სოხუმის საქალაქო სასამართლომ (დევნილი), 27 სექტემბერს, თბილისში, დააკმაყოფილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მედია-ცენტრიდან გათავისუფლებული 13 თანამშრომლის სარჩელი და მათი სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, სასამართლომ მათი გათავისუფლების დღიდან, 13 ივნისიდან, იძულებით გაცდენილი დღეების სახელფასო ანზღაურებაც მოითხოვა.
მანამდე, 7 სექტემბერს, მედია-ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მოიგეს, რომელშიც გაუქმებული სტრუქტურის მედია-ცენტრის აღდგენას ითხოვდნენ.
მედია-ცენტრის ლიკვიდაცია და თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება ივნისში მოხდა, ამის შედეგად მედია-ცენტრის რადიომ და ტელევიზიამ მუშაობა შეწყვიტა.
27 სექტემბერს, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მედია-ცენტრის ხელმძღვანელი რაულ ქირია, რომელიც აცხადებს, რომ სასამართლოს ვერდიქტი გასაჩივრდება.
ქირიას თქმით, მედია-ცენტრის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება შრომითი ხელშეკრულებების ვადის დასრულების შემდეგ მოხდა.