სტატიის ავტორი: ნინო ნარიმანიშვნილი, JAMnews
'კონფლიქტის მოგვარებას ხალხთა შორის ურთიერთობები სჭირდება'
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისში, საქართველოში ქართულ-ოსური ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტი დაიწყო, რომელიც შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. საქართველო ოსი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა დატოვა.
თითქმის ყველა ტიპის ურთიერთობა, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოქალაქეებსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი - ოსებსა და ქართველებს შორის არსებობდა, შეწყდა. ერთადერთი მიმართულება, სადაც ეთნიკური ქართველები და ოსები ისევ ხვდებოდნენ ერთმანეთს და რაღაც ტიპის ურთიერთობა არსებობდა, ეკონომიკური სფერო იყო.
ამ ურთიერთობის ყველაზე კარგი მაგალითი იყო ერგნეთის ბაზრობა - უზარმაზარი სავაჭრო სივრცე შიდა ქართლში, სოფელ ერგნეთში. ეს იყო არალეგალური თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც არანაირ კონტროლს არ ექვემდებარებოდა. 2004 წელს ერგნეთის ბაზრობა დაიხურა, რათა აღკვეთილიყო კონტრაბანდული, განუბაჟებელი საქონლის შემოტანა საქართველოში. თუმცა ამ გადაწყვეტილების გვერდითი ეფექტი აღმოჩნდა ერგნეთში ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის შეწყვეტა.
კონფლიქტიდან 35 წლის შემდეგ, ქართული ორგანიზაციები, საერთაშორისო ფონდებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერით, ცდილობენ ხელი შეუწყონ ქართულ-ოსური ეკონომიკური თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას.
ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში ფიქრობენ, რომ ასეთი კავშირები მნიშვნელოვანი ფაქტორია კონფლიქტის მხარეებს შორის ადამიანური ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენასა და მშვიდობის მშენებლობაში, წინააღმდეგ სრული იზოლაციისა და გაუცხოებისა.
რა ეკონომიკური მიმართულებებით შეიძლება ითანამშრომლონ ოსებმა და ქართველებმა? არსებობს თუ არა ასეთი კავშირების დამყარების სურვილი მხარეებს შორის? რა უშლის ხელს ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცებას და რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ურთიერთობები კონფლიქტის მოგვარებისთვის?
სად შეიძლება გადაიკვეთოს ოსებისა და ქართველების ეკონომიკური ინტერესები
ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე სასაუბროდ, 2024 წლის პირველ ნახევარში, ქართველები და ოსები ერთმანეთს ერთხელ უკვე შეხვდნენ. ნინო ტლაშაძე, ადამიანის უფლებათა ცენტრიდან, ამ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იყო.
იგი იხსენებს, რომ ამ შეხვედრაზე დასახელდა რამდენიმე მიმართულება, სადაც შეიძლება ქართველებმა და ოსებმა ეკონომიკური კავშირები დაამყარონ.
„არის ტურისტულ სფეროში, მცირე და საშუალო მეწარმეების, ასევე, ფერმერების დონეზე თანამშრომლობის შესაძლებლობები. რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა განვიხილეთ, მაგალითად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ოსური ყველის შემოტანა საქართველოს ბაზარზე. ასევე, იყო იდეა, რომ ქართველმა ტუროპერატორებმა მომხმარებელს შესთავაზონ ოსური ნაწარმი, სუვენირები. იყო ძალიან საინტერესო იდეა, ოსური ლუდის წარმოებაზე. დასახელდა ოსური მცენარეული ჩაი, მინერალური წყალი“, - გვიყვება ნინო ტლაშაძე.
თაკო ჟურული, ახალგაზრდა მეღვინე ქალი კახეთიდან, რომელიც ასევე მონაწილეობდა ამ შეხვედრაში, ამბობს, რომ ბევრ რამეზე დაფიქრდა:
„წარმოიდგინეთ, გვერდით ცხოვრობენ ოსები და სრულიად უცხონი არიან ჩვენთვის. მითუმეტეს - ახალგაზრდა თაობისთვის. ჩვენ არაფერი ვიცით მათ ყოველდღიუობაზე, პრობლემებსა და სიხარულზე. არა მარტო ჩვენგან არიან ისინი შორის, ფაქტობრივად, არსებობენ და ამავე დროს არც არსებობენ მსოფლიოსთვის, სრულიად ჩაკეტილ წრეში, ჩაკეტილ სივრცეში ატარებენ წლებს, ცხოვრებას“.
