კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მცენარეული ხნა თუ მშრალი მარიხუანა

1 აპრილი, 2009


ერთი ექსპერტიზის დასკვნა ორის წინააღმდეგ

ერაყელ თალალ მუჰამედს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი ნაწილით ედება. ამოღებულ ნივთიერებაზე კი სამი ექსპერტიზაა ჩატარებული. ალტერნატიული და კომისიური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ბრალდებულისგან ამოღებული ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებას არ შეიცავს, სხვას ამბობს გამოძიების ექსპერტიზის დასკვნა.  საქმე სამი წლის განმავლობაში არ განხილულა. სასამართლოს თაროზე დადებული საქმე, მიმდინარე წელს, უკვე მესამე მოსამართლეს დაეწერა.

თვით ბრალდებული თალალ აზის ალ მუჰამედი  დაკავების ფაქტს იხსენებს და  აღნიშნავს, რომ გააჩერა პოლიციამ, შეუმოწმა მანქანა, შემდეგ კი ჩანთიდან ამოუღო თმის საღებავი ხნა, რომელზეც უმტკიცებდა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება.

საბრალდებო დასკვნის თანახმად   ბრალდებულ თალალ აზის ალ მუჰამედს აღმოაჩნდა „2006 წლის აგვისტოს თვეში, წინასწარი გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება გამშრალი მარიხუანა 13,9 გრამის ოდენობით, რის შემდეგაც მან აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება დააფასოვა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში ერთ პაკეტად, რომელიც უკანონოდ შეინახა ხელჩანთაში“. საბრალდებო დასკვნა 2006 წლის 8 აგვისტოსაა შედგენილი. თუმცა, საქმის სასამართლო განხილვა მხოლოდ 2009 წელს დაიწყო.

ამჯამად განსასჯელს აღმკვეთი ღონისძიებად შეფარდებული აქვს გირაო 100 000 ლარის ოდენობით. ბრალდებული ეჭვობს, რომ მისი დაკავებით კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფია დაინტერესებული „დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვიღაცაა დაინტერესებული ჩემი დაკავებით. ბრძოლას ვაპირებ ბოლომდე. არ გავაფორმებ საპროცესო შეთანხმებას.  მე დამნაშავე არ ვარ, ეს ნარკოტიკი არაა“, - აღნიშნავს თალალ აზის ალ მუჰამედი. თალილ აზისი  საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს და    სიგარეტების სადისტრიბუციო ბიზნესითაა დაკავებული.
 
განსასჯელ მუჰამედს ადვოკატი მირზა დოლიძე და ადამიანის უფლებათა ცენტრის აჭარის ფილიალის იურისტი ედიშერ მახარაძე იცავენ. ამჟამად საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში განსახილველად უკვე მესამე მოსამართლეს გადაეცა.

ერთი ექსპერტიზის დასკვნა ორის წინააღმდეგ

ამ ეტაპზე საქმეში 3 სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაა. პირველი დასკვნა აჭარის შს კრიმინალისტიკური განყოფილების ექსპერტმა შორენა მუხაშავრიას ეკუთვნის. განსასჯელის დამცველთა განცხადებით, ექსპერტიზა რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამაც დაარღვია ნივთმტკიცებასთან მოპყრობის საკანონმდებლო წესი და არსებითად შეზღუდა ეჭვმიტანილის პროცესუალური უფლებები: „სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების დროს, ეჭვმიტანილ მუჰამედს თვითნებურად წაართვეს მხარისადმი მინიჭებული ყველა უფლება. მათ შორის, ექსპერტის მიმართ აცილების განცხადების, შეკითხვების დასმის და სხვა. თავისთავად, პროცესუალური წესების დარღვევით ჩატარებული ექსპერტიზა მივიდა დასკვნამდე, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი მცენარეული მასა - ხნა, ნარკოტიკების შემცვლელი ნივთიერება იყო“.

შორენა მუხაშავრიას გარდა ამოღებული ნივთიერება გამოკვლეული იქნა საქართველოს წამყვანი ექსპერტ–ქიმიკოსების მიერ. ალტერნატიული და სასამართლო კომისიური ექსპერტიზების დასკვნების მიხედვით, დადგენილია, რომ მისგან ამოღებული ნივთიერებაში ნარკოტიკული ნივთიერების შემცვლელი ნივთიერებები არ არის. ამასთან, დაცვის მხარის მიერ კონსულტაცია ექსპერტიზების დასკვნის შესწავლის გზით, მიღებნული იქნა უცხოელი ექსპერტ–ქიმიკოსებისაგან.

„ყველანი, ერთაზროვნად მიუთითებენ რომ შეუძლებელია წარმოდგენილ მასაში გამოყენებული მეთოდოლოგიის მიხედვით აღმოჩენილი ან აღმოუჩენელი ყოფილი  ნარკოტიკული ნივთიერება. უდავოა, პროცესუალური წესის უხეში დარღვევით შ. მუხაშავრიას მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა არ არის საკმარისი თ. მუჰამედის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის“.

დასკვნა #1; აჭარის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტი შ. მუხაშავრია: „თალალ მუჰამედის მიერ აღძრულ სს #090060795 საქმესთან დაკავშირებით ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მცენარეული მასა, წონით 13,9 გრამი არის ნარკოტოკული საშუალება გამშრალი მარიხუანა“.

