თათა კაჭკაჭიშვილი. ქუთაისი
www.media.ge
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების კანონპროექტმა კვორუმისთვის საჭირო 59 ხმა ვერ მოაგროვა. 46 მომხრე და 44 წინააღმდეგი - ასეთი შედეგით დასრულდა კენჭისყრა 1 მაისის საპარლამენტო სესიაზე. საკანონმდებლო ცვლილებების განსახილველად დებატები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და მას მხარი საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად, უმრავლესობის ნაწილმაც არ დაუჭირა.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარალელურად, კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს შემდეგმა ფრაქციებმა: „ქართული ოცნება -თავისუფალი დემოკრატები“ და „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“.
როგორც კანონპროექტის ინიციატორმა და ავტორმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა განმარტა, პარლამენტს მეორე მოსმენისთვის წარედგინა ჩასწორებული პროექტი, „მთავრობის შენიშვნები ტექნიკური ხასიათის იყო და გასწორდა, ასევე დაზუსტდა „ეკონომიკური აგენტის“ მცნება და „დამრღვევი“-ს ფორმით განისაზღვრა და კანონის დარღვევის შემთხვევაში დაზუსტდა ჯარიმის ოდენობა 10 ათასი ლარით, რაც მანამდე 5-დან 10 ათას ლარამდე ოდენობას მოიცავდა“.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე კანონპროექტის შეჩერების ინიციატივით გამოვიდა. მისი აზრით, მიუღებელია კანონპროექტის მიღება და ამოქმედება წლის ამ პერიოდში, რადგან იგი მნიშვნელოვნად დააზარალებს მედიასაშუალებებს და სარეკლამო ბიზნესით დაკავებულ კომპანიებს.
კანონპროექტს არაეფექტური უწოდა უმცირესობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აზრით, კანონის მიღების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება მისი ადმინისტრირება, რადგან სახელმწიფოს არ გააჩნია შესაბამისი ბერკეტები ინტერნეტსივრცე აკონტროლოს, ამასთან იგი ეკონომიკურ სტაგნაციას გამოიწვევს. „კანონი ვერ იმუშავებს, მხარს არ ვუჭერთ რამდენიმე მიზეზით, მათ შორის ერთ-ერთია ეკონომიკური, რადგან იქნება დანაკარგები ამ სფეროში“.
სფეროს მოწესრიგებას და ლიბერალურ კანონპროექტის შემუშავებას მოითხოვს ფრაქცია „ქართულო ოცნება- თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ამბობს: „კანონპროექტი ბევრ დეტალს ვერ არეგულირებს, რის გამოც ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ“.
პარლამენტს წინადადებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ხიდაშელმა. დეპუტატის განცხადებით, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს აზარტული თამაშების შესახებ მიდგომაზე, აპირებენ თუ არა ამ სფეროს წახალისებას, ან აკრძალვას: „კანონპროექტის ავტორებმა კონცეპტუალურად უნდა წარმოადგინონ ხედვა, რეკლამის აკრძალვის კეთილშობილური შედეგის შესახებ, მით უმეტეს მაშინ როცა დიდია რისკები მეორე მხარეს“.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ზაქარია ქუცნაშვილისთვის მისაღები აღმოჩნდა კანონპროექტის განხილვის გაგრძელება ჩასწორებებით, თუ იგი ძალაში შევიდოდა 2014 წლის 1 იანვრიდან, და ამ დროისთვის კომპანიებს მიეცემოდათ საშუალება დაეგეგმათ თავიანთი საბიუჯეტო წელი.
არადემოკრატიულ პროცესს უწოდებს სასესიო დარბაზში განვითარებულ მოვლენებს თავად საკანონმდებლო ინიციატივისა და კანონპროექტის ავტორი კობა დავითაშვილი. მისივე განცხადებით, დეპუტატების შენიშვნები არაადეკვატური იყო და პირველი მოსმენისთვის უნდა დასახელებულიყო: „არ ვიცი რა მოხდა პირველი მოსმენიდან მეორე მოსმენამდე, რატომ შეიცვალა კონცეფციისადმი დამოკიდებულება“. მისივე განცხადებით, მომავალი კვირიდან ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს. რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ" მის საკანონმდებლო ინიციატივაზე რეფერენდუმი ჩატარდეს.
„პარლამენტი ჩემს კანონპროექტს არ ითვალისწინებს. სწორედ, ამიტომ მომავალი კვირიდან ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას. როგორც ვიცი, 200 000 ხელმოწერაა საჭირო იმისთვის, რომ რეფერენდუმი ჩატარდეს და საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად მოსახლეობამ ამ კითხვაზეც გასცეს პასუხი: უნდა აიკრძლოს თუ არა აზარტული თამაშები საქართველოში?! მჯერა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აკრძალვის მომხრე იქნება", - აღნიშნა კობა დავითაშვილმა.