კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაციონალური ტყუილების ზუგდიდის ოფისი წარმატებით ფუნქციონირებს

5 მარტი, 2009

ცირა შელია

ორი დღეა ქართული ტელეარხებით გადმოიცემა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზი სეპარატისტების მიერ სასტიკად ნაცემი და დაჭრილი ირაკლი ბიგვავა თავს ზუგდიდს აფარებს. აფხაზური მხარე კი მის დაბრუნებას ითხოვს და გალის ქართულ მოსახლეობას აწიოკებს. უფრო მეტიც, 50-მდე ოჯახი სოფელ ოტობაიადან გამოაძევეს კიდეც.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შეიძრა შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და როგორც ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ხდება ხოლმე, განცხადებას განცხადება მოჰყვა.

ზემოაღნიშნული სამინისტროები ქართულ ელექტრონულ მედიას რომ უსმენს და ხშირად ერთიდაიმავე კორესპონდენტის მიერ გადაღებულ კადრებს ყველა არხზე უყურებენ, ეს კარგია, მაგრამ თუ იმ ხალხსაც მოუსმენს, ვინც კონფლიქტის ზონაში ან მასთან ახლოს ცხოვრობს, და თუ მოწოდებული ინფორმაციის სისწორესაც გადაამოწმებს, ურიგო არ იქნება.

ოფიციალური პირებისგან განსხვავებით, ბეჭდური პრესის წარმომადგენლებს ხშირად გვიხდება საყვედურების მოსმენა კორესპონდენტთა მიერ ტელ ეარხებით გაჟღერებული დეზინფორმაციების გამო.

გარკვეული მოსაზრებების გათვალისწინებით, ამ პრეტენზიების გახმაურებისგან კარგა ხანს ვიკავებდით თავს, მაგრამ ამჯერად მიზანშეწონილად მიგვაჩნია, თავისმოტყუების სინდრომით შეპყრობილი ხელისუფლებისა თუ საზოგადოების ნაწილისთვის კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების მიერ გაკეთებულ გზავნილები მოგაწოდოთ.

მანანა შეროზია, ზუგდიდის მკვიდრი: “უკვე დავიღალეთ ამდენი ტყუილით და გვიკვირს, ვის და რატომ უნდა, ტყუილი სიმართლედ გაასაღოს? ყოველდღე ვისმენთ ტელევიზიებით ისეთ ამბავს გალის რაიონზე, რაც არ მომხდარა. საკმარისია, ზუგდიდის ქუჩაში ვინმეს შემთხვევით ფეხი გადაუბრუნდეს და კოჭი იტკინოს, რომ მივარდება რომელიღაცა კორესპონდენტი და ათქმევინებს, გალიდან ვარ, აფხაზებმა მცემეს, გამომეკიდნენ და იმიტომ ვარ ამ დღეშიო.

ახლაც ასეა. რა ინფორმაციაც გუშინ ტელეარხებმა გაავრცელეს, ნაკლებად შეესაბამება სინამდვილეს. ბიგვავა, რომელიც მართლა გამოექცა აფხაზებს, ამბობენ, რომ ჩვეულებრივი კრიმინალია და მაგიტომაც სურდათ მისი დაკავება. ეთნიკური ნიშნით მას არავინ გამოსდევნებია. რომ აცხადებს, საშველი არა მაქვს, უნდა ჩავბარდე, თორემ ქართველებს ააწიოკებენო, იცის, სწორედ იქაური ქართველები ითხოვენ, აფახაზურ პოლიციას ჩაბარდეს და მასაც სხვა გზა არა აქვს.

არც 50 ოჯახი გამოუძევებიათ. სულ რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა, ისინიც იმიტომ, რომ თავი დაიზღვიეს. იქაურებს აქედან აშინებენ, რუსები ომისთვის ემზადებიანო და დაბნეულია ხალხი. ჯერ კადრშიც ხომ ნახეთ, 50 ოჯახი იქ არ ყოფილა და ვინც გადაღებული იყო, კარგად არც ერთი არ ჩანდა, იმიტომ რომ არ გვეცნო, სადაურები მონაწილეობდნენ გადაღებაში.

