გაერთიანებულმა ოპოზიციამ 2 ნოემბრისთვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში ოფიციალური განცხადება შეიტანა. ოპოზიცია 2 ნოემბრამდე ყოველდღიურ საინფორმაციო აქციას გურიაში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ბათუმსა და ფოთში გამართავს.
„ჩვენ 2 ნოემბერს რუსთაველის პროსპექტზე 100 000-კაციან მიტინგს ვგეგმავთ და ამ დღეს კეთილი ინებოს ქალაქის მერიამ და იზრუნოს სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე“, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიცია დღეს მოძრაობის „ძალადობის წინააღმდეგ“ მიერ გამართულ აქციასაც შეუერთდა. ეს აქცია ამ მოძრაობის 4 აქტივისტის გათავისუფლების მოთხოვნით დიღომში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გაიმართა. აქტივისტები რამდენიმე დღის წინ აქციაზე დააკავეს.
გაერთიანებული ოპოზიცია დიღომიდან მსვლელობას კანცელარიასთან დაასრულებს.
წყარო: მედიანიუსი