პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

სამი მოტყუებული ქალი დღემდე ჩეხეთშია დაპატიმრებული

02.11.2004

სამი მოტყუებული ქალი დღემდე ჩეხეთშია დაპატიმრებული

თბილისი. მედია ნიუსი. ფინანსური პოლიციის ოპერატიულმა თანამშრომლებმა მოკვლევის პროცესში დაადგინეს, რომ 2003 წლის ოქტომბერში თამილა ვიბლიანი მივიდა თბილისში წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ფირმა „რადუგას“ ოფისში. იქ მას „რადუგას“ დირექტორად ლალი ბარბაქაძე გაეცნო. მოლაპარაკების მიხედვით, 2500 დოლარის საფასურად, ლალი ბარბაქაძე თამილა ვიბლიანს საბერძნეთის კვიპროსზე სამუშაოდ წაიყვანას დაჰპირდა.

ანალოგიური მოლაპარაკება შედგა ასევე, კვიპროსზე მუშაობის კიდევ ერთ მსურველს, ქილარჯიშვილთანაც. ორთავემ ლალი ბარბაქაძეს თანხა გადაუხადეს, საბოლოოდ ეს ორი ქალბატონი მოხვდა 15 კაციან ჯგუფში, რომელიც ლალი ბარბაქაძემ თურქეთის კვიპროსზე გადაიყვანა, იქედან კი საბერძნეთის კვიპროსზე მოსახვედრად, თითოეულს 500 დოლარი კიდევ დამატებით მოსთხოვა.
თუმცა, ამ ჯგუფის წევრებს მან არც თანხა დაუბრუნა და აღარც საბერძნეთის კვიპროსზე გადაიყვანა.

ლალი ბარბაქაძემ, უბრალოდ, ჯგუფს შესთავაზა, თავად გადასულიყვნენ საზღვარზე. დაზარალებულები აღნიშნავენ, რომ მათ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასასვლელად პროცენტიანი ვალი ჰქონდათ აღებული, უკან უფულოდ ვერ დაბრუნდებოდნენ და შედეგად, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ისინი დააკავეს და დეპორტაცია გაუკეთეს. ეს მოქალაქეები მას მერე უშედეგოდ სთხოვენ ლალი ბარბაქაძეს თანხის უკან დაბრუნებას.

ამავე ქალბატონს მეორე, შედარებით მძიმე შედეგით დასრულებული ფაქტიც უკავშირდება. 2004 წლის მაისში ლალი ბარბაქაძემ სხვა მოქალაქეებს, მაყვალა სეხნიანიძეს, ნატა ჯავახიშვილს, ნანა ხეცაშვილს და მანანა ჯოხარიძეს, თითოელს დაახლოებით 2000 დოლარის საფასურად იტალიაში სამუშაოდ წასვლა აღუთქვა. მათ პასპორტებში კი იტალიის ნაცვლად ჩეხეთის ვიზა აღმოჩნდა ჩარტყმული. ბარბაქაძემ მათ აუხსნა, რომ ეს ერთწლიანი ვიზაა და ამის წყალობით ისინი იტალიის ჩათვლით, ევროპის 12 ქვეყანაში შეძლებდნენ გადაადგილებას.

ჩეხეთში ჩასვლისას კი ამ ქალბატონებმა შეიტყვეს, რომ ვიზა მხოლოდ 8 დღიანია და იქიდან ტელეფონის საშუალებით სთხოვდნენ ბარბაქაძეს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. ბარბაქაძემ კი მათ თბილისიდან „აუხსნა“, რომ საზღვარი თვითნებურად უნდა გადაეკვეთათ.

ოთხივე ქართველი ქალბატონი ჩეხეთში დააპატიმრეს. სამთვიანი პატიმრობის შემდეგ, სეხნიანიძე ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს და საქართველოში დეპორტაცია გაუკეთეს. დანარჩენები დღემდე ციხეში რჩებიან. თავად ლალი ბარბაქაძე კი ისევ თბილისშია და ფინანსური პოლიციის ოპერატიულ თანამშრომლებთან ყველაფერს უარყოფს.

ის აღნიშნავს, რომ მხოლოდ თურქეთის კვიპროსზე გამგზავრებას შეპირდა მოქალაქეებს და არა საბერძნეთის კვიპროსზე. მეორე შემთხვევაში კი ქართველი ქალბატონები მან ტურისტულად გაამგზავრა ჩეხეთში და იტალიაში სამუშაოდ მოწყობა აქ არაფერ შუაშია. ლალი ბარბაქაძე აცხადებს, რომ ამ ყველაფერში არც ერთი მათგანისგან თანხა არ მიუღია და ისინი თუ თვითნებურად გადაიპარნენ საზღვარზე, ამიტომაც მოხდა მათი დეპორტაცია.

ფინანსურ პოლიციაში ლალი ბარბაქაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით არის აღძრული.

<< უკან დაბრუნება