კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

5 წელი - სამი ხმელი ხის მოჭრისათვის

2 მარტი, 2009

გურჯაანის რაიონული სასამართლო, სოფელ კაჭრეთში, გზის პირას, სამი ხმელი ხის მოჭრისათვის ოთხი შვილის მამას, ოთარ ბერელაშვილს ასამართლებს. კახეთის საოლქო პროკურატურა ბერელაშვილს ხეების უკანონოდ მოჭრაში და ქურდობაში ადანაშაულებს და მისთვის სასჯელის მაქსიმუმს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

პროკურატურის საბრალდებო დასკვნის თანახმად, სოფელ კაჭრეთში მცხოვრებმა ოთარ ბერელაშვილმა გზის გამწვანების ზოლში უკანონოდ მოჭრა სამი ხე და მას ფარულად დაეუფლა. სინამდვილეში, მოწმეთა ჩვენებებით და თავად განსასჯელის განცხადებით, ოთარ ბერელაშვილმა ხმელი ხეები კაჭრეთის ღვინის ქარხნის მეპატრონის შალვა ქებურიას მითითებით იმ ადგილზე მოჭრა, სადაც მას ავტომაგისტრალიდან ქარხანასთან დამაკავშირებელი გზა გაჰყავდა.

"2008 წლის 10 ივლისს, დილის 10 საათზე, თანასოფლელ ოთარ ქიტოშვილთან ერთად კაჭრეთის ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი. კომბაინს ველოდებოდით, რომ ყანა მოგვემკო. შორიასხლოს, რამდენიმე მეტრში მუშები მუშაობდნენ, რომლებიც ღვინის ქარხნის მეპატრონეს შალვა ქებურიას ჰყავდა დაქირავებული. დაახლოებით 20 წუთში მუშებთან ქებურია მივიდა. რაღაც მითითება მისცა და მერე ჩვენთან მოვიდა. გვითხრა, რომ ღვინის ქარხნიდან ავტომაგისტრალამდე კაპიტალურ გზას აკეთებდა. საუბრის დროს შალვა ქებურიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ტერიტორია, სადაც გზა გაჰყავდა, მისი საკუთრება იყო. ისიც გვითხრა, რომ გზის გაყვანაში ხელს სამი გამხმარი ხე უშლიდა და შემომთავაზა, რომ თუ შეშა მინდოდა, მომეჭრა და სახლში წამეღო, გასათბობად გამოგადგებაო. მე ქებურიას ვკითხე, ჰქონდა თუ არა მას ნებართვა, რაზედაც მიპასუხა, რომ გარდა იმისა, რომ ტერიტორია მისი იყო, ხეების მოჭრის ნებართვაც ჰქონდა და ეს საკითხი გურჯაანის გამგებელთან და კახეთის გუბერნატორთანაც იყო შეთანხმებული. მის სიტყვებში ეჭვი არ შემიტანია.

ცოტა ხნის შემდეგ მეზობელს ელექტროხერხი ვეთხოვე და ხეების მოსაჭრელად დავბრუნდი. გზაში ჩემი შვილი გიგა ბერელაშვილი შემხვდა. მას ხეების მოჭრაში დახმარება ვთხოვე, რაზედაც უარი არ მითხრა. დაახლოებით 15 საათისთვის ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მივედით. მუშები ისევ მუშაობდნენ. მათ ვკითხე, სად იყო შალვა ქებურია და მითხრეს, რომ მალე მოვიდოდა. ქებურია ერთ საათში მოვიდა. კიდევ ერთხელ ვკითხე, რომელი ხეები უნდა მომეჭრა, რაზედაც მიმითითა და მოვჭერით. მოვჭერი თუ არა, მან გზა დააგო, მე კი ორი დღის შემდეგ სახლში გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლები დამადგნენ. დამაჯარიმეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მიმცეს", - აღნიშნავს ოთარ ბერელაშვილი.

ამჟამად განსასჯელმა ბერელაშვილმა ხეების მოჭრის შესახებ მითითება რომ ნამდვილად შალვა ქებურიასგან მიიღო, ამას მოწმე ოთარ ქიტოშვილიც ადასტურებს. "ჩვენთან მოვიდა ღვინის ქარხნის მეპატრონე ქებურია და ვსაუბრობდით. ცოტა ხნის შემდეგ გვითხრა, რომ გზას აგებდა, რაშიც ხელს უშლიდა სამი ხმელი ხე, რომლის მოჭრაც შემოგვთავაზა. ოთარს პირდაპირ უთხრა, გაჭირვებული კაცი ჩანხარ, შეშა თუ გინდა, მოჭერი და წაიღე, არავინ მოგედავება, ყველგან შეთანხმებულიაო", - ნაჩვენები აქვს ოთარ ქიტოშვილს გამომძიებლის მიერ მოწმის სახით დაკითხვის დროს.

