კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა სასამართლოში ფოტო-კინო-ვიდეოგადაღების და აუდიო ჩაწერის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი

22 ივნისი, 2007

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენით, განიხილა  „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც სასამართლოს შენობასა და სასამართლოს სხდომათა დარბაზში ფოტო-კინო-ვიდეოგადაღების და აუდიო ჩაწერის აკრძალვას ითვალისწინებს.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საერთო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-12 მუხლის  მე-4 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით: „სასამართლოს შენობაში, ასევე სასამართლოს სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო- კინო, ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ხორციელდება სასამართლოს მიერ. სასამართლო უფლებამოსილია გაავრცელოს მის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების და აუდიო ჩაწერის მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს“.

ცვლილებების ავტორთა აზრით,   სასამართლო სხდომაზე სტენოგრაფირების, ფოტო-კინო-ვიდეო გადაებისა და აუდიო ჩაწერის, აგრეთვე რადიოთი და ტელევიზიით ტრანსლაციის ამჟამად არსებული წესი, „ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სასამართლო პროცესზე განვითარებული მოვლენების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებულობას, მაგრამ მეორე მხრივ, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას სხდომის დარბაზში ტელეკამერების ყოფნა ხელს უწყობს პროცესის ანგაჟირებას და მხარეთა მიერ შეგნებული პროვოკაციების მოწყობას. ასეთ ვითარებაში სასამართლო საქმის განხილვა სცილდება სამართლებრივი ნორმებით დადგენილ ჩარჩოებს და მტკიცებულებათა წარდგენისა და განხილვის ნაცვლად დატვირთულია ემოციური განცხადებებითა და გამოსვლებით, რაც არ უწყობს ხელს საქმის სრულყოფილ და ობიექტურ განხილვას და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს მოსამართლეზე. გარდა სასამართლოზე ზემოქმედებისა, აღნიშნული მიმართულია მცდარი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისაკენ. სწორედ საზოგადოებრივი აზრის წინასწარ, ანუ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ფორმირება, წარმოადგენს სასამართლოზე პირდაპირი ფსიქოლოგიური ზემოქმედების კიდევ ერთ მაგალითს. ამასთან, მასმედიით კეთდება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განცხადებები და კომენტარები, ხოლო ასეთი ფორმით საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, ხშირ შემთხვევაში შეუსაბამოა სამართლებრივ რეგლამენტაციასთან და მიზნად ისახავს სასამართლოს დისკრედიტაციას“.

კანონპროექტის ავტორები ასევე თვლიან, რომ სასამართლო სხდომათა დარბაზში ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების და აუდიო ჩაწერის აკრძალვით  არ იზღუდება სასამართლო პროცესის საქვეყნოობის პრინციპი, რადგან  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის მასმედიის წარმომადგენლებს, თავისუფლად შეუძლიათ დაესწრონ სასამართლო პროცესს, ჟურნალისტებს შეეძლებათ გააკეთონ ჩანაწერები და გაახმოვანონ პროცესზე მომხდარი მოვლენები, გაესაუბრონ  რესპოდენტებს.

აქვე მიუთითებენ, რომ კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს, საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს, არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.       

საკანონმდებლო ცვლილებას მხარს არ უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია

წყარო: Media.ge

ახალი ამბები