმება თეძამის 15-კილომეტრიანი კალაპოტის შეცვლა. რის შემდეგ  ახლადმშენებარე 30-კილომეტრიანი სიგრძის არხის საშუალებით მდინარეს დასავლეთით მიუშვებენ. თუმცა ამ რეგიონში, ნაკვეთები ისედაც მტკვრიდან ამოტუმბული წყლით მარაგდება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასეთ სოფლებში მტკვრის სატუმბი საშუალებები რატომღაც უსარგებლოდ მიიჩნია და სოფლების მომარაგება მდინარე თეძამის წყლითა და შესაბამისად, მისი დაშრობით განიზრახა.

ნაუცბათევი პრეზენტაცია

მოსახლეობის მოთხოვნით, 4 აგვისტოს პროექტის ინიციატორები სოფელ ახალქალაქში ჩავიდნენ. შეხვედრაზე პოლიციელების თანხლებით,  სახელისუფლებო პარტიისა და ადგილობრივი ხელისუფლების მესვეურები მოვიდნენ. მოსახლეობის ზეწოლით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, გუბერნატორ ვარძელაშვილის მოადგილემ ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა და იდეის ინიციატორებმა პროექტის ზეპირი პრეზენტაცია მოაწყვეს. სწორედ მათ მიერ წარმოდგენილ პროექტში მოსახლეობამ რამდენიმე სიურპრიზი იპოვა, კერძოდ:

დაგეგმილია ძვირადღირებული წყალსაცავის მშენებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ დაგროვილი წყლის რესურსის გადაქაჩვა ახლადმშენებარე არხში, რომელიც გორის რაიონისკენ მიემართება. ამ წყალსაცავის ქვემოთ მდინარე მტკვარამდე რჩება 15-კილომეტრიანი დამშრალი თეძამის კალაპოტი. ახალქალაქელებს და კიდევ 9 სოფლის მცხოვრებლებს განუმარტეს, რომ  წყალსაცავის ქვემოთ დამშრალ კალაპოტში მხოლოდ ე.წ სანიტარული წყლის მიზერული ნაკადის დინებას დაუშვებენ. ამავე დროს, პროექტში ასახული არ იყო მდინარე თეძამის სანაპიროდან მოსაზღვრე სოფლებში გამავალი ათეულობით სარწყავი და სასმელი წყლის არხების გავსება წყლით - თითქოს ისინი არც კი არსებობდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსვეს კითხვა, თუ რატომ  იგეგმება მრავალათასწლიანი მდინარის კალაპოტის შეცვლა და რატომ არ არის პროექტში გათვალისწინებული თეძამით მოსარგებლე სოფლების მცხოვრებელთა ინტერესები (ანუ არ არის ასახული ათეულობით გამავალი არხი). პასუხად მოსახლეობას განუმარტეს, რომ  ხელისუფლება მიზანშეწონილად  მიიჩნევს წარმოდგენილი პროექტის რეალიზაციას, რადგან ის პრეზიდენტ სააკაშვილის  პოლიტიკურ  გუნდთან ერთად შემუშავდა.

წარმოდგენილმა პროექტმა მოსახლეობის მღელვარება გამოიწვია. ხელისუფლების წარმოადგენლებმა დანარჩენი კითხვები უპასუხოდ დატოვეს და წავიდნენ.

სამი დღის შემდეგ (7 აგვისტოს) ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო მდინარის სანაპიროებზე სამუშაოები შეჩერდა, თუმცა შემდეგ ხელისუფლებამ დაჩქარებულ რეჟიმში კვლავ დაიწყო  თეძამის დაშრობა.

ცოტა რამ თეძამზე

აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" შიდა ქართლის ოფისს წერილობით სოფელ ახალქალაქის მაცხოვრებელმა ნ. წერეთელმა მიმართა.

მისი თქმით სოფლები: ახალქალაქი, გარიყულა, ჩოჩეთი, მეტეხი, ქვემო გომი, ნიაბი, ბორტა, ბარნაბიანთკარი და სხვა სასმელ წყალს ძირითადად ჭებიდან იღებენ. თეძამის წყლის არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ჭების დაშრობა და სხვა ანომალური პროცესები. დარღვეული ეკოლოგიური ბალანსის შედეგად რეგიონი დადგება გარდაუვალი ტოტალური მიგრაციის უცილებლობისა და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე.

სოფელი ახალქალაქი (წარსულში ,,მეფის ქალაქი") დაარსებულია 1634 წელს მდინარე თეძმის სანაპიროზე. დაარსებისთანავე ქალაქს დაეკისრა მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია, რამაც განაპირობა მაშინდელი  ქალაქის განვითარება.

