კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წალენჯიხაში პოლიციელებმა ეჭვმიტანილები სცემეს

23 დეკემბერი, 2008
 ნანა ფაჟავა,ზუგდიდი

11 დეკემბერს თორნიკე კვარაცხელია და რაიბულ ფიფია წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს. ისინი ავტომანქანის გატაცებაში არიან ეჭვმიტანილები, თუმცა ორივე დაკავებულის ჯიბეში პოლიციელებმა ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" და ხელყუმბარა "ღმოაჩინეს". კვარაცხელია და ფიფია ავტომანქანის გატაცებაში მონაწილეობას უარყოფენ, ამასთან ირწმუნებიან, რომ "მარიხუანაც" და ხელყუმბარაც პოლიციელებმა ჩაუდეს. ადვოკატმა თემურ ქარდავამ ეჭვმიტანილებთან შეხვედრა დაკავებიდან მხოლოდ 14 საათის შემდეგ შეძლო.

11 დეკემბერს, საღამოს 11 საათისათვის თორნიკე კვარაცხელია და რაიბული ფიფია წალენჯიხელმა პოლიციელბმა მაშინ დააკავეს, როცა ისინი სვანეთიდან შინ ბრუნდებოდნენ. მათთან ერთად დაკავებულია ასევე მოქალაქე გ. ყურუა, რომელიც მათ ხაიშიდან დაემგზავრა.

მურთაზ კვარაცხელია, თორნიკე კვარაცხელიას მამა: "მე ვიცი მხოლოდ ის, რომ ჩემი ვაჟი საკუთარი "უაზის" მარკის ავტომანქანით, მეგობარ ფიფიასთან ერთად სვანეთში, ხის სამშენებლო მასალის ჩამოსატანად 8 დეკემბერს წავიდა. 11 დეკემბრის საღამოს კი მათი დაკავების შესახებ შევიტყვე. ფოცხო-ჯვარის გადასახვევთან ისინი ნაცნობ პოლიციელებს გაუჩერებიათ და უთქვამთ, წალენჯიხის პოლიციის თანამშრომლებს თქვენთან შეხვედრა უნდათ და დაელოდეთო. ორმოცი წუთის შემდეგ სპეცრაზმი გამოჩენილა, სამივე ძალის გამოყენებით მიწაზე დაუყრიათ. ჩემი შვილი და რაიბული ფიფია სასტიკად უცემიათ".

სამივე ეჭვმიტანილი წალენჯიხის პოლიციის სამმართველოში საღამოს 12 საათისთვის გადაიყვანეს, თუმცა რაიბული ფიფიას პოლიციის შენობაში ასევე დაკავებული მისი ძმა, ანზორ ფიფია დახვდა. უკვე გათავისუფლებული ანზორ ფიფია დეტალურად იხსენებს მისი დაკავებისა და პოლიციის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის დეტალებს. იგი აცხადებს, რომ წალენჯიხის პოლიციის უფროსი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

ანზორ ფიფია: "შომახიამ მითხრა, შენი ყაჩაღი დედაო... და თავში ორჯერ ჩამარტყა, ფეხებით შემოხტომაც დააპირა, მაგრამ სხვა პოლიციელებმა შეაჩერეს. ეს სამმართველოში მოხდა. მანამდე კი ჩემს სახლში, სოფელ ჯგალში, ლესალეს უბანში დამაკავეს. მე ოსტატი ვარ, ავტომანქანებს ვარემონტებ. ერთ-ერთი მანქანის ქვეშ ვიყავი გაწოლილი, როცა ეზოში ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანა შემოიყვანეს. რამდენიმე ადამიანი იყო, მათ შორის ერთი ჩემი თანასოფლელი. მითხრეს, გასაკეთებელია ეს მანქანაო. ამის თქმა იყო და იყვირეს პოლიციაო. მართლაც შემოვიდნენ ეზოში პოლიციელები, ისინი კი გაიქცნენ. ასე დავრჩი "ოპელთან" მარტო, რომელიც თურმე ზუგდიდიდან გაუტაციათ. უამრავი მანქანა მოჰყავთ ჩემთან ყოველდღიურად და მე როგორ გავაკონტროლო მისი წარმომავლობა?!"

