კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სერჟანტი შავაძე ხელისუფლების წინააღმდეგ

31 მარტი, 2009

წინასწარი ძიების ვადა იწურება. მიეცით მოკლულ ჯარისკაცს სამართლიანი სასამართლოს უფლება.

სერჟანტ რამინ შავაძის მკვლელობის ფაქტი 2008 წლის 16 აგვისტოს მოხდა, სასამართლო პროცესამდე წინასწარი ძიებისთვის კანონით განსაზღვრული 9-თვიანი ვადა ერთ თვეში იწურება. ადვოკატი რამინ პაპიძე ფიქრობს, რომ საქმეს ამ ხელისუფლების მმართველობის პირობებში სასამართლო პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რატომ, რა კავშირია ჩადენილ დანაშაულსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის; და თუ ასეთი კავშირი არ არსებობს, რატომ არ იძვრის საქმე სასამართლოს მიმართულებით.

საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ უფლებას უზრუნველყოფს ევროკონვენციის მე-6 მუხლიც, რომელიც აღიარებულია ცივილიზებული მსოფლიოს მიერ. მას თავის სახელმძღვანელო კანონად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლებაც.

შავაძის საქმე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში კანონის არსებობა თვალთმაქცობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებაში ვიღაც მაინც დაფიქრდებოდა, რომ სრულიად დაუსაბუთებელი განცხადებები, უაპელაციო, თავდაჯერებული დასკვნები მოკლული ჯარისკაცის მოღალატეობის შესახებ მანამ, სანამ ამას სასამართლო დაამტკიცებდეს, არის დანაშაული, სულ მცირე, უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, ყველაზე მეტი კი _ მიზანმიმართული ცილისწამება.

არავის აქვს უფლება, ადამიანს დასდოს ბრალი დანაშაულში, გარდა სასამართლოსი. მაგრამ მისი მკვლელობიდან სასამართლომდე სერჟანტ შავაძეს ბრალი არაერთხელ დასდეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ სასამართლოს ფუნქცია თავად შეითავსა. როცა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ტელევიზიით გამოაქვს განაჩენი, რომ მოკლული მოღალატეა, ეს ნიშნავს, რომ იგი სასამართლოს ცვლის, ხელისუფლების უზურპაციას ახდენს, ამ შემთხვევაში _ სასამართლო ხელისუფლების. ეს კი დემოკრატიული სახელმწიფოს საძირკვლის ნგრევაა.

სიკვდილით დაუზარალებლები

მოკლულ სერჟანტს დარჩა არასრულწლოვანი შვილი პირველი ქორწინებიდან, მეუღლე მეორე ქორწინებიდან და ძმა. საკმაოდ მრავალრიცხოვანი ოჯახის მიუხედავად, სასამართლომ მოკლულის არც ერთი ნათესავი დაზარალებულად არ ცნო. მისი ლოგიკა ასეთი იყო: კანონის თანახმად, დაზარალებულად შეიძლება ჩაითვალოს პიროვნება, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი. რადგან მოცემული მომენტისთვის არ არის დადგენილი, შავაძის მკვლელობა დანაშაულია თუ აუცილებელი მოგერიების ღონისძიება, ამიტომ მოკლულის ქვრივი არ არის ცნობილი დაზარალებულად.

რას და რატომ უმზადებდნენ ცხინვალის ფრონტიდან დაბრუნებულ სერჟანტს, მის სიცოცხლეს და სახელს? მისი პროცესი ადვოკატის გარეშე უნდა ჩატარებულიყო. ამის მცდელობის ნიშნები გამოკვეთილი იყო პირველივე დღიდან. ოჯახის დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმა იყო ერთადერთი საშუალება, რომ იგი ადვოკატის გარეშე გაესამართლებინათ. დღეს ადვოკატი რამინ პაპიძე ამბობს, რომ ამის რეალური საშიშროება არსებობდა. “კანონში ეს ნორმა ბუნდოვანია. მე ვითხოვდი, რომ მეუღლე ციცინო შავაძე ეცნოთ დაზარალებულ მხარედ, ხოლო, თუ ძიება დაადგენდა, რომ დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა და სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რადგან შავაძემ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია მათ, შავაძის ცოლს მოეხსნებოდა დაზარალებულის სტატუსი. მაგრამ ეს პროცედურა არ მიიჩნიეს საჭიროდ დაზარალებულად ცნობაზე უარის სათქმელად. მთავარი იყო სასამართლო უადვოკატოდ”.