მართალიც რომ იყოს, უკვე მაინც ვეღარაფერს ვიჯერებთ. ჩვენს თვალწინ, ხან ზუგდიდის და ხან წალენჯიხის რაიონის სოფლებში, კამერებით იმდენ ტყუილს იღებენ, რომ ყველაფერი დადგმული გვგონია”.

ასეთი სიუჟეტების აზრს არა მარტო მანანა შეროზია, სამეგრელოს მკვიდრთა დიდი უმეტესობა ვერ ხვდება და აინტერესებთ, მხოლოდ დანარჩენი საქართველოს მოსატყუებლად კეთდება მსგავსი რამ, თუ ხელისუფლების წევრებსაც სჯერათ იმის, რაც ტელევიზიით გადაიცემა.

“აქაც გვაქვს ტელეკომპანია “ოდიში”, რომელიც აშუქებს ზუგდიდსა და გალში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ არც ერთი სიუჟეტი, რაც გალის რაიონთან დაკავშირებით ცენტრალური ტელეარხებით გადაიცემა, იქ არ ხვდება. არ იკითხავთ, რატომ? იმიტომ, რომ ათი სიუჟეტიდან 9 დეზინფორმაციაა ან დადგმული სპექტაკლი და გათვლილია თბილისელი, უფრო სწორედ, სამეგრელოს იქით მცხოვრები მაყურებლების მოსატყუებლად. ჩვენ აქ ვერ მოგვატყუებენ, რადგან სახეზე ვცნობთ ყველას, ვინც კამერის წინ გამოდის და ყვება, თუ რა მდგომარეობაა გალის რაიონში და როგორ ექცევიან მათ აფხაზები და რუსები. მათი უმეტესობა ზუგდიდელია, ვისაც ომის შემდეგ ცხვირი არ შეუყვია აფხაზეთში და იქაური ვითარების არაფერი გაეგება. მათ კარნახობენ, რა უნდა თქვან და ისინიც ხუთოსანი მოწაფეებივით იმეორებენ.” - ამბობენ ჩვენთან საუბარში ზუგდიდელები.

ლანა გოგოხია, გალის რაიონის მკვიდრი: “სროლები იყოო, რომ ამბობენ და ტანკები შემოიყვანესო, რაც რუსები აქ ჩადგნენ, სროლები სულ არის, ტანკები და ბეტეერებიც ტაქსებივით დადიან. თავიდან გვეშინოდა, მაგრამ მერე შევეჩვიეთ. ჩვენ არაფერს გვერჩიან, სროლებით ხან რომელიმე ჯარისკაცის დაბადების დღეს აღნიშნავენ, ხან კიდევ რას, მიზეზს რა გამოულევთ? 23 თებერვალს წითელი არმიის დღე იზეიმეს, გამოთვრნენ და ისროდნენ. მოსახლეობა მათ დასალევს არ აძლევს, შემოგვეჩვევიანო. თავიდანვე უარს ეუბნებოდნენ, არ გვაქვსო. რუსები კი გაკვირვებული იყვნენ, სამეგრელოში რომ ვიყავით, იმათ ღვინოც ქონდათ და არაყიც, თქვენ რა გჭირთ, რომ არაფერი გაქვთო. თუ გთხოვენ რამეს და ნებით მისცემ, თორემ ძალით არავისგან არაფერი მიაქვთ, მაღაზიებში ყიდულობენ არაყს, დათვრებიან და მერე ვინ მოკითხავს რამეს?

ისე, ქართველებზე მეტად აფხაზებსა აქვთ მათთან პრობლემა, მათ უფრო ერჩიან და უთანხმოება ერთმანეთში მოსდით. ამასწინათ ენგურის ხიდზე აფხაზების საბაჟოსთან რომ გავიარე დილით, არაფერი შემიმჩნევია, საღამოს კი უკან რომ მოვბრუნდი, მათი ჯიხურის ყველა ფანჯარა ჩამსხვრეული იყო და მინა ძირს ეყარა. ეტყობა, რუსები გაუბრაზდნენ აფხაზებს და ფანჯრები ჩაუცხრილეს, ასეთი რამები ხშირად ხდება.

