კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეფორმირებული სასამართლოს ფიასკო

9 იანვარი, 2009

პროკურორმა მოსამართლის გადაწყვეტილება წინასწარ გამოაცხადა

გელა მთივლიშვილი, კახეთი

გურჯაანის სასამართლოს მოსამართლე ლია ოთარაშვილმა მთლიანად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და კრივში საქართველოს ჩემპიონს 22 წლის ბიძინა სეფიაშვილს და ფეხბურთელს 19 წლის სპარტაკ სალთხუციშვილს წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას და პირად თავდებობას ითხოვდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და რეგიონალურმა ჟურნალისტებმა პროკურორ გიორგი ქოქიაშვილისგან პროცესის დაწყებამდე გაიგეს, რომ სასამართლო დაკავებულებს ორთვიან პატიმრობას შეუფარდებდა.

გურჯაანის პროკურატურა სეფიაშვილს და სალთხუციშვილს პოლიციის თანამშრომელზე ჯგუფურ თავდასხმაში ადანაშაულებს. “2009 წლის 04 იანვარს გურჯაანის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ – გამომძიებლები, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი დავით ხიზანიშვილი და პოლიციის პოლკოვნიკი ნუგზარ მენთეშაშვილი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ ქ. გურჯაანში, ე.წ. “პაპას ბაღის” ტერიტორიაზე, რა დროსაც ისინი იმყოფებოდნენ პოლიციის ფორმაში. დაახლოებით 19 საათზე ავტობუსების გაჩერებასთან ასრულებდნენ რა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მოდიოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფები ბიძინა სეფიაშვილი, სპარტაკ სალთხუციშვილი და გიორგი ოტიაშვილი. სეფიაშვილმა და სალთხუციშვილმა  საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და შეწყვეტის მიზნით პოლიციის მუშაკებისთვის წინააღმდეგობის გაწევა განიზრახეს. ისინი მივიდნენ პოლიციის მუშაკ დავით ხიზანიშვილთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.  ხიზანიშვილი შეეცადა თავის დაცვას, მაგრამ სპარტაკ სალთხუციშვილმა მას უკანიდან მოხვია ხელი, შებოჭა და  განაგრძო  შებოჭილი დავით ხიზანიშვილის ცემა სახისა და ტანის არეში. ნუგზარ მენთეშაშვილმა ინციდენტის დროს რამდენჯერმე ახსენა, რომ  იყვნენ პოლიციის მუშაკები, თუმცა ამას არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია თავდამსხმელებზე -  ისინი კვლავ აგრძელებდნენ ცემას, რის შედეგადაც დავით ხიზანიშვილს მიაყენეს სხეულის მძიმე დაზიანებები. პოლიციის მუშაკების მიერ   წინააღმდეგობის გაწევა  10-15 წუთს გრძელდებოდა, რის შემდეგაც  მოქალაქეებმა დახმარებისთვის მიმართეს პოლიციეს განყოფილებას, რათა თავდასმა აღეკვეთათ - აღნიშნავს გურჯაანის რაიონული სამმართველოს დეტექტივ–გამომძიებელი ვახტანგ რუაძე.
თვითმხილველების მტკიცებით, შემთხვევის ადგილზე ორი სამართალდამცავი არ ყოფილა და თავდასხმას და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი საერთოდ არ ჰქონია. ბიძინა სეფიაშვილს ავტობუსების გაჩერებაზე მყოფ დავით ხიზანიშვილთან, რომელიც ყვარელში ცხოვრობს და გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის უბნის რწმუნებულია, მხოლოდ შელაპარაკება მოუვიდა. თვითმხილველთა თქმით, ხიზანიშვილი მარჯვენა ხელით მობილურით საუბრობდა, როგორც შემდეგ გაირკვა მეუღლესთან, მეორე ხელში კი ნამცხვრის ფირფიტები ეკავა. თვითმხილველები იმასაც ამბობენ, რომ ხიზანიშვილს პოლიციის ფორმა  ეცვა, მაგრამ  სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ერთ-ერთი ვერსიით, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე ავტობუსების გაჩერებაზე ხიზანიშვილი სახლში წასასვლელად მანქანას ელოდებოდა. თვითმხილველებს ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ სურთ. როგორც მათ გვითხრეს, გურჯაანის პოლიციის უფროსი სოსო მარტაშვილი მათ გამოძიების საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემის შემთხვევაში, პრობლემების შექმნით დაემუქრა.

