კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში პოლიციის თანამშრომლებმა მიკროავტობუსებიდან მგზავრები ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოყარეს

10 აპრილი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

9 აპრილს, კახეთიდან თბილისში მიმავალი მიკროავტობუსებიდან პოლიციის თანამშრომლებმა მგზავრები ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოყარეს. მგზავრების ცნობით, პოლიციის ავტომანქანები მიკროავტობუსებს წინ გადაუდგნენ და დედაქალაქის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელება აუკრძალეს, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი დაკავებით დაემუქრნენ.

კახეთიდან თბილისში არცერთ მიკროავტობუსს და ტაქსს არ უშვებენ

კახეთიდან თბილისში არცერთ მიკროავტობუსს და ტაქსს არ უშვებენ. რეგიონის ყველა რაიონის ავტოსადგურში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მორიგეობენ.

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში, ჩალაუბნის საპატრულო საგუშაგოსთან და თელავის რაიონის სოფელ აკურაში საპატრულო პოლიცია თითქმის ყველა მანქანას აჩერებს და თბილისის მიმართულებით მოძრაობის საშუალებას არ აძლევს.

დილის 10 სააათისთვის გურჯაანის ავტოსადგურთან, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გურჯაანიდან თბილისში მიმავალი მიკროავტობუსი გააჩერეს და მანქანიდან ყველა მგზავრს ჩამოსვლა მოსთხოვეს, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი დაემუქრნენ, რომ მანქანიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანდნენ, მიუხედავად იმისა, ისინი დედაქალაქში აქციაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდნენ თუ არა.

"რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვმკურნალობ. ექიმთან დღეს ვიყავი დაბარებული. გურჯაანის ავტოსადგურში თბილისის მარშუტკაში ავედი თუ არა, პოლიციის თანამშრომლები დამადგნენ და ჩასვლა მომთხოვეს. რატომ - მეთქი ვიკითხე და ახსნა - განმარტებები საჭირო არ არისო, მიპასუხეს. გზები გადაკეტილია და თბილისამდე მაინც ვერ ჩახვალო. ვუხსნიდი, რომ აქციაზე არ მივდიოდი, სამედიცინო დოკუმენტებიც ვაჩვენე, მაგრამ არც კი მომისმინეს. მარშუტკიდან სანამ არ ჩამიყვანეს, არ მომეშვნენ", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში მცხოვრებმა ვენერა ზვერიაშვილმა.

"რამდენიმე საათია ავტოსადგურში ვარ, მაგრამ თბილისში ვერ წავსულვარ. პოლიციის თანამშრომლები ყველა მიკროავტობუსს აჩერებენ, ხალხი ჩამოჰყავთ, მძღოლებს გადაადგილებას უკრძალავენ და ემუქრებიან", - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ზვიად ყვირალაშვილმა.

პოლიციელებმა მარშუტკიდან მგზავრები სოფელ ველისციხეშიც ჩამოყარეს

შს გურჯაანის სამმართველოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსიდან მგზავრები გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეშიც ჩამოყარეს. ამის შესახებ თავად მგზავრებმა გვაცნობეს.

მათი თქმით, პოლიციის ავტომანქანა მიკროავტობუსს წინ გადაუდგა და მოძრაობის გაგრძელების საშუალება არ მისცა. "გაჩერებისთანავე გვიყვირეს, დაბლა ჩამოეთრიეთო. რამდენიმე ადამიანი თბილისში მივდიოდით, ნაწილი კი რუსთავში აპირებდა გადასვლას, მაგრამ მარშუტკიდან ძალით ჩამოგვყარეს. მძღოლს კი დაკავებით დაემუქრნენ", - აღნიშნეს მგზავრებმა.

კახეთში რაიონულ ცენტრებს შორის დამაკავშირებელი მიკროავტობუსებიც არ მოძრაობენ

9 აპრილს კახეთის რეგიონში რაიონულ ცენტრებს შორის დამაკავშირებელი მიკროავტობუსებიც არ მოძრაობენ.

თელავი – გურჯაანის, თელავი – ლაგოდეხის და თელავიდან კახეთის სხვა ქალაქების მიმართულებით მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლების თქმით, 9 აპრილს რომ არ უნდა ემუშავათ, ამის შესახებ თითოეულ მათგანს რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა მიუთითეს. მათივე ცნობით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამართალდამცავები მძღოლებს პრობლემების შექმნით დაემუქრნენ.

ავტოსადგურებში აცხადებენ, რომ 9 აპრილი დასვენების დღეა და მიკროავტობუსები ამიტომ არ მუშაობენ.

ახალი ამბები