კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი შალვა რამიშვილის ვადამდე გათავისუფლებას ითხოვს

13 იანვარი, 2009

13.01.09 მედიანიუსი

სახალხო დამცველმა ჟურნალისტ შალვა რამიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების თხოვნით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს მინისტრს ზურაბ ადეიშვილს.

მიმართვაში სახალხო დამცველმა მიუთითა შალვა რამიშვილის წვლილზე ქართული ჟურნალისტიკისა და სამაუწყებლო კულტურის განვითარებაში. აღნიშნა, რომ რამიშვილის მიერ განხორციელებული პროგრამები ძველი სტერეოტიპების მსხვრევისა და თავისუფალი აზროვნების დამკვიდრებას უწყობდა ხელს.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როდესაც საქართველოში მკვეთრად შეიზღუდა თავისუფალი დებატები და ხელისუფლებამ ტელევიზიებზე უმკაცრესი ცენზურა დააწესა, შალვა რამიშვილის გადაცემები ლამის ერთადერთი წყარო იყო, საიდანაც საზოგადოებას შეეძლო ოფიციალურისგან განსხვავებული, ალტერნატიული ინფორმაცია და შეხედულებები მიეღო.
 
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დღეისათვის შალვა რამიშვილმა უკვე მოიხადა სასჯელის 7/8 და მოსახდელი დარჩა მხოლოდ 9 თვე. მან ერთხელ უკვე მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ კომისიას პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების თაობაზე, რაც არ დაკმაყოფილდა სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზების გამო. არადა, შალვა რამიშვილი აკმაყოფილებდა კანონის ყველა მოთხოვნას, რაც შესაძლებელს ხდიდა მის ვადაზე ადრე გათავისუფლებას: კანონი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ კომისიას ავალდებულებს მსჯავრდებულების მიმართ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხის განხილვისას, ჰქონდეს ინდივიდუალური მიდგომა;  მსჯავრდებული შალვა რამიშვილი რუსთავის #2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობის მიერ ხასიათდება დადებითად;  შალვა რამიშვილი არის სამი შვილის მამა;  შალვა რამიშვილმა მოიხადა სასჯელის შვიდი მერვედი, რაც გაცილებით მეტია კანონით გათვალისწინებულ ორ მესამედზე;  იგი არ წარმოადგენს საზოგადოებრივ საფრთხეს, პირიქით, მისი აქტიური ჩაბმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში არა მხოლოდ მისი რეაბილიტაციისთვის არის სასარგებლო, არამედ საზოგადოებისთვისაც.

მიუხედავად ამისა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედმა კომისიამ მას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ტრაფარეტული ტექსტით უთხრა უარი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.

ე.წ. „დემოკრატიის ახალი ტალღის“ ფარგლებში გამოცხადდა, რომ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის ახალი სტრატეგია გულისხმობს ამ პოლიტიკის ლიბერალიზაციას. ამავე დროს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ამნისტიითა და შეწყალებებით გამოშვებული იქნა რამდენიმე ათასი პატიმარი, რომელთა შორის არის არაერთი რეციდივისტი, რომელთაც მრავალი დანაშაული აქვთ ჩადენილი, მათ შორის ისეთი მძიმე, როგორიც არის ნარკოტიკების გასაღება, გაუპატიურება და სხვა. აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მრავალ მათგანს არათუ სასჯელის ნახევარი ან მესამედი, არამედ, ზოგ შემთხვევაში სასჯელის მეათედიც კი არ ჰქონდათ მოხდილი. ამასთან, მათ არ დაუწერიათ შეწყალების შესახებ განცხადებები, არ უღიარებიათ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, არ მოუნანიებიათ მათი ქმედებები და არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ისინი კვლავ გააგრძელებენ მათ დანაშაულებრივ საქმიანობას, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს.

არის დანაშაულები, რომელთა მიმართაც შეწყალების კომისია განსაკუთრებით მკაცრია. მათ შორის არიან ნარკოტიკების გამსაღებლებიც, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, მრავლად იქნენ შეწყალებული. და ეს ხდება მაშინ, როდესაც შალვა რამიშვილი შეწყალების კომისიამ ერთხელ უკვე შეიწყალა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა მის შეწყალებას ხელი არ მოაწერა.

2008 წლის თებერვალში სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა და პირადადაც ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტს, და თხოვა, შეეწყალებინა შალვა რამიშვილი. როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, პირადად საუბარში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი ვერ ხედავს პრობლემას შალვა რამიშვილის გათავისუფლებაში, ოღონდ, ოპოზიციურ პარტიებს და საზოგადოების წარმომადგენლებს - ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს - უნდა შეეწყვიტათ მისი გათავისუფლების მოთხოვნა, რათა არ შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს შალვა რამიშვილის გათავისუფლება ვიღაცის გამარჯვებას ნიშნავდა, ან ვიღაცის ზეწოლით მოხდა.

შალვა რამიშვილი ხშირად აცხადებს, რომ ის პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი პატიმარია. სახალხო დამცველი ერიდება, საკითხების ხელოვნურ პოლიტიზირებას, მაგრამ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ შალვა რამიშვილისთვის პირობით ვადამდელ გათავისუფლებაზე, ისევე როგორც შეწყალებაზე უარის თქმა პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ხდება და მისი პატიმრობა შურისძიებაა იმ კრიტიკული შეხედულებებისათვის, რასაც იგი საჯაროდ ავრცელებდა საინფორმაციო საშუალებებით, - ნათქვამია სუბარის მიმართვაში.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უწევს შუამდგომლობას შალვა რამიშვილს, რომ მოხდეს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ნორმის - პირობით ვადამდე გათავისუფლების გამოყენება. მიმართავს იუსტიციის მინისტრს, რათა არ დაუშვას თავისუფალი აზრის და თავისუფალი სიტყვის "მძევლობა" ჟურნალისტ შალვა რამიშვილის პატიმრობის სახით და გამოიჩინოს პოლიტიკური ნება მის პირობით გასათავისუფლებლად. მით უმეტეს, ლაპარაკია არა შეწყალებაზე ან პატიებაზე, არამედ პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, რაც სხვა არაფერია, თუ არა სასჯელის მოხდის ერთი ფორმის მეორე ფორმით შეცვლა.

შალვა რამიშვილის ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობით სახალხო დამცველმა 2008 წლის 12 სექტემბერს მაშინდელი იუსტიციის მინისტრს ნიკა გვარამიასაც მიმართა.

ახალი ამბები