ამ შეხვედრის შემდეგ თაკო დარწმუნებულია, რომ ამ იზოლაციის დაძლევა ურთიერთსარგებლიანი ეკონომიკური თანამშრომლობით შეიძლება. ამიტომ, მას შემდეგ ხშირად ფიქრობს, რისი გაზიარება შეუძლია მას დამწყები ოსი მეწარმეებისთვის:
„მე რომ ვიყო მათ ადგილას, ოსი ქალი რომ ვიყო, ოსური ლუდის წარმოებით დავინტერესდებოდი. დავიწყებდი ამ საქმის შესწავლას. ვეცდებოდი, შემექმნა ისეთი ნატურალური პროდუქტი, რომელიც დააკმაყოფილებდა ევროპულ სტანდარტს. მოვიძიებდი ქართულ ფონდებს, ორგანიზაციებს, რომლებიც დამეხმარებოდნენ, რომ დაწყებული საქმე მიმეყვანა ბოლომდე. ასევე, დამეხმარებოდნენ, რომ ნატურალური ლუდის ფესტივალებზე გამეტანა ჩემი პროდუქტი“.
თაკოს გარდა ოსური ლუდით დაინტერესება სხვა მეწარმეებმაც გამოხატეს. მეტიც, ოსური ლუდის წარმოების პროცესში ქართული მხარე ოსებს სთავაზობს დახმარებას, ევროპული ბაზრების ათვისებაში.
ალუ გამახარია, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ამბობს, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების სურვილი არსებობს:
„გვისაყვედურეს კიდეც ოსებმა, თქვენ აფხაზებთან მეტად მუშაობთო. მედიაშიც დომინირებს აზრი, რომ დღეს-ხვალ ოსები მიუერთდებიან რუსეთს და მათ საქართველოსთან რაიმე ტიპის კავშირი არ სურთ. ალბათ, ჩემზეც მოქმედებდა ეს მოსაზრება. არ მეგონა, რომ ასეთი მზაობა იყო თანამშრმლობის“.
ალუ გამახარიას უკვე აქვს თანამშრომლობის კონკრეტული მაგალითები. იგი გვიყვება, რომ ერთ-ერთ მეწარმეს [რომლის ვინაობას საჯაროდ მისი უსაფრთხოების გამო არ ვამხელთ] სანერგე მეურნეობა აქვს და საქართველოდან ჯუჯა კაკლებისა და პავლოვნიას ნერგების მიწოდება სჭირდება.
ჯუჯა კაკალი არის კაკლის ჯიში, რომელმაც საქართველოში ბოლო წლებში მოიკიდა ფეხი. ეს მცენარე ნაყოფს დარგვიდან უკვე მეხუთე წელს იძლევა და დღითიდღე პოპულარული ხდება. პავლოვნია კი არის ხის სახეობა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ავეჯის წარმოებაში. ასევე, მუსიკალური ინსტრუმენტების, გემთმშენებლობასა და ავიამშენებლობაში, - ყველგან, სადაც ღია შეფერილობის მასალაა მოთხოვნადი.
„დავიწყეთ მუშაობა. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ, გამოვნახეთ რაღაც გზა, - გვიყვება იგი.
რატომ არის მნიშვნელოვანი და რა აფერხებს ქართულ-ოსურ ეკონომიკურ თანამშრომლობას
„მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის გარეშე რეგიონში მდგრადი მშვიდობა შეუძლებელია“, - ვკითხულობთ კვლევაში „ომის ეკონომიკიდან მშვიდობის ეკონომიკამდე სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც მომზადებულია 2004 წელს, International Alert-ის მხარდაჭერით.
ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტებით გამოწვეულმა ფიზიკუმა, კულტურულმა და ეკონომიკურმა ბლოკადამ, რეგიონში სავაჭრო საქმიანობის სპეციფიკური ფორმის გაჩენა გამოიწვია. კვლევის თანახმად, ეს ეფუძნება გადარჩენის მიზნით ვაჭრობის დამყარების აუცილებლობის გაცნობიერებას და ძალისხმევას, ინდივიდუალურმა მეწარმეებმა გამოიყენონ არსებული, თუმცა, შეზღუდული შესაძლებლობები:
„ხალხს სჭირდება ვაჭრობა - და ამას გააკეთებენ, მიუხედავად პოლიტიკური სიტუაციისა. ყოველგვარი რეგულაციის არარსებობის შემთხვევაში, არაფორმალური ეკონომიკური ურთიერთობები კონფლიქტის ზონებში დარჩენილთა გადარჩენის მნიშვნელოვანი მექანიზმია“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ამას ადასტურებენ ამ სტატიის რესპონდენტებიც. თუმცა, ამავე დროს, საუბრობენ ეკონომიკური თანამშრომლობის შემაფერხებელ ფაქტორებზეც. ასეთი ფაქტორი რამდენიმეა, მათ შორის: კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ამ ტერიტორიების სტატუსი, გადაადგილების პრობლემები, ინფორმაციის ნაკლებობა და ა.შ.
• კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს მთავრობამ 2008 წელს მიიღო, აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ორი რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ, უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში.
კანონი ოკუპირებულ რეგიონებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესვლის უფლებას მხოლოდ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აძლევს. აფხაზეთში - სამეგრელოდან, ცხინვალში კი - შიდა ქართლიდან.
კანონი, ასევე, ზღუდავს ეკონომიკურ საქმიანობას, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლას, საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვას, ბუნებრივი რესურსების მოპოვებას, ფულად გადარიცხვებს. მისი დარღვევა ისჯება ჯარიმით ან 2-დან 4 წლამდე პატიმრობით.
„ფაქტობრივად, ეს კანონი აწესებს შეზღუდვას ყველა ტიპის მობილობაზე - ადამიანების, ბიზნესის, ტრანსპორტის“, - გვიხსნის საქართველოს განვითარების პლატფორმის თავმჯდომარე თენგიზ შერგელაშვილი.
„საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რომ შემოვიდეს ოსური პროდუქტი, ძალიან რთულია. გამყოფი ხაზის გამავალ პუნქტებზე, ათი დღით რომ იხსნება, იქ რომ შემოიტანონ არის სრულიად წარმოუდგენელი. ერთადერთი გზა არის რუსეთის გავლით, ლარსიდან, მაგრამ ეს ძალიან აძვირებს პროდუქტს“, - ამბობს ნინო ტლაშაძე და ამატებს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი იქნება ოკუპაციის შესახებ კანონმდებლობის შეცვლა.
„მე მესმის ქართული მხარის არგუმენტები და ეს მისაღებია გარკვეულწილად. მაგრამ, აუცილებელია ცვლილებების შეტანა ისე, რომ მან არ შეუშალოს ხელი ქართულ-ოსურ ეკონომიკურ თუ სხვა სახის თანამშრომლობას. მაგალითად, გამონაკლისი დაუშვას ცხინვალის მცხოვრებლებისთვის“, - ამბობს ნინო ტლაშაძე.
ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც ქართული მხარისთვის წითელი ხაზია, ამ ტერიტორიების სტატუსია.
„ცვლილება არ უნდა მოხდეს იმდგვარად, რომ დე ფაქტო რეალობა იქცეს დე იურე რეალობად. ანუ, ამან არ მოახდინოს რეალობის სამართლებრივი აღიარება. ასევე, რუსეთი, რომელსაც დღეს აქვს სრული კონტროლი ამ ტერიტორიებზე, უნდა დაიბლოკოს. მან ვერ უნდა შეძლოს, რომ მიიღოს რაიმე ტიპის სარგებელი, ქონება. მაგრამ, უნდა გაჩნდეს ეკონომიკური თანამშრომლობისთვის მეტი შესაძლებლობა კონფლიქტით დაზარალებულ მხარეებს შორის. თუმცა, ეს რომ მოხდეს, ერთ კანონში ცვლილებები არ არის საკმარისი. ამას სჭირდება სახელმწიფო სტრატეგია“, - ამბობს თენგიზ შერგელაშვილი.