სხვა კიდევ ის შემიძლია ვთქვა სროლებზე, რომ თუ აქ არაფერი ხდება და სიუჟეტებს ვერ აკეთებენ ჟურნალისტები, მაშინ ზუგდიდში ისვრიან. დააყენებენ იარაღით ჯარისკაცებს ან პოლიციის თანამშრომლებს და რამდენიმე მჭიდს დააცლევინებენ. მერე გადაიღებენ ცარიელ ვაზნებს, მიიყვანენ დამკვირვებლებს, ისინიც შორიდან მიათვალიერ-მოათვალიერებენ იქაურობას, აიჩეჩავენ მხრებს, დაწერენ გაურკვეველ დასკვნას და ეგაა.

აი, ასეთი სროლები იყო გუშინ და გუშინწინ ზუგდიდის რაიონში. უბირი ადამიანი არა ვარ და ვიცი, რაც მეტ “სენსაციურ” სიუჟეტს გააკეთებენ აქაური ჟურნალისტები, მით მეტი ჰონორარი ექნებათ, მაგრამ არა მგონია, დეზინფორმაციები მარტო ფულის გამო კეთდებოდეს. თუმცა, რა მიზნითაც არ უნდა აკეთებდნენ, ჩვენზე რატომ არ ფიქრობენ, ეგ მიკვირს.

ყოველი მსგავსი ცრუინფორმაციის შემდეგ აფხაზებთან თავის მართლება გვიხდება და ჩვენს ისედაც დაჩაგრულ ყოფას მათი მხრიდან ირონიული და ცინიკური დამოკიდებულება ემატება.

ჩვენც უფრო და უფრო გვიჭირს თავის მართლება და რატომ გვაყენებს ასეთ დღეში ან ხელისუფლება ან მათ დაქვემდებარებული ტელეარხები? თუ სიკეთის გაკეთება არ შეუძლიათ, უარეს დღეში მაინც ნუ ჩაგვყრიან. გალის ქართულ მოსახლეობაზე გული თუ შესტკივათ და ჩვენს აქაურ ცხოვრებაზე უნდათ სიუჟეტების გაკეთება, პრობლემები თავზესაყრელად გვაქვს, ჰოდა, მაგაზე გააკეთონ. ტყუილების მოგონება არ არის საჭირო. შეიგნონ, რომ ამით საქმეს გვირთულებენ.

ერთიც უნდა ვთქვა აუცილებლად. აფხაზებს ჩვენზე მეტად არ უნდათ ომი, რადგან იციან, ეს ორივე მხარეს რამხელა მსხვერპლს მოიტანს, არც მეგრელებთან ურთიერთობის გამწვავება უნდათ და ამას პირდაპირ ამბობენ. ამიტომაც არ პასუხობენ დეზინფორმაციებს ტყვია-წამლით. მასეთი სიუჟეტების მერე ზოგიერთი აფხაზი კი ავლენს აგრესიას ჩვენს მიმართ, მაგრამ სერიოზულ კონფლიქტს მაინც ერიდებიან. ამან გადაგვარჩინა, თორემ რაც ცხინვალში მოხდა, ეგ კარგა ხნის წინ მოხდებოდა ჩვენთან.

ხურჩაში რომ ავტობუსები ააფეთქეს შარშან, რატომ არავინ იხსენებს მაგ ამბავს ან არ იძიებს? მაგ სპექტაკლის მომწყობები ავტობუსების მძღოლებს წინასწარ შეპირდნენ, ფულს გადაგიხდითო და ისინიც რამდენიმე თვე ამაოდ ელოდნენ. მერე შეაწუხეს ვიღაც-ვიღაცეები და აგვისტოს ომის შემდეგ მისცეს თანხა. მონაჭორს არ გეუბნებით, ნამდვილად ასე იყო და ეს ყველამ იცის. სპექტაკლში მონაწილეებმა, მით უმეტეს.

ისე, მაგათი გამკვირვებია - ვინ რა როლის თამაშიც არ უნდა გთხოვოს, ხომ უნდა დაფიქრდე, ვის და რისთვის აწყობს შენი გამოყენება?”

