კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ყაზტრანსგაზი-თბილისი“ მომხმარებელს მრიცხველების გამოცვლას უკანონდ აიძულებს

6 დეკემბერი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დედაქალაქში ბუნებრივი აირის მომხმარებლებს მრიცხველების გამოცვლას უკანონოდ აიძულებს. მრიცხველის საფასურის გადახდასაც მათ აკისრებს. ამ ფაქტმა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის უკმაყოფილება გამოიწვია. 10 დეკემბერს სემეკი ამ საკითხის განხილვას გეგმავს. სავარაუდოდ, „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ ჯარიმის გარდა დამატებითი ვალდებულებების შესრულებაც დაეკისრება.

საქართველოს ენერგეტიკის ეროვნულ მარეგულირებელ კომისიასთან არსებული ელექტროენერგიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველი მალხაზ ძიძიკაშვილი ამბობს, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მსგავს ქმედებებს 5-6 თვეა ახორციელებს. მასიური ხასიათი ამან ოქტომბრიდან მიიღო.

ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მაცხოვრებელს, მანანა კახაბრიშვილს ყაზტრანსგაზის წარმომადგენლებმა ამ მოთხოვნით უკვე მიმართეს.

მანანა კახაბრიშვილი: „რაღაც ხმები დადიოდა, თითქოს ყველამ უნდა გამოვცვალოთ მრიცხველები. იმ შემთხვევაში, თუ არ გამოვცვლით, უფრო დავზარალდებით და დავისჯებით. გუშინწინ დაიარეს და ყველა სიტყვიერად გაგვაფრთხილეს, მრიცხველებს თუ არ გამოვცვლით, დავჯარიმდებით. მრიცხველები „ყაზტრანსგაზში“ შესამოწმებლად უნდა ჩავიტანოთ; განცხადება დავწეროთ, თითქოს ჩვენი მრიცხველი არ მუშაობს ან ცუდად მუშაობს. თან კიდევ, თუ მათი ექსპერტები დაასკვნიან, რომ მრიცხველი დაზიანებული იყო, მომხმარებელს  დავალიანების სახით 300-დან 500 კუბომეტრის შესაბამის თანხას ახდევინებენ. გარდა ამისა, გვეუბნებიან, რომ მრიცხველების შეძენა და დამონტაჟება საკუთარი სახსრებით უნდა მოვახდინოთ“.

როგორც მანანა კახაბრიშვილი აღნიშნავს, მას და მის მეზობლებს არ აქვთ იმის გარანტია, რომ ექსპერტიზის დასკვნაში დაზიანებას იმ შემთხვევაშიც არ ჩაუწერენ, თუ მრიცხველი რეალურად დაზიანებული არც იქნება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნესტან ლონდარიძე ასევე გახდა „ყაზტრანსგაზის“ თანამაშრომლების მხრიდან მსგავსი ზეწოლის მსხვერპლი. მრიცხველის მოხსნა მას შესაბამაისი ოქმის გარეშე მოსთხოვეს.

ნესტან ლონდარიძე: „ასეთ შემთხვევაში, უნდა შედგეს ოქმი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მრიცხველი დაზიანებულია. აბონენტის მიერ მრიცხველის მოხსნა და ექსპერტიზაზე წაღება შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის გარეშე არ შეიძლება. როდესაც მრიცხველს ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტის გარეშე ხსნიან, ეს ეჭვის საბაბს აჩენს. ხომ უნდა აისახოს, რა მდგომარეობაში იყო მრიცხველი მოხსნის დროს, და რა დარღვევები გამოაჩინა ექსპერტიზამ. თუ წერილობითი აქტი არ იქნება, ექსპერტიზის დასკვნაში, ექსპერტებს ყველაფრის ჩაწერა შეეძლებათ. ამით მოსახლეობის უფლებები ილახება“.

მიუხედავად იმისა, რომ„ყაზტრანსგაზში“ აცხადებენ, თითქოს ამოწმებენ მხოლოდ 7-8 წლის წინ წარმოებულ ჩინურ მრიცხველებს, „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ისეთი მოქალაქეებიც მიმართავენ, რომლებსაც ასეთი ტიპის მრიცხველები 2-3 წლის წინ ჰქონდათ დამონტაჟებული. გაზის გამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მრიცხველი მომხმარებლის კერძო საკუთრებაა, ამიტომ მისი საფასურის გადახდაც მას უნდა დაევალოს. კომპანიაში დაგვიდასტურეს, რომ ექსპერტიზის თანხა თავად მომხმარებლების გადასახდელია და ის 8 ლარი ღირს. 500 კუბომეტრის გადახდა კი მომხმარებელს იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ მისი მრიცხველი დაზიანებული იქნება.
 
სემეკ-ის 2004 წლის 10 სექტემბრის დადგენილებაში („ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ) მომხმარებლისა და მომწოდებლის ურთიერთობა სრულად არის გაწერილი. დოკუმენტში წერია, „ამ წესებით დადეგნილი შემთხვევების გარდა სემეკ-ის წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება ნებისმიერო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა“.

როგორ მალხაზ ძიძიკაშვილი აღნიშნავს, „ყაზტრანსგაზს“ მრიცხველის შემოწმების უფლება ერთმნიშვნელოვნად აქვს. მაგრამ, ამ შემთხვევაში შემოწმებისთვის საჭირო თანხის გადახდა მასვე ევალება.

„თუ მრიცხველი მწყობრიდან მომხმარებლისგან დამოუკიდებელი მიზეზით არის გამოსული, ამ შემთხვევაში მრიცხველის ყიდვა მას არ ევალება“.

ენერგოომბუდსმენში უკვე 20-მდე განცხადება შევიდა, სადაც მომხმარებელები „ყაზტრანსგაზს-თბილისს“ უჩიოდნენ. ახალი მრიცხველის შეძენას მათ იმ შემთხვევაშიც აიძულებდნენ, თუკი ის მწყობრიდან მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოდიოდა.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია 10 დეკემბერს იმსჯელებს. იგეგმება ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” 15’000 ლარით დაჯარიმებაც.

მალხაზ ძიძიკაშვილი: „ ეს არ იქნება მხოლოდ დაჯარიმება. „ყაზტრანსგაზს“ ასევე გარკვეული ვალდებულების შესრულებაც დაეკისრება. პირველ რიგში, იმიტომ, რომ, მომხმარებელს აკისრებდნენ წესებით გაუთვალისწინებელი ვალდებულების შესრულებას, რომელიც ასევე დამატებით გადასახადს უკავშირდებოდა. 

ის მომხმარებელი, რომლემაც მრიცხველის საფასური გადაიხადა, ხოლო მრიცხველი დაზიანებული მისგან დამოუკიდებლად იყო, ან ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ მრიცხველი ცნობილია უვარგისად იმიტომ, რომ მას მაღალი ცდომილება ჰქონდა, ან გაზს არ აღრიცხავდა, ყველა ამ შემთხვევაში მომხმარებლის მიერ გაზის მრიცხველში გადახდილი თანხა მას დაუბრუნდება, ან გაზის საფასურში დაექვითება“.

„სემეკ“-ის მიერ ყაზტრანსგაზის ეს პირველი დაჯარიმება არ იქნება. პირველად ის იმიტომ დააჯარიმეს, რომ მომხმარებელს წესებით გაუთვალისწინებელი ვალდებულებების შესრულების ავალებდა.

ახალი ამბები