მდინარე თეძამის ხეობა მისი შემოგარენით და ჯანსაღი კლიმატით წარმოადგენს პერსპექტიულ საკურორტო ზონას, რეგიონის მთავარ სიმდიდრეს და სავიზიტო ბარათს. ზაფხულის ცხელ დღეებში მდინარის სანაპირო დილიდან გვიან ღამემდე  გადავსებულია დამსვენებლებით... ცხადია, მდინარე რეგიონისთვის ძირითადი ეკონომიური შემოსავლების და საერთო ეკოლოგიური ბალანსის განმსაზღვრელი გახლავთ.

მდინარის სანაპიროდან გამავალი მრავალი  ათეული სარწყავი არხი წარმოადგენს სოფელ ახალქალაქისა და  მიმდებარე სოფლების (გარიყულას, თეძმისხევის, ჩოჩეთის, მეტეხის, ბარნაბიანთკარის, ბორტას, ნიაბის, ქვემო გომის, სასირეთის) სავარგულების სარწყავ ძირითად არტერიას. 

ზაფხულში მდინარის ნაკადი მნიშვნელოვნად კლებულობს და იქმნება სარწყავი და სასმელი წყლის მწვავე დეფიციტი, რის გამოც მოსახლეობას შორის ხშირად ვლინდება სხვადასხვა ფორმის  უსიამოვნო ინციდენტები.

პროექტის ძიებაში

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შიდა ქართლის ოფისი ცდილობს, მოიპოვოს აღნიშნული  პროექტი, რომელიც ხელისფლებამ ზეპირად წარმოადგინა, თუმცა ის არც ერთ ადგილობრივ უწყებაში არა აქვთ.  კასპის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ნონიაშვილი აცხადებს, რომ ამ სამუშაოებთან დაკავშირებით კასპის ხელისუფლებას არანაირი დოკუმენტაცია არ გააჩნია. ,,მაგ სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ასრულებს და მათ ექნებათ ყველანაირი დოკუმენტაცია“, - გვითხრა ნონიაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსმა სამსონ ქებაძემ  კი განგვიცხადა, რომ პროექტი შპს ,,მტკვარი ემ“-ის დირექტორ დავით მუჯირიშვილთან უნდა ვეძებოთ.  ,,მტკვარი ემ“ წარმოადგენს სამელიორაციო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია, რომელსაც შიდა ქართლში არსებული ყველა სარწყავი არხი აბარია და მოსახლეობაში წყალს ანაწილებს. თუმცა პროექტი არც მას აღმოაჩნდა.

დავით მუჯირიშვილი: ,,პროექტი ექნება უშუალოდ იმ სამშენებლო კომპანიას, რომელიც მდინარე თეძამთან არსებულ სარწყავი არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. როდესაც სამშენებლო კომპანია მუშაობას დაასრულებს, გამზადებულ ობიექტს ჩავიბარებთ.

მანდ მდინარეს კი არ აშრობენ, არამედ კომუნისტების დროს დაწყებულ სამუშაოებს აგრძელებენ. მხოლოდ რეაბილიტაცია ხდება. მდინარე თეძამი დაგუბდება და სარწყავი არხების მეშვეობით სხვადასხვა სოფლებში განაწილდება. რაც შეეხება მდინარე მტკვრამდე არსებულ კალაპოტს, იქ სანიტარული წყლის ნაკადს გავუშვებთ, ისე რომ კალაპოტი არ დაშრება“.

მუჯირიშვილი ირწმუნება, რომ წყალი საკმარისი იქნება. სინამდვილეში ზაფხულის პერიოდში მდინარე თეძამის წყლის რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. პრესსამსახურში შეგვპირდნენ, რომ ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი ამ საკითხზე ჩვენთან შეხვედრას მოაწყობდა, თუმცა ჯერჯერობით შეხვედრაზე თანხმობა არ მიგვიღია.

გარემოს დაცვის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსმა თეძამთან დაკავშირებით დაწყებული სამუშაოების შესახებ  პირველად ჩვენგან გაიგო. სამინისტროში  გვითხრეს, რომ მათ მონიტორინგის უფლება არა აქვთ. ,,თუ მოსახლეობიდან იქნება საჩივარი, მხოლოდ მას შემდეგ განვიხილავთ“, - განაცხადეს გარემოს დაცვის სამინისტროში.

არათუ პროექტის, საერთოდ ამ სამუშაოების შესახებ არაფერი იციან გარემოს დაცვის ინსპექციაშიც.

