2024 წლის 20 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საკასაციო საჩივარი და ქალაქ თბილისის მერიას თბილისის ზღვის ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე ბარიერებისა და გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟების ვალდებულება დააკისრა. მერიას, ასევე, დაეკისრა მორალური ზიანისთვის კომპენსაციის სახით 25 000 ლარის გადახდა.
ალეკო ცქიტიშვილი ადმინისტრაციული სარჩელით 2017 წლიდან მოითხოვდა სასამართლოსგან, განესაზღვრა ქალაქ თბილისის მერიის პასუხისმგებლობა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, სადაც 2017 წელს მისი შვილი დაიხრჩო. ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, ცქიტიშვილმა ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ ადმინისტრაციული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის ბოლოს შეიტანა. თბილისის ზღვაზე, ე. წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, ალეკო ცქიტიშვილი ქალაქ თბილისის მერიისგან მოითხოვდა ისეთი აუცილებელი პრევენციული ზომების გატარებას, როგორიცაა ბანაობის ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ბანერების განთავსება, ასევე - კაპიტალური ბარიერების მოწყობა.
თითქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია ბუსკაძის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მერიას ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე დაევალა გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება, ასევე - ჩანჩქერის არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაზარალებული ოჯახის მოთხოვნა - მერიას დაკისრებოდა მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით. ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილების ეს ნაწილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლოს ქალაქ თბილისის მერიამაც მიმართა და უარი განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე იმ მოტივით, რომ იგი არ არის ქალაქში მსგავსი უბედური შემთხვევების პრევენციაზე პასუხისმგებელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაჭიანურებულ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი მოპასუხე მხარის - GWP-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მერიის „თხოვნით“, ჩანჩქერთან არსებული სახიფათო ტერიტორია მათ უკვე შემოღობეს, დაამონტაჟეს გამაფრთხილებელი ბანერები და ვიდეოკამერები. მოსარჩელის მოთხოვნით, GWP-მ სასამართლოს შესაბამისი მასალებიც წარუდგინა, რითაც გაირკვა, რომ თბილისის მერიამ ნამდვილად მიმართა მსგავსი წერილით GWP-ს და ამის შემდეგ ფაქტობრივად, GWP-მ შეასრულა ის სამუშაოები, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მერიას დაავალა. ასეთი ხრიკით თბილისის მერიამ თავიდან აირიდა პასუხისმგებლობა და არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც პრეცედენტული ძალა ჰქონდა და ფაქტობრივად ეხებოდა სამომავლოდ დაზარალებულთა მსგავს დავებს თბილისის მერიის წინააღმდეგ.
2022 წლის 27ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, მოსამართლე ლეილა მამულაშვილის თავმჯდომარეობით, არ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის ადმინისტრაციული სარჩელი, რითაც იგი ქალაქ თბილისის მერიისგან და წყლის გამანაწილებელი კომპანია GWP-სგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. ამავე დროს, სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც გააუქმა, რითაც დაკმაყოფილებული იყო მოსარჩელის მოთხოვნა, სახიფათო ადგილზე მყარი ბარიერების და გამაფრთხილებელი ბანერების მოწყობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის განმარტებით, ვინაიდან ადგილზე GWP-მ შემოსაზღვრა ტერიტორია და ბანერებიც განათავსა, აღარ არსებობს დავის საგანი მოპასუხე მერიის მიმართ. რაც შეეხება მოპასუხეებისთვის მორალური ზიანის დაკისრების საკითხს, სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობასა და დამდგარ შედეგს შორის.
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებელი არგუმენტებით გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ორგანიზაციამ მოამზადა საკასაციო საჩივარი, რომლითაც ალეკო ცქიტიშვილმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება. საკასაციო საჩივარში აღნიშნული იყო რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის გადაწყვეტილება იყო სრულიად დაუსაბუთებელი და სამარცხვინო. ამ გადაწყვეტილების იურიდიულ ძალაში შესვლა გამოიწვევდა წყლის ობიექტებზე არაერთ უკუშედეგს ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით.
2024 წლის 20 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი, შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით: თავმჯდომარე - თამარ ოქროპირიძე, მოსამართლეები - ქეთევან ცინცაძე და გენადი მაკარიძე. სასამართლომ ქალაქ თბილისის მერიას დაავალა ქმედების განხორციელება - ბარიერების და ბანერების მოწყობა ე. წ. ჩანჩქერთან და დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება - 25 000 ლარის ოდენობით.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის პრეცედენტული, რაც ნიშნავს, რომ სამომავლოდ მსგავსი საქმეების განხილვისას საერთო სასამართლოები საქართველოში სწორედ ამ გადაწყვეტილებით იხელმძღვანელებენ.