ამის შემდეგ ადვოკატმა საქმეში ჩასართავად შემოვლითი გზა აირჩია, იგი მოკლული შავაძის უფლებების დამცველად წარუდგა ძიებას. რადგან მოკლულის მიმართ საქმე აღძრული იყო და იგი ეჭვმიტანილი იყო ნარკოტიკების რეალიზებაში (საქმე ორი მუხლით აღიძრა: სამშობლოს ღალატი და ნარკოტიკების შეძენა და შენახვა, თუმცა პირველი მუხლი მაშინვე მოეხსნა. მით უფრო აუხსნელია, როგორ მიდიან ხელისუფლების პირველი პირები სასამართლოს მიერ უარყოფილი ბრალდების გახმოვანებაზე!), ადვოკატის საჭიროებაზე უარის თქმა შეუძლებელი გახდა. პაპიძეს არგუმენტები ჰქონდა იმის დასამტკიცებლად, რომ შავაძე არ იყო ნარკოტიკების მომხმარებელი და რეალიზატორი. როგორც კი საქმეში ჩაება ადვოკატი, პროკურატურამ მაშინვე შავაძის წინააღმდეგ ნარკოტიკების მუხლით აღძრული საქმე შეწყვიტა ეჭვმიტანილის გარდაცვალების საფუძველზე. მოკლულის ოჯახი ადვოკატის ყოლის უფლებისთვის ყველა გზით იბრძოდა. პაპიძემ სასამართლოში შეიტანა განცხადება საქმის განახლების მოთხოვნით. სასამართლომ საქმე განაახლა.

საქმეში კი ჩართეს. მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალობა აღმოჩნდა. პაპიძე ითხოვდა პროკურორისგან, გაეცნოთ სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ პროკურორი აბსურდულ პასუხს აძლევდა: რომ განცხადებაში ადრესატად ჩაწერილი უნდა იყოს არა ის, პროკურორი, არამედ გამომძიებელი. პასუხი შეკითხვაზეა გათვლილი: კი, მაგრამ გამომძიებელი ხომ თქვენს დაქვემდებარებაშია. შეკითხვა _ ახალ პასუხზე, პასუხი ახალ შეკითხვაზე და ასე შემდეგ. ყველა კითხვა და პასუხი _ წერილობით ფორმასა და კანონით დადგენილ ვადებზე, საბოლოოდ, ყველაფერი _ დროის გაყვანაზე, რაც დღემდე გრძელდება.

თავდასხმა და ძებნა

2008 წლის 14 აგვისტოს იგი ცხინვალიდან ბათუმში დაბრუნდა. ცოლი მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც საშინელება ჰქონდა ნანახი ფრონტზე. დღეს იხსენებს, რომ წყალსაც ვერ სვამდა, ლუკმას ვერ იდებდა პირში. ღამით შეშლილივით ყვიროდა: გაითვალეთ, ვინ გვაკლია. როცა აღვიძებდნენ, შეშინებული კითხულობდა, ხომ არაფერი მითქვამს კიდევო. რაღაც იცოდა. ცოლისთვის არ უთქვამს, მაგრამ მეგობართან მოასწრო იმის ნაწილობრივ თქმა, რაც მოსვენებას არ აძლევდა. ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა მიაკვლია ამ მეგობარს, დავით კილაძეს, რომელმაც თქვა, რომ დაღუპვის წინა დღეს შეხვდა როინს ბათუმის ობელისკთან. ისინი ერთად მსახურობდნენ სენაკის 23-ე ბატალიონში. კილაძე იხსენებს, მითხრა, გავიგე, ვინ რას წარმოადგენსო, ყველაფერი ვიცი, ვინ დაიმალა, ვინ შეშინდა, ვერ გააკეთა, რაც ევალებოდა, გამოჩნდა შავ-თეთრი სახელმწიფოს მხრიდანო.