ზუგდიდში იმაზეც ხმამაღლა საუბრობენ, რომ თუ რომელიმე ჟურნალიტი გალის ლეგიტიმურ ადმინისტრაციას მიმართავს, უფრო სწორედ, ნებისმიერ არსებულ თუ არარსებულ ვითარებაზე კომენტარს შეუკვეთავს, მისი წარმომადგენლები არც დაფიქრდებიან, ისე გაიმეორებენ ყველაფერს, რასაც უკარნახებ.

ამას ადასტურებს ენვერ კილანავა, გალის მკვიდრი: “მე უკვე 15 წელია დევნილი ვარ და ზუგდიდში ვცხოვრობ, მაგრამ გალშიც ხშირად გადავდივარ, იქ სახლს ვუვლი. ადრე, ენგურის ხიდთან დაგვხვდებოდნენ, ხოლმე, ჟურნალისტები და გვთხოვდნენ, აბა ეს გვითხარი, აბა, ის გვითხარიო. თვითონ გვკარნახობდნენ, რა უნდა გვეთქვა. ჩვენ გვეგონა, ასეა საჭიროო და კამერების წინ ვიმეორებდით, მათ ნათქვამს. მერე ჩვენს ინტერვიუს ტელევიზიით რომ გაავრცელებდნენ, აფხაზები გვსაყვედურობდნენ, რატომ იტყუებით, არ გრცხვენიათო? ხომ ხართ ღირსი, მართლა ეგრე მოგექცეთ, როგორც გვაბრალებთო.

დალხენილი და დალაგებული ცხოვრება იქ არავისა აქვს და გასული აგვისტოს შემდეგ, სიტუაცია მართლაც უფრო გამწვავდა, მაგრამ თავის გატანას ყოველთვის ვახერხებდით და იმედი გვქონდა, ჩვენი ხელისუფლება ჩვენს დასახმარებლად სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამდა. მან კი წინ კი არა, უკან გადადგა ნაბიჯები.

რაც შეეხება მაგ ინფორმაციებს, გალელებმა ჭკუა ვისწავლეთ და უკვე არანაირ კომენტარებს აღარ ვაძლევთ ჟურნალისტებს, მაგრამ რად გინდა, ჩვენს ნაცვლად კარგა ხანია ზუგდიდელებს ალაპარაკებენ.

ეს გალის რაიონის აქაური უფროსობაც ნაკარნახევის გამეორებაშია გაწვრთნილი. თვალს არ დაახამხამებენ, მაყურებელს ისე მოატყუებენ.

შარშან იანვარშიც, საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც თუ გახსოვთ, გადაღებული რომ იყო, ვითომ გალელები რომ გადმოდიოდნენ ენგურზე და ამბობდნენ, აფხაზები გადმოსვლას და არჩევნებში მონაწილეობას გვიშლიანო. ეგ კადრები ზუგდიდის რაიონში იყო გადაღებული და გადაღებებში ადგილობრივები მონაწილეობდნენ. ეგ უფროსობა კი დაყენებული სახით ადასტურებდა, ამისთანა ამბავია გალშიო.

მართალია, აფხაზებს არ უთქვამთ, წადით და ხმა მიეცითო, დიდად მოხარულები არ იყვნენ, მაგრამ არავის გამოკიდებიან და არავისთვის დაუშლიათ გადმოსვლა. ვისაც უნდოდა ხმის მიცემა სააკაშვილისთვის, გადმოვიდა და ხმა მისცა”.

ამდენად, გალის, წალენჯიხის და ზუგდიდის რაიონების მოსახლეობამ საინფორმაციო გადაცემების უნახავადაც კარგად იცის, რა ვითარებაა მათ გარშემო, მაგრამ ინფორმაციებს მაინც უსმენენ, რადგან აინტერესებთ, დანარჩენ საქართველოში რა ხდება. თუმცა, იმავდროულად, ეჭვს არ მალავენ, ვაითუ, ჩვენც ისევე გვატყუებენ, როცა ლიხს იქითა ამბებს გვიყვებიან, როგორც თბილისელებს ატყუებენ აქაური ამბებითო.

წყარო:presa.ge

ახალი ამბები