Humanrights.ge
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატს, მამუკა ჭაბაშვილს შეხვდნენ.
ონლაინ შეხვედრა შეეხო იმ სასამართლო პროცესების მიმდინარეობას, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო მონიტორინგის პროექტის ფარგლებში
აკვირდება.
მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმემ, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაიწყო, ეროვნულ დონეზე ყველა სასამართლო ინსტანცია გაიარა. საქმე საინტერესოა იმ მხრივ, რომ 2020 წლის 13 აპრილის განაჩენით, ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე ოქრუაშვილმა პენიტენციური დაწესებულება 2020 წლის 15 მაისს დატოვა. შეწყალების მიუხედავად, მან განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც მოსამართლე ვეფხვია ლომიძემ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. ეს გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო.
ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი - ე. წ. ბუტა რობაქიძის საქმე განიხილება. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
მამუკა ჭაბაშვილი ასევე იცავს ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სამართლებრივ ინტერესებს. კობა კოშაძეს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენას, შენახვას ან ტარებას. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა, კობა კოშაძის მიმართ სასამართლომ გააუქმა აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა და ბრალდებულს შეუფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც კობა კოშაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. საქმეს განიხილავს მოსამართლე გიორგი არევაძე. 2022 წელს საქმეზე სასამართლო სხდომა არ ჩანიშნულა.
როგორც ადვოკატთან შეხვედრისას გაირკვა, კობა კოშაძეს 24 თვეზე მეტია, არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება აქვს შეფარდებული, რაც საპროცესო კოდექსის მიხედვით, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძველი იყოს.