კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პიარისთვის დახარჯული ასიათასობით ლარი და "უცნობი" გამგებლები

23 დეკემბერი, 2008
 
 გურჯაანის გამგეობა 
 გელა მთივლიშვილი, გურჯაანი

ოფიციალური ინფორმაციით, კახეთში, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობის გასაშუქებლად ყოველწლიურად 350 ათასამდე ლარი იხარჯება. გარდა იმისა, რომ ამ თანხიდან ფინანსდებიან გამგეობასთან არსებული რაიონული გაზეთები, ,,საინფორმაციო – სარეკლამო მომსახურებისათვის“ თანხის მნიშვნელოვან ნაწილს იღებენ დამოუკიდებელი ელექტრონული და ბეჭდვითი მედიასაშუალებებიც. დამატებით, ე.წ ,,სხვა“, კულტურის და გამგეობის ოფისის ხარჯებიდან ფინანსდება ღონისძიებები, რომელიც მიზნად ასევე ადგილობრივი ხელისუფლების პიარს ისახავს. მიუხედავად იმისა, რომ რაიონების პირველი პირები თითქმის ყოველდღიურად ხვდებიან ტელეკომპანიების ეთერში თუ საგაზეთო გვერდებზე, გამოკითხულთა 82 პროცენტზე მეტმა არ იცის, ვინ არის მისი რაიონის გამგებელი.

,,საინფორმაციო-სარეკლამო მომსახურებისათვის“, როგორც ამას თავად მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები უწოდებენ, კახეთის ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ყველაზე მეტ თანხას გურჯაანის ბიუჯეტი ითვალისწინებს. 2008 წელს ტელევიზიით და პრესით სარეკლამო მომსახურებაზე, ბიუჯეტით თავდაპირველად გათვალისწინებული 50 700 ლარის ნაცვლად, 60 ათასამდე ლარი დაიხარჯა. აქედან 17 700 ლარით დაფინანსდა გაზეთი ,,გურჯაანი“, სადაც ძირითადად საკრებულოს დადგენილებები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირების ავტობიოგრაფიები და კონკურსების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება. გაზეთი პრესის გამავრცელებელი სააგენტოებით არ ვრცელდება, რედაქციის თანამშრომლები მას თავად ავრცელებენ.

ტელევიზიით სარეკლამო მომსახურებისათვის დახარჯულია 24 ათასი ლარი და ცალკეა ე.წ. ,,კუსალიის“ ანძის ხარჯები. ამ ანძით საზოგადოებრივი მაუწყებლის და ადგილობრივი ტელეკომპანიის გადაცემები გადაიცემა გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, იქ, სადაც ამის გარეშე აღნიშნული ტელევიზიები ვერ მაუწყებლობენ. სიყვარულის დღის ღონისძიებისათვის გაზეთ ,,სპექტრს“ გამოეყო 1500 ლარი, გაზეთ ,,კახეთის ხმას“ პროექტის ,,ახალგაზრდა ლიდერთა“ დასაფინანსებლად 1800 ლარი და შპს ცენტრს ,,იმედი“ ანტინარკოტიკული ღონისძიებების მოსაწყობად 697 ლარი. გამგეობის აპარატის უფროსის ვასილ უტიაშვილის განმარტებით, ,,მედიაორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების დასაფინანსებლად თანხები საკრებულოს დადგენილებით არის გამოყოფილი. თანხების გადარიცხვა კი წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, გამგეობასა და საინფორმაციო საშუალებას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სარეკლამო ან სხვა სახის მომსახურებისათვის ხდება“.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებიან ლაგოდეხის და ახმეტის ტელეკომპანიებიც, ნაწილობრივ საგარეჯოს ტელეკომპანია ,,თვალიც“, რომელიც კახეთის ყოფილი გუბერნატორის და ამჟამად ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის გია ნაცვლიშვილის დედას თამარ ქურდოვანიძეს ეკუთვნის. ლაგოდეხის ტელეკომპანია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში 20 ათას ლარს იღებს, ახმეტის ტელევიზიაც რაიონული ბიუჯეტიდან თითქმის იგივე ოდენობის თანხით ფინანსდება. ცალკე ფინანსდება გაზეთი ,,ახმეტის მაცნე“, სადაც ასევე საკრებულოს დადგენილებები, გამგეობის მიერ მომზადებული ინფორმაციები და სხვადასხვა სახის განცხადებები ქვეყნდება. უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი რაიონული ტელეკომპანიის ეთერში გასულ სარეკლამო სიუჟეტებს და ხშირად არც გაზეთებში გამოქვეყნებულ შეკვეთილ სტატიებს არ ადევს რეკლამის ნიშანი.