მდინარის შესაძლო დაშრობით შეშფოთებულმა კასპელებმა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივასაც“ მიმართეს. ისინი თავის მხრივ შეეცადნენ პროექტი მოეძიებინათ, მაგრამ უშედეგოდ.

ირაკლი მაჭარაშვილი, ბიომრავალფეროვნების პროგრამების კოორდინატორი: ,,გარემოს დაცვის სამინისტროს მსგავსი არაფერი აქვს, არც ნებართავა გაუციათ, რაც აუცილებელი იყო. რადგან პროექტი არ გვინახავს, არ ვიცით კერძოდ რა სახის ნებართვა სჭირდება ამგვარ სამუშაოებს. მაგრამ ნებართვისთვის ან გარემოს ზემოქმედების შეფასება დასჭირდებოდათ ან ეკოლოგიური ექსპერტიზა. ეს დამოკიდებულია მშენებლობის მასშტაბებზე.  გარემოს დაცვის სამინისტროს არცერთი არ გაუცია. გამორიცხული არ არის კრიმინალთან გვქონდეს საქმე“.

იგივეს იმეორებს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი (CENN) ნანა ჯანაშია: ,,ინვესტორმა გარემოს ზემოქმედების კვლევა უნდა გააკეთოს, რომელშიც საზოგადოებაც იქნება ჩართული. ამ კვლევაში სხვადასხვა ალტერნატივებიც უნდა იყოს განხილული. შემდეგ ამ ყველაფრის საფუძველზე მომზადდება გარემოსდაცვითი  მენეჯმენტი და მონიტორინგის გეგმა.

გარემოს დაცვის სამინისტრო არ არის მართალი, როდესაც აცხადებს, რომ მონიტორინგის განხორციელება საჩივრის გარეშე არ შეუძლიათ. გარემოს დაცვის ინსპექცია სწორეს იმისთვისაა, რომ ინსპექტირებას აკეთებდეს და მსგავს ფაქტებზე რეაგირებდეს, მითუმეტეს, თუ იქ უკვე ტექნიკა მუშაობს. მაგრამ გარემოს დაცვის ინსპექცია ძირითადად ტყეების კონტროლზეა გადასული“.

ნანა ჯანაშია ამბობს იმასაც, რომ  მსგავსი პროექტი არის ძველი, კომუნისტური მიდგომა საკითხისადმი, რადგან  სწორედ კომუნისტების დროს უცლიდნენ მდინარეებს კალაპოტებს. ახლა პირიქით ყველა ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებად ჩაერიოს ბუნებაში.

ჭიჭიკო ჯანელიძე, შესაბამისობის სამეურნეო საბჭოს (SCS) ექსპეტი: ,,წარმოუდგენელი გვეჩვენება 15-კილომეტრიანი მდინარის ბუნებრივი მონაკვეთის ხელოოვნურად ტრანფორმაცია (კალაპოტის გაუწყლოვანება, არხის  გაჭრა, წყალსაცავის შექმნა) ამ  მონაკვეთის კომპლექსური შეფასების გარეშე. აუცილებელია პრობლემის გაცნობა სათანადო სპეციალისტების მიერ და მათი დასკვნების გათვალისწინება.

გარდა ამისა, მდინარის შენაკადები წარმოადგენს თევზის გამრავლების აუცილებელ პირობას, რადგან ქვირითის დაყრა სწორედ აქ ხდება.  ამის გამო, გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტთან შეუთანხმლებლად რამის გაკეთება არ შეიძლება, ამან შეიძლება თევზის გარკვეული სახეობების  გაწყვეტა გამოიწვიოს“.

ჭიჭიკო ჯანელიძის თქმით, ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ თეძამის მიმდებარე სოფლები პირდაპირ ამ მდინარის წყალზე არიან დამოკიდებული, რადგანაც მას სარწყავად იყენებენ. თუ მდინარე აღარ იქნებათ, მოსახლეობა იქ  მოსავალს ვეღარ მოიყვანს.

რაც შეეხება სანიტრულ წყლებს, ექსპერტის თვალსაზრისით, ამგვარი რამ თეძამთან დაკავშირებით ვერ განხორციელდება. ზოგადად, მდინარეს სანიტარული ფუნქცია კი აქვს ( წყალდიდობისას ნაპირებს ასუფთავებს), მაგრამ თეძამი ისედაც პატარა მდინარეა და თუ მიმართულებას შეუცვლიან, მისგან საერთოდ აღარაფერი დარჩება. შესაბამისად კალაპოტში წყალი აღარ გაივლის.  

ახალი ამბები