სახელმწიფო სტრუქტურებიდან მეორე დღეს მიაკითხეს. ვინმე მაიმუნამ, რომელსაც ქალაქი მისი კრიმინალური წარსულით იცნობს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ სამართალდამცავ სტრუქტურაში (კუდ-ი) მუშაობდეს, ქუჩიდან დაუძახა. ორი მანქანით იყვნენ, მაყუჩიანი იარაღი ჰქონდათ, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს, სახლში მოგვიანებით დაბრუნებულმა ცოლს უამბო, რომ გზაში ჰკითხეს, რამდენი დაღუპულიაო. გაბრაზებულა, რას ნიშნავს ეს შეკითხვა, მე დაღუპულების დასათვლელად ხომ არ ვყოფილვარ წასულიო. მიიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისთვის უცნობ ადამიანთან. შავაძე დაბეჯითებით უმტკიცებდა ცოლს, რომ ეს კაცი არ იყო ბათუმელი და იგი ადრე არასდროს უნახავს. განსაკუთრებით იმან გააოცა, რომ უცნობი მისმა მიყვანამ გააბრაზა, ვინ დაგავალათ, რომ მოიყვანეთ, მე არაფერი მაქვს შესაკითხიო. შავაძემ ისიც უამბო ცოლს, რომ ადამიანები, რომლებმაც ის მანქანით უკან წაიყვანეს, აღმოსავლურ დიალექტზე ლაპარაკობდნენ. ისინი ბათუმელები არ იყვნენ.                      

მეორე დილას სამსახურში წავიდა. იგი სენაკის 23-ე ბატალიონიდან რანდენიმეთვიანი თხოვნისა და მცდელობის შემდეგ გადაიყვანეს ბათუმში. 16 აგვისტოს პირველად მივიდა სამსახურში. შუადღე იყო, როცა სამხრეების დასაკერებლად გავიდა. სანამ ხელოსანი სამხრეებს უკერებდა, გვერდით კაფეში ყავის დასალევად გადავიდა. იქ დაესხნენ თავს. თრევითა და ცემით მიჰყავდათ. სამშობლოს მოღალატის ძახილით. მეუღლეს, რომელიც ბათუმის სხვა უბანში საპარიკმახეროში მუშაობდა, მაშინვე შეატყობინა კლიენტმა, რომელიც შემთხვევით შეესწრო დაკავებას. ოჯახს არ დაუყოვნებია, მაშინვე დაიწყო ძებნა, მაგრამ კვალი დაიკარგა. არც საპატრულო პოლიცია ერეოდა ძებნაში, არც სამხედრო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ახლოც კი არ მიუშვეს. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ყველა ძალოვანი უწყება თავს არიდებდა პასუხს. ყველას შესაძლოა, არა, მაგრამ რომელიმე უწყებას ხომ უნდა სცოდნოდა დაკავების ფაქტი და დაკავებულის ადგილ-სამყოფელი! ქალაქში ასეთი არავინ აღმოჩნდა. თვითმხილველთა თქმით, შავაძე დღის 4 საათზე დააკავეს. ოჯახს რამდენიმე საათში შეატყობინეს, რომ მკვდარი იყო.

სიკვდილი _ გამოთვლა წუთებსა და კილომეტრებში

სასამართლომდე საქმე, ალბათ, მაინც მივა, მაგრამ მას მერე, რაც უმთავრესი მტკიცებულებები შეიკვეცებიან, სახეს იცვლიან, საკუთარ უარყოფად იქცევიან. რეალური მოწმეები გაქრებიან ან დადუმდებიან, დოკუმენტები საბოლოოდ და საიმედოდ ჩასწორდებიან, საზოგადოებრივი ინტერესი გაქრება და სასამართლოს წინაშე ასე წარმდგარი დაზარალებულიც საშიში აღარ იქნება.  
      
ძიება ადვოკატის არც ერთ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს. სასამართლომდე მიტანილ საქმეში არ არის მოსალოდნელი ცენზურისგან თავისუფალი, ობიექტური ძიების ნიშნები.