დასკვნა #2; (ალტერნატიული ექსპერტიზა) სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი ხ. ომიაძე: „წარმოდგენილ მომწვანო-მორუხო ფერის მცენარეულ მასაში ნარკოტიკულად აქტიური კომპონენტების შემცვლელობაზე კატეგორიული პასუხის გაცემა შეუძლებელია. წინასწარი მონაცემები მცენარეული მასის ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანაზე მიკუთვნების შესახებ არ არსებობს“.

დასკვნა #3;  (კომისიური ქიმიური ექსპერტიზა) ექსპერტი ქ. ბარამიძე: „1. საკვლევი ნიმუში არ შეიცავს თOXI-L -ის მონაცემთა ბაზაში არსებულ საშუალებებს: ჰეროინი, მორფინი, კოდეინი, მეტადონი, ტრამადოლი, მეტამფეტამინი, ამფეტამინი, მეთაკვალონი და სხვა. 2. საკვლევი ნიმუში არ შეიცავს მცენარე კანაფის და მისი პროდუქტების მახასიათებელ არც ერთ კანაბინოიდს და ამდენად არ წარმოადგენს მცენარე კანაფს ან მის პროდუქტს მიუხედავად მისი შენახვის ვადისა“.

საქმეში არსებულ დასკვნებთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბრალდებამ მთავარი პროკურატურის პრესცენტრში გადაგვამისამართა. პირად საუბარში კი საქმის პროკურორმა ავთანდილ კოჭლამაზაშვილმა   აღნიშნა, რომ  გამოძიების დროს ერთი დასკვნა იყო. მისი თქმით, ხანდაზმულობა გავიდა, მაგრამ ვადამდე მასში ნარკოტიკული ნივთიერება იყო.

„მოძრავი“ საქმე

საქმეზე სასამართლო განხილვა მხოლოდ მიმდინარე წელს დაიწყო. თუმცა ამ პერიოდში საქმე უკვე მესამე მოსამართლეს გადაეწერა. თავდაპირველად, ბრალდებულ თალალ აზის ალ მუჰამედის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე როინ კახიძე განიხილავდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აჭარის ფილიალის იურისტი ედიშერ მახარაძე ვერ პოულობს საქმის ერთი მოსამართლიდან მეორე მოსამართლეზე გადაცემის გონივრულ და სამართლებრივ დასაბუთებას. „აღშფოთებას იწვევს ის, რომ საქმის ერთი მოსამართლიდან მეორე მოსამართლეზე გადაწერის ფორმალური საფუძველი გახდა მოსამათლის ერთ კვირიანი შვებულება. ახალმა მოსამართლემ კი, არსებული საპროცესო კანონის თანახმად, კვლავ თავიდან უნდა ჩაატაროს სასამართლო გამოძიების ყველა პროცედურა. 10 დღემდე ვადით, საქმის გადადება არ წარმოშობს ერთი მოსამართლიდან მეორე მოსამართლეზე საქმის გადაწერის წინა პირობას. ამასთან, განსასჯელის საქმე სასამართლოში შესულია 2006 წელს და 3 წლის მანძილზე არ განხილულა.

სავარაუდოა, რომ მოსამართლე როინ კახიძე საქმის განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეზე მისაღებია გამამართლებელი განაჩენი. გამამართლებელი განაჩენი ამ საქმეზე განპირობებულია და სხვა გადაწყვეტილების მიღება აბსოლუტურად შეუძლებელია. შესაძლოა, ახალი განხილვის დროს, მოსამართლისა და პროკურორის შეჯერების შედეგად დაინიშნოს ახალი სასამართლო ქიმიური ექსპერტიზა. საამისო სამართლებრივი საფუძველი არ არის. თუ არ მოხდა გამოსაკვლელი მასის შეცვლა ან ექსპერტის მიერ განზრახ ყალბი დასკვნის გაცემა. ნებისმიერი ექსპერტის დასკვნა იქნება ისეთი ალტერნატიული და კომისიური ექსპერტიზების მსგავსი _ გამოსაკვლევ ნივთიერებაში ნარკოტიკების შემცვლელი ელემენტი არ აღმოჩნდება.

აშკარაა, ბრალდების მხარეს ურთულდება ბრალდებაზე უარი, სასამართლოს კი გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რადგან „დავის საგანია“ არა განსასჯელ მუჰამედის ბრალეულობა, არამედ 100 000 ლარი“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა მოსამართლე როინ კახიძის შვებულებაში ყოფნის პერიოდის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართა, თუმცა ბრძანების ასლი 23 მარტის შემდეგ დღემდე არ მოუწოდებიათ.  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ლალი ქუთათელაძის განცხადებით, „აღნიშნულ ინფორმაციას მოგაწვდით იუსტიციის საბჭოს მიერ ბრძანების გადმოგზავნის შემდეგ“.

მოსამართლე როინ კახიძისგან განსასჯელ თალალ მუჰამედის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მოსამართლე ჯემალ კიკნაძეს გადაეწერა. 18 მარტს, სასამართლო სხდომაზე თავიდან დაიწყო საქმის სასამართლო გამოძიება, დაიკითხა ერთ-ერთი მოწმეც. მორიგი სასამართლო პროცესი 2 აპრილსაა ჩანიშნული. ამ დროისთვის კი საქმის განხილვას უკვე მესამე მოსამართლე _ დავით გელაშვილი დაიწყებს. 

მაკა მალაყმაძე,ბათუმი

ახალი ამბები