კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასწორ მშენებლობას მსხვერპლი მოჰყვა

11 დეკემბერი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

გლდანში 9 დეკემბერს კორპუსის ჩამონგრევამ მოსახლეობა და მერია დააფიქრა, რამდენად უსაფრთხოა ასეთი ტიპის მიშენებების კონტროლის გარეშე მიტოვება. თუ ადრე თბილისის მოსახლეობა „კამიკაძე ლოჯების“ დანგრევასთან დაკავშირებით, პროტესტს გამოთქვამდა, დღეს ისინი თავად ითხოვდნენ, გადამოწმდეს ასეთი მიშენებების უსაფრთხოება და მერიამ შესაბამისი ზომები მიიღოს.

გლდანის „ა“ მიკრორაიონში მდებარე 63-ე კორპუსის მიშენებული ნაწილი 9 დეკემბერს დღის სამი საათისთვის ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილებიდან ოთხი გარდაიცვალა, ერთი გადარჩა.

რკინის კონსტრუქცია პირველიდან მეცხრე სართულამდე მთელი კორპუსის სიგრძეზე იყო მიშენებული. ზოგმა თავის სართულზე აგურით ლოჯები ააშენა, რამაც ეს კონსტრუქცია მეტად დაამძიმა. თვითმხილველების თქმით, მიშენებამ ჩამონგრევა შუა სართულებიდან დაიწყო.

მართალია, მიშენება სამშაბათს ჩამოინგრა, მაგრამ მცხოვრებლის თქმით, ბზარები უკვე კვირას გამოჩნდა. მეტიც, კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, ციცინო გელაშვილი, ყვება, რომ აივანი უკვე დიდი ხანია ქანაობს. ხოლო რკინის კონსტრუქციის ერთმა ნაწილმა უკვე დიდი ხანია დეფორმაცია მიიღო. მიშენებული აივინი მისი ქალიშვილის თავლწინ ჩამოიშალა.

„ყველა მე მემდუროდა იმიტომ, რომ ვჩხუბობდი, ამხელა მიშენება საჭირო არ იყო. ორი მეტრიც საკმარისი იქნებოდა. საერთოდ, ამ კორპუსზეც ამბობდნენ, ავარიულიაო. არც სამშენებლო კომპანიის მუშაობა მომწონდა“.

დღეს უკვე დარწმუნებულია, რომ მსგავსი მიშენებები უნდა აიკრძალოს. ზოგად ხედს აფუჭებს, „თან ასეთი აივნების მიშენების შედეგი ყველამ დავინახეთ“.

როგორც მოსახლეობა მოგვითხრობს, ეს მიშენება 90-იანი წლების დასაწყისში ამხანაგობების მიერ აშენდა. მაშინ ამ კორპუსის მოსახლეობამ ფული შეაგროვა და მშენებლობა კერძო კომპანიას მიანდო.

ანალოგიური მიშენება 63-ე კორპუსს მეორე მხრიდანაც აქვს. მომხმდარი ფაქტის გამო, მოსახლეობა განსაკუთრებით შეშინებულია.

ეკა უგრეხელიძე: „ვინ მომცემს გარანტიას, რომ ეს კორპუსი მდგრადია?! ეს მიშენებები უნდა დაინგრეს“.

ნანა ბაკურიძე: „მას შემდეგ, რაც ეს მიშენება ჩამოინგრა, კორპუსი სერიოზულად მოირყა. თავად მაქვს ეს მიშენება გაკეთებული და ძალიან მეშინია“.

როგორც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე, დავით ავალიანი ამბობს, თბილისში მსგავსი ათასობით მიშენებაა. ასე რომ, მათი გაკონტროლება საკმაოდ რთულია.

„იმ წლებში ქალაქში მსგავსი მოშენებების ბუმი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამას შემთხვევითი პირებიც აშენებდნენ, რომლებსაც მშენებლობასთან არავითარი კავშირი ჰქონდათ. კანონიერების და მშენებლობის წესების დაცვაზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია“.

მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ასეთი ტიპის მიშენებების კონტროლის პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს, თუმცა დავით ავალიანი აცხადებს, რომ იმაზე მეტად პოლიტიკის გამკაცრება, რაც დღეს არის, შეუძლებელია.

„ახალ მიშენებებს ჩვენ არ ვუშვებთ. რაც შეხება ძველ მიშენებებს, რომელიც 90-იან წლებში შენდებოდა, ამის გაკონტროლება და შესწავლა საკმაოდ რთულია. თავად ამხანაგობებმა უნდა მიმართონ შესაბამის სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებს, რომლებიც სწავლობენ, რამდენად მდგრადია ან მყარია მიშენება. შემდეგ მერიის თანადაფინანსებით ეს მიშენება გამაგრდება ან მისი დემონტაჟი მოხდება.

ძნელია, მერიამ საკუთარი ინიციატივით დაიწყოს ამ მიშენებების შესწავლა, რადგან ეს ქონება უკვე კერძო საკუთრებაშია გადასული. ჩვენ რომ დავიწყოთ მისი შესწავლა, პირველ რიგში, კერძო მესაკუთრეების თანხმობა გვჭირდება“.

ბოლო დროის განმავლობაში, როდესაც პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე მასობრივი ლეგალიზაცია დაიწყო, შესაძლოა, ასეთი მიშენებების ლეგალიზაციაც მომხდარიყო. თუმცა ზედამხედველობის სამახურის უფროსის მოადგილე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მესაკუთრეს აუცილებლად უნდა წარედგინა ოფიციალური დოკუმენტი, რამდენად მყარია ის მიშენება, რომლის ლეგალიზაციაც მას სურდა. მიშენება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ იგი სიცოცლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

ექსპერტიზის დასკვნა, თუ რატომ ჩამოინგრა 63-ე კორპუსის მიშენებული ნაწილი, ჯერ არ დადებულა. დავით ავალიანის თქმით, სავარაუდოდ, მიზეზი მშებელობის არასწორი პროცესია. ასევე ის, რომ მიშენება შემდეგ წლების განმავლობაში რემონტით და ავეჯით დამძიმდა.

ახალი ამბები