როგორც გაირკვა, პოლიციელებს ეჭვი რაიბულ ფიფიაზე მას შემდეგ გაუჩნდათ რაც ანზორ ფიფიამ ერთ-ერთი გამტაცებლის ვინაობა გაამხილა. `ადამიანის უფლებათა ცენტრთან~ საუბრისას ფიფია მის ვინაობას არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ გამტაცებელს, მის ძმასა და კვარაცხელიას მხოლოდ უკრაინის სახელმწიფო აერთიანებს. როგორც ის აცხადებს, სამივე სხვადასხვა დროსა და გარემოებაში ბიზნეს საქმიანობას სწორედ ამ ქვეყანაში ეწეოდა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, ავტომანქანის გამტაცებლის ვინაობა და კრიმინალური საქმიანობა პოლიციისთვის დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი. სახელდება ერთი კრიმინალური ფაქტი, რამაც გამტაცებელს პოლიციის მხრიდან ხელშეუხებლობის გარანტია მისცა. ამ ინფორმაციის მიხედვით გამტაცებელი ავტომანქანის დაყაჩაღების ფაქტზე დააკავეს, სადაც ასევე დიდი რაოდენობით ფული აღმოაჩნდა. ეს ფული კი ავტომანქანიდან ისე გაქრა, რომ ს.ს. საქმეში არც კი ფიგურირებდა.

ამავე ინფორმაციით, გამტაცებელმა თავისუფლება დუმილის სანაცვლოდ მიიღო. მის ჩვენებაში არ იყო მითითებული ის ფაქტი, რომ გატაცებული ავტომანქანიდან ნაძარცვი ფული დაიკარგა. "ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის" ისიც გახდა ცნობილი, რომ გამტაცებელს გარიგება სწორედ წალენჯიხის პოლიციის უფროსმა, რუსლან შომახიამ შესთავაზა, სადაც იგი სამხარეო პოლიციის იმ თანამშრომლის ვინაობის დამალვას ითხოვდა, რომელმაც ფული მიითვისა.

თემურ ქარდავა, ადვოკატი: "ამ დრომდე ჩემთვის არ არის ცნობილი პოლიციის მხრიდან იძებნება თუ არა ავტომანქანის გატაცების ფაქტზე ფიფიას მიერ დასახელებული პირი. ჩემთვის ცნობილია, რომ საგამოძიებო მოქმედებები კანონდარღვევით მიმდინარეობს. ჩხრეკის ოქმში აღნიშნული არ არის, თუ რამ შეუშალა ხელი გამომძიებელს ის ადგილზე შეედგინა. სამაგიეროდ იქ მითითებულია, რომ კვარაცხელიაც და ფიფიაც ეჭვმიტანილის სახით დააკავეს. კვარაცხელიას "მარიხუანას" მოხმარებისათვის ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ფიფია, რომელსაც ჩხრეკის ოქმის მიხედვით ხელყუმბარა აღმოაჩნდა, მოწმის სახით დაკითხეს და დღის ბოლოს გაათავისუფლეს. გათავისუფლებულია ასევე გ. ყურუა".

დაკავებულთა ადვოკატი, როგორც მარიხუანის მოხმარების, ისე ეჭვმიტანილთა ცემის ფაქტზე ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. რაც შეეხება ცემის ფაქტს, დაკავებულთა ახლობლები აცხადებენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის შენობიდან არაადამიანური ხმები ისმოდა, რომ პატიმრები შველას ითხოვდნენ, რომ მათთვის პოლიციის თანამშრომლებს მედიკამენტები შეჰქონდათ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილ თანამშრომელზე, თორნიკე კვარაცხელიაზე ფარულ დევნას ამავე სამმართველოს მოქმედი პოლიციელები ბოლო ორი წლის განმავლობაში ახორციელებდნენ. სახელდება სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, რომელიც კვარაცხელიას პირადად მტრობს.

თორნიკე კვარაცხელიას ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 17 დეკემბერს დილის 8 საათზე ეწურება, თუმცა 16 დეკემბერს ადვოკატი თემურ ქარდავა მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე პოლიციამ დაკავებულის დაკითხვას გეგმავს.

თემურ ქარდავა, ადვოკატი: "გამომძიებელმა დათო წულაიამ საქმეში დღემდე არ ჩამახედა. ის, რომ დაკითხვა იგეგმება პოლიციის თანამშრომლებისგან შევიტყვე. სავარაუდოდ, კვარაცხელიას საქმეს ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები მიაკერეს, ვინაიდან გამომძიებელი დაკავებულის "დამუშავებას" თხოვდა იმისათვის, რომ მას ამ ტიპის დანაშაული ეღიარებინა. იყო პირობა, რომ ბრალის აღიარების შემთხვევაში თორნიკე კვარაცხელია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებოდა. მე უკვე მყავს სამი მოწმე, რომელიც მათი დაკავების ფაქტს შეესწრო და ვინც აცხადებს, რომ დაკავების მომენტში კვარაცხელია პოლიციის მხრიდან ნარკოტიკების ჩადების მცდელობას ხმამაღლა აპროტესტებდა."

ახალი ამბები