კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'ჩვენ არაფერი გვქონდა გასაყოფი. რუსი რომ ჩაერია, ყველაფერი მაშინ აირია' - რას ფიქრობენ შიდა ქართლში ოსებთან თანაცხოვრებაზე

2 აპრილი, 2024
ნინო ნარიმანიშვილი, Jam News

1989 – 1992 წლებში საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისა და ეთნიკური დაძაბულობის შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ 70 ათასამდე ეთნიკურად ოს მოქალაქეს საკუთარი ქონების მიტოვება და უცხოეთში, დევნილობაში წასვლა მოუხდა. თავის მხრივ, კონფლიქტის ზონაში საკუთარი სახლი 12 ათასმა ქართველმა დატოვა. 

ეთნიკურად ოსი მოქალაქეების მიტოვებული ქონების ნაწილი დღეს გამოკეტილი და მოუვლელია, ნაწილი აღარ არსებობს, ნაწილს კი ახალი მეპატრონე ჰყავს – ზოგი კეთილსინდისიერი შემძენია, ზოგი – თვითნებურად შეჭრილი.

2006 წლიდან საქართველოში არსებობს კანონი, რომელმაც კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისთვის ქონების დაბრუნება უნდა უზრუნველყოს, თუმცა ის არ მუშაობს.

როგორი იყო ქართველებისა და ოსების თანაცხოვრება, რას ფიქრობენ კონფლიქტის ზონის პირას მდებარე სოფლებში მცხოვრები ქართველები ოსებისთვის ქონების დაბრუნებასა ან მათთან თანაცხოვრების შესაძლებლობაზე? – ამ საკითხებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იკვლევს. ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად  JAMnews შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში ჩავიდა.

ოსები საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ უმცირესობას განეკუთვნებოდნენ. მოსახლეობის 1989 წლის საყოველთაო აღწერით, საქართველოში 164 ათასზე მეტი ოსი ცხოვრობდა, მათგან 65 ათასი – სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, გაცილებით უფრო მეტი – 99 ათასამდე კი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.

ბოლო, 2014 წლის აღწერით [აღწერაში არ მიუღიათ მონაწილეობა ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, რადგან იქ საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება], საქართველოში 14 385 ეთნიკურად ოსი მოქალაქე ცხოვრობს.  ემიგრაციაში წასული ოსების გარკვეულ ნაწილს საქართველოში დაბრუნებისა და აქ დარჩენილი ქონების დაბრუნება სურს. თუმცა, ეს არც ისე მარტივია.

რა განაპირობებს ქართველი მოქალაქეების განწყობებს ოსებისადმი

შიდა ქართლის იმ სოფლებში, სადაც ერთ დროს ოსები და ქართველები ერთად ცხოვრობდნენ, თანაცხოვრების ბევრი ისტორია ახსოვთ.  ასეთ სოფლებში ხალხის განწყობები მრავალფეროვანია.

ქართველებისა და ოსების თანაცხოვრება ზოგს ცუდად ახსენდება და მათი დაბრუნება არ უნდა. მათთან შერიგება და ისევ ერთად ცხოვრება რთულად წარმოუდგენია, ეშინია. ასეთ ხალხში ხშირად ბევრი მითი ცოცხლობს, ღრმად არის გამჯდარი სტერეოტიპები ოსების არაკეთილგანწყობაზე.

ისინი საუბარში ახსენებენ სტერეოტიპულ ფრაზებს, ანდაზებს, მაგალითად:  „ოსის გული ხომ არ გაქვს“ ან „ოსს  ასი წლის შემდეგაც რომ შეხვდე, წყენა მაინც გულში აქვს“.

თუმცა, ამ სოფლებში უფრო მეტია ისეთი, ვისაც ოსებთან მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობა ახსოვს. ზოგს დღემდე აქვს კავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ ეთნიკურად ოსებთან – ყოფილ მეზობლებთან თუ ნათესავებთან.

ამ კატეგორიის ადამიანებისთვის მთავარი პრობლემა რუსეთია და რომ არა რუსეთის საოკუპაციო ჯარი და დაკეტილი, ე.წ. საზღვრები, ხალხი ყველაფერს მარტივად მოაგვარებდა.

ამ სოფლების მაცხოვრებლები თანხმდებიან, რომ პატიება ორივე მხარეს მოუწევს, რადგან ცუდს ორივე მხარე სჩადიოდა – ქართველიც და ოსიც.

უმეტესობა ამბობს, რომ ოსების დაბრუნებას ახლო მომავალში არ ელოდებიან. მათი თქმით, ეს რთული პროცესია, მითუმეტეს, რომ 2008 წლის მერე შერიგების პროცესი გაყინულია.

„ჩვენ ერთმანეთთან ვმეზობლობდით, ვმეგობრობდით“
ნოდარ მოსიაშვილი, სოფელი საციხური. მარტი, 2024წ. 
ფოტო: ნინო ნარიმანიშვილი/JAMnews.

ნოდარ მოსიაშვილი, სოფელ საციხურში სკოლის დარაჯად მუშაობს. საციხური პატარა დასახლებაა, 300 ადამიანით. ეს ქართული სოფელია. აქ ოსებს არასდროს უცხოვრიათ, მაგრამ, ცხოვრობდნენ მეზობელ სოფელში, წნელისში. ამიტომ, მათთან მეზობლური და ნათესაური ურთიერთობები ჰქონდათ. 2008 წლის შემდეგ წნელისი რუსების მიერაა ოკუპირებული. 