თუმცა, მას შემდეგ რაც მომხდარზე გამოძიება დაიწყო, შალვა ქებურიამ განაცხადა, რომ ბერელაშვილს ხეების მოჭრა ნამდვილად შესთავაზა, ოღონდ ხუმრობით. "მე იმ ორი მამაკაცისთვის არ მითქვამს, რომ ხეების მოჭრაზე ნებართვა მქონდა. მე მათ ვუთხარი, რომ შეშა თუ უნდოდათ, ხეები მოეჭრათ, მაგრამ ვიხუმრე", - აღნიშნა შალვა ქებურიამ.

გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიურომ ოთარ ბერელაშვილს სამი გამხმარი ხის მოჭრისათვის, გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის ბიუჯეტში 360 ლარის გადახდა დაავალა, ხოლო ხეების აღდგენითმა ღირებულებამ ამავე ორგანიზაციის გამოთვლით 1440 ლარი შეადგინა. არადა, ქებურიაც, ქიტოშვილიც, ბერელაშვილიც და თვითმხილველებიც ამბობენ, რომ ხეები სულ გამხმარი იყო. გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს სპეციალისტის გიორგი გაბაშვილის თქმით, მნიშვნელობა არა აქვს ხე ხმელი იყო თუ ნედლი. "ზიანი გაანგარიშებულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდიკით, სადაც მნიშვნელობა მხოლოდ ხის დიამეტრს აქვს", - აცხადებს გაბოშვილი.

იურისტების შესაფებით, ქებურიას მხრიდან ადგილი აქვს წაქეზებას, თუმცა გამოძიება ამით არ დაინტერესებულა. 2008 წლის 19 დეკემბერს ოთარ ბერელაშვილს კახეთის საოლქო პროკურატურამ ბრალი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წაუყენა (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). იმავე დღეს პროკურატურამ თელავის რაიონულ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულისთვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე 3 ათასი ლარის ოდენობით.

"იძულებული გავხდი საკუთარი უფლებების დასაცავად ადვოკატი ამეყვანა. საქმეში ადვოკატის ჩართვამ კახეთის საოლქო პროკურატურა გააღიზიანა. მითხრეს, რომ თუ ადვოკატზე უარს არ ვიტყოდი, უარესი დამემართებოდა. შემეშინდა და ადვოკატზე უარი ვთქვი", - ამბობს ოთარ ბერელაშვილი, რომელსაც ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული, 2500 ლარის ოდენობის უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებით.

წინასწარი გამოძიების დროს, ოთარ ბერელაშვილმა გარემოზე მიყენებული ზიანი აანაზღაურა და ბიუჯეტში 360 ლარი გადაიხადა, მაგრამ გაჭირვების გამო ხეების აღდგენითი ღირებულება ამ დრომდე ვერ გადაუხდია.

განსასჯელის ინტერესებს ამჟამად "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი ნესტან ლონდარიძე იცავს. ადვოკატის თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში პროკურატურას დაზარალებულად გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიურო ჰყავდა ცნობილი, რაც დარღვევა იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დარღვევა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლია ოთარაშვილმა პროკურორ ხვიჩა ბეგიაშვილს პროცესამდე, საკუთარ სამუშაო ოთახში გაასწორებინა. ადვოკატის განცხადებითვე, ბერელაშვილს ქურდობა საერთოდ არ ჩაუდენია, რადგან ქებურიას წაქეზებით მოჭრილი ხეები სახლში დღისით, უამრავი ხალხის თანდასწრებით წაიღო და მას ფარულად არ დაუფლებია. "შესაბამისად, დანაშაულის ამ მუხლით კვალიფიკაცია არასწორია. რაც შეეხება ხეების უკანონოდ მოჭრას, 2008 წლის 21 ნოემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ეს დანაშაული ამნისტირებულია და ბერელაშვილის მიმართ სისხლის სამართლის დევნა უნდა შეწყდეს"- აცხადებს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.

ადვოკატის პრეტენზიებს კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ხვიჩა ბეგიაშვილი არამართებულს უწოდებს. პროკურორის თქმით, ბერელაშვილმა ქურდობა ჩაიდინა, რაზედაც პასუხი უნდა აგოს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები