კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამეგრელოში პოლიტიკური დაპატიმრებები დაიწყო

19 მარტი, 2009

ნანა ფაჟავა-ზუგდიდი

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია 8-თვიანი პოლიტიკური დევნის შემდეგ ზუგდიდში დააკავეს. 15 მარტს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ღამის 11 საათზე მაშინ ჩაატარა, როცა ვახანია საკუთარ სახლში მარტო იმყოფებოდა. ჩხრეკის შედეგად მისი ბინიდან ამოღებულია ავტომატური იარაღი და ორი ხელყუმბარა.

სამწუხარო და ამავე დროს შემაშფოთებელი ამ ისტორიაში ის ფაქტია, რომ ბიზნესმენის დაკავების საბაბი გაზეთ ”სამეგრელოს ქრონიკის” ჟურნალისტის, ლელა ხუბულავას განცხადება გახდა, სადაც მან ვახანია ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლასა და მუქარაში დაადანაშაულა. პოლიციამ კი ბიზნესმენის ბინის ჩზრეკა სწორედ იმ აუდიო-ფირის ამოღების მიზნით ჩაატარა, რომელიც თითქოს ვახანიამ ჟურნალისტს წაართვა.

ბრალდებულის ადვოკატებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ძალოვანებმა ჟურნალისტის მიმართ შანტაჟი, მუქარა და ზეწოლა განახორციელეს. 17 მარტს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე, სადაც ვახანიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შერჩევის საკითხი განიხილებოდა, ბრალდებული უკვე ჟურნალისტის მხრიდან განხორციელებულ შანტაჟსა და მუქარაზე საუბრობდა.

ამაზე ცოტა ქვემოთ, ახლა კი იმ ვითარების შესახებ, რაშიც ვლადიმერ ვახანია 2008 წლის 12 ოქტომბერს აღმოჩნდა. მის მიმართ პოლიტიკური დევნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო. პოლიციამ ვახანია მაშინ დააკავა, როცა მან რუსეთში გასამგზავრებლად შესაბამისი რეგისტრაცია, საბაჟო გამშვები პუნქტი გაიარა და ე.წ. ნეიტრალურ ზონაში იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა მას საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტები და მობილური ტელეფონიც ჩამოართვეს. ვახანია მოკლევადიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ ხანგრძლივი დევნისათვის გაამზადეს.

სასამართლო პროცესზე ვახანია თავად ყვებოდა, თუ როგორ აიძულებდნენ მას ძალოვანები რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირი და აგენტობა ეღიარებინა, თუმცა პოლიციის მხრიდან ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. თვეების განმავლობაში იგი თავადაც უშედეგოდ ცდილობდა უკანონოდ ჩამორთმეული დოკუმენტების დაბრუნებას. ამის შესახებ ბიზნესმენმა თხოვნის ბარათები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტსა და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, ფრიდონ თოდუას გაუგზავნა. 15 ასეთი ბარათიდან პასუხი ვლადიმერ ვახანიამ მხოლოდ პარლამენტიდან მიიღო, რომელმაც თბილისის პროკურატურაში საქმის გამოძიების დაწყების ფაქტი აუწყა. ვახანიას ღია წერილები და ინტერვიუები ქართულ პრესაშიც რამდენჯერმე გამოჩნდა, მაგრამ რეაგირების გარეშე დარჩა.

13 თებერვალს კი ვლადიმერ ვახანიას მხარდამჭერებმა ენგურქარალდკომბინატის კულტურის სახლთან საპროტესტო მიტინგი გამართეს და ჩამორთმეული დოკუმენტების დაბრუნება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. იმ დღეს ვახანია მიტინგზე არ გამოჩენილა, თუმცა ლელა ხუბულავამ მასთან ინტერვიუ მისსავე ბინაში ჩაიწერა.

”ლელა ხუბულავა ჩემი მეზობელი აღმოჩნდა. რადგან მე 30 წელიწადზე მეტი მოსკოვში ვცხოვრობდა, მას არ ვიცნობდი. ჩემი სახლის კარი პირველ რიგში როგორც მეზობელს გავუღე. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ გამოქვეყნებამდე სტატიის შინაარსს კიდევ ერთად გამაცნობდა. 3 დღის შემდეგ ისევ მოვიდა ჩემთან დ აიმ აუდიო-კასეტის ასლი გადმომცა, სადაც ჩემი ინტერვიუ იყო ჩაწერილი. მას დამატებითი კითხვებიც გაუჩნდა. ის გვერდით ოთახში გავიდა და კითხვები მოამზადა, რომელსაც დროის უქონლობის გამო პასუხი მაშინ ვერ გავეცი.

11 მარტს, როდესაც მე პოლიტიკური პარტიის დაფუძნება გადავწყვიტე, კრებაზე ხუბულავა მოვიდა და მითხრა, ფირი ახლავე დამიბრუნე, თორემ საქმე ცუდად წაგივა, რაც მოგივა საკუთარ თავს დააბრალეო. მე ავუხსენი, რომ თუ ის ასლი მისთვის ამდენად მნიშვნელოვანი იყო, დავუბრუნებდი, ოღონდ ზუსტად არ მახსოვდა რომელ ბინაში შევინახე.” - ასეთია ვლადიმერ ვახანიას ვერსია.