გამოძიებას ამ დროისთვის მოწმის სახით დაკითხული ჰყავს გიორგი ოტიაშვილი და პოლიციის თანამშრომელი ნუგზარ მენთეშაშვილი. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ოტიაშვილი გამომძიებელმა მარინა ფოცხვერაშვილმა დაკითხა. გამომძიებელს ჩვენება თავად დაუწერია,  რის შემდეგაც მოწმეს ჩვენებაზე ხელი მოაწერინეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოტიაშვილსაც ეჭვმიტანილად ცნობით და დაკავებით დაემუქრნენ. ამ ფაქტებთან დაკავშირებით არც გურჯაანის პოლიციაში და არც რაიონულ პროკურატურაში კომენტარს არავინ აკეთებს.

გამომძიებელმა ვახტანგ რუაძემ ბიძინა სეფიაშვილსა და სპარტაკ სალთხუციშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის II ნაწილით წარუდგინა, რასაც პროკურორიც დაეთანხმა. ბრალდების მხარემ სასამართლოსგან დაკავებულებისთვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. აღნიშნულის მიზეზად შუამდგომლობაში  მიუთითა, რომ დაპატიმრების შეურჩევლობის შემთხვევაში შესაძლებელია ბრალდებულებმა ზემოქმედება მოახდინონ პროცესის მონაწილეებზე, მიიმალონ და გააგრძელონ დანაშაულებრივი საქმიანობა.

ბიძინა სეფიაშვილის ადვოკატის ლოლა ტუსაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ქმედებაში სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა არ არის. "აღნიშნული მუხლი პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას ითვალისწინებს, მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციის მუშაკს დავით ხიზანიშვილს, რომელიც სოფელ ველისციხის უბნის რწმუნებულია, შემთხვევის ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა არ ევალებოდა და ამას არც ახორციელებდა. საქმის მასალებშიც არ არის მითითებული, რა სახის წესრიგის დაცვას ახორციელებდა ხიზანიშვილი. მე მიმაჩნია, რომ ბიძინა სეფიაშვილისთვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მკაცრი სასჯელია. ბრალდების მხარის მიერ არაფერი არ არის დასაბუთებული, რატომ მიიმალება სეფიაშვილი, რატომ შეუშლის ხელს გამოძიებას და ა.შ.  გარდა ამისა, სეფიაშვილი ხასიათდება აბსოლუტურად დადებითად, არის საქართველოს ჩემპიონი კრივში, უმაღლესი განათლებით და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ის აღიარებს, რომ პოლიციის თანამშრომელთან შელაპარაკება მოუხდა, მაგრამ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია", - აღნიშნავს ადვოკატი.

სასამართლო პროცესს "ადამიანის უფლებათა ცენტრის"  და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი თქმით, პროკურორმა გიორგი ქოქიაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, მოსამართლის მიერ ბრძანების გამოტანამდე განაცხადა, რასაც არც დაკავებულების ახლობლები უარყოფენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არც ქოქიაშვილი და არც გურჯაანის რაიონული პროკურორი გელა ლაზაშვილი კომენტარს არ აკეთებენ.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის ლოლა ტუსაშვილის ცნობით, რაიონული სასამართლოს ბრძანებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში არ ასაჩივრებენ. ადვოკატი ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ სააპელაციო სასამრთლოში არაფერი შეიცვლება, რადგან პროკურატურა თავის პოზიციას არ ცვლის. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პროკურატურიდან ბრალდებულების მშობლებს შეუთვალეს, თუ საპროცესო გარიგების გზით დაკავებულების გათავისუფლება უნდათ, "უხმაუროდ"  იყვნენ. საგულისხმოა, რომ სპორტსმენების საქმით ჟურნალისტების დაინტერესებამ უკიდურესად გააღიზიანა გურჯაანის პოლიციის უფროსიც. მარტაშვილმა კორესპონდენტები გააფრთხილა, რომ თუ ისინი სპორტსმენების საქმეზე მუშაობას არ შეწყვეტენ, ნარკოტიკები შესაძლოა, არა მარტო მათ, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც აღმოაჩნდეთ.

ახალი ამბები