მოწმეები უკვე უარს ამბობენ მათთვის ცნობილი გარემოებების დადასტურებაზე. ჩვენს საგამოძიებო ჯგუფს მიაწოდეს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 16 აგვისტოს, შუადღისას, მახინჯაურის მანქანების პროფილაქტიკაში შესულმა ერთ-ერთმა მძღოლმა, ტრაქტორისტმა, უამბო ხელოსანს, ირაკლი ჩამბას, რომ მან ნახა, სანაპიროზე პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები როგორ სცემდნენ კაცს, მოეჩვენა, რომ მოკვლას უპირებდნენ. ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა ნახა ხელოსანი ირაკლი ჩამბა. მაგრამ მან უარყო, რომ მისთვის ასეთი რამ ცნობილი იყო. არადა, იმის დადგენას, მართლა ამ დღეს და ამ დროს ნახა თუ არა ვინმემ ასეთი სურათი, დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. ციცინო შავაძის თქმით, მისი ქმარი დაახლოებით შუადღისას, 3-ის ნახევრიდან 3 საათამდე დროის შუალედში ცოცხალი და უვნებელი იყო. ის ქმარს ესაუბრა და შეიტყო, რომ კაფეში იყო და ყავას სვამდა. თუკი უცნობმა ტრაქტორისტმა დღის ამ მონაკვეთში უკვე სანაპიროზე ნახა წამების სცენა, მაშინ გამოდის, რომ შავაძე არ მიუყვანიათ აჭარის არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურაში, ის პირდაპირ წამების ან მოკვლის მიზნით წაუყვანიათ.

ამ ვერსიას ამყარებს ქობულეთის პოლიციის განყოფილების სარეგისტრაციო ჟურნალში ჩვენ მიერ ნანახი შეტყობინება N597 _ შეტყობინების დროდ მითითებულია 15.50 საათი. ხოლო შეტყობინების შინაარსი ასეთია: მუხაესტატეს (სოფელია ქაქუთთან ახლო, სადაც გვამი აღმოაჩინეს) პოლიციის განყოფილების უფროსი ნოდარ ცეცხლაძე ქობულეთის პოლიციას აწვდის ინფორმაციას, რომ ქაქუთის ხერგილის მახლობლად ისმის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა.

ამ შეტყობინებიდან 2-3 წუთის შემდეგ კი აჭარის მთავარ სამმართველოში უკვე შესულია შეტყობინება, რომ სოფელ ქაქუთთან ნაპოვნია როინ შავაძის გვამი.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, როგორ მოასწრო პოლიციამ 2-3 წუთში ამდენი რამ: ქობულეთიდან ქაქუთში ჩასვლაც, იმის დადგენაც, რომ სროლის შედეგად მოკლული როინ შავაძეა და ამ ინფორმაციის გადაცემაც? ქობულეთიდან ქაქუთამდე 25 კილომეტრია და მის გავლას ნახევარ საათზე მეტი სჭირდება. როგორ გაივლიდა პოლიციის ჯგუფი ამ მანძილს 2-3 წუთში და როგორ დაადგენდა ასე სწრაფად, რომ მოკლული პირი როინ შავაძე იყო, ჩვენთვის გაუგებარია. უდავოა, რომ ამ ორი ჩანაწერიდან ერთ-ერთი ყალბია. ობიექტურმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ვინ და რა მიზნით ჩაიდინა სიყალბე? მან, ვინც ეს ინფორმაცია მიაწოდა აჭარის მთავარ სამმართველოს, თუ მან, ვისაც ხელი მიუწვდებოდა რეგისტრაციის ჟურნალზე?