ისევე, როგორც სხვა გამგეობებს, ახმეტის გამგეობასაც ხელშეკრულებების საფუძველზე თანხები აქვს გადარიცხული სხვადასხვა ჟურნალ - გაზეთებისთვისაც. მაგალითად, ,,პროფესიონალი“, ,,თვითმმართველობის გაზეთი“, ,,ჰორიზონტი“ და ა.შ. აქ აღსანიშნავი ის არის, რომ დაფინანსების წყაროდ ოფიციალურ დოკუმენტებში მუნიციპალიტეტის ოფისის ხარჯებია მითითებული.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება რაიონული გაზეთი ,,შირაქი“, თელავის ბიუჯეტიდან ფინასდება თელავის ყოფილი გამგებლის გოჩა მამაცაშვილის ინიციატივით დაარსებული რადიოკომპანია ,,ჩვენი რადიო“ და გაზეთი ,,ჩვენი გაზეთი“. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა აფინანსებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაზეთებს ,,კახეთის კარიბჭე“ და ,,ივრის განთიადი“. 15 ათასამდე ლარს იღებს ყოველწლიურად გაზეთი ,,ყვარელი“, ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ხოლო გაზეთი ,,ქიზიყი“ სიღნაღის ბიუჯეტიდან.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო განვითარების ასოციაციის“ დირექტორის გიორგი ბოკერიას განცხადებით, საინფორმაციოარეკლამო მომსახურება, რომლის დასაფინანსებლადაც ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დიდი ოდენობით თანხები იხარჯება, ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვაა, რაც
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით ტენდერების შედეგად უნდა ხდებოდეს, ტენდერს კი ამ მომსახურების მისაღებად არცერთი მუნიციპალიტეტის გამგეობა არ ატარებს.

,,საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ითვალისწინებს ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვას. ამავე კანონით განმარტებულია, რომ ეს არის განსაკუთრებული სახის შესყიდვა, რომლის ობიექტია ინტელექტუალური და სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურება. მაგალითად, მომსახურება ტელე და რადიომაუწყებლობის სფეროში, ასევე სხვა საქმიანობის სახეები, რომლებიც ინტელექტუალურ მომსახურებას მიეკუთვნება. ამ მომსახურების შესყიდვა ტენდერით უნდა ხდებოდეს, მაგრამ არცერთი მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ მიმართულებით ტენდერს არ ატარებს, რითაც უხეშად არღვევს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს“, - აღნიშნავს გიორგი ბოკერია.

ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ხელისუფლების მიერ პიარისთვის დიდი ოდენობით თანხის ხარჯვის მიუხედავად, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ რეგიონში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 82 %-მა არ იცის, ვინ არის მისი რაიონის გამგებელი.

სოციოლოგიური გამოკითხვა თელავის, ახმეტის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონებში, კარდაკარ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 10–15 ნოემბერს ჩატარდა. სულ 928 რესპონდენტი გამოიკითხა.

დასმული იყო ერთი შეკითხვა: იცით თუ არა ვინ არის თქვენი რაიონის გამგებელი? თელავში გამოიკითხა 114 მოქალაქე, აქედან 25-მა იცის, რომ მუნიციპალიტეტს ზურაბ ბუცხრიკიძე ხელმძღვანელობს; ახმეტაში გამოკითხული 97 ადამიანიდან მხოლოდ 12–მა იცის რომ გამგებელი კობა მაისურაძეა; გურჯაანში გამოკითხული 165 მოქალაქიდან 47–მა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტს კახა ლაბუჩიძე ხელმძღვანელობს; ყვარელში გამოიკითხა 76 ადამიანი და მხოლოდ 6-მა მოქალაქემ იცის, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან გამსახურდიაა; ლაგოდეხში გამოკითხული 147 ადამიანიდან 27–მა აღნიშნა, რომ ლაგოდეხის გამგებელია გია გოზალიშვილი; სიღნაღში გამოკითხული 129 ადამიანიდან მხოლოდ 14–მა იცის, რომ რაიონს ნოდარ კოჭლამაზაშვილი ხელმძღვანელობს; დედოფლისწყაროს გამგებელი რომ ლევან ბაღაშვილია, ამის შესახებ გამოკითხული 106 ადამიანიდან 13–მა იცის; საგარეჯოში 94 ადამიანი გამოიკითხა და მხოლოდ 18–მა განაცხადა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გია ჩალათაშვილია.

საერთო ჯამში გამოკითხული 928 მოქალაქიდან მხოლოდ 162–მა, ანუ 17,5 % - მა იცის, ვინ არის მისი რაიონის გამგებელი.


ახალი ამბები