კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთიდან დევნილები „ენერგოპროჯორჯიას“ წინააღმდეგ გამოდიან

5 დეკემბერი, 2008

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ზუგდიდის #10 საბავშვო ბაღის, რკინიგზელთა სახლისა და ე.წ. დო-რესტორნის შენობებში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს 6 თვეა რაც ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. დენის გათიშვის მთავარ მიზეზად გახარჯული ელექტროენერგიის საფასურზე არსებული დავალიანება სახელდება. თუმცა, რატომ ეძებს „ენერგოპროჯორჯია“ ამ თანხებს დევნილ მოსახლეობაში, ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან ელექტროენერგიის საფასურს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო იხდის. დევნილთა რეგიონალურ სამსახურში კი აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვა დევნილთა გადამისამართებამ გამოიწვია და არანაირი დავალიანება არ არსებობს.

ზუგდიდის # 10 საბავშვო ბაღის ეზოში, ნეკერჩხლის ხეებს შორის საგანგებოდ გაბმულ თოკზე მიმოზა გამახარია შვილთაშვილების ტანსაცმელს ჰფენს. მის შავ სამოსს კი სანთლის წვეთების ნაკვალევი ემჩნევა. თოკზე სარეცხის ყოველ დაკიდებაზე მოხუცი ქალი საკუთარ თავს გამეტებით წყევლის: „რატომ არ მომხვდა აფხაზის ტყვია, რატომ არ მოვკვდი იმ ოჩამჩირეში, ასეთ წამებაში სულის ამოხდას წამიერი სიკვდილი არ მერჩია?!“ მიმოზა გამახარიას არც „ენერგოპროჯორჯია“ ავიწყდება და მათ წილ წყევლა-კრულვას ზუსტად მისამართზე აგზავნის.

მიმოზა გამახარია, დევნილი: „რა მისამართი შეეშალათ, რით ვერ გვიპოვეს. 15 წელია აქ 30 კაცი ვცხოვრობთ და ახლა გავხდით საძებარი?! „ენერგოპროჯორჯიამ“ ჯერ შუქი მოგვცეს და მერე აგვიხსნას სად მიაქვს ის ჩვენი ფული, მთავრობა რომ გვირიცხავს. 6 თვეა წყვდიადში ვზივართ. 7 სული ვართ ოჯახში და დღეში ლარნახევრის სანთელი გვჭირდება. საიდან მოვიტანოთ ამდენი თანხა?! შეშა ძლივს ვიყიდეთ, თხილის ნაჭუჭს ვურევთ და ასე ვიზოგავთ. სარეცხ წყალსაც ასე ვათბობთ...“

კომუნალური მრიცხველი, საიდანაც ელექტროენერგია საბავშვო ბაღის შენობაზე, ყოფილ რკინიგზელთა სახლსა და ე.წ. დო-რესტორანზე ნაწილდება, იმავე ეზოში დგას. საკმარისია ვინმემ აწიოს ე.წ. „რუბილნიკი“ და დენიც ჩაირთოს, მაგრამ ამის გაკეთებას მოსალოდნელი პრობლემების გამო ვერავინ ბედავს. ამის გაკეთება დევნილებმა მხოლოდ 8 აგვისტოს შეძლეს, როცა ქვეყანაში საომარი მოქმედებები დაიწყო და საოკუპაციო ჯარი ზუგდიდში შემოვიდა, მაგრამ თვენახევრის შემდეგ „ენერგოპროჯორჯიამ“ დენი ისევ გათიშა.

ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ზუგდიდის #10 საბავშვო ბაღიც, სადაც 150-მდე ბავშვი სწავლობს. ჩაბნელებული ზაფხულის შემდეგ მისმა დირექტორმა რთული სიტუაციიდან გამოსავალი შემოდგომაზე იპოვა.

მაკა კვირკვია, #10 საბავშვო ბაღის დირექტორი: „ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც შუქზე ვართ დამოკიდებული, რადგან ბაღი თხევადი გაზით და სათბობი შეშით მარაგდება. პრობლემა ზაფხულში გვქონდა, როცა საკვებ პროდუქტებს ახლომდებარე სახლების მაცივრებში ვინახავდით. გაუსაძლისი პირობები გვქონდა, მაგრამ გადავიტანეთ. ზამთარში ოთახების განათებაც აუცილებელია და ამიტომაც ინდივიდუალურ მრიცხველზე ვიზრუნე. ორ-სამ დღეში საკუთარი მრიცხველი გვექნება და სხვაზე დამოკიდებული აღარ ვიქნებით. თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ის პერიოდი, რაც აქ დევნილები ჩასახლდნენ, მათთვის განკუთვნილი დენით ვსარგებლობდით.“

ოჩამჩირედან დევნილი ვეკუების ოჯახი ყოფილ რკინიგზელთა სახლში ქირით ცხოვრობს. წლების განმავლობაში ისინი საბავშვო ბაღის შენობაში ბინადრობდნენ, მაგრამ ბავშვების რაოდენობის გაზრდის გამო იძულებული იყვნენ შენობა დაეტოვებინათ. ამ ოჯახმაც შუქის გარეშე 6 თვე გაატარა.

მაკა ვეკუა, დევნილი: „ენერგოპროჯორჯიადან“ ქვითარი მოგვიტანეს, სადაც დავალიანება 6 428 ლარით იყო განსაზღვრული. თუმცა ჯერჯერობით ვერ გავარკვიეთ საიდან გაჩნდა ამ რაოდენობის თანხა. როდესაც დევნილობის ახალი მოწმობები ავიღეთ, იქ უკვე სხვა მისამართი, ქობულეთის #35 ეწერა, მაგრამ გვითხრეს, რომ მისამართს მნიშვნელობა არა აქვსო. როგორც ჩანს, ჰქონია, რადგან ჩვენთვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხები ხომ კონკრეტულ მისამართზე უნდა ირიცხებოდეს?! საბაზისო მონაცემებში აღმოვაჩინეთ, რომ იმავე მისამართზე კიდევ 135 დევნილი იყო მიწერილი.“

ამგვარი გადამისამართება-გადმომისამართების გამო ელექტროენერგიის პრობლემა ზუგდიდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობებში კომპაქტურად ჩასახლებულ ყველა დევნილს გაუჩნდა. დევნილების განცხადებით, 2007 წლის დეკემბრის დასაწყისში დაწყებული აღრიცხვა, რასაც გადამისამართება მოჰყვა, 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. სახელმწიფოს მხრიდან ამ სამუშაოს ჩატარების ოფიციალური მიზეზი თითქოს აღრიცხვიანობის მოწესრიგება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, იგი არჩევნების გაყალბებას ემსახურებოდა. ამიტომაც, ჩეხურმა კომპანიამ „ენერგოპროჯორჯიამ“ შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების ასეთი „გონივრული ნაბიჯი“ თავის დროზე ვერ გაითვალისწინა და „გაუგებრობაში“ ნებით თუ უნებლიედ მოჰყვა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, სახელისუფლებო კანდიდატი თუ პარტია ამ გეგმის მიხედვით ერთდროულად რამდენიმე ხმას მიიღებდა. დევნილები ცხადია, ხმის მისაცემად იმ საარჩევნო უბნებში გამოცხადდებოდნენ, სადაც ტერიტორიულად ხვდებოდნენ, მაგრამ გადამისამართებული და ყალბი პირადობის მოწმობებით, რომელზეც ხელისუფლებამ ადრევე იზრუნა, მათი ხმები სხვა ურნებშიც უპრობლემოდ ჩაიყრებოდა. ასეც მოხდა. საარჩევნო კარუსელი შედეგიანად ამუშავდა.

ასე, რომ „ენერგოპროჯორჯიამ“ როგორც ჩანს, პოლიტიკური ნება მართლაც არ გაითვალისწინა და დევნილებზე ელექტროენერგიის მიწოდება შეგნებულად გაართულა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელობამ „ენერგოპროჯორჯიას“ დევნილებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მოთხოვნით წერილობით რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს კომპანიამ შესაბამისი წერილი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან მოითხოვა. ამ სამინისტრომ კი ორასგვერდიანი მოთხოვნა მალევე გამოაგზავნა, მაგრამ დენი დევნილებს დღემდე არ მიეწოდებათ.

დევნილთა რეგიონალურ სამმართველოში რეგისტრაციის დროს ბაზაში დაშვებულ შეცდომებს არ უარყოფენ, მაგრამ აცხადებენ, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მისამართებზე შესწორების შეტანის პროცესს რამდენიმე დღეში დაასრულებს. დევნილთა სამსახურში „ენერგოპროჯორჯიას“ წინააღმდეგ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ „ადამიანის უფლებათა ცენტრისათვის“ ცნობილი გახდა, რომ სამხილები ამ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის წინააღმდეგ მართლაც გროვდება. არ არის გამორიცხული, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ „ენრგოპროჯორჯიას“ სასამართლოში უჩივლოს.

ლევან მიქავა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს უფროსი: „ენერგოპროჯორჯია პრობლემებს გვიქმნის, მაგრამ რაც გვეკუთვნის, იმას ვერავინ წაგვართმევს, საკმაო გამოცდილება მივიღეთ მსგავს დავებში. დევნილებს არანაირი დავალიანება არა აქვთ. სამინისტრომ რეგისტრაციის დროს შეცდომები დაუშვა, მაგრამ თანხები რეალურად გამოიყო ელექტროენერგიის თანხების დასაფარად. როგორც კი მოწესრიგდება აღრიცხვა, ის თანხები დევნილთა რეალურ მისამართებზე ჩაირიცხება და დენის მიწოდებაც აღდგება.“

სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების კომუნალურ და ელექტროენერგიის ხარჯებზე ყოველთვიურად 12 ლარი 58 თეთრი გამოიყოფა.

ახალი ამბები