კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვთვალე ვთვალე ვერ დავთვალე – პატარა ქვეყნის დაუთვლელი ამომრჩეველი

7 აპრილი, 2010

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ქვემო ქართლი ყოველთვის ითვლებოდა „სახელისუფლებო ხმების ბეღელად“. ხშირად გაურკვეველიც იყო, სამთავრობო პოლიტიკური ძალების გამარჯვება არჩევნების გაყალბებით უფრო ხდებოდა, თუ ოპოზიციის  მოსახლეობასთან არაეფექტური მუშაობით. „სააკაშვილმა ქვემო ქართლში არჩევნები მოსახლეობისგან დაცლილი სოფლების ხმებით მოიგო“, – განაცხადა სატელევიზიო დებატებისას ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა დავითაშვილმა.
 
სამართლიანი არჩევნების ერთ-ერთი მთავარი პირობა საარჩევნო სიებია, სადაც ჩვენი გარდაცვლილი წინაპრები და არარსებული საცხოვრებელი კორპუსების მაცხოვრებლები არ უნდა იყვნენ.

„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რუსთავში ამომრჩეველთა ერთ-ერთი საუკეთესო სიები გვაქვს. თითქმის ასპროცენტიანი თანხვედრაა მისამართებსა და მცხოვრებთა ვინაობას შორის. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ე.წ. მკვდარი სულების რიცხვი ნულის ტოლია. თუმცა, სიებში შესაძლებელია, იყოს ის გარდაცვლილი მოქალაქეები, რომლებზეც ახლობლებს არ აუღიათ გარდაცვალების მოწმობა. ეს პრობლემაც წარსულში უფრო მწვავედ იდგა“, – ამბობს რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე იოსებ შველიძე.

მიუხედავად ამისა, პარტია „თავისუფლების“ რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი, ირაკლი ქაჯაია პოლიციისა და სავაჭრო ობიექტის – „უნივერმაღის“ შენობაში ჩაწერილი ამომრჩევლების შესახებ საუბრობს.

„ჩვენ ამ ამომრჩევლების შესახებ საარჩევნო კომისიას შევატყობინეთ. გვითხრეს - დიახ, დარღვევაა, მაგრამ ეს ხალხი ნამდვილად ცხოვრობს რუსთავშიო. მოძებნეთ ისინი და სხვა პირადობის მოწმობებს გავუკეთებთ რეალური საცხოვრებელი ადგილის მითითებებითო“, – ამბობს ქაჯაია.

საარჩევნო კომისიაში ამ ფაქტს მართლაც არ უარყოფენ, თუმცა აცხადებენ, რომ არა აქვთ იურიდიული უფლება, რომელიმე ამომრჩეველი აიძულონ, ზუსტი მისამართი ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელ საბუთში.

„ამ საკითხში მოქალაქის აქტიურობაა მთავარი. პოლიციის შენობაში, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ნამდვილად არიან მიწერილი მოქალაქეები, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ ეს შენობა წინათ საერთო საცხოვრებელი იყო. ახლა ეს ხალხი რუსთავის ამა თუ იმ უბანში ცხოვრობს. მათ თავად უნდა გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ზუტ საცხოვრებელ მისამართზე დარეგისტრირდნენ“, - ამბობს საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე.

ამომრჩეველთა სიებს აკრიტიკებს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ახვლედიანი: „მისამართები არასრულად არის მითითებული. მაგალითად, წერია ამომრჩევლის სახელი, გვარი და მისამართი - 21-ე მიკრორაიონი. აბა, როგორ უნდა მოვძებნოთ ამხელა მიკრორაიონში, კორპუსისა და ბინის მითითების გარეშე ამომრჩეველი, მაგალითად - მაჭარაშვილი ნათია?!  მსგავსად არის ჩაწერილი რუსთავის მე-7 მიკრორაიონის მონაცემებიც. მათი გადამოწმება ასეთი მისამართებით შეუძლებელია.

სიებში, როგორც ყოველთვის, ახლაც უამრავი მკვადრი სულია. მესმის, სიიდან ვერ ამოიღო ორი თვის წინ გარდაცვლილი ადამიანი, მაგრამ 1970 წელს დაღუპული მოქალაქე სიაში როტომ უნდა იყოს?! მას შემდეგ უამრავი არჩევნებია ჩატარებული, ამ ხალხის ამოღებაც ყოველ ჯერზე ითხოვეს, მაგრამ სიაში კვლავ რჩებიან.

გვაქვს ბინები, სადაც წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ამომრჩეველია ჩაწერილი. მაგალითად რუსთავის ლესელიძის ქუჩის 52 ნომერში ბინა 17-ში 38 ადამიანია ჩაწერილი. რუსთავის სააკაძის ქუჩაზეც 11 სულიანზე ნაკლები ოჯახი არ არის დაფიქსირებული“, – ამბობს ახვლედიანი.

არასრულად მიწერილ მისამართებზე საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამაზე პასუხისმგებელი იუსტიციის სამინისტროა, საიდანაც ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზა გადმოეცათ.

„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი რუსთავში, ნუკრი შათირიშვილი წინასაარჩევნო პროცესში ხელისუფლების მხრიდან ხელის შეშლაზე საუბრობს: „კარდაკარ დასარიგებელი საანკეტო ფურცლები, ასე ვთქვათ, დააპატიმრეს. ის კერძო ორგანოზაციები, რომლებსაც მათი დაბეჭდვა ევალებოდათ, დალუქეს“.

მსგავს პრობლემებზე ჩივის პარტია „თავისუფლებაც“.ოპოზიციური პარტიები შიშობენ, რომ ამომრჩეველთა სიები კვლავ გახდება რეგიონში არჩევნების გაყალბების მთავარი იარაღი. გამარჯვებისთვის ვინ რაზეა წამსვლელი, სულ ცოტა ხანში გაირკვევა. მანამდე კი გამოცანას უნდა ვუპასუხოთ - ვთვალე, ვთვალე, ვერ დავთვალე - რა არის?

ახალი ამბები