საციხურში შეხვდებით ისეთ ადამიანებს, ვისაც ოსებთან კარგი ურთიერთობა ახსოვს და მათი დაბრუნების მომხრეა. ისეთებსაც ნახავთ, ვისაც არცთუ სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს და ამბობს, რომ კი, გვერდიგვერდ ცხოვრობენ, მაგრამ, დღეს მათი დაბრუნების ეშინია.

ნოდარ მოსიაშვილს ოსებით დასახლებულ წნელისში ბევრი მეგობარი ჰყავდა. ამბობს, რომ მის თანასოფლელებს ზამთრისთვის საჭირო შეშა წნელისიდან გამოჰქონდათ. 90-იან წლებში, როდესაც კონფლიქტი დაიწყო, არეულობით ბევრმა ისარგებლა. ორივე მხარეს, ქართველებშიც და ოსებშიც, გაჩნდა არაფორმალური დაჯგუფებები და მათ ხალხის ძარცვა და დაწიოკება დაიწყეს:
„ბევრი ითბობდა ხელს იმ არეულობით. ხალხი რომ გაიხიზნა, მათ სახლებში შედიოდნენ და ძარცვავდნენ. მაგრამ, მაშინაც კი, ჩვენ შეშის გამოტანას არ გვიშლიდნენ. სიები ჰქონდათ, იცოდნენ ვინ ძარცვავდა ხალხს და ვინ არა და ვინც სანდო ადამიანი იყო, იმათ არ უქმნიდნენ პრობლემებს“.

მისივე მონაყოლით, 90-იან წლებში, წნელისიდან ოსები რომ გარბოდნენ, ბევრი ქონებას მოსავლელად ქართველებს უტოვებდა. ასეთი შემთხვევა მასაც ჰქონდა:

„ერთი მეგობარი მყავდა, სკოლის დირექტორი იყო წნელისში. ქართველები რომ შევიდნენ იმ სოფელში, შეეშინდა, გაიხიზნა და მანქანა მე დამიტოვა. რაღაც დროის მერე ჩამოვიდა და წაიყვანა“. 

კარგი მოგონებების მიუხედავად, ნოდარს ოსებისთვის ქონების დაბრუნება ვერ წარმოუდგენია:
„ბევრი რამ იქნება ხელისშემშლელი. ხალხიც არ ვიცი, როგორ შეხვდება. 30 წლის შემდეგ კაცი რომ მოდის და გეუბნება, დამიბრუნე ჩემი სახლიო, ვინ დაუბრუნებს? “ახლა მოგინდაო?” – ეტყვიან“.

ოსებთან დაკავშირებული კარგი მოგონებები აქვს სოფელ კოდაში მცხოვრებ გელა მჭედლიძესაც. კოდა შიდა ქართლის ამ ზონაში ბოლო სოფელია, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო აკონტროლებს. კოდის მინდვრებიდან მავთულხლართი და გამაფრთხილებელი ბანერები მოჩანს.
გელა მჭედლიძე, სოფელი კოდა. გელა მჭედლიძემ სკოლა ქართულ-ოსურ სოფელში დაამთავრა და ბევრი ოსი კლასელი ჰყავდა. უმეტესობასთან დღეს კონტაქტი აღარ აქვს. მარტი, 2024წ. ფოტო: ნინო ნარიმანიშვილი/JAMnews

კოდაში  დღემდე ცხოვრობს ერთი ოსი ოჯახი. მათ სოფელი არასდროს დაუტოვებიათ.

კოდა პატარა სოფელია, ადრე აქ სკოლა არ იყო, ამიტომ, გელა მჭედლიძე წნელისის სკოლაში სწავლობდა. მის კლასელებს შორის ოსებიც იყვნენ და ქართველებიც: „და-ძმებივით ვიყავით. გასვენება იქნებოდა თუ ქორწილი, წნელისში თუ კოდაში, მთელ სოფელს ეპატიჟებოდნენ. კარგად ვიყავით ერთმანეთთან”.

ოსებთან ურთიერთობა დღემდე აქვს. მისი ბიძაშვილი ოსზეა გათხოვილი. ერთი რძალიც [ბიძაშვილის ცოლი] ოსი ჰყავს. ამბობს, რომ მისი ოსი სიძე კოდაში ხშირად ჩამოდის: „კარგი ბიჭია, კარგი გულის, მოქეიფე, პურ-მარილიანი“.

თუმცა, აღარ აქვს ურთიერთობა ოს კლასელებთან და იმ ოსურ სოფლებთან, რომლებიც ახლა საქართველოს იურისდიქციაში აღარ არის.

ოსებმა გელა მჭედლიძე ერთხელ დაიჭირეს კიდეც. 2006 წელი იყო. გელა ტყეში იყო წასული და იმ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რომელიც უკვე საქართველოს იურისდიქციაში აღარ იყო: „კარგად მექცეოდნენ, არ ვუცემივარ, ხელი არ დაუკარებიათ. ორ დღეში გამომიშვეს“.

გელა ფიქრობს, რომ თუ ვინმეს საქართველოში სახლი დარჩა, მას უფლება აქვს, ეს სახლი დაიბრუნოს. თანაცხოვრებაც არ ერთულება: „მე რომ ვიყო, დავპატიჟებდი, სუფრას გავუშლიდი, მთავარია, რუსმა ხელი არ შეგვიშალოს“.
ახალი ამბები