ქობულეთიდან ქაქუთისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე სოფელია: ლეღვა, მუხაესტატე, წყავროკა... ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა ექსპერიმენტი ჩაატარა: დღის იმავე მონაკვეთში, როცა, სავარაუდოდ, შავაძის მკვლელობა მოხდა, გაიარა ეს გზა, რათა დაედგინა, ვის შეიძლებოდა ენახა ქაქუთის შემთხვევის მონაწილეები. სოფლის მცხოვრებთა შორის ადვილად მივაგენით ადამიანებს, რომლებიც ხშირად სხედან გზის პირას და ქმნიან ე. წ. სოფლის ბირჟებს. მათ შემთხვევა დაწვრილებით გაიხსენეს და ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ სროლის შემდეგ ქაქუთისკენ ჯერ სასწრაფო დახმარების მანქანამ ჩაიარა და მხოლოდ ამის შემდეგ მიჰყვა მას პოლიციის მანქანები. ისევ იბადება კითხვა: რატომ მოახდინა რეაგირება პოლიციამ ასე გვიან? სოფლელებს არ დაუნახავთ ქაქუთისკენ მიმავალი პოლიციის არც ერთი მანქანა სროლიდან დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, პოლიციამ 15.50 საათზე მკვლელობის ფაქტი უკვე იცოდა, ხოლო ქობულეთის სასწრაფო- სამედიცინო პუნქტიდან 16.23 საათზე გამოსული მანქანა (ასეა დაფიქსირებული სარეგისტრაციო ჟურნალში), ქაქუთში მისვლას, სულ ცოტა, ნახევარ საათს მაინც მოანდომებდა და გავითვალისწინებთ სოფლელების დანახულსაც, რომ სასწრაფოს გავლიდან პოლიციის მანქანებმა მხოლოდ 20-ოდე წუთის შემდეგ ჩაიარეს, გამოდის, რომ პოლიციაში შეტყობინების შესვლიდან, მართლაც, დაახლოებით საათ-ნახევარში მოუხდენია პოლიციას რეაგირება. რატომ, გაუგებარია. სასამართლო ვალდებულია, პასუხი გასცეს ამ შეკითხვასაც და დაადგინოს, ვის და რისთვის სჭირდებოდა ეს დრო.
 
ვინ შეიძლება იდგეს მკვლელობის უკან?

არავინ იცის, შავაძის მკვლელობის ფაქტზე აღძრული საქმე რომელი ვერსიით მივა სასამართლომდე. გამოძიება ადვოკატთან, პრაქტიკულად, არ თანამშრომლობს. ამდენად, ისიც არ არის ცნობილი, რომელ ვერსიებზე მუშაობს. მკვლელობის ვერსია კი რამდენიმეა და არც ერთი მათგანი არ არის მოკლებული ლოგიკას.

მთავარი ვერსია ცხინვალის ომსა და შავაძის სამხედრო სპეციალობას უკავშირდება. შესაძლოა, ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყოს მისი მეგობრის მიერ ჩვენთვის მონათხრობი, რომ ბევრი საშინელი რამ შეიტყო ბევრ ისეთ ადამიანზე, რომელთაგანაც ეს ვერ წარმოედგინა. ისინი, თავისთავად ცხადია, სამხედრო პირები იქნებოდნენ. ცოლიც ხომ ყვება, რომ, ღამის კოშმარიდან გამოღვიძებული, შიშით კითხულობდა, ხომ არაფერი წამომცდენიაო. ამ ვერსიას ამყარებს ის ფაქტიც, რომ მკვლელობის წინა დღეს, შუაღამისას, სახლიდან ხელისუფლების ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებმა გაიყვანეს, გზაში ომის ამბებზე ეკითხებოდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში მიიყვანეს. ხოლო ის, რომ იქ უცნობი მაღალჩინოსანი დახვდა და მეგზურები აღმოსავლურ კილოზე მეტყველებდნენ, შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მის საქმეში უშუალოდ თბილისი იყო ჩარეული. უცნობი მაღალჩინოსნის რეაქცია, ჩემთან რატომ მოიყვანეთო, შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ შავაძესთან კაბინეტში გასარკვევი არაფერი იყო. მართლაც, ამის შემდეგ მასთან ურთიერთობა კაბინეტებში აღარ გაგრძელებულა. ის ქუჩაში აიყვანეს, პლაჟზე აწამეს და ქაქუთში მოკლეს. 
  
