კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

13 იანვარი, 2009

13.01.მედიანიუსი

საქართველოს სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და 2007 წლის 4 ნოემბრის საიდუმლო თათბირთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სთხოვა.

როგორც ცნობილია, სახალხო დამცველმა 2008 წლის 30 დეკემბერს ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენების დასკვნით სიტყვაში პარლამენტს წარუდგინა ინფორმაცია, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 2007 წლის 4 ნოემბერს ჩატარებული შეხვედრის შესახებ, სადაც 2007 ნოემბერში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილე მოქალაქეთა მასობრივი ცემისა და დაშინების საკითხი განიხილებოდა.

პარლამენტის სხდომაზე სახალხო დამცველმა აღნიშნული ფაქტის შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა და განაცხადა, რომ კომისიას ყველა მტკიცებულებას გადასცემდა.

სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, 2007 წლის 4 ნოემბერს, კვირა დღეს, ღამის 9 საათზე ჩატარდა თათბირი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში, რომელსაც ესწრებოდა ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი. მათ შორის იყვნენ თავად შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და სხვები.

ვანო მერაბიშვილმა დამსწრეებს ოპოზიციასთან და მიტინგის მონაწილეებთან ბრძოლის ტაქტიკა გააცნო. კერძოდ, უნდა შეედგინათ მიტინგებში მონაწილეთა სიები და არც ერთი მათგანი არ უნდა დარჩენილიყო გაულახავი. მისი თქმით, ეს საქმე უკვე დაწყებული ჰქონდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს, მაგრამ საჭირო იყო ამ ფრონტის გაშლა და მასში მეტი ადამიანის ჩართვა. ცემა უნდა მომხდარიყო ძირითადად თირკმელებში და მუცელში, თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში სახეშიც შეიძლებოდა. მიტინგის ზოგიერთი მონაწილისთვის, განსაკუთრებით „მოშავო ტიპებებისთვის“, ნარკოტიკები უნდა ჩაედოთ, ოპოზიციის მხარდამჭერ ბიზნესმენებს კი, დავით კეზერაშვილი მიხედავდა.

მინისტრმა ცემის მიზეზი შემდეგნაირად ახსნა” აქტიური მომიტინგეები აუცილებლად დაიწყებენ „ბლატაობას“, ხოლო გალახული კაცი საქართველოში არის „ჩმორი“და მაშინვე კარგავს გავლენას. აი, ეს არის ის მოტივი, რომლის გამოც, უნდა მომხდარიყო პოლიტიკური ოპოზიციის აქტივისტებისა და ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანების ცემა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახალხო დამცველისთვის ამ ფაქტის შესახებ იმავე ღამეს დეტალურად გახდა ცნობილი, მაგრამ ამის შესახებ დღემდე ვერ საუბრობდა სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთ-ერთი ფაქტორი ის იყო, რომ არ ჩანდა პიროვნება თუ თანამდებობის პირი, ვისთვისაც შეიძლებოდა მიემართა სახალხო დამცველს. სწორედ ისინი, ვისაც უნდა გამოეძია აღნიშნული ფაქტი, იყვნენ ამ ცემების პოლიტიკის მთავარი დამგეგმავები. გარდა ამისა, სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ იმ დღეებში, როცა ქუჩაში ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო ათეულათასობით მომიტინგე იდგა, ამ ინფორმაციის გახმაურებას შესაძლოა მოჰყოლოდა უმართავი ვითარების შექმნა, რაც შეიძლებოდა სისხლისღვრით დამთავრებულიყო. ამავე დროს, სახალხო დამცველი, მოვალე იყო, ეზრუნა ინფორმაციის წყაროს უსაფრთხოებაზეც.

სახალხო დამცველმა მისთვის ცნობილი ფაქტის შესახებ იმავე დღეებში უამბო რამდენიმე ძალიან მაღალი რანგის ევროპელ დიპლომატს და მას შემდეგ მათ არაერთხელ უკითხავთ, როდის მოხდებოდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ სახალხო დამცველის აპარატმა გააძლიერა მონიტორინგი აქციების მიმდინარეობაზე. სახალხო დამცველმა გადადო თავისი ვიზიტი საზღვარგარეთ. 7 ნოემბერს სახალხო დამცველი და მისი აპარატის თანამშრომლები, რომლებიც თავადაც გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი, მთელი დღე აკვირდებოდნენ, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმები, პოლიციის თანამშრომლები და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები მშვიდობიან მომიტინგეებს.

მას შემდეგ სახალხო დამცველმა უამრავი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც 7 ნოემბრის მიტინგის დარბევისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების ცემის ფაქტების გამოძიებას ითხოვდა, მაგრამ ამაოდ. ამისთვის ღია წერილითაც მიმართა პრეზიდენტს, ისაუბრა თავის საპარლამენტო მოხსენებაში. აპარატმა შეისწავლა და გამოიძია არაერთი ფაქტი და მასალები რეაგირებისთვის გადაუგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრს და გენერალურ პროკურორს, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, არაფერი იქნა გამოძიებული.

სახალხო დამცველი მიჩნევს, რომ შს მინისტრთან 4 ნოემბრის ჩატარებული თათბირი განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მასობრივი დარღვევა და ზედმიწევნით საჭიროებს შესწავლას. ცემა გამოცხადდა პოლიტიკად, დაიგეგმა და განხორციელდა კიდეც. ეს არის მიზეზი, თუ რატომ სცემდნენ ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანებს 2007 წლის ოთხ ნოემბრამდეც და მას შემდეგაც, და ნათელი ახსნა იმისა, თუ რატომ არ ხდება ათეულობით ასეთი ფაქტის გამოძიება.

აღნიშნული საკითხის შესწავლა უნდა მოხდეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ, რადგანაც არცერთ სხვა უწყებას ან სხვა სახის კომისიას არ გააჩნია ის უფლებამოსილებები, რომელიც აუცილებელია საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გამოსაკვლევად.

ცნობისთვის: დროებითი საგამოძიებო კომისია სარგებლობს ისეთი უფლებამოსილებებითა და გარანტიებით, რომელიც სხვა ორგანოებს არ გააჩნიათ. მაგალითად: დროებითი საგამოძიებო კიმისიისათვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას; დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა; დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, დადგენილი წესით წარადგინონ საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით, საქართველოს მთავარი პროკურორის ნებართვით, ადგილზე გაეცნოს წინასწარი გამოძიების სტადიაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს.

ასევე დროებით საგამოძიებო კომისიას აქვს სხვა უფლებამოსილებები, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 63-ე და 64-ე მუხლებით.

სახალხო დამცველმა საქართველოს ორგანული კანონის „სახალხო დამცველის შესახებ“ 21-ე მუხლის კ) ქვეპუნქტით მონიჭებულ უფლებამოსილების თანახმად მიმართა საქართველოს პარლამენტს, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ზემოაღნიშნულ ფაქტს, ხოლო თავის მხრივ გამოხატავს სრულ მზადყოფნას აღნიშნულ კომისიას გადასცეს ყველა მტკიცებულება.

ახალი ამბები