უცნობია ჟურნალისტის მოსაზრება. ლელა ხუბულავა მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. სატელეფონო საუბარში იგი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს. გავრცელებული ინფორმაციით, ვახანიასა და მისი მხარდამჭერების მხრიდან ჟურნალისტზე ზეწოლას ადგილი მართლაც ჰქონდა და ამის მოწმე გაზეთის სხვა თანამშრომლებიც არიან, მაგრამ დეტალების დაკონკრეტებისგან თავს ისინიც იკავებენ.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას, რომლის დაფუძნებასაც ვახანია ზუგდიდში გეგმავდა, სხვადასხვა მიზეზების გამო ჩაიშალა და ის ყველა შემთხვევაში პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება. მომავალი პარტიის აქტივისტებს დამფუძნებელთა კრების მოწვევის საშუალება თავიდანვე არ მიეცათ. რამდენიმე დარბაზის მეპატრონემ ისინი უარით გაისტუმრა, თუმცა შეხვედრა ერთ-ერთ კერძო ოფისში მაინც შედგა.
 
პრობლემები მაშინაც შეიქმნა, როცა ნოტარიუსი, რომელსაც ახალი პარტიის, ”მთლიანი საქართველოსათვის” არსებობა უნდა დაეკანონებინა, გამზადებულ დოკუმენტებთან ერთად ქალაქიდან გაქრა.

პროფესიით იურისტი და მოსკოვში წლების მანძილზე პროკურორის თანამდებობაზე მომუშავე ვლადიმერ ვახანია ქართველი სამართალდამცავების მოქმედებებით შეძრწუნებული ჩანდა. სასამართლო პროცესზე მან მის მიმართ ს.ს.ს.კ. 236 -1 და 154 -1 და 2 ნაწილებით გამოყენებულ ბრალდებებს შეთითხნილი უწოდა.

ვლადიმერ ვახანია: ”ვერც კი წარმომედგინა, რომ ოდესმე საზოგადოებას თავს პოლიტიკურ ფიგურად წარვუდგენდი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სამშობლოში ნანახმა და განცდილმა გადამაწყვეტინა. თვით რუსეთშიც არ შემხვედრია და არ მინახავს ბრძოლის ასეთი მეთოდები. მე შემეძლო ქვეყანა დამეტოვებინა, მაგრამ არ ვიკადრე. როგორ, ჩემი სამშობლოდან გავიქცე?! ვის ან რას გავექცე?! ასე ცხოვრება ნამდვილად არ შეიძლება!”

მიუხედავად იმისა, რომ ვახანიას მიმართ წაყენებული ბრალდება ნაკლებად მძიმე კატეგორიას განეკუთვნება, მოსამართლე აბშილავამ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა და აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ერთ-ერთი ადვოკატი იმ პროცესუალურ დარღვევებზეც მიუთითებს, რომელიც ვახანიას დაკავებას თან ახლდა.

ილია ლომაია: ”ბრალდებულს არ ჩაბარებია დაკავების ოქმი, მის ბინაში ჩხრეკა კანონდარღვევით, დამსწრეების გარეშე ჩატარდა. იმის გამო, რომ გამოძიებამ საქმის მასალები ამ დრომდე არ გადმოგვცა, იქ არსებული დეტალები ჩემთვის უცნობია, მაგრამ ცხადია და სასამართლო განხილვამ აჩვენა ის, რომ ვახანია პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია”.

არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის ადამიანებიც აღმოჩნდნენ, რომლებსაც ვახანიასთან მეზობლური ან ნათესაური კავშირი ჰქონდათ. ერთ-ერთი თვითმხილველის განმარტებით ”სპეცოპერაციის” დაწყებამდე პოლიცია იმ ქუჩაზე, სადაც ვახანია ცხოვრობს, 30 მანქანით შევიდა. ჟურნალისტის სახლთან კი ავტობუსით სპეცრაზმი იდგა, ალბათ მის უსაფრთხოებას იცავდა.

პოლიციელების შესვლიდან დაახლოებით ერთ საათში სახლში მოწმეების შეყვანა დაიწყეს. ერთ-ერთი დამსწრე მეზობელი მამაკაცი მაღალი არტერიული წნევის შედეგად შეუძლოდ გახდა, ამას ვახანიას ნათესავი ქალის გულზე შეტევა მოჰყვა და ერთდროულად ორი სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება გახდა საჭირო. პოლიციელები ყვიროდნენ, იგინებოდნენ. განსაკუთრებით ერთი აქტიურობდა, სავარაუდოდ - ხობის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო. იგი პისტოლეტის საფეთქელთან მიბჯენით აშინებდა ეზოში შეკრებილ გულშემატკივარ მეზობლებს. ვახანიას გადაყვანის დროს კი ისე დაერივნენ ხალხს, რომ იარაღის მუქარით ფეხდაფეხ მისდევდნენ და შინ გააფთრებული ერეკებოდნენ.
სამწუხაროდ, მკითხველისთვის ამ ინფორმაციაში ახალი არაფერია.  სამეგრელო საქართველოა და როგორც სხვაგან, ისე - აქ.


წყარო: პრესა.გე

ახალი ამბები