ამ ვერსიას ამყარებს ისიც, რომ როინ შავაძე სპეციალურ შენაერთ ჟ-2-ში მსახურობდა. სამხედრო ექსპერტების განმარტებით, ეს არის გაერთიანებული შტაბის დაზვერვის სპეციალური დეპარტამენტი, ანუ ტაქტიკური დაზვერვის სტრუქტურა, რომელსაც პირდაპირ ევალება შიგნით არმიაში, მის სამხედრო ნაწილებში, სადაზვერვო ოპერაციების წარმოება და არ იღებს მონაწილეობას სტრატეგიული ტიპის დაზვერვებში, ის კოორდინაციას უწევს ცალკეული სამხედრო ნაწილების სადაზვერვო შენაერთებს. ეს მეტად მნიშვნელოვანი გარემოება ხსნის იმას, რა შეიძლებოდა სცოდნოდა ცხინვალის ომნანახ სერჟანტ შავაძეს, რატომ აწამეს და არ მოკლეს ჩუმად და სწრაფად, მას, როგორც  ჟ-2- ის მზვერავს, ინფორმაცია მხოლოდ სამხედრო პირებზე შეიძლებოდა ჰქონოდა. სასამართლომ უნდა დაადგინოს, ვისი ინტერესების დაზარალება შეეძლო შავაძეს და თუ ეს უკანასკნელი რომელიმე მაღალჩინოსანი აღმოჩნდა, მაშინ გასაგები გახდება ისიც, რატომ იღებდა მონაწილეობას მის წამებასა და ლიკვიდაციაში შსს-ის ოფიციალური სტრუქტურა და ისიც, ვინ და რატომ ბლოკავს ძიებას.

მეორე ვერსია, რომელიც ასევე ლოგიკურად ჟღერს და რომელსაც ასევე გაიგებთ ბათუმში, ასლან აბაშიძესა და ძმებ სმირბებთან მის წარსულ ურთიერთობას უკავშირდება. როინ შავაძე ერთ ხანს ასლან აბაშიძის სიძის პირადი დაცვის უფროსი იყო, იქამდე _ აბაშიძის პირად დაცვაში მუშაობდა, ერთხანს კიდევ _ სმირბას დაცვაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასლან აბაშიძის ყოფილი გარემოცვის წევრები რიგრიგობთ და უცნაურ გარემოებებში იღუპებიან, რატომ არ შეიძლება, რომ შავაძის რიგი, სწორედ, ახლა დამდგარიყო.

მესამე ვერსია შურისძიებას ეფუძნება და, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მასაც აქვს არსებობის უფლება. აბაშიძის გარემოცვის ბევრი წარმომადგენლის გახსენება დღესაც შიშის ზარს სცემს აჭარაში ყველას, ვინც არ იყო აბაშიძის მომხრე და მათ მიმართ შურისძიების სურვილი შესაძლოა, გაუჩნდეს ვინმეს, მაგარამ როინ შავაძეს არავინ მოიხსენიებს ასეთთა შორის და ვერსიაც მხოლოდ თეორიულ დონეზე არის დასაშვები.

სასამართლო უნდა შედგეს

სასამართლო უნდა შედგეს იმიტომ, რომ მოკლული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართული ომიდან ერთი დღის დაბრუნებული ჯარისკაცია. სასამართლო უნდა ჩატარდეს თუნდაც იმიტომ, რომ დამტკიცდეს, სამშობლოს და ხელისუფლებას ასე არ გადაუხდიათ მადლობა დამსახურებისთვის, რომ მკვლელობას სხვა მიზეზი ჰქონდა. მაგრამ ამის დამტკიცება სასამართლომ უნდა შეძლოს და არა ისე, როგორც სხვა სასამართლო პროცესებზე დაამკვიდრა _ პროკურატურის დირექტივით და აღმასრულებლების მითითებით. ეს სხვა შემთხვევაა და სასამართლო პროცესიც სხვაგვარი უნდა იყოს. რადგან პროტესტი, რომელიც არაობიექტურ სასამართლოს მოჰყვება, ამ შემთხვევაში ასევე სხვაგვარი იქნება.

მაია გოგოლაძე

ლია ტოკლიკიშვილი

გამოძიებაში მონაწილეობდა “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი მაკა მალაყმაძე.

პროექტი  ხორციელდება “ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და ჟურნალ “სიტყვის” მიერ “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” მხარდაჭერით.

ახალი ამბები