მისი თქმით, ეს სტრატეგია უნდა იყოს ძალიან მკაფიო - რა გზით მივდივართ და გრძელვადიან პერიოდში, რისთვის გვჭირდება ეკონომიკური თანამშრომლობა:
„რას უნდა შეუწყოს ამან ხელი და რამდენად აღვიქვამთ იქ მაცხოვრებელ ადამიანებს მომავალი, საერთო, ქართული სახელმწიფოს ნაწილად. თუ ეს სტრატეგია იარსებებს, მაშინ გამოსავალი - რა უნდა შეიცვალოს ამ კანონში, გამოჩნდება“.
და, რაც მთავარია, მისივე თქმით, ყველა ეს ცვლილება ძალიან კარგად უნდა განემარტოს საზოგადოებას:
„ეს თუ იქნება კონტექსტიდან ამოგლეჯილი, უბრალოდ კანონში შეტანილი ცვლილებები, ვერ გაიგებს საზოგადოება, და, სხვათაშორის, არამარტო ქართული, შეიძლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საზოგადოებაშიც რაღაც გაურკვევლობა გამოიწვიოს ამან. ამიტომ, ძალიან მკაფიო უნდა იყოს ინფორმაცია, საითკენ მიდის საქართველოს სახელმწიფო და კანონი მისთვის უნდა იყოს მხოლოდ ინსტრუმენტი ახალი ამოცანის დასახვისთვის“.
• ინფორმაციული ვაკუუმი
კიდევ ერთი პრობლემა, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, თუნდაც, შეზღუდული მასშტაბით, ინფორმაციის ნაკლებობაა, განსაკუთრებით, ინფორმაციული ვაკუუმი ასეთი შესაძლებლობების შესახებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სამხრეთ ოსეთში.
2024 წლის შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ დამსწრე ოსებისთვის ამ შეხვედრაზე ინფორმაცია ასეთი შესაძლებლობების შესახებ, სიახლე იყო.
„სამწუხაროდ, ცხინვალში ძალიან პასიურია სამოქალაქო საზოგადოება. ხოლო ის, ვინც მეწარმეობითაა დაკავებული, ცხინვალში არც ცხოვრობს დაცხოვრობს ჩრდილოეთ ოსეთში ან რუსეთში“, - ამბობს ნინო ტლაშაძე.
• მშვიდობის ფონდი
კონფლიქტის მოგვარებისა და ნდობის აღდგენისათვის ეკონომიკური და ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობის გააზრების შედეგად, 2019 წელს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ძალისხმევით საქართველოში „მშვიდობის ფონდი“ დაფუძნდა.
ამ ფონდის მიზანია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გაძლიერება, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკონომიკური კავშირებისა და ბიზნეს პროექტების მხარდაჭერის გზით.
ფონდი გასცემს გრანტებს და მისი მიღება შეუძლიათ აფხაზეთში ან ცხინვალში მცხოვრებ პირებს. ასევე, საქართველოში მცხოვრებლებს, თუ საგრანტო პროექტი ერთობლივი, ქართულ-აფხაზური, ან ქართულ-ოსური იქნება (არ აქვს მნიშვნელობა, ის სად განხორციელდება, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად თუ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე).
ფონდი აფინანსებს სოფლის მეურნეობისა და სამრეწველო სექტორს. ერთ ბენეფიციარს არანაკლებ 5 ათასი და არაუმეტეს 15 ათასი ლარის მიღება შეუძლია. თუ საგრანტო განაცხადს რამდენიმე განმცხადებელი ჰყავს, მაშინ დაფინანსება 15- დან 50 ათას ლარამდეა.
