კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფსიქიკურად გაუწონასწორებელს წინასწარ პატიმრობა შეუფარდეს

5 დეკემბერი, 2008

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის პაციენტი ვანო ბერიძე უკვე ერთი თვეა ციხეში ზის. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 14 ნოემბერს შეუფარდა.

დაკავებული ვანო ბერიძე პოლიციამ სასამართლო პროცესზე ხელბორკილებით წარმოადგინა. რატომღაც მოსამართლეც კი არ დაინტერესებულა ბერიძეს ხელბორკილები რატომ ეკეთა და რატომ იყო ადვოკატის გარეშე. სასამართლო პროცესზე კითხვა: სჭირდებოდა თუ არა მას დამცველი, მოსამართლეს არ დაუსვამს.

ასევე პროცესზე არ წაუკითხავთ შუამდგომლობა ბერიძის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ. აღნიშნული ბრძანება, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოდან მოგვიანებით გამოითხოვა. მასში წერია, რომ „დაახლოებით 02 საათზე იმყოფებოდა რა ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩაზე, განიზრახა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, რისთვისაც მივიდა იქვე N48-ში განთავსებულ ზურაბ ველიაძის კუთვნილ მშენებარე ობიექტში, საიდანაც ფარულად ცდილობდა დაუფლებოდა ელექტროსადენებს, მაგრამ განზრახვა ბოლომდე ვერ მიიყვანა“.

მოსამართლემ პროცესზე ეჭვქვეშ დააყენა ეჭვმიტანილის ფსიქიკური მდგომარეობა, თუმცა გამომძიებელმა შანყულაშვილმა მას ბერიძის ნასამართლობა შეახსენა: „მაშინ ხომ ვერ გაასამართლებდით ფსიქიკურად რომ ვერ იყოს. ალბათ, მაშინ ექსპერტიზა გექნებოდათ ჩატარებული...“.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაუკავშირდა ედნარ კეკელიძეს, რომელიც ბერიძეს პირველი გასამართლების დროს იცავდა. ,,კი, მაშინ დამიძახეს და ვიცავდი. როგორც მახსოვს, ექსპერტიზის მოთხოვნა დავაყენე და სასამართლო პროცესი გადაიდო. მორიგ პროცესზე კი უკვე საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს“, - განაცხადა სატელეფონო საუბარში კეკელიძემ.

ჩვენ გადავწვიტეთ, ვანო ბრიძის ახლობლებს გავსაუბრებოდით. მისი ბებიის მოძებნა სახელით და მითითებული კორპუსის მიხედვით დავიწყეთ. ქალბატონმა ანონიმურად დარჩენა ითხოვა და გნაცხადა, რომ ვანოზე უკვე ხელი აქვს აღებული.  „ვანოს დედა მყავდა შვილად აყვანილი. 2001 წელს, უკვე მესამედ პატიმრობაში რომ მისცეს, იურიდიულად მასზე უარი ვთქვი და ახლა მარტოხელა ვარ. ვანოც ჩემთან მას შემდეგ აღარ ცხოვრობს. ძალიან კი მეცოდება, მაგრამ ფსიქიკურად ვერ იყო და ღამით მასთან ერთად დარჩენა მეშინოდა. ამის შემდეგ ღამის თავშესაფარში ცხოვრობდა, ხანდახან მოდიოდა ჩემთან“, - თქვა მან. 

ჩვენ „ღამის თავშესაფარსაც“ დაუკავშირდით.  მისი ხელმძღვანელი ვიტალი დოლიძე აცხადებს, რომ ვანო ბერიძე თავშესაფარში ბოლო რამდენიმე წელია ღამეს აღარ ათევს. დოლიძემ არც ვანოს პატიმრობაში ყოფნა იცოდა: „საცოდავი ბიჭია, ფსიქიკურად ვერ არის. ასეთი ციხეში როგორ ჩასვეს, ეგ ხომ თავის ქმედებაზე პასუხს ვერ აგებს...“.

გარდა ამისა, ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერისგან მივიღეთ ცნობა. რომელშიც წერია, რომ ვანო ბერიძე 1996 წლის 2 დეკემბრიდან მათთან აღრიცხვაზეა აყვანილი, დიაგნოზით: „გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა, გამოკვეთილი ფსიქოპატიზაციით“.

ედიშერ მახარაძე, ,,ადამიანის უფლებთა ცენტრი“: „სისხლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია, ფსიქიკური ნაკლის ან დაავადების მქონე პირს დამცველი დაუნიშნოს. რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. დამცველი, იძულებითი წესით, ვანო ბერიძეს უნდა ჰყოლოდა მისი დაკავების, ანუ ეჭვმიტანილის პროცესუალური სტატუსის მინიჭების მომენტიდან.

დაცვის უფლების დარღვევა - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 563 მუხლის II ნაწილის „ვ“ პუნქტის თანახმად, ითვლება საპროცესო კანონის არსებით დარღვევად და განაპირობებს განაჩენის გაუქმების აბსოლიტური კასაციის საფუძველს.

ვანო ბერიძის ფსიქიკური ნაკლის ან დაავადების შესახებ ეჭვის წარმოშობის საფუძველს ქმნის მისი გარეგნობა და ქცევები. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აჭარის ბიურო ზუსტად ამიტომ დაინტერესდა ბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობით. გამოვლინდა, რომ ბერიძე 1996 წლიდან დაავადებულია  გონებრივი ჩამორჩენილობით და ფსიქოპატიზაციით. კანონის თანახმად, ასეთ ვითარებაში სასამართლო ფსიქოლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების გზით უნდა გაირკვეს, ბერიძის შერაცხადობის საკითხი. იმდენად, რამდენადაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34 მუხლის I ნაწილის თანახმად, შეურაცხადობა წარმოშობს ბრალის გამომრიცხავ გარემოებას.

იმ შემთხვევაში თუ ვანო ბერიძე წინათ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში ამგვარი ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო და უნდა გარკვეულიყო მისი შერაცხადობის საკითხი, ვიდრე დადგებოდა სასამართლოს განაჩენი“.

ახალი ამბები