მიუხედავად ქართულ მხარესთან თანამშრომლობასთან დაკავშირებული რისკებისა, ეკონომიკური ინტერესები მნიშვნელოვანი მოტივატორი აღმოჩნდა აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები ადამიანებისთვის. დღეისთვის მშვიდობის ფონდს, გამყოფ ზოლს მიღმა, დაფინანსებული აქვს 30-ზე მეტი ერთობლივი ეკონომიკური პროექტი, რომელშიც 100-ზე მეტ ადამიანს აქვს მიღებული მონაწილეობა.
რას შეცვლიდა ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობა
ალექსანდრე კუხიანიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ერგნეთის ბაზრობას იხსენებს. ამბობს, რომ მიუხედავად იმ უკანონობისა, რაც იქ ხდებოდა, ეს ბაზრობა ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა:
„ყველამ იცოდა, რომ იქ იყო უკანონობა და კონტრაბანდა, ტვირთი შედიოდა უკონტროლოდ, გადასახადებს არავინ იხდიდა. მაგრამ, იქ ერთად იდგა ქართველი და ოსი, ვაჭრობდნენ. მიუხედავად ნეგატიური მნიშვნელობისა, ამან ხელი შეუწყო კონფლიქტის მოგვარებას. პიროვნულ დონეზე ეთნიკური კონფლიქტი გაქრა. ეკონომიკური თანამშრომლობა ყოველთვის ხელს უწყობს პიროვნული ურთიერთობების ნორმალიზებას, პიროვნულ დონეზე კონფლიქტის მოგვარებას“ .
იმ კონტრაბანდასა და უკანონობაზე, რაც ერგნეთის ბაზრობაზე ხდებოდა, ჩვენი ყველა რესპონდენტი საუბრობს. ერგნეთის ბაზრობა მათ ახსენდებათ როგორც ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის შესაძლებლობა, რასაც ჰქონდა თავისი პოზიტიური როლი.
ასეთი პოზიტიური როლი, ურთიერთობების აღდგენის საქმეში, აქვს, მაგალითად, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას. ამ პროგრამის ფარგლებში, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა არაერთმა ადამიანმა შეძლო მკურნალობა საქართველოში.
ალექსანდრე კუხიანიძე ხაზს უსვამს, რამდენად ბევრი რამ შეცვალა ამ პროგრამამ:
„ბევრის შეიძლება არა, მაგრამ ნაწილის გული უკვე მოგებული გვაქვს. კონფლიქტის მოგვარება ტერიტორიების დაბრუნება არ არის, ადამიანების გულების დაბრუნებაა. თუ ჩვენ ოსების და აფხაზების გულებს მოვიგებთ, ტერიტორიებიც დაბრუნდება. თუ ჩვენ ვიფიქრებთ ტერიტორიების დაბრუნებაზე და არა, აფხაზების და ოსების დაბრუნებაზე, მაშინ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. და ეს გადის სწორედაც რომ თანამშრომლობაზე, სპორტის დარგში, კულტურის დარგში, მეცნიერებაში, ეკონომიკაში და ა.შ.“
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის ფაქტორი, ის, რომ ეს ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ, იქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ აფხაზ და ოს მოქალაქეებთან უნდა შევქმნათ გარკვეული ნდობა“, - ამბობს თენგიზ შერგელაშვილი.
მისი მოსაზრებით, უნდა არსებობდეს რაღაცა ტიპის სეგმენტები, სადაც თანამშრომლობის პრაქტიკები შეიქმნება:
„მხოლოდ იმაზე დაყრდნობა, რომ დღეს და ხვალ მსოფლიო გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვლება და ავტომატურად მოხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არ შეიძლება. მითუმეტეს, რომ ამოცანა მხოლოდ ეს არ არის, ამოცანა ამ ადამიანების სრული ინტეგრაციაა ერთიან საქართველოში“, - დასძენს იგი.
სტატია მომზადებულია პროექტის „ნდობის წარმატებული განვითარებისთვის რესურსების შემუშავების“ ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი COMERM-ის შემდგომი განვითარება: ინიციატივა გრძელვადიანი და ინკლუზიური მშვიდობისთვის (FLIP)-ის მხარდაჭერით ახორციელებს. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას.